ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2026


გული სამშობლოსოდენა (პატრიარქს)

სმენას გალობად ჩაესმის გურამიშვილის სტრიქონი -
"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!"
და ვიდრე ემოციების შესატყვის სიტყვებს ვიპოვი,
მომდევნო ფრაზა მთავაზობს თავისივე თავს, - თქვი ესო:

დიადი შოთას ქვეყანა სულმოკლეობამ მოიცვა
და ვინღა ჩივის პოემებს - სათქმელი გაუფასურდა,
სიმართლის მემატიანედ ჯერ არყოფილი დრო იქცა,
აწმყო რომ წარსულს მიაღწევს, მერე ჰკითხავენ, რა სურდა;

მერე მოჰყვება, დუმილი ოქროდ მიაჩნდა თუ ვერცხლად,
განა უღირდა ამდენი დევნა ღირსების ორდენად?!
რამდენი ერთგული ნახა ზურგშექცეული უეცრად
ან რამდენ ქართველს შემორჩა გული სამშობლოსოდენა...

მანამ კი გვიმზერს აჩრდილი იმ დიდი ისტორიისა,
რომელსაც ქრისტიანობის თანდაყოლილი მადლი აქვს,
"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო...", - ისმის ხმა
და ვხედავ მლოცველს ნუგეშად ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები