ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 მაისი, 2026


ლია ელიავას შესახებ

ლია ელიავას გახსენება

არ ვიცი ვის ან რას შევადარო,
ის თავად იყო მზისა... მთვარისა,
მთელი ცხოვრება მყარად ატარა
ლიამ მანდილი ქართველ ქალისა.

შენც ეგეთი ხარ ჩემო ცის თვალო,
შენით ხარობენ ლელიანები,
ამ ქვეყანაზე ღმერთმა გვიმრავლოს
ქართველებს ლია ელიავები.

ოთარ რურუა

........................................................................................................................................................

ქალი მგზავრობს მატარებლით

ქალი მგზავრობს მატარებლით,
ქალი, მაგრამ რა ქალი!
ხელის გულზე ვატარებდი,
ძმა რომ ვიყო ან ქმარი!

ნახე... რაის ბრიჯიტ ბარდო,
რის მონიკა ბელუჩი!
ახლა მისთვის თარაშივით
შევიდოდი ენგურში!

ვუმღერებდი ღამით მთვარეს,
დავლოცავდი დილით მზეს,
როგორც შვლის ან ნუკრის თვალებს,
დავკოცნიდი პირიმზეს.

როგორც ცხადად, მსურს სიზმარშიც
მის ვხედავდე თვალ - წარბებს,
ქართველს აღქმა სილამაზის
ბავშვობაში მასწავლეს.

ქალი მგზავრობს მატარებლით,
ქალი, მაგრამ რა ქალი!
ხელის გულზე ვატარებდი,
თუმც არც ძმა ვარ, არც ქმარი!

გულმაც იცის დაფასება,
სანთელივით იწვის ის!
იმ ქალს უნდა შევადარო
ანგელოზი ყინწვისის!

ოთარ რურუა

ეს ჩემი ლექსი იდეაში ლია ელიავას ეძღვნება...

............................................................................................................................

მე არ დაგივიწყებ!

ვუძღვნი ჩემი საყვარელი მსახიობი ქალის - ლია ელიავას ხსოვნას

როცა ვუცქერ შენს სურათს,
გულით ქებას ვიწყებ...
ყველამ რომ დაგივიწყოს,
მე არ დაგივიწყებ!

მსურს შენსავით ვეფერო
შუამთაში იმ შველს,
მომანათოს თვალები,
ვით შორენამ - გირშელს.

ვეტრფი მზისას, მთვარისას,
ღამეს მკლავზე ვიწვენ...
ყველამ რომ დაგივიწყოს,
მე არ დაგივიწყებ!

ოთარ რურუა

2026

......................................................................................................................

ლია ელიავა გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მსახიობი იყო, გულანთებული პატრიოტი, გულმხურვალე მამულიშვილი გახლდათ. 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! ლია ელიავას სიხარულის ცრემლები აჩნდა თვალებზე.

1991 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდიას პუტჩი - სამხედრო - კრიმინალური გადატრიალება მოუწყვეს. ლია ელიავა - ოთარ კობერიძესთან, იზა გიგოშვილთან, მერაბ თავაძესთან, ნოდარ ჯალაღონიასთან და ლატავრა ფოჩიანთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარში ამოუდგა ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ ხელისუფლებას.

ლია ელიავამ ჯერ ქართველთა შორის დაპირისპირება, შემდეგ კი პრეზიდენტის სამშობლოდან განდევნა იმდენად მტკივნეულად განიცადა, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა და ინფარქტი მიიღო.

თითქოს მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მსახიობი უკეთ იყო, მაგრამ 1998 წლის 8 ოქტომბერს მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა. ლია ელიავა 64 წლის იყო.

თითქმის ჩემს ყველა სტატუსს ჩემივე ლექსით ვასრულებ, მაგრამ ამჯერად ამ ჩემს სტატუსს ოთარ კობერიძის სიტყვებით დავასრულებ:

,,სიცოცხლე ჩემი ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, გული - ლიას, ღირსება - მე!“

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები