ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალოსს
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2026


გაუგზავნელი წერილებიდან

ბოლო ჟამს დიდხანს ვფიქრობდი შენზე.
დრო აპრილს გასცდა, შეწყდა წვიმები,
გამოხდა ხანი, და მაინც ვერ გწერ.
ვცდილობ და მაინც არ მავიწყდები.

მზე ჩაესვენა მთებს და ველიეს,
ამოდის ღამე ჭებთა სიღრმიდან.
მგონი, ვერაფრით ვერ შეველიე
ღიმილს, რომელიც მეც ღიმილს მგვრიდა.

დავწვები შენზე, როგორც ღრუბელი
წვება სიმძიმით დაღლილი ტანით.
მარტოსულობის ღრმა საბურველი
შემომაცალე, ქარს გაატანე.

რომ არაფერი არ მაღელვებდეს,
და არაფერი იყოს სათუო.
ხომ შეიძლება თვალებს ვახელდე-
თავს არაფერი არ მოვატყუო.

მჯეროდეს, შენი ყოფნა გამყვება
ყველა ამბავზე მიმზიდველ ამბად.
მე შენზე კარგი ალბათ ამქვეყნად
არვინ მინდოდა და არვინ მყავდა.


ივნისი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები