ავტორი: ნიკო ლეჟავა ჟანრი: დრამატურგია 23 ივლისი, 2026
დღიური (პიესა)
მოქმედი პირები:
ზაზა პირველი მეზობელი მეორე მეზობელი მესამე მეზობელი თომა - მარკეტის მეპატრონე ელენე - მარკეტის გამყიდველი ვიოლა - ელენეს დედა ტუბდისპანსერის ექიმი დათო - ზაზას ფრონტელი მეგობარი სამი ზომბი (იგივე სამი მეზობელი) სამი მლოცველი (იგივე სამი მეზობელი)
პირველი სურათი
ბინაში, კედლებსა და ფანჯრებზე, ზაზა ეკლიან მავთულს ხლართავს. როცა ამ საქმეს დაასრულებს, დღიურში ჩაწერს.
ზაზა: ჩემ ბინაში დღწიდან ვერავინ ვერ შემოაღწევთ! ვიცი, არც აპირებთ მოსვლას, არაფერში გჭირდებით, ჩემთან ქუდიც რომ შემოგიგდოთ ვინმემ, არ მოაკითხავთ, რადგან კაცთმოძულე ადამიანი ვარ და, გარდა ამისა, ჩემი ბინა სავსეა ტუბერკულიოზის ჩხირებით! მავთულხლართით ჩვენი გამიჯვნა ამიერიდან ჩემი გადაწყვეტილების თანახმად ხდება! ამ წერირლსაც, ახლა რომ ვწერ, თქვენ კი არ გიძვნით, მისი საშუალებით ჩემ ამჟამინდელ სულიერ მდგომარეობას ვაფიქსირებ, რათა რაღაც ხნის შემდეგ მას გადავხედო და დავადგინო, უკვე გადავედი ჭკუიდან თუ ჯერ არა. დღეს 1999 წლის 4 იანვარია.
ამის შემდეგ, იწყებს საოჯახო ალბომის თვალიერებას, კერძოდ, თავის ბავშვობის სურათებს ჩააჩერდება.
ზაზა: ბავშვობაში ადამიანი ვიყავი...
განზე გადადებს ალბომს და დღიურს მიუბრუნდება, წერს.
ზაზა: ადამიანის ერთადერთი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა - ბავშვობაა! ალბათ, მას დედის მუცელში ჯდომის პერიოდი სჯობს... ხო, სჯობს, რადგან არ იცი ვინ ხარ. მხოლოდ ის შეიგრძნობა, რომ არსება ხარ - პარმონიაში მყოფი არსება - ადამიანი? იქნებ, ძაღლი, ან კატა, მაიმუნი, ვირი, აქლემი... ხო, სჯობს ის დანარჩენი იყო, ვიდრე, ადამიანი! იმიტომ, რომ ზრდასრული ვერ გააცნობიერებ საკუთარი არსების უშინაარსობასა და არარაობას!
საწოლზე მიცვალებულის პოზაში წვება და ტანსა და სახეზე პლედს გადაიფარებს. სპაზმური ხველა ეწყება. პირზე ხელმიფარებული წამოჯდება და როცა ხველა გაუვლის, ხელის გულს დახედავს; სახე ეცვალება... ფეხზე დგება, ხელს ტილოთი იწმენდს და დღიურში ჩაწერს.
ზაზა: ისევ სისხლი ამოვახველე - მცივა...
ჟანგიან ღუმელში ძველ ფეხსაცმელს შეუძახებს და კიდევ რაღაც პირად თუ საოჯახო ნივთს. ფანჯარასთან მიდის.
ზაზა: მთელი უბანი შავ კვამლში გავხვიე! აუუ, მეზობლებისგან რა წყევლაში ვარ... ერთი თქვენი წყევლაც და თქვენი დედაც!
ოთახის სიღრმეში დაბრუნებული, იატაკს დააჩერდება.
ზაზა: მეზობლების ჯინაზე, პარკეტს არ დავწვავ! არადა, პარკეტი რა თავში სახლელად მინდა?! ზაფხულამდე, ან იქნებ, გაზაფხულამდეც, სული გამძვრება! მაგრამ პარკეტს მაინც არ შევეხები - ჩემი მშობლების ხსოვნის პატივსაცემად! მნიშვნელობა არ აქვს, სიცივეში გამძვრება სული, თუ სითბოში! თუმცა, არ ვიცი, იქნებ, დავწვა კიდეც...
დღიურში ჩანაწერს ამატებს.
ზაზა: ანდერძი: იატაკი დაწვას თუ გადაურჩა, ჩემს საფლავს, ქვის ნაცვლად, პარკეტის ნაჭერი დაადეთ!
საწოლზე ისევ მიცვალებულის პოზაში წვება და ფიქრში თავისი პანაშვიდის ინსცენირებას ახდენს. კარის მიმართულებით ყვირის.
ზაზა: დღეს ჩემი პანაშვიდია! კუბო შემოიტანეთ!
შემოდის სამი მეზობელი.
ზაზა: კუბო სად არის?!
პირველი მეზობელი: ზაზა, შვილო, კუბოს ფული არ დაგვიტოვე...
სხვა ორი მეზობელი ამას თავის დაქნევით ადასტურებს.
ზაზა: ოხ, ჯანდაბას წაუღია ჩემი თავი... და თქვენი თავიც! თუ არ დამმარხავთ, ფეჩის მილიდან გადმოფრქვეული შავი კვამლი მონაგონი იქნება - გახრწნილი სხეულის სუნით დაგახრჩობთ ყველას! პლიუს, ზომბად გადავიქცევი!
მეორე მეზობელი: ეჰ, ჩვენი ხარჯით მოგვიწევს ამის დამარხვა...
მესამე მეზობელი: ჩვენ რატომ უნდა დავმარხოთ? მერია ვალდებულია ითაოს ეს საქმე! თანაც, დღე-დღეზე არჩევნები აქვთ, ხმები სჭირდებათ... გამორიცხულია, ეს მიწის ზევით დატოონ!
მეორე მეზობელი: ხო, მერია სულ არ გამხსენებია...
პირველი მეზობელი: მავთულხლართი ვინ შემოავლო?
მესამე მეზობელი: ეს მისი არჩევანია.
პირველი მეზობელი: ახალგაზრდები არ უნდა კვდებოდნენ...
მესამე მეზობელი: არ მიეკარო, ტუბეკულიოზითაა მკვდარი!
პირველი მეზობელი: როგორია, ამ ზამთარში გაყინულ საფლავში წოლა...
მეორე მეზობელი: მიწაში თბილა!
მესამე მეზობელი: რაც მთავარია, მეზობლებს აღარ დაგვახრჩობს კვამლით!
მარტო დარჩენილი, ოთახში ბოლთისცემას იწყებს. საიდანღაც პასტელის ნატეხს იღებს და დააჩერდება.
ზაზა: პასტელი მწვანეა, ესეიგი - მწვანედ გავრეკე! - (უკანასკელ სიტყვას პირდაპირ კედელზე წერს. ამის შემდეგ, მოისვრის მწვანე პასტელს და იღებს წითელს, და პირველი წარწერის გასწვრივ მიაწერს) - „წითლად გავრეკე!“ - (წითელსაც მოისვრის და იღებს ლურჯს; ისევ მიაწერს.) - „ლურჯად გავრეკე!“ - (ბოლოს, კედლის ამ „შემოქმედებას“ შორიდან შეაფასებს და წამოიძახებს.) - ეე, მართლა გავრეკე!
დღიურში დამარცვლით ჩაწერს.
ზაზა: გავ-რე-კე! დღეს რა რიცხვია? – (ინსინქტურად უკანასკნელ სიტყვასაც ჩაწერს დღიურში.) - უკანასკნელი სიტყვა არ უნდა ჩამეწერა დღიურში. არაუშავს, დღევანდელი რიცხვისა და ამ დღიურის დედაც...
დღიურს მოისვრის და საწოლზე ამჯერადაც მიცვალებულის პოზაში წვება. ერთხანს გაუნძრევლად წევს. შემდეგ, წამოდგება. დღიურს მოიძიებს და მიაწერს.
ზაზა: მერიას ჯერ არ გაუღია ჩემი დასაფლავების ხარჯი! და აქედან გამომდინარე, ბინაში ვწევარ - მიც-ვა-ლე-ბუ-ლი! ეს მდგომარეობაც ამოვიდა ყელში - პანაშვიდზე ვუყურებ მათ, ვინც მე მიყურებს... ვხრდავ მათ, ვინც მე ვერ მხედავს... და არავითარი აზრი არ აქვს ამას!
ჩაეძინება.
ძილში წრიალებს, ბორგავს.
კედლებიდან გადმოდის სამი ზომბი, ოთახში დაწანწალებენ. ერთი მათგანი, ზაზას სარეცელზე ჩამოუჯდება - არაფერს ეტყვის, მხარზე ხელს მოუთათუნებს და მიდის, სხვა ზომბებს შეუერთდება.
პირველი ზომბი (ვინც, ზაზასთან იყო მისული; თითს ზაზასკენ იშვერს): მეცოდება, ეს უბედური - არც მკვდარია, არც ცოცხალი!
მეორე ზომბი: ღამურად იქცა - არც ფრინველია და არც მღრნელი!
მესამე ზომბი: მადარდე ახლა მისი ამბავი... (ხელს ჩაიქნევს)
ზაზა: ისევ ზომბებით აივსო ჩემი ოთახი. ერთი მათგანი მომიახლოვდა, ჩამოჯდა, არაფერი მითხრა, მხარზე ხელი მომითათუნა და წავიდა. კარებსაც აღარ ვკეტავ გასაღებზე, რადგან აზრი არ აქვს - ესენი კედელში გადი-გამოდიან. სასაცილოა - მიცვალებულიც კი ვერ დავრჩენილვარ მარტო... ალბათ, მეც თავსატეხი გავხდი ზომბებისთვის! ისევე, როგორც ადამიანებისთვის!
ზაზა: უკვე 10 იანვარია. ჩემს ცხოვრებაში სიახლეა - გავცოფდი! ძაღლების გამოფენაზე თუ გამიყვანეს, სიავეში პირველ ადგილს მომანიჭებენ! – (დაიღრენს და დაიყეფს კიდეც, და თავის თავზე გაეცინება.) - არ მეგონა, ჩემი თავის გაცინებას თუ შევძლებდი.
საწოლზე ახლაც მიცვალებულის პოზაში წვება, ჭერს მიჩერებული. ისევ სპაზმური ხველა ეწყება. პირზე ცხვირსახოცს იფარებს. როცა ხველა გაუვლის, ცხვირსახოცს უინტერესოდ დახედავს, წამოდგება და დღიურში ჩაწერს.
ზაზა: ნახველში ისევ სისხლია... (მძიმედ ამოიოხრებს) ხვალ დაბადების დღე მაქვს, მარამ არავის არ გელოდებით! არ შემოგიშვებთ! თუმცა, ისედაც არავინ მოხვალთ... მშია!
სამზარეულოს კარადის კარს აღებს. პოულობს პურის ნატეხს და ერთ ხახვს.
ზაზა: რა სიმდიდრეა - ხმელი პურის ნატეხი და ერთი ხახვი!
მაგიდას მიუჯდება. მჟავე სახით, იწყებს ჭამას.
მეზობელი ბინიდან (ანუ კედლის იქიდან) მოესმის შეზარხოშებულ მოქეიფეთა სიმღერა:
„მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება. შემწვარი და მოხრაკული, სიზმარშიც მელანდება. მწვადები და ჩახოხბილი, ცხელი შოთის პურები. ხიზილალა, ჩურჩხელები, ღვინით სავსე ჭურები...“
ზაზა: უხ, თქვენი... (კედელს მუშტებს დაუშენს.) მარკეტში ნისიათ უნდა ავიღო რაღაც, თუნდაც ძველი პური! ან ძვალი! ხო, ძვალიც... მე ხომ ძაღლი ვარ!
წამოდგება, ფანჯრიდან გადახედავს ქუჩას.
ზაზა: მაგრამ რომელ მარკეტში უნდა შევიდე? დანახვა არ უნდათ ჩემი! ისევ თომასთან მომიწევს მისვლა - ის ერთადერთი კაცია, ვისაც შეუძლია, მატყუარა კაცს ენდოს!
ქურთუკს იცვამს და სახლიდან გადის. მარკეტში თომა დაუხვდება, იქვეა მისი დამხმარე (გამყიდველი) გოგო - ელენე. ზაზას ელენესი როგორღაც ერიდება... ელენე ამას გრძნობს და განზე გადის. ზაზა ჩურჩულით მიმართავს თომას.
ზაზა: ბატონო თომა, პური მინდა, ოღონდ, ნისიათ!
თომა: რამდენი პური?
ზაზა (იბნევა): რამდენი? ორი! ან... სამი სჯობს!
თომა: ალბათ, სტუმრები გყავს?
ზაზა ხო, დაბადების დღის თემაა... საჭმელ-სასმელი თავზესაყრელი გვაქვს! რატომღაც პური შემოგვაკლდა...
თომა: თუ გინდა, რამე კიდევ გაიყოლიე.
ზაზა (დაბნეულობისაგან ახლა უკვე ენაც ებმება): ხო, ძეხვიც მინდოდა, ცოტა... აი, ის დიდი ნაჭერი... ოღონდ, ნისიად!
თომა: ვიცი, რომ ნისიად. ეს ხომ უკვე მითხარი. აჰა, ჩემი ხათრით, ცოტა კარაქი და ყველიც წაიღე.
ზაზა: თომა, მგონი, ცოტა ვერ არის! ცოტა კი არა, მაგრათ ვერ არის! არა, კარგი კაცია, მაგრამ ვერ არის! ჩემი ნდობა, სად გაგონილა?! ფულს ვერ გადავუხდი! მაგრამ როცა ვალის დაბრუნების დრო მოვა, რაღაც მოხდება - თუ მე არ მოვკვდი, იქნებ, თომა მოკვდეს! ან სულაც, წარღვნა იყოს და ყველანი ერთად დავიხოცებით!
გამაძღარი მაგიდიდან დგება და დღიურში ჩანაწერს სტოვებს.
ზაზა: წარღვნას ველოდები!
ღამდება. საწოლზე წვება და იძინებს. ისევ ბორგავს და წრიალებს.
ოთახში კედლებიდან ისევ ის სამი ზომბი გადმოდის. ცხვირზე ხელწავლებული ზაზას ირგვლივ იკრიბებიან.
პირველი ზომბი (თითს ზაზასკენ იშვერს): ატყობთ, როგორ ყარს, სიცოცხლის სუნით!
მეორე ზომბი: ხო, ცოცხალ ადამიანებს სპეციფიური სუნი აქვთ...
მესამე ზომბი: ოდესღაც ჩვენც აგვდიოდა მსგავსი სუნი!
პირველი ზომბი: ეგ როდის?!
მესამე ზომბი: როდის და, როცა ცოცხლები ვიყავით!
პირველი ზომბი: ეუჰ, შვიდასი წლის ნინანდელი ამბები შენ კიდევ გახსოვს?
მესამე ზომბი: შვიდასი წელი არ არის ბევრი! შენ ადრიანად შემოგჩვევია სკლეროზი! მეხსიერების აღმდგენი რაიმე პრეპარატი უნდა მიიღო!
პირველი ზომბი: რომელი პრეპარატი?
მეორე ზომბი: მე გეტყვი პრეპარატს! უებარია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი!
მესამე ზომბი (მიმართავს მეორეს): აუუ, შენ რო ვინმრს რამეს ასწავლი...
მეორე ზომბი: გეუბნები, მეხსიერების აღდგენის უებარი საშუალებაა! გახრწნილი ყვავის ლეში მეზე უნდა გაახმო!
პირველი ზომბი: მოიცა, მოიცა, მზეზე თუ გამოვჩნდი, წამში დავდნები!
მეორე ზომბი: შენ ნუ გამოჩნდები მზეზე! ყვავის ლეში მამლის ყივილამდე კლდეზე დატოვე! დღისით, მზე გამოაშრობს! შუაღამის დადგომისთანავე მიაკითხავ და აიღე! ამის შემდეგ, გამხმარ ყვავს მკერდის ძვალს ამოაცლი, დაფქვავ, მორიელის შხამში გადაურევ, სამჯერ შეუყმუვლებ და, ეგ არის!
პირველი ზომბი: სულ ეს არის?
მეორე ზომბი: ხო, სულ ეს არის!
პირველი ზომბი: უნდა შევუყმუვლო, რომელი ყმუილით?
მეორე ზომბი: მე-6 საფეხურის ყმუილით!
პირველი ზომბი: მე-6 საფეხურის ყმუილით... არ დამავიწყდეს!
მეორე ზომბი: არ დაგავიწყდეს! მნიშვნელობა აქვს ამას! სხვა საფეხურის ყმუილით ვერ იმოქმედებს!
პირველი ზომბი: გავიგე!
მეორე ზომბი: ნაყენი, ყოველ ღამით, თითო ჩაის კოვზი უნდა მიიღო!
პირველი ზომბი: ნაყინი მივიღო?!
მეორე ზომბი: ნაყინი კი არა, ნაყენი მეთქი!
პირველი ზომბი: აა, ნაყენი! თორე სადღა მაქვს ნაყინის კბილები...
მეორე ზომბი: კბილებზეც პრობლემები გაქვს?
პირველი ზომბი: რომელ კბილებზე მელაპარაკები, ყბა აღარ შემრჩა!!!
მეორე ზომბი: ყბის უქონლობა, ყოველი ჩვენთაგანის პრობლემაა... მოკლეთ, ნაყენი მიიღე და ნახავ, როგორ გიშველის!
პირველი ზომბი: ვცდი! ჩემგან რა მიდის...
მეორე ზომბი (ცხვირზე ხელაფარებული ისევ ზაზას დააჩერდება): ეს ბიჭი მაიც რაღაც განსაკუთრებით ყარს სიცოცხლის სუნით!
პირველი ზომბი: შენც, მოცილდი! რას მიეწეპე!
ისმის მამლის ყივილი. ზომბებისგან იცლება ოთახი.
მამლის მეორე ყივილზე ზაზა იღვიძებს.
ზაზა: ზომბებისგან არაა საშველი! თან როგორ ყარან - სიკვდილის სუნით!
მესამე სურათი
ოთახში, ზაზა სამზარეულო კარადის კარს აღებს, ის ამჯერადაც ცარიელია.
ზაზა: ჯანდაბა, ისევ ცარიელია! რა უაზროდაა ადამიანი მოწყობილი - ყოველდღე გშია! ხომ შეიძლება, კუჭი ერთი კვირით მაინც წაეთრეს შვებულებაში! არა, არ წავა - მაზოლზე უნდა დაგაჭიროს წიხლი!
გაივლ-გამოივლის, ფანჯარასთან აიტუზება, საიდანაც თომას მარკეტი ჩანს. შემდეგ, ოთახის შუაგულში შემობრუნდება და დღიურში ჩაწერს.
ზაზა: გაბოროტებულია ქვეყანა - პურის ქურდობაზეც კი ციხეში სვავენ! ციხეში ვერ ჩავჯდები! ციხე ყველაზე სასტიკი ადგილია დედამიწაზე, სასტიკი იმის გამო, რომ ადამიანებს ვერ გაერიდები, ვერ განმარტოვდები, ადგილის სიმცირის გამო იქ ყველა ერთმანეთს თავზე აზის!
ისევ გაივლ-გამოივლის ოთახში და წაიბუტბუტებს.
ზაზა: მხოლოდ თომაშია გამოსავალი!
დღიურში ჩანასერს აკეთებს.
ზაზა: წარღვნა არ მოხდა! არადა, მას მთელი სამი დღე ველოდი... ძაღლივით მშია! თომასკენ მივემართები!
ქურთუკს მოიცვავს და ქუჩაში გადის. წელში გამართული შედის თომას მარკეტში, მაგრამ იქ, ელენეს დანახვაზე სიმხნევეს კარგავს, როგორღაც დნება; თომა იქვეა.
ზაზა: ბატონო თომა, გამარჯობა! თქვენი ვალი მაქვს! შეგიძლიათ, კიდევ რამოდენიმე დღით მადროვოთ? ნათესავისგან მემკვიდრეობა მერგო! სიმართლე გითხრათ, ამას დიდი ხანია ველოდი... თუ პრობლემას არ წარმოადგენს თქვენთვის, ვალს ცოტას კიდევ დავამატებ და ყველაფერს ერთიანად გადაგიხდით!
თომა: კეთილი, გადაიხადე, როცა შენ გინდა. დღეს რას წაიღებ?
ზაზა: პურს...
და სანამ დანარჩენს ჩამოთვლიდა, თომამ თავისი ინიციატივით გადმოულაგა იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე წინაზე მისცა; თან გაუღიმა. ზაზამაც გაუღიმებს თომას, ჯერ თომას და მერე - ელენეს.
სახლში დაბრუნებული ზაზა დღიურში წერს.
ზაზა: თომას გარეკილი აქვს! ჩემზე მეტად გარეკილი აქვს!
გამოძღება. მეზობელი ბინიდან მოესმის ტელევიზორის ხმა. მიაყურადებს.
ხმა: დღეს, მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციამ გრანდიოზული მიტინგი გამართა. პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მწვავე დაპირისპირების შედეგად...
ზაზა: ჩაუწიეთ! თქვენი დედაც... (კედელს მუშტებს ურტყავს; ოთახში ბოლთისცემას იწყებს.) პოლიტიკოსები დაანგრევთ ქვეყანას! ასპარეზზე ვინმე დესპოტი უნდა გამოჩნდეს, დაგაშოშმინებთ - ატომურ ბომბს გესვრით! ბახ! ბა-ბახ! დაიხოცებით! მეე? მე გადავრჩები, რადგან ვარ ის დესპოტი, ვინც ატომური ბომბი გესროლათ! სხვა გადარჩენილთა საყურადღებოდ, ვბრძანებ: ქვეყნის მაშტაბით აიკრძალოს ადამიანთა ჯგუფური თავშეყრა, პოლიტიკაზე საუბარი და ფიქრი! დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, თითოეულს თითო ატომური ბომბი მოგხვდებათ თავში! ბრძანებას ხელს ვაწერ: დესპოტი ზაზა.
ოთახში ბოლთის ცემას იწყებს; მრისხანება არ უნელდება. გადაშლის დღიურს და ჩაწერს.
ზაზა: საშინელი ომი მოხდება! ვაი, იმას, ვინც არ იცის, ომი რა არის! ორმაგად ვაი იმას, ვისაც დასაკარგი აქვს რაიმე! მე გამიმართლა - ომი მინახავს... და არც არაფერი მაქვს დასაკარგი! რა არის ომი? ომი ჯოჯოხეთია - ვიღაც ჯარისკაცს სანგარში უთქვამს: „რას წარმოვიდგენდი, ოდესმე ადამიანებზე თუ მომიწევდა ნადირობაო...“ - ის ჯარისკაცი, ომამდე, საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო.
საწოლზე მიწვება, თუმცა მალევე დგება; ქურთუკს იცვავს.
ზაზა: ქალაქი უნდა მოვინახულო, ქალაქი, რომლისგანაც მალე არაფერი დარჩება!
გზად, ზაზა სამხატვრო გალერიას ჩაუვლის. აფიშა იქცევს მის ყურადღებას, კერძოდ, მასზე აღბეჭდილი უცნაური სურათი. შედის გალერეაში. პოულობს ამ სურათს და ხმამაღლა კითხულობს მის სახელწოდებას.
ზაზა: „პიროვნების გაბევრების ფაქტი გაორებულ და ერთაზრიან პირთა ფონზე“.
ხელების გაშლით, შეეცდება ნამუშევარზე აღბეჭდილი არსების ფორმა მიიღოს. დარბაზიდან გასული, აფიშას მალულად ჩამოხსნის, დააგორგოლავებს და სახლში მიაქვს. ხოლო სახლში, მას კედელზე გააკრავს და მიაჩერდება.
ზაზა: ეს ჩემი პორტრეტია! მხატვარმა მე დამხატა - გაორებულზე მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გაბევრებული ადამიანი! არ ვიცი, საიდან მიცნობს. რადგან დამხატა, ესეიგი, მიცნობს... ან არ მიცნობს, უბრალოდ, ის პიროვნულად ჩემი იდენტურია. ორივე შემთხვევაში, დასტურდება, რომ მე მარტოსული არ ვყოფილვარ ქვეყნად! ღვინო რომ მქონდეს, ვადღეგრძელებდი მაგ მხატვარს! კარგად ხატავს! თუმცა, მატყუარა იქნება, ჩემსავით...
წამოდგება, ოთახში გაივლ-გამოივლის და დღიურში წერას იწყებს.
ზაზა: ყველა მატყუარაა, ცრუა! თავი ისე უჭირავთ, თითქოს ცხოვრებაში სულ წინ და წინ მიიწევენ! არადა, წრეზე ბრუნავენ! ერთ ადამიანს პირში მივახალე, წრეზე ბრუნავ-მეთქი(!) და ისე შემომხედა, იძულებული გავხდი დამემატებინა - ბრუნავდა დედამიწასთან ერთად!
აპოკალიფსი გარდაუვალია! რადგან ჩვენ დროში ადამიანი განა სარკეში მოჩანს, სარკე კარნახობს მას, თუ როგორი უნდა იყოს ის! თუ შესაძლებელი გახდა კაცობრიობის ზოგადი სახე რაღაც ფორმულაში აისახოს, მაშ ეს ფორმულა აბსურდის შინაარსი იქნება! თავად აბსურდი იქცა ყველაფრის ფუძედ! რადგან ირგვლივ სხვა წესრიგი აღარ არსებობს!
ძილის დროს, ღამით, თავქვეშ ზოგს ჰეგელი უდევს და ზოგს ფროიდი - თავს იმით იწონებენ, რომ ასეთ ავტორთა ნაწარმოების დედანში კითხვის უნარი შესწევთ. წიგნი, რაც უნდა ღრმა და მრავლის მომცველი იყოს, ღამით მისი განსვენების ადგილი თაროზეა და არა, თავქვეშ! თავქვეშ კი, რა შეიძლება ამოიდოს ადამიანმა? რა და - ბალიში! დიახ, ბალიში ადამიანის ხელით ქმნილი ერთადერთი რამაა, რასაც ჰომოსაპიენსმა თავქვეშ შეუძლია მიუჩინოს ადგილი!
არ ვიცი, დღეს რა რიცხვია! რა გაიხსენებს ამას... მორიგი დღეა, მორიგი, და მეტი არაფერი!
ბალიშის ხსენებაზე ძილი მომერია!
მაგრამ ვინ დამაძინებს? მომაკითხავენ ზომბები!
წვება, იძინებს. ისევ წრიალებს და ბორგავს. ოთახიში გადმოაბიჯებს ისევ ის სამი ზომბი.
პირველი ზომბი (ზაზას დააჩერდება): შეხედეთ, ეს ისევ აქ წევს!
მეორე ზომბი: ლატარიაში გვერგო!
მესამე ზომბი: ეხლა მაგას ვიღა დამარხავს - მერიაში არჩევნები უკვე ჩატარდა...
პირველი ზომბი: აი, რა ვერ გავიგე: მკვდარია და რატომ ასდის ცოცხალი ადამიანის ასეთი მკვეთრი სუნი?!
მეორე ზომბი: რატომ ასდის და, იმიტომ!
მესამე ზომბი: ხო, სწორედაც, იმიტომ! ანუ იმიტომ, რომ მთავრობა არ გვივარგა!
პირველი ზომბი: რომელი მთავრობა, ზედა?
მესამე ზომბი: ზედა მთავრობას მე არ ვიცნობ! ქვედა მთავრობაზე ვთქვი!
პირველი ზომბი: ნუ, ქვედა მთავრობა... მაგათზე იტყვი რამეს და, ისეთ დღეს დაგაყრიან... სჯობს, არ თქვა! თევზმა, ხომ გახსოვს, რაც თქვა?
მესამე ზომბი: მახსოვს, რაც თქვა: „იმ კაცის დედა ვატირე, ვინც ლუდი მოიგონაო!“
პირველი ზომბი: ხო, თევზმა ეგ თქვა, მაგრამ მე ეხლა სხვა მისი ნათქვამი მაქვს მხედველობაში!
მესამე ზომბი: რომელი სხვა ნათქვამი? კიდევ რამე თქვა?
პირველი ზომბი: თევზმა კიდევ თქვა, რომ - „სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსეო!“
მესამე ზომბი: ხო, მართალი ხარ, ეგეც თევზის ნათქვამია!
დუმილის პაუზა.
მეორე ზომბი: ეჰ, ჩვენ მოგვიწევს ამ ბიჭის დამარხვა!
მესამე ზომბი: ხო, აბა, სულ მაგ ჭკუაზე ვარ - ადამიანი დავმარხო!
მეორე ზომბი: იდეა მაქვს: ეს ბიჭი მზეზე გავახმოთ! მერე, მკერდის ძვალი ამოვაცალოთ! დავფვათ! მორიელის სისხლში გადავურიოთ! მე-6 საფეხურის ყმუილით შევუყმუვლოთ და...
მესამე ზომბი: და რა?
მეორე ზომბი: მივიღებთ უებარ წამალს!
მესამე ზომბი: რის წამალს?
მეორე ზომბი (კეფის ქექვით იხსენებს): რის წამალს და... ეს დამავიწყდა! ყვავის შემთხვევაში, მახსოვს - მეხსიერების აღმდგენ პრეპარატს ვიღებთ! ადამიანის შემთხვევაში, მომკალი და, აღარ მახსოვს!
მესამე ზომბი: ეე, შენ და შენი რეცეპტი... ისაო, ესაო, სკლეროზს ვკურნავო...
პირველი ზომბი (მესამე ზომბს): ეს რისი მაქნისია... გაგიგია, ქაჩალი თმის ცვენის მკურნალი იყოს?!
ისმის მამლის ყივილი. ზომბებისგან იცლება ოთახი.
მეოთხე სურათი
ზაზა ოთახში დგას. დღიურს აიღებს ხელში, მაგრამ არ გადაშლის, დააჩერდება და მოისვრის.
ზაზა: ესეც მორიგი, რომელიღაც კალენდარული დღე, სიცარიელით სავსე დღე! დამთავრდა ფილოსოფია - მე მშია!!!
ქურთუკს მოიცვავს და სახლიდან გადის. თომას მარკეტის სიახლოვეში ისეთნაირად ჩერდება, რომ თომამ ის შეამჩნიოს. თომა ამჩნევს მას და თავისკენ მოუხმობს. სანამ ზაზა რაიმეს ეტყვის, ის პარკში პროდუქტს ულაგებს.
თომა: ზაზა, ჯამრთელობის მხრივ როგორ ხარ? (უღიმის)
ზაზა: მახველებს... ისევ სისხლი ამოვახველე...
თომა: ჩემი მეგობარი, ტუბდისპანსერში ექიმია; ზედ გადაგყვება, ფულას არ გამოგართმევს; არ გადადო, ხვალვე მიდი; მე დავურეკავ!
თომა ფურცელზე ექიმის სახელსა და ტელეფონს წერს; ზაზას უწვდის.
ზაზა: მადლობა...
უეცრად, მაღაზიაში ასეთი რამ ხდება: ელენე უკანა კარს აღებს, ორპირი ქარი წარმოიშობა - თაროდან გადმოცვეილ ქაღალთა შორის სიფრიფანა ხატიცაა, რომელიც ზაზას შეუვარდება გაღეღილ ქურთუკში. ზაზა ხატს ქურთუკიდან იღებს და თომას უწვდის.
ზაზა: ხატი გადმოაგდო ქარმა...
თომა: დაიტოვე, ხომ ხედავ, ხატმა თვითონ გამოგარჩია!
ზაზა: მადლობა.
სახლში დაბრუნებული ხატს ოთახში საკადრის ადგილს მიუჩენს, პირჯვარსაც გადაიწერს. ნაყრდება. საწოლზე წვება და ხატისკენ აპარებს მზერას; როგორღაც უჭირს თვალის გასწორება. მხარს იცვალის, წრიალებს, ვერა და ვერ მოისვენებს. წამოდგება და ხატს რაღაც წიგნით დაფარავს. ისევ საწოლზე წვება და იძინებს, მაგრამ ძილში ბორგავს, რაღაც აღვიძებს. თვალი ხატისკენ გაურბის. მართალია, ის წიგნით არის დაფარული, მაგრამ მაინც სიმშვიდეს ურღვევს. წამოდგება, ხატს ოთახის ყველაზე შორეულ კუთხეში გადაიტანს. წვება, მაგრამ ისევ წრიალებს. დგება, იცვავს და ქუჩაში გადის. იქიდან მეტად აღზნებული ბრუნდება და ხატს ჩხუბს უწყებს.
ზაზა: იცი, რას გეტყვი - ეს სახლი ჩემია! შენს გამო, სიცივეში გავედი... აქაურობა ის ადგილია, სადაც მე უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ - ვილანძღო, ვიგინო, ათასი სამარცხვინო საქციელი ჩავიდინო, თუნდაც - ნაგვის ურნა ჩამოვიმხო თავზე! შენ ამაში ხელს მიშლი! ასე რომ უნდა დატოვო აქაურობა! არც თომა მჭირდება! გავყიდი ამ სახლს - კარგს ვჭამ და კარგს ვსვამ! მაინც ვკვდები...
ხატს ხელში იღებს, რომ თომასთან წაიღოს, მაგრამ ამჩნევს, რომ ხატი ზეთითაა გაჟღენთილი.
ზაზა: ეე, საიდან ზეთი?! მე არ დამისვრიხარ! ზეთი საერთოდ არ მაქვს სახლში! ეშმაკები ხომ მარბევდნენ, ახლა ანგელოზებიც თავს დამესხმიან! თომა, ყველაფერი შენი ბრალია! უხ, შენი... არც შენი პური მინდა! არც შენი ძეხვი! მომშორდით ყველანი თავიდან!
ხატს პოლიეთილენის პარკში ათავსებს და თომასთან საჩხუბრად გარბის.
ზაზა: ოხ, ეხლა თომას დღეს დავაყრი...
რაღაც ხნის შემდეგ, ოთახში, საიდანაც გიჟივით გავარდა, აბსოლუტური სიმშვიდით ბრუნდება. ხატს თავდაპირველ, საპატიო ადგილზე მოათავსებს და დღიურში ჩანაწერს სტოვებს.
ზაზა: ზეთი თურმე მირონი ყოფილა...
ზაზა ექიმის კაბინეტში შედის, ის მის რენდგენის სურათს ჩასჩერებია.
ექიმი: ყმაწვილო, საიდან მოიტანე, რომ ტუბერკულიოზი გჭირს?
ზაზა: ნახველს სისხლს ვაყოლებ! დაბალი სიცხეები მაქვს... ტუბერკულიოზით დაავადებული ცხოვრობდა ჩემთან, ოჯახში, მოკვდა...
ექიმი: სიცხე, ხველა, ადამიანებს პერიოდულად გვახასიათებს. რაც შეეხება სისხლის ამოხველებას, ის სხვა მიზეზითაც ხდება... არც რენტგენში, არც სისხლის ანალიზში დაავადების კვალი არ ჩანს. ჯანმრთელი კაცი ხარ! თომას ჩემგან მოკითხვა გადაეცი!
გაოგნებული ზაზა სახლში ბრუნდება. ხატის წინ ჩერდება და მას რენდგენის სურათს აჩვენებს.
ზაზა: მე შენი არსებობა მითი მეგონა...
ამს შემდეგ, ზაზა იწყებს ოთახში დახლართული ეკლიანი მავთულის ჩამოხსნას. კიდევ, კედლიდან ჩამოხსნის გამოფენის აიშას - „პიროვნების გაბევრების ფაქტი გაორებულ და ერთაზრიან პირთა ფონზე“, რომელიც გალერეის კედლიდან მოიპარა, დააგორგოლავებს და კარადის თავზე შემოდებს.
ზაზა: აღარც ამ „სურათ-აფიშისთვისაა“ კედელზე ადგილი! გალერეას დავუბრუნებ!
პირველი მეზობელი: ზაზა, ჩვენ შენი მეზობლები ვართ! გავიგეთ, მირონმინარე ხატს დაუდია შენთან ბინა! თუ შეიძლება, მიგვიშვი მასთან - ვილოცებთ, შენი და ჩვენი კეთილდღეობისთვის!
ზაზა (გაკვირვებული): მობრძანდით...
აჩვენებს ადგილს, სადაც ხატია დაბრძანებული.
ერთ მეზობელს ხელში პროდუქტით სავსე პარკი უჭირავს.
მეორე მეზობელი: ზაზა, შვილო, აი, მცირეოდენი საჭმელ-სასმელი შემოგაწოდეთ, საკურთხის სუფრიდან. შენი და ჩვენი მიცვალებულების სულის საცხონებლად იყოს.
ზაზა: საკურთხის სუფრიდან?
მეორე მეზობელი: ხო, დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა!
ზაზა (დაბნეულია): მაგ საჭმელ-სასმელს რა უნდა ვუყო?
მეორე მეზობელი: მიირთვი, შვილო! იმათ მიუვათ!
ზაზა: აა, მადლობა...
ზაზა განზე გადის. მეზობლები ლოცვას იწყებენ. ზაზას თვალი საჭმელ-სასმელით სავსე პარკისკენ გაურბის.
მეზობლები ლოცვას ამთავრებენ წასასვლელად ემზადებიან. ზაზა ამჩნევს, რომ ხატის წინ ვიღაცას ფული დარჩა.
ზაზა: ვიღაცას აქ ფული დაგრჩათ! აიღეთ!
მესამე მეზობელი: ეგ ფული შენ მოიხმარე! ჩათვალე, რომ ის ჩვენგან კი არა, ხატისგან არის!
გაოცებული ზაზა მეზობლებს აცილებს, ხატთან ბუნდება და მის წინ ჯდება, როგორც მათ მოსვლამდე იჯდა.
ზაზა (ხატს): მადლობა!
მეექვსე სურათი
ზაზას სტუმრობს მისი ფრონტელი მეგობარი - დათო. ხელდახელ გაშლილ სუფრას უსხედან. ზაზა მას თავისი ცხოვრების უკანასკნელ ისტორიას უყვება.
ზაზა: იმის მერე, რაც ხატმა მირონი გადმოადინა, ადამიანებს დავუახლოვდი. გახმაურდა ამბავი მირონმდინარე ხატის შესახებ და მორწმუნეებმა ჩემ სახლში სტუმრობა იწყეს. ძღვენი მოაქვთ - საჭმელი, სასმელი, ზოგმა ხატს ფულიც აჩუქა. თუ მანამდე თომას კმაყოფაზე ვიყავი, ახლა ხატი იქცა ჩემ მფარველად და მარჩენლად.
დათო ხატს მდუმარედ გახედავს.
ზაზა: შენსკენ რა ხდება?
დათო: გამომადეპორტეს უცხოეთიდან... იქ კი არა, აქაც არავის ვუნდივართ! ცდილობ, მიეტმასნო საზოგადოებას, ნებისმიერ ხვრელში შეუძვრე, თუნდაც უკანალში, მაგრამ მისთვის უცხო სხეული ხარ და თავისი თავიდან გამოგდევნის, როგორც ფეკალურ მასას!
ზაზა: ეგრე ნუ ფიქრობ! ქვეყანაზე ყველასთვის ყოფილა ადგილი!
დათო უიმედოდ ამოიოხრებს.
დათო: მახო მოვიგონოთ! „ბეემპეთი“ რომ არ შემოვარდნილიყო, ალყიდან ვერ გამოვაღწევდით... იმ „ბეემპეშივე“ ჩაიწვა! მისი სიკვდილი უფრო შინაარსიანი გამოდგა, ვიდრე ჩვენი სიცოცხლე!
ზაზა: ხო, ეგ ეგრეა! მახოს გაუმარჯოს!
დათო: სიკვდილზე ფიქრობ ხოლმე?
ზაზა: ამ ბოლო დროს აღარ. რაღაც შეიცვალა...
დათო: რა შეიცვალა?
ზაზა: ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი...
დათო ისევ ხატს მიაპყრობს მზერას.
დათო: მე მარტო ის ვიცი, რომ არსად არაა ჩემი ადგილი!
ზაზა: მოიძებნება! უეჭველი მოიძებნება!
ზაზაც ხატს მიაჩერდება.
დათო: ავათ რო იყავი, ეხლა როგორ ხარ? კარგად გამოიყურები!
ზაზა: ავადმყოფობა გაქრა!
დათო: როგორ გაქრა?
ზაზა: არ ვიცი, მე ხატს მივაწერე ეს საქმე!
ხატს თვალს არ წყვეტენ.
დათო: წმინდა სალოცავების დიდება იყოს!
ზაზა: დიდება იყოს!
ჭიქებს გამოცლიან.
დათო: ჩემი წასვლის დროა! ბევრი დავლიეთ...
ზაზა: მოიცა, ერთი დასხმაღა დარჩა...
ჭიქებს შეავსებს.
ზაზა: ამ ჭიქით, ჩვენ გაგვიმარჯოს! ცოცხლებს!
დალევენ და წამოდგებიან. ზაზა დათოს კარებისკენ აცილებს.
ზაზა: ქალაქში, აივანზე, რა უნდა მამალს?! დედალი მაინც მოეთრია, ამ დარტყმულ მეზობელს... კვერცხს დაუდებდა! იმედია, ვეგეტარიანელი არაა - როდისღაც დაკლავს!
ოთახის სიღრმეში ბრუნდება და უცებ, აღმოჩენას ახდენს.
ზაზა: ეე, ზომბები სად დაიკარგნენ?! რამდენი ხანია, აღარ გამოჩენილან!
გაკვირვებული სახით ხატს მიაჩერდება. შემდეგ, მაგიდას მიუჯდება, დღიურს გადაშლის და ჩაწერს.
ზაზა: ჩემი სახლიდან ხატმა ზომბებს მოაცოცხინა! კიდევ ისაა ჩემს ცხოვრებაში ახალი, რომ თომას დახმარებით, სამსახურში მოვეწე - დისტრიბიუტორი ვარ, მაღაზიებს პროდუქტით ვამარაგებ. დილაადრიანად მიწევს სახლიდან გასვლა, მაგრამ ეს სიამოვნებას მგვრის. სხვა ბევრი სიკეთეც ხდება, მაგრმა ამაზე ჯერ არაფერს ვიტყვი.
მოიცვავს ქურთუკს და სახლიდან გადის.
მერვე სურათი
ზაზას თომას მარკეტში პროდუქტის ყუთები შეაქვს.
თომა: როგორ მოგწონს ეს შენი სამსახური - დისრიბუცია?
ზაზა: კარგია, კმაყოფილი ვარ! თანაც, რაღაც ჩემი საქმის წამოწყებასაც ვგეგმავ... დეტალებში მერე გაგარკვევ.
თომა: შენი საქმის წამოწყებას? ხოო, ეს გამიხარდა! წარმატებები!
ზაზა: მადლობა! ელენე სად არის? დღეს არ გამოსულა?
თომა: ნერვიულობ?
ზაზა: არა, ისე ვიკითხე... (ეღიმება)
თომასაც ეღიმება.
თომა: ელენე ავად გამხდარაა... (წაიღიღინებსავით) ტელეფონით მელაპარაკა - გრიპი სჭირს, ცოტათი სიცხეც ჰქონია! მე მეგონა, შენ უკვე მოინახულე ის!
ზაზა: მივალ და მოვინახულებ!
თომა: აბა რა, უნდა მიხვიდე, მოინახულო!
თომა ზაზას შოკოლადის ფილას გაუწდის.
თომა: ეს ჩემგან მიართვი, ელენეს.
ზაზა: არის უფროსო! (სამხედრო სალამს აძლევს)
მეცხრე სურათი
ზაზა ელენეს ბინას მიუახლოვდება, ზარს რეკავს. კარს უღებს ელენეს დედა - ვიოლა. ქალი, ცოტა არ იყოს, დაბნეული ჩანს. ზაზა შოკოლადსა და ყვავილების თაიგულს ზურგსუკან მალავს.
ზაზა: გამარჯობა! მე ელენეს თანამშრემელი ვარ, მაღაზიიდან - ზაზა.
ვიოლა: მობრძანდი, შვილო. რატომღაც, დენის კონტროლიორი მეგონე... დენს არ ვიპარავ, მაგრამ მაინც მეშინია მაგ ხალხის... აქეთ მობრძანდი. გავაღვიძებ ელენეს. წამალიც მისაღები აქვს.
სასტუმრო ოთახში შეუძღვება. ზაზა შოკოლადსა და ყვავილებს ისევ ზურგსუკან მალავს.
ვიოლა: ბატონი თომა როგორ ბრძანდება? კარგი კაცია!
ზაზა: თომა მარტო კარგი კი არა, დიდებული კაცი ბრძანდება!
ვიოლა: ხო, შვილო, ელენეს ის მამასავით უყვარს!
ზაზა: თომა ყველას გვიყვარს!
ხმაურზე ელენე იღვიძებს, სასტუმრო ოთახში გამოდის. უხარია ზაზას დანახვა; ვიოლა სამზარეულოში გადის. გასულს, ელენე კარს მიუხურავს. ზაზა ყვავილების თაიგულს და შოკოლადს უწვდის.
ელენე: ოოო...
ზაზა: ეს თომასგან, ეს ჩემგან!
ელენეს საძინებელში შებრუნება უნდა, რომ თავი მოწიწესრიგოს.
ელენე: ნამძინარევი ვარ... ცოტა ხნით დაგტოვებ, მოვწესრიგდები...
ზაზას ელენეს აჩერებს.
ზაზა: გთხოვ, დარჩი, ასეთი მეტად შეუდარებელი ხარ!
ელენე ღიმილით თანხმდება. ზაზას სავარძელს სთავაზობს და თვითონაც, სიახლოვეში ჯდება. ინტიმური ატმოსფეროა - ელენე შოკოლადს ხსნის, ამტვრევს და ზაზას უწვდის. ზაზა მის ხელის მტევანს ხელში მოიქცევს და ეფერება.
ელენე: არ გეშინია, გრიპი რომ გადმოგდო?
ზაზა: თუ გრიპს გადამდებ, ხურდაში ტუბერკულიოზს დაგიბრუნებ!
ეცინებათ. ზაზა ელენეს კოცნის.
ელენე: გაჩერდი! დედაჩემი შემოვა!
ვიოლა მართლაც შემოდის ოთახში, ნამცხვარი და ყავა შემოაქვს. ამჩნევს ყვავილების თაიგულს.
ვიოლა: დედა, რა ლამაზი თაიგულია! ზურა, შენ მოიტანე, შვილო?
ელენე: დე, ზურა კი არა, ზაზა ქვია! წაიღე თაიგული, ვაზაში ჩადგი!
ვიოლას თაიგული გააქვს. ელენე ისევ მიუხურავს კარს.
ელენე: რა ხდება ჩვენსკენ, ახალი?
ზაზა: შენი ფულით ნაყიდი მასალისგან სამი კომოდი აიწყო! და სამივე გაიყიდა!
ელენე: სამივე? ესე მალე?
ზაზა: ხო, ეგრევე გაიყიდა!
ელენე: მასალა ჩემი ფულით კი არა, ჩვენი ფულით იყო ნაყიდი! შემოსული თანხით ისევ მასალა ვიყიდოთ! მეტი კამოდი აიწყობა!
ზაზა: კამოდიც აიწყობა და სხვა რამეც... კარგად წაგვივიდა საქმე!
ერთმანეთს ეფერებიან.
მეათე სურათი
ზაზა და ელენე ზაზას ბინას არემონტებენ (აწესრიგებენ) - ერთს ფუნჯი უჭირავს, მეორეს, შპატელი.