 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2026 |
სიმშვიდე ხანმოკლე შიშია, მზის ამოსვლა რომ მიჩენს დღემდე. ხანმოკლეობა უსასრულოდ იწელება. საკუთარ თავს არაფერს უნდა უმტკიცებდე ადამიანი, არასოდეს უნდა მოინდომო გახდე ვინმე ვინმესთვის. უმჯობესია არარაობის მთელი ხიბლი ისე შეიგრძნო, მეორედ დაბადებისთვის გამზადებულს, ორჭოფობის გარეშე ამაყად შეგეძლოს უარის თქმა. ინერცია უნდა გფლობდეს სრულად. უნდა ასრულებდე უხეშ და გულისამრევ, მიუღებელ და არგასაკარებელის როლს. უნდა აფურთხებდე სარკეში საკუთარ ეგოს, ფეხით უნდა შეგეძლოს შედგომა ქანცის გაძრობამდე, სანამ ნასრეს სითხეში არ ჩაიზილები ისე რომ განიწმინდო, განიბანო.
მერე შეგიძლია ჩამოცილდე, ჩამოშორდე ყველა მათქანს, ვისთვისაც ერთი მოუნელებელი უპატიებლობა აღმოჩნდი, საყვედურების ორომტრიალში. მერე გინდა უბირობოდ აირეკლე წარსულის გამოცდილებიდან თითოეული ემოცია, შხამად რომ გადაგექცა და წვეთ-წვეთობიდ ნაგემებმა უჟმურ ელფერში ამოყავი თავი, გინდა თავი მოიტყუე, რომ შენში ჩაშენებული ნგრევის ალგორითმი სამყაროს წინააღმდეგ სულაც არ მუშაობს, მხოლოდ ლოკალური ზონებია დაზიანებული და ყველაფერი ბუნებრივია. ნურას უკაცრავად, არჩევანი არ არსებობს. ან იწყებ სიცილს და ირჩევ სიცრუეს, ან ირჩევ სიმართლეს და სიცილის ობიექტი ხდები ნებაყოფლობით, რადგან ეს სწორედ ის სხვა გზაა, რომლის არარსებობასაც გაჯერებდნენ დროდადრო, მაგრამ ვერ შეძლეს. შიში აგრესიული და უტყვი სულაც არ არის, ის საკმაოდ მოხდენილი და მეტყველი სიამაყეა, რომელსაც შეუძლია მკვდრად გშობოს.
9 ივლისი 2026 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|