მ ი ყ ვ ა რ დ ი. ზაფხულის ღამეები ...ჰანგები... უსაშელო მუსიკის ტალღებქვეშ მიყვარდი . ვიხრჩობოდი . ან ეს სიყვარული ვის უკვირს? მაგრამ... მე მიყვარდი გასაოცრად : ენა მებმებოდა . ამ ჩემი უცებ დამუნჯების, ვერ ხვდებოდა, მიზეზს დედამიწის გამჩენი.
მიყვარდი ,იმდენად მიყვარდი რომ , ქარებს ვალაგებდი , გუბეებს ვაშრობდი . გადამირეკია სახრით ამღვრეული ღრუბლები . შემოვატყავებდი დახავსებულ ყორეებს იასამნებს, ეკლიან ვარდებს . შენამდე , გასისხლულს, რომ გზები შუაღამით მემკვლია .
მომდევდნენ შუკებში ნაგაზები, მიყეფდნენ მთელი ძალ-ღონით . მიყვარდი,როცა მაბრაზებდი .მაგრამ უფრო მეტად - დამყოლი . მიყვარდი ! მიმყავდი შემოდგომის ფერებით მორთულ და მოკაზმულ მთების დარბაზებში. ვსაუბრობდით მტრების აუტანელ ყოფაზე ...
ლექსებზეც , რომლებშიც არ ვურევდი , განგებ, სიახლის ბაცილებს . სადაც ბეღურებს ვაპურებდი . გახსოვს , ერთხელ რომ დამცინეს ?
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . ახლა გაცილებით, მეტად მიყვარხარ, ჩემო შვლის ნუკრისფერთვალა გაზაფხულო. ასე მგონია , ვერ მოშლის შენს გამუდმებით მონატრებას, ჩემში, ხორშაკი ქარიც კი ... წამოდი ,სიტყვის ვრცელ სათიბში გადავიმალოთ , გავიქცეთ .
ჩაიცვი შენი თხელი კაბა ,ნაქარგი მზით და ყვავილთა ორნამენტებით მოხატული, რომლებზეც დავწერ, გავრითმავ. მღეროდეს ჩვენზე მთელი დაბა, დიდი ქალაქის ველურ ხმებს შევუსისხლხორცდეთ ფესვებივით, რომლებიც სოფლის ბერმუხებს
იჭერენ ფერდზე წაქცევისგან,იცავენ ცეცხლში დაწვისგან . გინდა ლექსებში გადავცხოვრდეთ ? შენი პოეტი კაცისგან სხვა ილუზია უცხო არის, უცხოა მიწის განცდები . მე მინდა ჩემში დაგარწმუნო , ნუ გეშინია ,არ ცდები .
ცხოვრება ჩქარი ენგურია ,ერთი დოღია ოდიშის - მოსასწრებია სინანული,მოსასწრებია ბოდიში.
ა ღ ა რ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ. ფოთოლცვენაც არ მახსოვს ამ წლის. წიფლები ისე გაშიშვლდნენ ,განიძარცვნენ ,როგორც ჩანს, მარტო ვიქნები ამ უფოთლებო მასივებში , სადაც ტურები ჩხავიან. მე გადამწვარი დაფნარი ვარ და დაფნის ნაკვერჩხალი ვარ .
რა სევდიანი სურათია , თოვლში ფორთოხლის ბაღები, რა ყველაფერია სულერთია ...ფანჯრები, გამოსაღები , დაგმანულია! არ შემოდის ,ვერ აღწევს გრამი ჟანგბადი - რომელიც ისევ გამაცოცხლებს , ისევ თავიდან დამბადებს .
სადღაც ჟინს იკლავს მონადირე ,მე თოვლის გუნდით ვერთობი, სავსეა თოვლით ჩემი ეზო და ეზოს ქვემოთ ფერდობი . გადავინახავ ცოტა არაყს , გამხმარ ხურმას და კაეშანს . და სიმარტოვეს დავაბრალებ მორიგ უაზრო გალეშვას .
ა ღ ა რ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ...ვიძირები ...გიქნევ ხელს , ჩემო ..ნახვა...ნა... მდის ცრემლი გიჟურ სიცილამდე . სველი ტყეების ხარხარმა
სიმარტოვეში დამაბრუნა. ვსუნთქავ ნესტიან ხაროს სუნს და კვლავ სიყვარულს ველოდები, ცაზე მზესავით ამოსულს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|