ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარკოზ ხვამლელი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2026


შენ - ბედნიერი!

დღეს წინასწარი განზრახვით გზა შემეშალა.
შენს სახლთან მოვხვდი.

მაშინდელივით , შენს სახლთან ახლოს უფრო ცხელოდა.

იმდენი საათი გავიდა,
იმდენი წელი გავიდა,
იმდენი დრო გავიდა
რაც ეს სიცხე აღარ მიგრძვნია,
ეგ კი არა,
იმდენი ხანი გავიდა,
პატრიარქიც გარდაიცვალა.

ხეების გარდა გაზრდილიყო ის ბზარიც ტროტუარზე, რომელშიც ერთხელ წერილი დაგიტოვე.


ვიდექი შენს ეზოში უნებართვოდ და ჩემი სხეულის ტემპერატურა მახსენებდა წარსულს, რომელიც აღარავის ახსოვდა,
აღარავის უხაროდა,
აღარავინ წერდა მასზე.

მე წარსულს ვერ დავუბრუნდი, მაგრამ მივხვდი, რომ მის გაშემო ციბრუტივით ვიტრიალე ამდენი წელი.


ვისმენდი სიჩუმეს და ვხვდებოდი, რომ შენს სახლთან მოსვლა ჩვევა იყო, რომელიც ვერ დავკარგე.

შენი მეზობლები ისევ ისე დაჟინებით მიყურებდნენ, ოღონდ ახლა არა ჩემს ხუჭუჭა თმებს და სევდიან თვალებს აპარებდნენ მზერას  არამედ , ჩემი ძვირადღირებული მანქანა იქცევდა მათ ყურადღებას.

გაქვავებული ვიდექი და მიკვირდა:
როგორ გავბედე მოსვლა,
როგორ გავბედე ფიქრი,
როგორ გავბედე სუნთქვის კანკალი,
როგორ გავბედე მიახლოება იმ ჯიხურთან, რომელმაც მიცნო?!
მხოლოდ მან მიცნო,
ის ყველაფერს მიხვდა.

ახლაც მაშინდელივით გამიმართლა,
ხიდზე რომ გელოდი და შენ გამოჩნდი უცხოსთან ერთად.

ახლაც გამოჩნდი,
ახლაც მარტო აღარ იყავი,
ახლაც სუნთქვა შემეკრა,
გული შემეკუმშა.
ორივე ხელი მუცელთან გქონდა,
დიდ მუცელთან,
დიდ მოლოდინთან,
დიდ გრძნობასთან,
რომელიც მე ამ ლექსის წერასაც კი მიკრძალავდა.
ალბათ გახსოვს, რომ აკრძალვებთან ვიყავი ურჩი.
მაინც დავწერე.
მაინც გიყურე,
მაინც ცრემლით გამითბა ტუჩი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები