ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
29 ივლისი, 2026


  ჩამოტვირთვა

ჭრიჭინების ხმა ისმის - პიესა

მოქმედი პირები:

1      ამბის მთხრობელი;
2      სხვა დიოგენი;
3      სოსიკო ბრძენი;
4      ბალერინა ანნი ჟარლეწი;
5      შახო;
6      წოპე;
7      ჩომბე;
8    მაიმუნი;
9    კატორღელი;
10  ლოთი;
11  საბჭოელი პიონერი.





პირველი სურათი


შემოდის ზურგზე როდინ-მოკიდებული სხვა დიოგენი, შუა ეოში მოიკალათებს, როდინში ჰაერს ჩაუძახებს და ნაყვას იწყებს. იქვეა ამბის მთხრობელი.

ამბის მთხრობელი:
ოო, სხვა დიოგენს მივესალმები - ცარიელ როდინში ის, არ გაგიკვირდეთ, წყალს არა - ჰაერს ნაყავს! (გარშემო შემოუვლის, მისკენ თითს იშვერს).  ის მე ვერ მხედაავს, არც ხმა ესმის ჩემი, რადგან - მე არ ვარ სპექტაკლის გმირი. (გაივლ-გამოივლის, იწყებს თხრობას). იმ უჩვეულო ქალაქში, რომლის ცაზეც ერთდროულად მზე, მთვარე და ვარსკვლავები კაშკაშებს, ათასი უცნაური ადამიანი დაეხეტება. მისი აღმატებულება - სხვა დიოგენი, თქვენს წინაშეა. (თითს მისკენ იშვერს). რაც შეეხება სხვებს,  არ ამაჩქაროთ, თანმიმდევრულად ყველას წარგიდგენთ. აი, შემდეგი -  სოსიკო ბრძენი.

სოსიკო ბრძენი სხვა დიოგენს უახლოვდება, როდინს ჩახედავს.

სოსიკო ბრძენი:
სიცარიელეს ნაყავ?

სხვა დიოგენი:
რატომ სიცარიელეს - როდინი პირამდე სავსეა ჰაერით!

სოსიკო ბრძენი:
ჰაერის ნაყვა ეს სიახლეა... თუ გინაყია წყალი ოდესმე?

სხვა დიოგენი:
წყალი? (ჩაეცინება). მინერალური თუ ონკანის წყალი გაქვს მხედველობაში?

სოსიკო ბრძენი:
წყალი, უბრალოდ, წყალი!

სხვა დიოგენი:
მთელი ცხოვრება წყალს ვნაყავდი... ისევე, როგორც შენ ეხლა ნაყავ მას, და შენთან ერთად, ნაყავს ყველა შენს გვერდში მდგომი!

სოსიკო ბრძენი:
რატომ შეცვალე წყალი ჰაერით?

სხვა დიოგენი:
წყლის ნაყვის შემთხვევაში, შენ ყურადღებას არ მომაქცევდი!

სოსიკო ბრძენი:
ცინიზმი ამპარტავნებისგან მოდის...

სხვა დიოგენი:
უბრალოებაზე რას იტყვი?

სოსიკო ბრძენი:
თვალშისაცემი უბრალოებაც ამპარტავნებამ იცის.

სხვა დიოგენი:
იმ მდგომარეობას რაღას უწოდებ, კაცს როცა სჯერა წყლის დანაყვის?

სოსიკო ბრძენი პასუხს დაუგვიანებს.

სოსიკო ბრძენი:
შენთან შეხვედრას მერჩივნა, გზად ვინმე სულელს  გადავყროდი...

სხვა დიოგენი:
აა, არასასიამოვნოა გამოღვიძება, შენზე მორგებული სიზმრის შემდეგ! და ისევ იგივე კითხვას დაგისვავ: იმ მდგომარეობას რას უწოდებ, როცა კაცს სჯერა წყლის დანაყვის?!

სოსიკო ბრძენი:
სიმართლე გითხრა, ჯერ ისევ ძილბურანში ვარ...

სხვა დიოგენი:
ვერც გამოფხიზლებული მოუძებნი ამ კითხვას პასუხს!

სოსიკო ბრძენი:
უნდა ვაღიარო, რომ შენ მართალი ხარ.

სხვა დიოგენი:
საღეჭი რეზინიის ღეჭვას თავი ანებე, რადგან ის ვერ გაგაძღობს!

სოსიკო უახლოვდება თეთრ კედელს.

სოსიკო ბრძენი:
გადავიფიქრე იმის დახატვა, რის დახატვასაც აქ ვაპირებდი! (თითს კედლისკენ იშვერს). რადგან მივხვდი, მის ნაცვლად ახლა რა უნდა ავღბეჭდო!

სხვა დიოგენი:
ბრავო სოსიკო! სიცრუე დიდი ხნის წინ უნდა ჩაგეკლა შენში!

სოსიკო ბრძენი:
ვაი, რომ ასე არის...

სხვა დიოგენი:
ჩემს მოწაფეობას დიდათ ნუ დაიბრალებ!

სოსიკო ბრძენი:
არ დავიბრალებ, რადგან არ მშურს შენი.

იწყებს ხატვას.

ღამდება.

ჭრიჭინების ხმა ისმის.
სადღაც კატა კნავის და ძაღლი იყეფება.



მეორე სურათი


გათენდა. სოსიკო ბრძენი სურათის ხატვას ასრულებს. შორიახლოს დგას ამბის მთხრობელი, კედელზე აღბეჭდილ სურათს მისჩერებია.


                   


ამბის მთხრობელი:
ბრავო, სოსიკოს! არც კი მეგონა, თუ მან ხატვა ასე კარგად იცოდა. მაგრამ საკითხავი ახლა ისაა - მისი ეს ნამუშევარი რამდენად მისაღები აღმოჩნდება საზოგადოებისთვის, შახოს, წოპესა და ჩობბესთვის! აი, ისინიც!

ერთმანეთის მიყოლებით შემოდიან შახო, წოპე და ჩომბე. მთხრობელი მათ თანმიმდევრულად წარადგენს და მიდის.

ჩომბე:
ძმებო, ჩვენს დიდ მასწავლებელს კედელზე აღუბეჭდია ფილოსოფიური სურათის სახთ დიადი იდეის არსი - სიბრძნის ტაძარი! მუხლი მოვიყაროთ სურათის წინაშე!

მუხლს იყრიან. შახო შეპარულად სურათს ახედავს და წოპეს გადაურჩულებს.

შახო:
წოპე, შენ გაუგე ამ სურათს რაიმე?

წოპე:
ვერა, ვერაფერი გავუგე. არ ვიცი რას ველოდი... მაგრამ ამას მართლა ვერაფერი გავუგე.

ჩომბე:
ძმებო, მეც ვერ გავუგე!

შახო (ჩომბეს):
აბა, რატომ მოიწონე?!

ჩომბე:
არ ვიცი, რაღაც ხომ უნდა მეთქვა...

შახო:
როგორც ყოველთვის...

ჩომბე:
რა როგორც ყოველთვის?

შახო:
იდიოტი ხარ!

ჩომბე:
შენ ხომ სულ ტვინიკოსი მყავხარ...

შახო:
ეხლა არ მოგდო ყბაში!

შახო ფეხზე წამოდგება. სოსიკო ბრძენს მიმართავს.

შახო:
დიდო მასწავლებელო, ეს ის სურათია, რის დახატვასაც დაგვპირდი - დიადი იდეის არსი, სიბრძნის ტაძარი?

სოსიკო ბრძენი:
არა, ეს ის სურათი არ არის.

წოპე და ჩომბეც წამოდგებიან.

შახო:
ის თუ არ არის, აბა რა არის?!

სოსიკო ბრძენი:
სურათს ეწოდება: ყველა გზა მოჭრილი არის, ანუ - „ბუშტის მბერავი“! გვახარებს ბუშტის ბერვა, ვამაყობთ ბუშტით, რადგან ამ ბუშტთან ერთად მივფრინავთ ზევით, სულ ზევით და არ გვესმის, რამდენად მოჩვენებითია ჩვენი ზეასვლა - ბუშტი ჩვენს დასაღუპად არის გამოგონილი!

გაოგნებისგან წოპე წაუსტვენს.

წოპე:
ამან გარეკა!

ჩომბე:
ზედმეტმა ტვინიკოსობამ ეს იცის...

წოპე:
ტვინიკოსობამ არა იმან... თავიდანვე შევატყვე, რა დარტყმული მასწავლებელიც იყო! ან კი რატომ დავუდექით მოწაფეებად?! ამდენი დრო ტყვილად დაგვაკარგინა!

შახო:
უნდა დავსაჯოთ ამისთვის!

ჩომბე:
როგორ დავსაჯოთ?

შახო:
ვცემოთ!

ერთხმად:
ვცემოთ! ვცემოთ!

იწყებენ ცემას,  ფეხქვეშ გაიგდებენ, სოსიკო ბრძენი გონებას კარგავს.

ჩომბე:
კარგი, ეყოფა! მგონი, მოვკალით!

შახო:
არ მოგვიკლავს, ცოცხალია!

წოპე:
ჰო, ცოცხალია, მაგრამ უნდა მოვაშოროთ აქაურობას!

შახო:
112-ში ხომ არ დავრეკავთ... აგე, მივგადოთ იქ, ქუჩის კუთხეში!  თუ ვინმეს უნდა, გადაიყვანოს საავადმყოფოში!


უგონოდ მყოფს გაათრევენ ეზოდან.

წოპე:
ეგ კი მოვაშორეთ აქაურობას, მაგრამ მის დახატულ პროვოკაციულ სურათს რა ვუყოთ?!

შახო:
სანამ წავშლით, ეგ სურათი ფარდით უნდა დავფაროთ! და სხვა კედელზე თავად დავხატავთ დიადი იდეის არსს - სიბრძნის ტაძარს!

ჩომბე:
მართალია, შეგვიძლია დახატვა - საღებავიც გვაქვს და ფუნჯიც! ოღონდ, ამისთვის ჩვენში ახალი ლიდერი უნდა ამოვირჩიოთ, ვინც დაგვმწყემსავს და დაგვმოძღვრავს!

წოპე:
არჩევნები მოვაწყოთ?

შახო:
არჩევნები არა ისა... გავითვალოთ და ვინც პირველი გავა, ის იქნება ჩვენი ლიდერი!

წოპე:
სამუდამო ლიდერი, თუ მხოლოდ ერთი დღით?

შახო:
იყოს მხოლოდ ერთი დღით! დემოკრატიასაც უნდა მივაგოთ პატივი... და მომდევნო დღეს ახლიდან გავითვლით!

ჩომბე:
სწორია! იყოს ასე!

ერთხმად:
გავითვალოთ! გავითვალოთ!

დგებიან წრეში, გათვლას შახო იწყებს (თავისი თავიდან).

შახო:
ესა, მესა, გადის ესა!

თავად აღმოჩნდა გასული.

შახო:
მოქალაქენო, გათვლის თანახმად მე ვარ დღევანდელი დღის ლიდერი! ისმინეთ ჩემი!

წოპე:
მოიცა, მოიცა, შენ რატომ გაითვალე?!

შახო:
როგორ თუ რატომ, ვიღაცას ხომ უნდა გაეთვალა!

წოპე:
უნდა გაეთვალა, მაგრამ რატომ მაინცა და მაინც შენ?! რა, მე ვერ გავითვლიდი, ან ჩომბე?

შახო:
არა მგონია, ან ერთმა, ან მეორემ ზეპირად რაიმე გათვლა იცოდეთ... გარდა იმისა, რაც მე უკვე ვთქვი! და მიმბაძველობას ნუ ექნება ადგილი!

წოპე:
სიმართლე გითხრა, ასე ნაუცბადევად არც კი მახსენდება რომელიმე გათვლა... მაგრამ მომავლისთვის უეჭველი ვისწავლი!

ჩომბე:
მეც ვისწავლი გათვლას(!) და ეს საქმე მორიგეობითი იქნება, ხან ერთი გავითვლით, ხან მეორე და ხან მესამე! დღეს შახოს ჯერი იყოს!

წოპე:
შევთანხმდით!

შახო:
ახლიდან გავითვალო, თუ გათვლილით დაკმაყოფილდებით?

წოპე:
გათვლას ჩაგითვლით...

შახო:
კეთილი. (ხმას დაიბოხებს) მოქალაქენო, მოგეხსენებათ, ჩვენ დიად იდეას ვემსახურებით! იდეით ვცხოვრობთ! იდეისთვის ვართ გაჩენილები! კაცობრიობა განსაცდელშია - ხსნას ელის! ხსნა: ყოველი ადამიანი უნდა გახდეს ზეადამიანი! მისია, რომელიც...

შახოს სიტყვას აწყვეტინებს ეზოში შემოსული შიშველი მაიმუნი. ყველა მას მიაჩერდება.

წოპე:
შენ ვინ ხარ?! რა მაიმუნივით შიშველი დაეხეტები?!

მაიმუნი:
ბატონებო, მე  ვარ მაიმუნი.

წოპე:
თუ მაიმუნი ხარ, ჯუნგლებში წადი! უფლება არ გაქვს აქ შიშველმა იხეტიალო!

მაიმუნი ეზოდან გადის.

შახო:
გაივსო ქვეყანა მაიმუნებით...

ხანმოკლე ფიქრის შემდეგ შახო განმეორებით იწყებს სიტყვის წარმოთქმას.

შახო:
მოქალაქენო, მოგეხსენებათ, ჩვენ დიად იდეას ვემსახურებით! იდეით ვცხოვრობთ! იდეისთვის ვართ გაჩენილები! კაცობრიობა განსაცდელშია - ხსნას ელის! ხსნა: ყოველი ადამიანი უნდა გახდეს ზეადამიანი! მისია, რომელიც...

ამჯერადაც მაიმუნი აწყვეტინებს სიტყვას, რომელიც ეზოში ხელმეორედ შემოდის, ოღონდ - ფრაკში გამოწყობილი.

ჩომბე:
მოქალაქენო, შეხედეთ, როგორი ელეგანტური პერსონა გვეწვია! აქურობას ასეთი ჯერ არ ღირსებია! ის უდავოდ დიდ ლიდერად გადაიქცევა!

შახო:
არა! შეუძლებელია ის ლიდერი გახდეს(!), რადგან ლიდერი მხოლოდ აქ, ამ ეზოში, ჩვენს შორის უნდა დაიბადოს!

ჩომბე:
მერე, ესეც ხომ აქ, ამ ეზოში, ჩვენს შორისაა!

ჩომბეს მაიმუნი ხელმკლავით ეზოს შუაგულში შემოყავს.

მაიმუნი:
ფრიად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა; მე მაკაკი მქვია.

წოპე:
მაკაკი ანუ თითქმის - აკაკი!

მაიმუნი მაკაკი:
დიახ, ოფიციალურად - აკაკი, მაგრამ თქვენთვის, მეგობრებისთვის, უბრალოდ - მაკაკი.

შახო:
დაე იყოს ასე - დღეიდან შენ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხარ! ჩემო მაკაკი-აკაკი, ჩვენ დიად იდეას ვემსახურებით! იდეით ვცხოვრობთ! იდეისთვის ვართ გაჩენილები - „სიბრძნის ტაძარს“ ვაშენებთ(!), ასე რომ, შემოგვიერთდი!

მაიმუნი მაკაკი:
სიამოვნებით, თქვენს რიგებში ვარ - ყველა წესდების დაცვით!

შახო:
ძალიან კარგი! მაშ, დაიხსომე: ეს ეზო არის განსაკუთრებული ადგილი - სამყაროს გული! მალე ჩვენ აქ აღვმართავთ ფილოსოფიის მწვერვალს - „სიბრძნის ტაძარს“!

მაიმუნი მაკაკი:
ოო, დიდებულია! თქვენს შესაძლებლობაში ეჭვი არ მეპარება! მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: ვიზუალში როგორი იქნება ის თქვენი „ჭკუის ტაძარი“?

წოპე:
„ჭკუის ტაძარი“ კი არა - „სიბრძნის ტაძარი“!

მაიმუნი მაკაკი:
ხო, თუნდაც - „სიბრძნისა“ იყოს... საიდან იცით, თუ ის როგორი არქიტექტურის უნდა იყოს?

ჩომბე:
ჩვენ მასწავლებელი გვყავდა - სოსიკო ბრძენი, ვინც გვასწავლა ყველაფერი!

მაიმუნი მაკაკი:
ახლა სად არის ის თქვენი - სოსიკო ბრძენი?

წოპე:
გავაძევეთ!

შახო:
ჯერ ვცემეთ და შემდეგ, გავაძევეთ!

მაიმუნი მაკაკი:
ესეიგი, დაიმსახურა! ტყუილად ხომ არ მოექცეოდით ასე!

ჩომბე:
რა თქმა უნდა, დაიმსახურა, მოღალატეა - მან უღალატა იდეას! თანაც, ერთპიროვნული ლედერი იყო. მისი გაძევების შემდეგ, გათვლის საფუძველზე ლიდერობა გადავინაწილეთ. გავითვლით და ვინც პირველი გავა, ის გახდება ჩვენი იმ დღის ლიდერი. ცოტა ადრე, გათვლამდე რომ მოსულიყავი, შესაძლოა, შენ ყოფილიყავი ლიდერი, მაგრამ დააგვიანე. დღეს შახოს ერგო ლიდერობის წილი. მოვუსმინოთ - დაგვმოძღვრავს.

მაიმუნი მაკაკი (თავისთვის წაიბუტბუტებს):
ამდენი ხანი რატომ დავეხეტებოდი ჯუნგლებში?!

შახო:
მოქალაქენო, ჩვენ დღეს გავზომავთ ეზოს - უნდა გავიგოთ, რამდენი ნაბიჯი არის! უნდა ვიცოდეთ, რადგან ეს ეზო არის სიბრძნის აკვანი! ეს ეზო არის, ახალი ბაბილონის გოდოლი! სულ მალე მსოფლიო ამ ეზოში ჩვენს წინაშე მუხლს მოიყრის!

მაიმუნი მაკაკი (ისევ თავისთვის წაიბუტბუტებს):
აუ, ეს კაცი გენიოსია, უფრო სწორად - სულელი! ასეთ შემთხვევას ვერ გავუშვებ ხელიდან - მე დავუნიშნავ ამათ ქალაქის თავად ცხენს! (და იწყებს კივილსა და თითებით სტვენას). იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა).

მას აჰყვებიან დანარჩენებიც.

ერთხმად:
იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა).

შახო:
კმარა, გაჩუმდით! ახლა საქმეს უნდა შევუდგეთ!

ჩომბე (თითს მაიმუნისკენ იშვერს):
მაგარი ვინმე შემოგვემატა!

წოპე ჩომბეს თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.

შახო:
დავიწყოთ ეზოს გაზომვა!

იწყებენ ეზოს ნაბიჯით ზომვას - ერთი, ორი, სამი... - ოთხი, ხუთი, ექვსი...

ავანსცენაზე შემოდის ამბის მთხრობელი.

ამბის მთხრობელი:
ნუთუ მსოფლიო ამათ წინაშე მართლაც მუხლს მოიყრის? თუცა რა, ეს მსოფლიოსგან გასაკვირი სულაც არ არის!

შემოდის წითელყელსახვევიანი პიონერი პიონერული სალამითა და მარშით, ეზოს გადაჭრის. უჩინარდება. მისი შემყურე მთხრობელი იტყვის.

ამბის მთხრობელი:
წარდგენის გარეშეც ჩანს, ვინც არის.

ოთხეულიც უჩინარდება ეზოდან. იქ რჩება მხოლოდ ამბის მთხრობელი.

ბარბაცით შემოდის - ლოთი. მის დანახვაზე ამბის მთხრობელი მხრებს იჩეჩს.

ამბის მთხრობელი:
ამის გამოჩენას აქ არ ველოდი - უბნის ლოთია! მისი სახელი არც კი ვიცი.

ლოთი ამბის მთხრობელს წინ დაუდგება, გზას გადაუღობავს - ის მარჯვნივ გაიწევს, ესეც მარჯვნივ მიდის, მარცხნივ გაიწევს, მარცხნივ მიდის; ასეთ მოძრაობაში ცოტათი წაიცეკვებენ კიდეც. ამბის მთხრობელი გაკვირვებულია, რადგან ლოთი მას ვერ უნდა ხედავდეს.

ლოთი:
ეხლა არ მითხრა, რომ შენ უხილავი ხარ ჩემთვის!

ამბის მთხრობელი:
წესით, ვერ უნდა მხედავდე, მაგრამ ფაქტია - მხედავ! და მელაპარაკები კიდეც!

ლოთი:
გიცნობ კიდეც!

ამბის მთხრობელი:
მიცნობ კიდეც?

ლოთი:
ხო, გიცნობ, მარტო უმს კი არა, მოხარშულსაც კი - ხარ ამბის მთხრობელი ანუ ყბედი!

ამბის მთხრობელი (დამცინავად):
ლოთებს არწივივით მახვილი მზერა აქვთო, გამიგონია...

ლოთი:
ეს პირველი კომპლიმენტია, რომელიც ცხოვრებაში მივიღე!

ამბის მთხრობელი:
ტყუილად არ მოხვიდოდი ჩემთან - ფული გჭირდება?

ლოთი:
ხო, ცხრა ლარი და ოთხმოცი თეთრი!

ამბის მთხრობელი:
ათი მაიც გეთხოვა! საიდან მოვიტანო ხურდით ცხრა და ოთხმოცი?

ლოთი
იყოს ათი, ხურდას მოგიტან!

ამბის მთხრობელი:
ოც თეთრს?!

ლოთი:
ეგეც ფულია...

ამბის მთხრობელი იცინის.

ლოთი:
კარგი, იმ ათი ლარის გარდა, კიდევ ცხრა და სამოცი მომეცი! და გავსწორდებით!

ამბის მთხრობელი:
ანუ ორჯერ ცხრა და ოთხმოცი?! რა ნიშნავს ეს საკრალური რიცხვი?!

ლოთი:
ნიშნავს იმას, რომ ორ ბოთლს ვიყიდი!

ამბის მთხრობელი:
ღვინოს?

ლოთი:
ღვინოს არა, არაყზეა ფასდაკლება(!), აგე, ქუჩის იქით, მაღაზიაში!

ამბის მთხრობელი იქით გაიხედავს, საითაც მაღაზიაა.

ლოთი:
აუჰ, ფასდაკლებაზე არ უნდა მეთქვა შენთვის...

ამბის მთხრობელი:
რატომ, საიდუმლოა?

ლოთი:
ხო, საიდუმლოა! რადგან ყბედი ხარ - ინფორმაციას ფასდაკლების შესახებ ქვეყანას მოსდებ და მთელი ქალაქის ლოთობი მაგ მაღაზიას დააცხრებიან!

ამბის მთხრობელი:
ნუ დარდობ, არავის ვეტყვი! აჰა, შენ ოცი ლარი და იყიდე ორი ბოთლი არაყი! ხურდა არ მინდა, დაიტოვე, ასანთს იყიდი!

ლოთი:
მაქვს ასანთი... თუ გინდა, სიგარეტით გამიმასპინძლდი!

ამბის მთხრობელი:
აუ, შემჭამა...

ლოთი:
ნუ ბუზღენებ! არ დაგეკარგება მამის ამაგი! თუნდაც რომ ის ლოთი იყოს...

ამბის მთხრობელი:
ვისი? მამის?!

ლოთი:
ხო, მამის! მე შენ გამოგიგონე!

ამბის მთხრობელი:
ეგ როგორ?

ლოთი:
ამაში სპექტაკლის ბოლოში გაერკვევი!

ღამდება.

ჭრიჭინების ხმა ისმის.
სადღაც კატა კნავის და ძაღლი იყეფება.



მესამე სურათი


ეზოს შუაგულში დგას ამბის მთხრობელი, ცას აღფრთოვანებული მისჩერებია.

ამბის მთხრობელი:
ერთდროულად - მზე, მთვარე და ვარსკვლავები... „შეხედე, რა ცაა! - ეს არის, რაცაა!“... - უთქვავს დიდ პოეტს.

ეზოში ცეკვით შემოდის ბალერინა ანნი ჟარლეწი.

ამბის მთხრობელი:
ოო, რა მშვენიერი ხარ - ანნი ჟარლეწი!

ამის შემდეგ, შემოდის სოსიკო ბრძენი - თავდახრილია, შიგადაშიგ ოხრავს, ეზოს შუაგულში ჩერდება და ფიქრს ეძლევა.

ამბის მთხრობელი:
სოსიკო ძალიან უცნაურია...

სოსიკოს ოხვრა ესმის ანნი ჟარლეწის, რომელიც მას თავს წამოსდგომია.

ანნი ჟარლეწი:
თქვენ მგონი რაღაც გიჭირთ?

სოსიკო ბრძენი:
განა მოიძებნება ქვეყნად ვინმე, ვისაც რაღაც არ უჭირს?

ანნი ჟარლეწი:
არ ვიცი, ალბათ, მოიძებნება. ვინმე ხომ უნდა იყოს ბედნიერი!

სოსიკო ბრძენი:
ბედნიერი? არ ვიცი, არ ვიცი...

ფიქრში ჩაფლული სოსიკო გამოერკვა, ანნის ახედავს და - ელდა ეცემა.

სოსიკო ბრძენი:
თქვენ ვინ ხართ? აქ საიდან გაჩნდით?

ანნი ჟარლეწი:
მე? მე...

ორივეს უცნაური ჟრუანტელი დაუვლის ტანში.

ანნი ჟარლეწი:
მე გახლავართ - ანნი ჟარლეწი.

სოსიკო ბრძენი:
ოო, ღმერთო ჩემო, მე სიზმარში ვარ! მელანდება! ზღაპრულ ზმანებას ვესაუბრები!

ანნი ჟარლეწი:
არა, რას ბრძანებთ, თქვენს წინაშეა ჩვეულებრივი ბალერინა - ანნი ჟარლეწი.

სოსიკო ბრძენი:
ანნი ჟარლეწი! ბალერინა - ანნი ჟარლეწი!

ამბის მთხრობელი:
ანნი ჟარლეწი - ეს სახელი სამუდამოდ ჩაიბეჭდა  სოსიკოს გულში. და არც ანნი დრჩა ყმაწვილისადმი გულგრილი...

ამბის მთხრობელი ეზოდან გადის.

ანნი ჟარლეწი:
ხელს ხომ არ გიშლით? ხომ არ გაწუხებთ? თვითონ არ ვიცი, რატომ მოვედი…

სოსიკო ბრძენი:
არა, რას ბრძანებთ, ნუ წახვალთ! თუ შეიძლება, დარჩით! მე თქვენ... მე... რა კარგია, რომ თქვენ ცეკვა იცით!

ანნი ჟარლეწი:
ცეკვა? ოო, ცეკვა... გინდათ გიცეკვოთ? მითხარით, ნუთუ თქვენ ჩემი ცეკვა გაინტერესებთ?

სოსიკო ბრძენი:
მაინტერესებს? უფრო მეტიც - მე მიხარია, რომ ქვეყნად არსებობთ მოცეკვავენი!

ანნი ჟარლეწი:
მე კი ის მიკვირს, ცეკვა ვინმეს ჯერ კიდევ სიხარულს რომ გვრის! გთხოვთ,  მითხარით თქვენი სახელი!

სოსიკო ბრძენი:
მე... სიამოვნებით: სოსიკო მქვია.

ანნი ჟარლეწი:
სოსიკო? სოსიკო ბრძენი? როგორ ვერ მივხვდი... მე ბევრი მსმენია თქვენზე!

სოსიკო ბრძენი:
არა, რას ბრძანებთ, რისი ბრძენი...

ანნი ჟარლეწი:
თქვენ ბრძენად გიცნობთ ხალხი!

სოსიკო ბრძენი:
იმდენად სულელი არ ვარ, რომ ჩემი თავი ბრძენად შევრაცხო...

ანნი ჟარლეწი:
ვერ გაგიგეთ, მაპატიეთ...

სოსიკო ბრძენი:
აჰ, მე მაპატიეთ! თავად არ ვიცი, რას ვლაპარაკობ... რა მემართება...

ანნი ჟარლეწი:
მოდით, ვიცეკვებ!

სოსიკო ბრძენი:
თუ შეიძლება, დამდეთ პატივი!

ის ცეკვავს... მართლაც მშვენიერერია ანნი ჟარლეწი.

ღამდება.

ჭრიჭინების ხმა ისმის.
სადღაც კატა კნავის და ძაღლი იყეფება
 

 

მეოთხე სურათი


წითელ ყელსახვევიანი პიონერი პიონერული სალამითა და მარშით ეზოს გადაჭრის. პიონერის შემდეგ, შემოდის ზოლიან ტანსაცმელში გამოწყობილი კატორღელი;  იქაურობას ათვალიერებს. მას ფეხდაფეხ შემოჰყვება შახო, წოპე, ჩომბე და მაიმუნი. კატორღელს შუაში გამოიმწყვდევენ.

მაიმუნი მაკაკი:
შენ რა, ზებრა ხარ?

კატორღელი:
შენ თვითონა ხარ ზებრა!

მაიმუნი მაკაკი:
მე ზებრა არ ვარ - მაიმუნი ვარ!

შახო:
აქ საიდან გაჩნდი?! კატორღელის ტანსაცმელი რატომ გაცვია?!

კატორღელი:
ვისა, მეე?

წოპე:
ხო, შენ! კატორღელის ტანსაცმელი გაცვია!

კატორღელი:
ეს ფორმაა... მე ვმუშაობ... სამსახურში ჩვენ ასეთ ფორმას ვატარებთ!

შახო:
არ გავხარ მუშას!

კატორღელი:
თქვენ რა ციხის უფროსისავით მელაპარაკებით?! რაც მაცვია, ის მაცვია!

ჩომბე:
ვაა, რა მოსწრებულად თქვა - რაც აცვია, ის აცვია! დაფარული გენიოსია! ძმაო, შენისთანა კაცი გვჭირდება, დარჩი ჩვენთან - „სიბრძნის ტაძარს“ ვაშენებთ! მოგვეხმარე მშენებლობაში!

შახო:
ჩვენთან ვერ დარჩება! უნდა წავიდეს! ქურდს გავს - რაიმეს მოგვპარავს!

ჩომბე:
რას მოგვპარავს?

შახო:
ქურდი მოსაპარს ყოველთვის იპოვის!

მაიმუნი მაკაკი:
მოიპაროს! ამისთვის ჩვენ მას დავიჭერთ და გავასამართლებთ!

წოპე:
ვერ გავასამართლებთ, იმიტომ რომ არაფერი გავაქვს და ვერაფერს მოგვპარავს!

მაიმუნი მაკაკი:
ვინმემ დააბრალოს ქურდობა და მერე, ვინც დააბრალებს, ის გავასამართლოთ ცილისწამებისთვის!

შახო:
ვინ დააბრალებს? ან რას?

მაიმუნი მაკაკი:
თვითონ დაიბრალოს რამე!

კატორღელი:
არაფერსაც არ დავიბრალებ!

ფიქრის პაუზა.

ჩომბე:
გავითვალოთ და გასული მიხვდება - მისი აქ დატოვება აჯობებს, თუ გაგდება.

წრეში დგებიან. ითვლის შახო.

შახო:
ესა, მესა, გადის ესა!

გათვლას ისევ თავისი თავიდან იწყებს და მაიმუნი აღმოჩნდება გასული.

მაიმუნი მაკაკი::
ვაშა! ამჯერად მე ვარ თქვენი ლიდერი! ვბრძანებ: ის...

წოპე:
მოიცა, მოიცა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მოთელვის მიზნით, ჯერ რაიმე სიბრძნით დაგვმოძღვრე!

მაიმუნი მაკაკი:
სიბრძნით დაგმოძღვროთ? ახლავე! ყველა სიბრძნეზე უფრო დიდი სიბრძნე აი ეს არის: (პირში თათჩათხრილი გიჟივით უსტვენს და კივის) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იქნებ ვინმემ თქვათ, რომ სტვენით იდეის განდიდება სიტყვით განდიდებაზე ნაკლები არის?!

იდეის სტვენით განდიდებაში მაიმუნს აყვებიან დანარჩენებიც.

ერთხმად:
იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა)

მაიმუნი მაკაკი:
საკმარისია, გაჩუმდით! მე ვბრძანებ: „ზოლიანი“ ჩვენთან დარჩება! იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა)

ისევ აყვებიან დანარჩენები.

ერთხმად:
იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა)

კატორღელმა ჯერ მხოლოდ სტვენა იცის...

დაშოშმინდნენ.

წითელ ყელსახვევიანი პიონერი პიონერული სალამითა და მარშით ეზოს ახლა საპირისპირო მხრიდან გადაჭრის; მას ყველა თვალს გააყოლრბს.

მაიმუნი მაკაკი:
ზოლიანო, ჩვენ „სიბრძნის ტაძარს“ ვაშენებთ! შენ უნდა მოგვეხმარო მშენებლობაში!

კატორღელი:
მშენებლობისა არაფერი გამეგება - აგურს მოგაწვდით...

შახო:
არავითარი აგური! საშენი მასალა ჩვენ არ გვჭირდება! სხვანაირი მშენებლობა გვაქვს მხედველობაში!

მაიმუნი მაკაკი:
თანაც, ამით, საშენი მასალის ეკონომიას გაკეთებთ. იცი, რა ღირს ერთი აგური?

ჩომბე:
ოთუსბირი!

მაიმუნი მაკაკი:
ხომ გაიგე - ოთუს-ძვირი!

კატორღელი:
როგორი უნდა იყოს ეგ თქვენი „სიბრძნის ტაძარი“?

შახო:
აი, იმ შენობის თეთრ კედელს ხომ ხედავ, მასზე ფილოსოფიური სურათის სახით  აღვბეჭდავთ დიადი იდეის არსს - სიბრძნის ტაძარს!

კატორღელი:
როდის იქნება მზად?

შახო:
ძალიან მალე! რაც მთავარია, საღებავი და ფუნჯი გვაქვს!

ჩომბე:
ზოლიანო, აი, შეხედე - საღებავი, ფუნჯი და ესეც, თეთრი კედელი.

საღებავი და ფუნჯი კედლის ძირში ალაგია. კედლის წინაშე მუხლს იყრიან; ხოლო ფეხზე წამომდგარნი გაჰკივიან:

ერთხმად:
იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა)

ღამდება.

დაცარიელებული ეზოს ბინდ-ბუნდში ბარბაცით შემოდის ლოთი.

ლოთი:
კაცობრიობის ყველაზე დაუძინებელი მტეტი - პახმელიაა! ამას გეუბნებით მე - ლოთი(!), ის, ვინც პახმელიის დამარცხება შევძელი! რითი შევძელი? სულ რაღაც მორიგი ბოთლი არყით!

მიიხედ-მოიხედავს, ბარბაცით შემოივლის ეზოს.

ლოთი:
სად დაიკარგა ხალხი?! მემალებიან, თუ თუ რა ჯანდაბა სჭირთ?! არ  გააჩნიათ ლოთისადმი პატივისცემა და ნდობა! გუშინ, მეგობარი დავასაფლავე! იტყვით: როგორ დავასაფლავებდი ვინმეს, როცა ერთი ბოთლი არყის ფულიც კი არ გამაჩნია! მართალია, ფული არ მაქვს... და ის მაინც მე, მარტომ დავასაფლავე! რადგან მხოლოდ მე ვიცი, რომ ის ცეროზს არ მოუკლავს - დარდისგან მოკვდა! ვიღაცამ ფული გადაიხადა... ვიღაცამ სადღეგრძელოები მიუძღვნა... მაგრამ არავის თანაუგრძვნია მისთვის! მე ის ცრემლით დავასაფლავე!

სიბნელეში უჩინარდება

ჭრიჭინების ხმა ისმის.
სადღაც კატა კნავის და ძაღლი იყეფება.



მეხუთე სურათი


ეზოს შუაგულში დგას ჩაფიქრებული სოსიკო ბრძენი. ღიღინით შემოდის ამბის მთხრობელი.

ამბის მთხრობელი:
ვა, სოსიკო... სიყვარულს მივესალმები!

ამბის მთხრობელი განზე გადგება. შემოდის ანნი ჟარლეწი.

ანნი ჟარლეწი:
ბატონო სოსიკო, როგორ ბრძანდებით?

სოსიკო ბრძენი:
ეჰ, ხან მხნედ, ხან ცუდად...

ანნი ჟარლეწი:
მხნედ უნდა იყოთ!

ამბის მთხრობელი:
გადამრევს ეს ბიჭი... ხმა მაინც ესმოდეს ჩემი - შევძახებდი, რომ მას ეწვია ანნი ჟარლეწი!

თითქოს ხმა ჩაესმაო, სოსიკო უეცრად გამოერკვევა.

სოსიკო ბრძენი:
ანნი, ეს თქვენ ხართ... ეს წუთია თქვენზე ვფიქრობდი!

ანნი ჟარლეწი:
ჩემზე ფიქრობდით?

სოსიკო ბრძენი:
დიახ... არა... მე თქვენ...

ამბის მთხრობელი:
სოსიკო, გამბედაუბას მოუხმე! (ცდილობს მიუახლოვდეს, მაგრამ ჩერდება, ხელს ჩაიქნევს) ნეტავ რას ვყვირი - ჩემი ხმა მაინც არ ესმის. ნერვი არ მყოფნის, უნდა წავიდე!

მაგრამ არ მიდის.

ანნი ჟარლეწი:
სოსიკო, მუდამ რატომ ხართ მარტო?

სოსიკო ბრძენი:
მარტო? მე ვიყავი ხალხთან, მერქვა მათი ლიდერი! მაგრამ გამომაგდეს, არავის აღარ ვჭირდები. ისიც კი უთქვავთ ჩემზე - ცუდად უსტვენსო! არადა,  თითებით სტვენა მართლა, არ ვიცი...

ანნი ჟარლეწი:
თითებით სტვენა? სტვენა მე სულ არ ვიცი.

სოსიკო ბრძენი:
როგორ, სტვენა სულ, სულ არ იცით? სირცხვილი ჩემი! ვერც კი წარმომედგინა, რომ აღმოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც სტვენა საერთოდ არ იცის! პლანეტა უსტვენს! კაცობრიობის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ მან სტვენა იცის!

ანნი ჟარლეწი:
მართლა?

სოსიკო ბრძენი:
ხო, მართლა! როცა მე ხალხთან ვიყავი, შევპირდი: „სიბრძნის ტაძარს“ ავუშენებდი! მე ვმუშაობდი, რომ უმწეობით დადაღული კაცობრიობა მეხსნა, მიმეცა მისთვის ძალა, აზრი! აი, იმ კედელზე უნდა დამეხატა „ფილოსოფიური სურათის“ სახით ხსნის გზა - დიადი იდეის არსი!

უახლოვდება მის მიერ დახატულ სურათს - „ბუშტის მბერავს“, რომელიც ფარდით არის დაფარული; ფარდას ჩამოგლეჯს.

სოსიკო ბრძენი:
დანაპირების ნაცვლად აი, რა დავუხატე; სურათს ეწოდება: ყველა გზა მოჭრილი არის, ანუ - „ბუშტის მბერავი“!


                             


ანნი ჟარლეწი:
თქვენ აუცილებლად დაგაფასებთ ხალხი!

ჭრიჭინების ხმა ისმის.
ხანგრძლივ დუმილს ანნი დაარღვევს.

ანნი ჟარლეწი:
რა სიწყნარეა... პოეტი, ალბათ, ლექს დაწერდა ასე: და ირგვლივ მხოლოდ ჭრიჭინების ხმა ისმის...

ის მორცხვად თავს დახრის, შერცხვება თავისი ლექსის.

სოსიკო ბრძენი:
ძვირფასო ანნი, იცი... იცი, რა არის... ოჰ, მეც არ ვიცი...

ამბის მთხრობელი (განერვიულებული):
აუ, დაეწყო ამას პესიმიზმის საათი - სურს, აუხსნას ანნის, რომ ადამიანები არიან წყლის მნაყველები! რომ სჯერათ მათ წყლის დანაყვის! რომ თვითონ მიხვდა ამას - აღარ ნაყავს წყალს, პესიმიზმია მისი ზედმეტსახელი(!) და მაინც, არის სხვებზე აქტიური წყლის მნაყავი! ოჰ, ღმერთო ჩემო...

სისიკო ბრძენი:
ოჰ, ღმერთო ჩემო... რაზე ვფიქრობ! რა დროს ეს არის!

ანნი ჟარლეწი:
რა დაგემართათ, ცუდად ხომ არ ბრძანდებით?

სოსიკო ბრძენი:
ოო, არა, არა, უბრალოდ... თვითონ არ ვიცი...

ანნი ჟარლეწი:
კარგით, მე წავალ... გვიანი არის.

ანნი ჟარლეწი მიდის. სოსიკო ოხვრით თავს ხელის გულებში რგავს.

ღამდება.

ჭრიჭინების ხმა ისმის.
სადღაც კატა კნავის და ძაღლი იყეფება.



მეექვსე სურათი


ბინდში ილანდება ამბის მთხრობელის სილუეტი.

ამბის მთხრობელი:
ჩუმათ, ჩუმათ, ამ ღამით მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს!

ფეხაკრეფით შემოდის კატორღელი. უახლოვდება იმ ადგილს, სადაც „სიბრძნის ტაძრის“ დასახატად საჭირო საღებავი და ფუნჯი ალაგია. ნადავლს იღლიაში იჩრის და მიმალვას ცდილობს.


მთხრობელი ხელებს ცისკენ აღმართავს.


ამბის მთხრობელი:
დაე, იყოს ნათელი!

ეზო ნათდება. შეშინებული კატორღელი უკან იხევს.
შემორბიან - შახო, წოპე, ჩომბე და მაიმუნი.

შახო:
ხომ ვთქვი, ეს ტიპი რაღაცას მოგვპარავს-მეთქი! (მუშტს ჩასცხებს)

წოპე:
შე გაიძვერა, შენა! (მუშტს ჩასცხებს)

ჩომბე:
ჩვენ გენდეთ... (მუშტს ჩასცხებს)

მაიმუნი:
გვიღალატე ხომ, შე ნაბიჭვარო! (წიხლს ურტყავს)

კატორღელი:
ნუ მცემთ! უფლება არ გაქვთ ცემის! მოვითხოვ, პროცესში ვექილი ჩართოთ - ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს!

კატორღელის უკანასკნელ სიტყვაზე, ყველა ჩერდება.

შახო:
ეს ნაძირალა უნდა გავასამართლოთ!

ერთხმად:
გავასამართლოთ! უნდა გავასამართლოთ!

შახო:
ის ხალხის მტერია - სიკვდილს იმსახურებს!

მაიმუნი:
ჩამოვახრჩოთ!

წოპე:
დავხვრიტოთ!

ჩომბე:
ელექტროსკამზე დავსვათ!

შახო:
მე, რაღა დაგიმალოთ და, გილიოტინით დასჯას ვემხრობი... მაგრამ განაჩენი დემოკრატიული რომ იყოს, მივცეთ უფლება - თვითონ აირჩიოს სასჯელის ფორმა!

კატორღელი:
მე... მე უნდა გამათავისუფლოთ, დაუყოვნებლივ! მეც ხალხთან ვარ! თქვენთან ვარ! „დიად იდეას“ ვემსახურები! თქვენ დამტოვეთ აქ! და რადგან დამტოვეთ, უნდა ვაკეთო ის, რისი კეთებაც ვიცი! რა ჩემი ბრალია, თუ მარტო ქურდობა ვიცი! მთავარია, რომ ერთგული ვარ იდეის! თქვენ ბევრნი ხართ, მაგრამ ჩემთან ერთად უფრო ბევრნი იქნებით! და რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით უფრო მალე ავაშენებთ ყველაფერს, რისი აშენებაცაა საჭირო! გაუმარჯოს დიად იდეას! გაუმარჯოს „სიბრძნის ტაძარს“! იდეისათვის! იდეისათვის! (უსტვენს) იდეისათვის! იდეისათვის! (უსტვენს)

იდეის განდიდებაში აყვებიან დანარჩენებიც.

ერთხმად:
იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა)

ჩომბე (კატორღელს):
ყოჩაღ! ყოჩაღ! შენ მართლაც ერთგული ყოფილხარ „დიადი იდეის“!

შახო:
დაირღვეს შენს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე!

კატორღელს გულში იკრავენ.

ერთხმად:
იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა) იდეისათვის! იდეისათვის! (სტვენა)

წითელ ყელსახვევიანი პიონერი პიონერული სალამითა და მარშით ეზოს გადაჭრის.

ღამდება.

ჭრიჭინების ხმა ისმის.
სადღაც კატა კნავის და ძაღლი იყეფება.



მეშვიდე სურათი


ეზოში დგანან - სოსიკო ბრძენი და ანნი ჟარლეწი. იქვეა ამბის მთხრობელიც. სოსიკოს ხელში ყვავილების თაიგული უჭირავს, უნდა, რომ მიაწოდოს ანნის, და თან,  თითქოს ვერ ბედავს.

ანნი ჟარლეწი:
რა მორცხვი ხართ სოსიკო...

სოსიკო ბრძენი:
არა, სამწუხაროდ ეს არაა სიმორცხვის ბრალი. ცხოვრებაში მე მქონდა დიდ მატერიებზე პრეტენზიები. ჩემი თავი მეგონა - ზეკაცი! არადა, როგორც ყველა, ვარ ადამიანი-მარიონეტი - გინდ პირველი, გინდ რიგითი, მარიონეტებში ეს სულერთი არის. ერთს ვდარდობ მხოლოდ: თქვენს მიმართ განცდილი სიყვარულის გრძნობა, ნეტამც, არ აღმოჩნდებოდეს ძაფზე დაკიდებული! მინდა, რომ ეს ყვავილები იყოს სრულიად ჩემგან, ნებისმიერი გარეშე ძალის ჩაურევლად თქვენზე მოძღვნილი!

ანნი ჟარლეწი:
ეს  ასეც არის...

ამბის მთხრობელი:
ოხ, სოსიკო, სოსიკო... შეგვჭამე შენი ფილოსოფიით!

ამბის მთხრობელი უახლოვდება სოსიკო ბრძენს და დიდი მაკრატლით ახდენს თითქოსდა მასზე ჩაბმული ძაფის გადაჭრის იმიტაციას. თაიგულს ანნი ართმევს. ერთმანეთს ეალერსებიან.

ღამდება.

ჭრიჭინების ხმა ისმის.
სადღაც კატა კნავის და ძაღლი იყეფება.



მერვე სურათი


ეზოში შემოდის მაიმუნი. იქვე დგას ამბის მთხრობელიც. მაიმუნი იღებს ფუნჯს, აწობს საღებავში და მიწაზე თავის სახელს წერს - მაკაკი. შემდეგ, ღობეზე მიაწერს, კიდევ სადღაც და ბოლოს, ინსტიქტურად, „სიბრძნის ტაძრის“ აღსაბეჭდ კედელზეც ამას მოიმოქმედებს, მიაწერს თავის სახელს - მაკაკი. თუ რა ჩაიდინა, ამას მერეღა ხვდება.

მაიმუნი:
ვაი! ვაი-ვაი! ეს რა ვქენი - მომკლავენ ბიჭები!

მაიმუნი გარბის. მთხრობელი წარწერას უახლოვდება და იცინის.

ამბის მთხრობელი:
სიბრძნის ტაძარი ანუ - მაიმუნი მაკაკი?

ჰიმნის - ინტერნაციონალი-ს ფონზე, შახო, წოპე, ჩომბე და კატორღელი ხელში  აყვანილ მაიმუნს გაატარებენ. ამის შემდეგ, ეზოში შემოდის პიონერი (ხულიგნად გადაქცეული), ხელში „რაგატკა“ უჭირავს - მარჯვნივ გაისვრის, რასაც  ძაღლის წკმუტუნი მოყვება; მარცხივ გასროლას, კატის ჩხავილი.

მთხრობელი:
ეჰ, წავალ, მოვინახულებ ჩემს მეგობრებს - სოსიკო ბრძენს და მშვენიერ ანნი ჟარლეწის.

ღამდება.

ჭრიჭინების ხმა ისმის.
აღარც კატის კნავილი ისმის და აღარც ძაღლის ყეფა.




მეცხრე სურათი



სოსიკო ბრძენი და ანნი ჟარლეწი ერთმანეთს ეალერსებიან.

ამბის მთხრობელი:
რომ მხედავდნენ, მივიდოდი და - ლოყაზე ვაკოცებდი ანნი ჟარლეწის! სოსიკოს? სოსიკოს მეგობრულად ხელს ჩამოვართმევდი! მაგრმ ვერ მხედავენ -  მარტოობაა ჩემი ხვედრი...

შემოდის ზურგზე როდინმოკიდებული სხვა დიოგენი, ამბის მთხრობელის პირისპირ ჩერდება.

ამბის მთხრობელი (სხვა დიოგენის მიმართულებით იტყვის):
ვერც ეს ვერ მხედავს.

სხვა დიოგენი:
მერედა, ვინ გითხრა, რომ მე შენ ვერ გხედავ?!

ამბის მთხრობელი:
შეუძლებელია, შენ მე მხედავდე!

სხვა დიოგენი:
შენი აზრით, ახლა მე მოჩვენებას ვესაუბრები?

ამბის მთხრობელი გაიწ-გამოიწევს, რომ პირისპირ მდგომის რეაქციით შეამოწმოს, მისთვის მართლაც ხილული გახდა, თუ არა.

სხვა დიოგენი:
ნუ მასხარაობ, გითხარი - გხედავ მეთქი!

ამბის მთხრობელი:
არ მოველოდი... და ეს კარგია - შენი სახით შევიძინე ხმის გამცემი! საით გაგიწევია?

სხვა დიოგენი:
ნაცნობმა ლოთმა დამპატიჟა - ჭიქა არაყზე... წამოდი მესამე წევრი იქნები ანუ საბუტილნიკი!

ამბის მთხრობელი:
ჭიქა არაყზე?

სხვა დიოგენი:
ჰო, თითო-თითო ბოთლს გამოვცლით!

ამბის მთხრობელი:
¬მერიდება, უცხოსთან დაუპატიჟებლად მისვლა.

სხვა დიოგენი:
უცხო არ არის - ლოთია!

ამბის მთხრობელი:
კარგი, წამოვალ - სიამოვნებით დავთვრები!

სხვა დიოგენი:
წავედით!

ამბის მთხრობელი:
ესენიც თან ხომ არ გავიყოლიოთ? (თითს სოსიკო ბრძენისა და ანნი ჟარლეწისკენ იშვერს)

სხვა დიოგენი:
ლოთების სასტავში არ არის მათი ადგილი...

ამბის მთხრობელი:
მაგ ლოთზე აი, რა უნდა გკითხო: აშკარად ვერ არის! მითხრა - მამაშენი ვარ! მე გამოგიგონეო!

სხვა დიოგენი:
ეგ მართალი უთქვამს - მამაშენია!

ამბის მთხრობელი:
რანაირად?!

სხვა დიოგენი:
რანაირად და, ამნაირად: იმ სპექტაკლის პიესის ავტორია, რომელშიც ჩვენ ახლა ვმონაწილეობთ!

ამბის მთხრობელი:
ლოთი პიესებს წერს?!

სხვა დიოგენი:
ეგ საქმე ლოთებს უკეთესად გამოსდით...

ამბის მთხრობელი:
ერთი, ეს მითხარი: შენც მაგ ლოთმა გამოგიგონა? თუ ასეა, ძმები ვყოფილვართ!

სხვა დიოგენი:
არა, მე მაგან არ გამომიგონა! მე მაგის გაჩენამდე ბევრად ადრე გავჩნდი, მრავალი საუკუნის წინ! ეხლა, აქ რომ ვარ, ჩათვალე, მივლინებაში ვიმყოფები!

ამბის მთხრობელი:
კიდევ ერთი რამ მაინტერესებს: სპექტაკლში მთავარი პირი რეჟისორია! ეგეც  მამად მეკუთვნისს?!

სხვა დიოგენი:
ეგეც მამა შენი!

ამბის მთხრობელი:
სპექტაკლს მხატვარიცა ყავს, ქორეოგრაფიც, კომპოზიტორც... ყელა მამაა ჩემი?!

სხვა დიოგენი:
თეატრში ეს დაშვებულია...

ამბის მთხრობელი (თავში ხელს იცემს):
საბრალო დედაჩემი...

სხვა დიოგენი:
რომ ვერ გაეძლო, აქ არ იდგებოდი...

ამბის მთხრობელი:
ვის რომ ვერ გაეძლო?

სხვა დიოგენი:
დედაშენს!

ამბის მთხრობელი ფილტვებში დაგროვილ ჰაერს ხმაურით ამოუშვებს.

ამბის მთხრობელი:
ეხლახანს მან ფული ამახია, სასმელისთვის!

სხვა დიოგენი:
ცხრა ლარი და ოთხმოცი თეთრი?

ამბის მთხრობელი:
ხო, ოღონდ, ორჯერ აღებული ცხრა ლარი და ოთხმოცი თეთრი!

სხვა დიოგენი:
ნიჭიერია, ეგ საქმე კარგად გამოსდის... მეც ამახია! 

ამბის მთხრობელი:
შენც აგახია?

სხვა დიოგენი:
ნიჭიერია მეთქი, ხომ გითხარი!

ამბის მთხრობელი:
ნეტა, წერაც ეგრე კარგად ეხერხებოდეს... სპექტაკლში ეს რა დარტყმული პერსონაშები შემოგვიყარა?!

სხვა დიოგენი:
რაც არის, ეგ არის...

ამბის მთხრობელი:
გალაქტიონის ცასავით...

სხვა დიოგენი ცას ახედავს.

სხვა დიოგენი:
გამოიდარა... ჰა, თუ მოდიხარ, წამოდი!

წასასვლელად მომზადებულნი ჩერდებიან, რადგან მათ უერთდებათ ის, ვისთანაც აპირებენ მისვლას - ლოთი; ხელში სამი ბოთლი არაყი უჭირავს.

ლოთი (თითს ამბის მთხრობელისკენ იშვერს):
აღარ არის საჭირო ბატონის მთასთან მიყვანა, რადგან მთა, თავად ეწვია ბატონს!

ამბის მთხრობელი უნდობლად მიაჩერდება ლოთს.

ამბის მთხრობელი:
შენზე თქვეს, მწერალიაო...

ლოთი:
მწერალთა კავშირის წევრი! (ხელის აწევით და თავის დაკვრით ადასტურებს ინფორმაციას.)

ამბის მთხრობელი:
დიდი კაცი ყოფილხარ!

ლოთი:
დიდი კავშირის ყველაზე პატარა წევრი... (თითით გამოსახავს ნამცეცს.)

ამბის მთხრობელი:
ლოთობა უკეთესად გამოგდის...

ლოთი:
არ გამაბრაზო!

ამბის მთხრობელი:
თორე რას მიზავ?

ლოთი:
სპექტაკლიდან ამოგშლი!

ამბის მთხრობელი:
ეს ახლა უკვე რეჟისორის გადასაწყვეტია! შენ აღარავის სჭირდები! და მგონი, ამიტომაც გახდი ლოთი!

ლოთი:
პიესის დაწერამდეც ვსვავდი...

ამბის მთხრობელი:
გეხუმრე! მე შენ პატივს გცემ! სხვა თუ არაფერი, მამაჩემი ხარ!

ლოთი:
ყელი გამიშრა...

ამბის მთხრობელი:
არაყს რა მივაყოლოთ?

ლოთი ამბის მთხრობელს ასანთს უწვდის.

ამბის მთხრობელი (აღშფოთებული):
ასანთი მივაყოლო არაყს?!

ლოთი:
არა, ასანთი არა. ეს, უბრალოდ, ხურდაში მომცეს... აგე, იქ, კასრზე სუფრა გავშალე! თუ თქვენი მოსაწონი ვერ იქნა, შემოამატეთ რამე!


ღამდება.

მრავალჟამიერი ისმის, რაც თანდათან,  ჭრიჭინების ხმაში გადადის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები