| ავტორი: სალოსს ჟანრი: პოეზია 5 აგვისტო, 2026 |
შენ იწვი და ნადგურდები. დგანან მეტროსადგურები ცარიელნი ოხრად. თვალი გიჭირს, განა ნეკნი, ტანი მწუხრის ანარეკლი დაღლილა და ოხრავს.
რაც კი დარდი მოგრევია, ყველა ღამის მორევია, გათელე და კაფე. მე მზე ვიყავ, შენ კი ყანა, ასე ავად რამ გაგვყარა, სხივსაც ვეღარ გაფენ.
არ დაიშლის ქარი რულას. დღე კი ისე მიწურულა, თითქოს არც კი იყო. თრთიან ხეთა მარჯანები, რად ბრაზობ და რად ჯავრდები, რა გიშველო, გიყო.
თუ მოხვალ და მომეხვევი, შენს სიზმრებზე მომიყევი- შენი სევდა მიმხელ. საით არის შენსკენ ყოლი, მეც მაქვს შენთვის მოსაყოლი, იმოდენა, იმხელ.
ყველა მიმზერს ავი თვალით. მიღალატა ღამემ რვალის, გამწირა და გამთქვა. ცრემლი სულის დანარჩენი. ერთი ფიქრიც გადარჩენის (აზრი არ აქვს) არ თქვა.
დღე მოკლდება - მზის სასწორი. გზა მრუდეა, განა სწორი. თავს ბალიშზედ დავდებ. და ოთახში როგორც ფანდი, დადის მხოლოდ შენი ლანდი და თვალებით დავდევ.
2025.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|