| ავტორი: ებანო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 აგვისტო, 2026 |
მტვრის ეფექტი THE DUST EFFECT სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი სცენარის — ავტორი: დავით ებანოიძე ჟანრი: ფსიქოლოგიური დრამა / თრილერი ხანგრძლივობა: ~30-35წუთი
სცენარის სამუშაო ვერსია (draft)
ლოგლაინი განუკურნებელი სენით დაავადებული 25 წლის არქიტექტორი სასიკვდილო რბოლაში ერთვება დროის წინააღმდეგ, რათა მომავალი უზრუნველუყოს თავის უმცროს დას, რომელიც 10 წლის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მისი ერთადერთი საზრუნავია. თუმცა, სიცოცხლის ბოლო წუთებში მისი რეალობა თავდაყირა დგება, როდესაც ირკვევა, რომ საიდუმლო, რომელსაც ის მალავდა, არაფერია იმ ილუზიასთან შედარებით, რომლითაც ის ცხოვრობდა. მოკლე შინაარსი 15 წლის ასაკში ლუკამ თბილისში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის დროს მშობლები დაკარგა. ნანგრევებიდან მან მხოლოდ ერთი რამ გამოიყვანა — მისი 10 წლის და, მარიამი. მას შემდეგ ლუკას ცხოვრების ერთადერთ მისიად მარიამზე ზრუნვა და მისი ბედნიერება იქცა. დღეს ლუკა 25 წლის წარმატებული 3D არქიტექტორია, რომელსაც გვერდით უდგას ულამაზესი, თავგანწირული მეუღლე — სალომე. თუმცა, ძველი ტრაგედია ლუკას ასე მარტივად არ უშვებს: მიწისძვრისას ჩაყლაპული ტოქსიკური მტვრისა და ქიმიკატების გამო, მას ფილტვების შეუქცევადი ფიბროზი უვითარდება. ექიმების ვერდიქტი სასტიკია — მას მხოლოდ სამი თვე აქვს დარჩენილი.
პერსონაჟები ლუკა ბარათეონი (15/25) — არქიტექტორი. წესრიგისა და სიმეტრიის შეპყრობილი. ფიზიკურად ლღვება, მაგრამ ნებისყოფა ფოლადივით მყარია. ერთ მიზანს ემსახურება — „დის“ მომავალს. სალომე მეტრეველი (23) — ლუკას ცოლი. წლების მანძილზე მარტო ატარებს საშინელ საიდუმლოს. დაღლილი, მაგრამ უსაზღვროდ ერთგული. ფილმის ნამდვილი გმირი. მარიამი ბარათეონი (10 / „20“) — ლუკას და. გიორგი (36) — ლუკას კოლეგა და ერთადერთი ნამდვილი მეგობარი. შეუმჩნევლად დიდ მსხვერპლს იღებს. ექიმი (55) — დიაგნოზის მაუწყებელი. ბანკის ოფიცერი (30) — სისტემის ცივი სახე. ნოტარიუსი (50) — რეალობა, რომელიც კარზე აკაკუნებს.
აქტი I — წესრიგის ილუზია
1. ინტერიერი: ბარათეონების ბინა - დღე თბილისური მზე დიდ, თაღოვან ფანჯრებში ზანტად იჭრება და გაცვეთილ მუხის პარკეტზე გეომეტრიულად ზუსტ ყვითელ ზოლებად ეცემა. ამ მკაცრ, თითქმის ხელშესახებ სხივებში მილიონობით მტვრის ნაწილაკი ლივლივებს — ნელა, წრიულად, თითქოს დრომ დინება შეწყვიტა. კამერა ნელა მიყვება მტვერს, სანამ არ ჩერდება სავარძელში მჯდარ ლუკაზე. ლუკა (25) ღრმა, გაცვეთილ სავარძელში ზის. ზურგი მოხრილი, მხრები ჩამოყრილი — თითქოს ზურგით უხილავ ლოდს ათრევს. ჩაწითლებული, უძილო თვალები მონიტორის ცივ შუქზე უტოკდება. ეკრანზე — საცხოვრებელი კორპუსის სამგანზომილებიანი საძირკველი. მწვანე და თეთრი ხაზები მის ფერმკრთალ სახეს ანათებს. ლუკა (ჩურჩულით, თავისთვის) სიმეტრია. სწორი ხაზი. გარანტია. ის თითს ფრთხილად ატარებს ეკრანის ხაზებზე, თითქოს ეფერება. უეცრად მისი მკერდი ნერვულად ეზნიქება. ყელიდან ჰაერის ნაცვლად მოგუდული, ხრინწიანი ხმა ამოდის. ლუკა პანიკურად იფარებს ხელისგულს პირზე, ხმის ჩასახშობად. ხველა მახრჩობელაა, შინაგანი. ხმის გადასვლა (V.O. / ლუკას სმენაში): ძველი, მიწისქვეშა გუგუნი — ბგერა, რომელსაც ჯერ ვერ ვცნობთ. კრუნჩხვა ნელდება. ლუკა ხელს სწევს — ხელისგულზე, კანის ნაოჭებში, მუქი წითელი სისხლის რამდენიმე წვეთი ბზინავს. ის ყბებს მაგრად აჭერს. იღებს ქაღალდის ხელსახოცს, სისხლს იწმენდს და ხელსახოცს მაგიდის ქვეშ, ნაგვის ყუთში ღრმად ტენის — რომ სრულიად გადაიმალოს. კარის სახელურის ხმა გაისმა. 2. იგივე - განგრძობითი შემოდის სალომე (23). ნაცრისფერი ნაქსოვი სვიტერი მის გამხდარ სხეულს კიდევ უფრო სათუთს ხდის. გრძელი, ტალღოვანი წაბლისფერი თმა მხრებზე უწესრიგოდ ჩამოშლილი. თვალებში მუდმივი, უძირო სევდა — ისეთი მზერა, თითქოს ყოველ წამს რაღაცის მსხვრევას ელოდება. ხელში ლანგარი უჭირავს, ორი ჩაის ჭიქით.
სალომე ისევ ხველებ? ლუკა (ნაჩქარევად ხურავს ლეპტოპს) უბრალოდ... ნერწყვი გადამცდა, სალო. გადავიღალე. სალომე ლანგარს მაგიდაზე დგამს. ერთ ჭიქას ქმრისკენ სწევს, მეორეს თავისთვის იტოვებს. დგება ლუკას ზურგს უკან, ხელებს მის დაძაბულ მხრებზე აწყობს, სახეს მის თმაში მალავს. მისი თითები შესამჩნევად თრთიან. სალომე (ჩუმად) ექიმთან უნდა წავიდეთ, ლუკა. ეს უბრალო ხველა არ არის. ყოველ ღამე მესმის, როგორ გიჭირს სუნთქვა. გეხვეწები... ჩემი გულისთვის. ლუკა (თავს უკან სწევს, ცოლს ხელზე ეხება) სალო, ხომ იცი, ახლა არ შემიძლია. ეს პროექტი თუ არ ჩავაბარე, მარიამის სწავლის გადასახადს ვეღარ შევიტანთ. მომავალ თვეში ბოლო სემესტრი ეწყება. მისი განათლება ჩემთვის ყველაფერია. (პაუზა) მე შევპირდი. მშობლებს შევპირდი, რომ მასზე ვიზრუნებდი. სალომე წამით შეშდება. თვალებს მჭიდროდ ხუჭავს. მისი ტალღოვანი თმა ლუკას მხრებზე ეცემა. კუთხის ოთახის კარი იღება. 3. იგივე - განგრძობითი ზღურბლზე მარიამი (20) ჩნდება — ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე. დიდი, თეთრი სვიტერი ტანზე უფრიალებს. ის პირდაპირ ლუკას მაგიდასთან მიდის, ხელებს წელზე იწყობს, ტუჩებს საყვარლად ბუტავს.
მარიამი ლუკა, ისევ კომპიუტერთან ზიხარ? ხომ დამპირდი, დღეს მზის ჩასვლისას პარკში გამასეირნებდი? სულ მუშაობ, ჩემთვის კი დრო არ გაქვს! ლუკას სახე წამში ნათდება. მკერდის ტკივილი ავიწყდება, თვალები მისტიკური სითბოთი ივსება. ლუკა ჩემო პატარა. აი, სულ ცოტა დამრჩა. ამ ერთ სექციას მოვრჩები და მაშინვე წავალთ. (ჭიქებზე მიუთითებს) სალომეს ჩაი მოუტანია, გინდა, შენ დალიე? მარიამი ჭიქებს დახედავს, მერე ძმას უყურებს, თავს აქნევს. მარიამი არა, თქვენ დალიეთ. მე ოთახში ვიქნები, სანამ მორჩები. არ დაგაგვიანდეს! ლუკა თავს ასწევს, სალომეს გადახედავს. ლუკა სალო, შენც წამოხვალ? კარგი ამინდია, სამნმა გავისეირნოთ. სალომე ნელა, თითქოს დიდი ძალისხმევით იღებს ხელებს ლუკას მხრებიდან. წამით უყურებს მარიამს — სიცარიელეს, სადაც ჩვენ მარიამს ვხედავთ. მერე ქმარს მიუტრიალდება. ხმაში უცნაური გაუცხოება. სალომე არა, ლუკა... მე სახლში ბევრი საქმე მაქვს. სადილის მომზადება უნდა დავიწყო. თქვენ წადით. ორმა გაისეირნეთ. მარიამი იღიმება, ლუკას თვალს ჩაუკრავს, თავის ოთახში ბრუნდება. კარი იხურება. ლუკა ჩაის ჭიქას ხელს ჰკიდებს, ფანჯარაში იხედება — თბილისის სახურავებს მიღმა მზე ნელა, წითლად ჩადის. კამერა რჩება სალომეზე, რომელიც უყურებს ლუკას. პირველად ვამჩნევთ: მისი მზერა ლუკაზეა მიჯაჭვული, არასოდეს — მარიამზე. 4. ექსტერიერი: თბილისის პარკი - საღამო ოქროსფერი საღამოს შუქი. ლუკა ნელი ნაბიჯით მიდის ხეივანში. მის გვერდით — მარიამი, რომელიც სიცილით ეუბნება რაღაცას, ხელებს უქნევს. ლუკა („მარიამს“) გახსოვს, აქ პატარა რომ იყავი, ბურთი წყალში ჩაგივარდა და ტიროდი? მე შევცვი წყალში, შენი ბურთი ამოვიტანე. ის იცინის. პასუხს უსმენს. ისევ იცინის. ლუკა (უფრო ჩუმად) არასოდეს დაგტოვებ. გესმის? არასოდეს. მზე ჩადის. ლუკას ხველა ისევ ეწყება — ცდილობს ჩაახშოს. ცარიელ სკამზე იჯდება. „მარიამისკენ“ იღიმება, თითქოს ამბობს — არაფერია. 5. ინტერიერი: ბარათეონების ბინა - სამზარეულო - საღამო - (იგივე დრო) სალომე მარტო. ნიჟარასთან დგას, ხელები მარმარილოს ცივ კიდეზე დაბჯენილი, თავი დაბლა. ისმის დაზიანებული ონკანის წვეთი — წკაპ, წკაპ, წკაპ. ყოველი წვეთის ხმა საფეთქლებზე ხვდება. მას არ უტირია. სახე საოცრად მშრალი, თითქოს ქვისგან გამოკვეთილი. ის აიღებს ლანგარს ორი ჩაის ჭიქით. ერთი — ხელუხლებელი (ლუკას წილი). მეორე — ნახევრამდე დაცლილი. სალომე ჭიქას ნიჟარაში დგამს, ცხელ წყალს უშვებს, უყურებს, როგორ ირეცხება მუქი სითხე. მის მოძრაობებში — მექანიკურობა, დამქანცველი სიზუსტე. 6. ინტერიერი. ბარათეონების ბინა — მარიამის ოთახი — საღამო სალომე კორიდორს გაივლის, მარიამის ოთახის კართან ჩერდება. წამით ყოყმანობს. მერე მკაცრად, დაუკაკუნებლად შეაღებს. ოთახში მზის სხივი იატაკს კუთხით ეცემა. საწოლზე თეთრი ნაქსოვი სვიტერი ეგდო. მაგიდაზე — სახელმძღვანელოები, რვეული, იოგურტის ცარიელი ქილა გადახრილი კოვზით. სალომე მაგიდას მიუახლოვდება. იოგურტის ქილას დახედავს, მერე — საწოლზე დაგდებულ თეთრ სვიტერს. თვალები ბრაზითა და ქანცგაწყვეტით აევსება. სალომე (ჩუმად, ცარიელ ოთახს) ყველაფერი მე უნდა მივალაგო... აიღებს იოგურტის ქილას. კოვზი შიგ ჩააჩხაკუნებს. საწოლთან მივა, თეთრ სვიტერს საკიდზე ფრთხილად დაკიდებს, კარადაში შეინახავს. კარადა ისე მაგრად იხურება, რომ ხის კარი გაბრაზებული ჭრიალით პასუხობს. კამერა გვიჩვენებს: ეს ის სვიტერია, რომელსაც ჩვენ მარიამზე ვხედავდით. სალომე თავად ალაგებს მის ნივთებს. ჯერ ვერ ვცნობთ ამის მნიშვნელობას. სალომე სამზარეულოში ბრუნდება, იოგურტის ქილას ნაგავში აგდებს, ფანჯარასთან დგება. გარეთ — შემოდგომის ნაცრისფერი ღრუბლები. ის ფიქრობს ლუკაზე. ხელსახოცებზე ფარული სისხლის ლაქებით, რომლებიც ნაგავში იპოვა. ის ხელებს მკერდზე იჯვარედინებს, შუბლს ცივ მინას ადებს. სალომე კიდევ რამდენი ხანი... 7. ინტერიერი: ბარათეონების ბინა - მისაღები - ღამე კარის საკეტი გაჩხაკუნდება. ლუკა მარტო შემოდის. სუნთქვა მძიმე და აჩქარებული, ლოყები უცნაურად აჰწითლებული. ლუკა სალო, მარიამი თავის ოთახში შევიდა? სალომე ნელა მიხედავს. მზერაში ისევ ის ცივი, გაუცხოებული გამომეტყველება. სალომე (მოკლედ, ზურგს აქცევს) კი, შემოვიდა და ჩაიკეტა. იოგურტის ქილა გადავაგდე. კიდევ უყიდე, თუ გინდა. ლუკა კმაყოფილი თავს უქნევს, მაგიდასთან მიდის, ლეპტოპს შლის, ისევ საძირკველს მიაშტერდება — საძირკველს, რომლის დანგრევაც, მისი წარმოდგენით, არც ერთ მიწისძვრას არ შეუძლია. 8. ინტერიერი: არქიტექტურული ბიურო - დღე ფართო, ღია სივრცე. კედლებზე — თბილისის ახალი უბნების გეგმარებები, მაკეტები. პლოტერის გუგუნი, კლავიატურების კაკუნი. ლუკა თავის მაგიდასთან. სუნთქვა ზედაპირული. ეკრანზე საძირკვლის ნახაზი უცნაურად იწყებს დეფორმაციას — ხაზები ერთმანეთში იხლართება. ხმა (V.O.): დაბალი მიწისქვეშა გუგუნი ძლიერდება. გიორგი (36) გვერდითა მაგიდიდან, ხელში ყავის ჭიქა. გიორგი ლუკა. ლუკა, შენ გეუბნები. ლუკა შეკრთება, თავს ნელა მიატრიალებს. ლუკა ჰო, გიო... მაპატიე, ვერ გავიგონე. გიორგი (ჭიქას დგამს, მისკენ იხრება) ამ ნახაზს უკვე სამი საათია აშტერდები, ერთი ხაზიც არ გაგივლია. ისეთი ხმა ამოგდის მკერდიდან, თითქოს შიგნიდან რაღაც გხრჩობდეს. სახეზე ფერი არ გადევს. კარგად ხარ? ლუკა (თითები კლავიატურაზე ნერვულად) უძილობაა, გიო. დღეს მოვრჩები. ხვალ ხომ უნდა ჩავაბაროთ. გიორგი ბოლო დროს სხვაგან ხარ, ლუკა. წადი სახლში. თუ გინდა, შენს პროექტსაც მე მივხედავ, დირექტორთან მე მოვაგვარებ. ადამიანურად გეუბნები. ლუკას სახე უფრო გაუფითრდება. თვალებში აკვიატებული სიმკვეთრე. ხელს მაგიდას მკაცრად დაარტყამს — გიორგი უკან გაიწევს. ᲚᲣᲙᲐ არა! ჩემს საქმეს მე გავაკეთებ. არავის დახმარება არ მჭირდება! (ხმა აუწევს, სპაზმს იკავებს) ეს სიამაყე არ არის. ეს ჩემი ვალდებულებაა. პრემიას ვერ ავიღებ, თუ ეს ჩავაგდე. მარიამის სწავლის გადასახადია. თუ ვერ გადავიხადე, გარიცხავენ. გესმის ეს შენ?! ლუკა მოულოდნელად წამოდგება. სკამი იატაკზე ხმაურით უკან მიგორავს. რამდენიმე თანამშრომელი მათკენ იხედება. ლუკა ხელისგულს პირთან მიიტანს — მახრჩობელა ხველა ამჯერად ყველაზე ძლიერია. ის წინ გადაიხრება, მაგიდის კიდეს ეჭიდება. გიორგი (წამოხტება, მხარში ეჭიდება) ლუკა! წამო, ჰაერზე გაგიყვან. ექიმს დავურეკავ! ლუკა მარიამს... მარიამს უნდა მივხედო... ხელი არ მახლო! ლუკა ნაბიჯს გადადგამს — ფეხები არ ემორჩილება. მუხლები ეკეცება. მძიმედ, უგონოდ ეცემა ხალიჩაზე. ხედვის არე ვიწროვდება. შუქი ქრება. სრული წყვდიადი. ბოლო, რაც გვესმის — კოლეგების ყვირილი და გიორგის ხმა, რომელიც მის სახელს იმეორებს. და შორს, წყვდიადში — თხელი, ბეტონის ნამსხვრევებიდან მომავალი ბავშვური ტირილი.
აქტი II — ნგრევის გეომეტრია
9. ინტერიერი: საავადმყოფო - პალატა - დღე თეთრი, კლინიკის შუქი. ლუკა ნელა ახელს ქუთუთოებს. პირველი, რასაც გრძნობს — ვენაში მიმავალი სითხის ლითონისებური გემო. პალატაში სიჩუმეა, მხოლოდ კარდიომონიტორის რიტმული წკაპუნი. მის გვერდით, დაბალ სკამზე, სალომე ზის. ლუკას ხელი თავის ხელებში მოუქცევია, ლოყაზე მიუკრავს, უხმოდ ტირის. ლუკა (ჩახლეჩილი ხმით) სალო... მარიამი სად არის? მარტო ხომ არ დარჩა სახლში? სალომე წამით მზერას აარიდებს, ლოყას მოიწმენდს. სალომე (ძალით დაწყნარებული) სახლშია, ლუკა. ყველაფერი წესრიგშია. შენ შენს თავს მიხედე. მარიამზე მე ვიზრუნებ. კარი იღება. შემოდის ექიმი (55), ხელში რენტგენის შავი ფირი და საქაღალდე. ნაბიჯები მძიმე — ასე მხოლოდ ის დადის, ვისაც ცუდი ამბავი მოაქვს. ექიმი შავ ფირს ნეგატოსკოპზე ამაგრებს, შუქს ანთებს. ფილტვების გამოსახულება. ლუკას ფილტვები თითქმის მთლიანად დაფარულია მკვრივი, ბოჭკოვანი ქსოვილით. ექიმი ბატონო ლუკა. თქვენი ანალიზებიც მოვიდა და ძველი ისტორიაც გადავიკითხე. ათი წლის წინ, იმ დიდი მიწისძვრის დროს, ფილტვების მწვავე ტრავმა მიგიღიათ, ასეა? ლუკა (მკერდზე ხელის დადებას ცდილობს) დიახ... მაშინ ბევრი მტვერი ჩავყლაპე. ჩემი და გამოვიყვანე ნანგრევებიდან. მაგრამ მას შემდეგ კარგად ვიყავი. ხანდახან მშრალად მახველებდა. მეტი არაფერი. ექიმი (მძიმედ ისუნთქავს) ეგ მტვერი უბრალო ნამცეცები არ ყოფილა. ძველი შენობების ნგრევისას გამოყოფილი ცემენტისა და აზბესტის მიკრონაწილაკები ფილტვებში ღრმად ჩაიხშო. ათი წელი ისინი ქსოვილებს ჩუმად ანადგურებდნენ. ეს არის პროგრესირებადი ფიბროზი. პროცესი შეუქცევად, ფინალურ სტადიაში გადავიდა. თქვენი ფილტვები მუშაობას წყვეტს. პალატაში სიჩუმე ჩამოვარდება. ლუკა გაშტერებული უყურებს განათებულ სურათს. სალომე მის ხელს მკერდზე მიიკრავს, მხრები ნერვულად ათამაშდება — ხმა არ ამოუღია. ლუკა (ჩუმად) რაიმე წამალი? ოპერაცია? ტრანსპლანტაცია? ფულს ვიშოვი. ბინას ჩავდებ. მარიამის სწავლა... მე უნდა დავხვდე მას წინ. ექიმი მაპატიეთ, ლუკა. მედიცინა აქ უძლურია. მაქსიმუმ ორი, სამი თვე. ისიც, თუ მუდმივად ჟანგბადის აპარატზე იქნებით. ამიერიდან ყოველი ფიზიკური გადაღლა სასიკვდილოა. სახლში დაბრუნდით და სიმშვიდეში იყავით. ლუკას სახიდან ქრება სიცოცხლის ნიშანწყალი. ნელა ატრიალებს თავს სალომესკენ. სალომე თავს მის მკერდზე ადებს, ხმით ტირის. ლუკას თვალებში შიში კი არ ისახება — საშინელი, ცივი, შეპყრობილი სიმტკიცე. მისი არქიტექტურული გონება უკვე აგებს ახალ გეგმას. ლუკა (ჩურჩულით, თავისთვის) სამი თვე... მე სამი თვე მაქვს, რომ მარიამს ცხოვრება ავაწყობინო. სახლი მის სახელზე უნდა გადავაფორმო. რომ ჩემი წასვლის შემდეგ ქუჩაში არ დარჩეს. (სალომეს თმაზე ეხება) სალო... უნდა მოვასწრო. ყველაფერი უნდა მოვასწრო. ის ჩემი დაა. მე შევპირდი. სალომე მის მკერდზე წევს. გრძნობს, როგორ უმძიმდება ქმარს ყოველი სუნთქვა. მისი ჩუმი სლუკუნი პალატის კედლებს უფერულად ედება. 10. ინტერიერი: საავადმყოფოს დერეფანი - განგრძობითი სალომე პალატიდან გამოდის, კარს მიეყრდნობა. ბოლოს, მარტო რომ რჩება, სახეზე ხელებს იფარებს. მისი სხეული ჩუმი ტირილით ირყევა. ეს არ არის ცოლის ტირილი მომაკვდავ ქმარზე — ეს უფრო ღრმაა, უფრო ძველი. ის ისე ტირის, თითქოს ეს ტკივილი ათ წელს ატარებდა. გიორგი დერეფნის ბოლოში ჩნდება, ხელში ყავა. სალომესთან მიდის. გიორგი (ფრთხილად) სალომე? მე გიორგი ვარ, ლუკას კოლეგა. მე მოვიყვანე საავადმყოფოში. როგორ არის? სალომე თავს ასწევს. წამით უყურებს გიორგის. რაღაც წყდება მის შიგნით — ვიღაცას ხომ უნდა გაუმხილოს. სალომე (ძლივს) ის კვდება, გიორგი. და მე... მე მარტო ვერ შევძლებ ამის ტარებას. გიორგი (გაოგნებული) ვის ტარებას? რა ხდება? სალომე უყურებს მას. ჯერ ვერ ბედავს. კამერა ჩერდება მის ყოყმანზე. სალომე არა აქ. არა ახლა. მაგრამ... შენ უნდა იცოდე. შენ ხომ მისი მეგობარი ხარ. 11. ინტერიერი: ბანკის ცენტრალური ფილიალი - დღე მინისა და პრიალა ლითონის ცივი, მონუმენტური სივრცე. კონდიციონერების ხელოვნური გუგუნი, ელექტრონული რიგის წკრიალი. ადამიანები ნაცრისფერ სავარძლებში, თავჩაღუნულები. ლუკა მეცამეტე ოპერატორის მაგიდასთან. პიჯაკის სახელოები გაცვეთილი. თითები ტყავის ძველ საქაღალდეს აწვება, ნერვულად თრთის. მაგიდის მეორე მხარეს — ბანკის ოფიცერი (30), მკაცრად შეკრული თმა, იდეალურად დაუთოებული თეთრი პერანგი. თითები კლავიატურაზე მუსიკალური რიტმით აკაკუნებენ. ოფიცერი ბატონო ლუკა, თქვენი მოთხოვნა სტუდენტური სესხის წინსწრებით აღებაზე გადავამოწმე. თანხა — მარიამ ბარათეონის ორი წლის სწავლის საფასური ერთიანად — საკმაოდ სოლიდურია. ლუკა (წინ იხრება, ხმა ჩახლეჩილი, თვალებში აკვიატებული ბზინვარება) ეს სასწრაფოა. ჩემს დას ბოლო კურსი ეწყება. მინდა მაგისტრატურის საფასურიც წინასწარ მქონდეს გადახდილი. რომ მერე პრობლემა არ შეიქმნას. მის მომავალს არაფერი უნდა დაემუქროს. ოფცერი (ეკრანზე გრაფებს ჩამოშლის) მესმის თქვენი, როგორც ძმის სურვილი. თუმცა სისტემა ავტომატურ უარს გვიჩვენებს. თქვენი ოფიციალური შემოსავალი ვერ აკმაყოფილებს ამ მოცულობის კრედიტის მოთხოვნებს. გარდა ამისა, თქვენს ბინაზე უკვე გაქვთ მძიმე იპოთეკური სესხი. ბანკი დამატებით რისკზე ვერ წავა. თქვენი ფინანსური საძირკველი არ არის მყარი. სიტყვა „საძირკველი“ ლუკას ყურებში უცნაური ექოდ ისმის. ხმოვანი ეფექტი: საფუძვლის გადასვლა — მინის ვიტრინები თითქოს ნელ-ნელა შიგნით იზნიქებიან. ლუკა (ხმა იმაზე ხმამაღალი, ვიდრე უნდოდა) მე დამატებით პროექტებს ავიღებ! გვერდითა მაგიდასთან მსხდარი კაცი მათკენ იხედება. ლუკა მუშტებს შეკრავს, ხმას იწმენდს. ლუკა (უფრო დაბლა, სასოწარკვეთით) ღამეებს გავათენებ. ბანკს არაფერი დაეკარგება, ყოველ თეთრს დავაბრუნებ. გთხოვთ... რამე გამონაკლისი? ეს ჩემი დის მომავალია. ის სრულიად მარტო დარჩება, თუ განათლება არ ექნა. ოფიცერი (ტონი კიდევ უფრო ოფიციალური, საქაღალდეს ხურავს) მაპატიეთ, ალგორითმს გვერდს ვერ ავუვლით. თქვენი რისკ-ფაქტორი ძალიან მაღალია. მით უმეტეს მესამე პირის სწავლის დასაფინანსებლად, რომელსაც პირადი შემოსავალი ან თავდები არ აქვს. მოიყვანეთ და, ან სხვა თავდები იპოვეთ. ლუკა (თითქოს ძვალი ამოაყოლა) ის სტუდენტია! ის ჩემი დაა, მესამე პირი არ არის! თქვენ არ გესმით — მე დრო არ მაქვს! მე უნდა მოვასწრო! ოფიცერი ოდნავ უკან იხრება, შეშინებული უყურებს ლუკას ჩაწითლებულ თვალებსა და აკანკალებულ მხრებს. დაცვის თანამშრომელი, კედელთან მდგარი, ნაბიჯს გადადგამს მათკენ, ხელს ქამარზე იდებს. ლუკა მიმოიხედავს. მინის კედლები, ცივი ნათურები, უემოციო სახეები — ყველაფერი ერთ მახრჩობელა ნანგრევად ეჩვენება. ნელა, თითქოს სხეული ტყვიით აევსო, წამოდგება. საქაღალდე იღლიაში. ლუკა (ჩამწყდარი ხმით) მაპატიეთ... შეწუხებისთვის. 12. ექსტერიერი: ბანკის შესასვლელი - განგრძობითი შუშის კარები იღება. თბილისის ნესტიანი ჰაერი, გამონაბოლქვი, ხმელი ფოთლები სახეში ხვდება. ლუკა მარმარილოს ცივ კედელს ეყრდნობა, ხელს მკერდზე იჭერს, ცისკენ იხედება — ნაცრისფერი ღრუბლები ქალაქს სუდარასავით ეფარებიან. ლუკა (V.O.) სხვა გზა უნდა ვიპოვო. კედლები ვიწროვდება. დრო კი წყალივით გაედინება თითებს შორის. 13. ინტერიერი: იურიდიული ოფისი - დღე პატარა, ჩახუთული სივრცე. ქაღალდებისა და ძველი ტყავის ყდების სუნი. კედლებზე — საქართველოს კანონთა კრებულის სქელი ტომები. პრინტერი მექანიკური წკრიალით ბეჭდავს. ლუკა იურისტის პირისპირ. იატაკზე — დიდი ზურგჩანთა, საიდანაც პორტატული ჟანგბადის აპარატის დაბალი ზუზუნი ისმის. გამჭვირვალე მილი ცხვირზე. ტუჩები ოდნავ დალურჯებული. სახე ისეთი თეთრი, თითქოს ძარღვებში ცაცხვის მტვერი მოძრაობს. იურისტი (50) ესე იგი, ბატონო ლუკა, გსურთ, რომ თქვენი ბინა ჩუქების აქტით მთლიანად გადავიდეს თქვენს დაზე — მარიამ ბარათეონზე. ჩუქების ხელშეკრულება რთული პროცედურა არ არის. თუმცა, არის ერთი კრიტიკული პირობა: ორივე მხარის ფიზიკური დასწრება. საჭიროა მისი პირადობის მოწმობა და ხელმოწერა ჩვენს წინაშე. ლუკა წამით შეშდება. ზურგჩანთას დახედავს. თვალებში წამიერი შიში — თითქოს ვიღაცამ მისი საიდუმლო ციხის კედელში ბზარი იპოვა. ლუკა (საფეთქელს იზელს) პირადობის მოწმობა... დიახ, ოცი წლისაა, სტუდენტია. უბრალოდ... ის სახლიდან ვერ გამოდის. ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, ძალიან სათუთია. ხომ არ შეიძლება, საბუთები მე წავიღო, მან ხელი მოაწეროს და უკან მოგიტანოთ? იურისტი (თავს მტკიცედ აქნევს) გამორიცხულია. ნოტარიუსმა პირადად უნდა გადაამოწმოს მხარის ნება და ქმედუნარიანობა. ხელმოწერა მხოლოდ ჩვენი თანდასწრებით. თუ ფიზიკურად ვერ ახერხებს მოსვლას, ადგილზე გამოძახების სერვისი გამოიყენეთ. ნოტარიუსი თავად მოვა თქვენს ბინაში. ლუკა მძიმედ ეყრდნობა მაგიდის კიდეს. მკერდში ჰაერი არ ჰყოფნის. აპარატი უფრო ხშირ ფშვენას იწყებს. ლუკა (ჩამწყდარი) ადგილზე გამოძახება... კეთილი. ეს უფრო აწყობს. მთავარია, კანონიერად გაფორმდეს. რომ ჩემი წასვლის შემდეგ მას სახლი არავინ შეეცილოს. ის სრულიად მარტო დარჩება. იურისტი სათვალეს იხსნის, აკვირდება ლუკას დალურჯებულ ტუჩებსა და ხრინწიან სუნთქვას. მზერაში პირველად — ადამიანური წუხილი. იურისტი მომიმზადეთ მისი პირადობის ასლი და ამონაწერი რეესტრიდან. თუმცა გაფრთხილებთ — ბინაზე თუ იპოთეკა ან ყადაღა ფიქსირდება, ნოტარიუსი ვერ დაარეგისტრირებს. ქონება იურიდიულად სუფთა უნდა იყოს. ᲚᲣᲙᲐ (ნელა, უზარმაზარი ძალისხმევით წამოდგება) ყველაფერი სუფთა იქნება. მე ამას აუცილებლად მოვაგვარებ. ის ბორძიკა ნაბიჯებით გადის. იურისტი დიდხანს უყურებს დახურულ კარს, საიდანაც ჯერ კიდევ ისმის ჟანგბადის აპარატის წვრილი, მექანიკური წუილი. 14. ინტერიერი - გიორგის ბინა - ღამე პატარა, მოკრძალებული ბინა. გიორგი მაგიდასთან ზის, წინ — ლეპტოპი, შემნახველი წიგნაკი, ბანკის ბარათები. ის უყურებს ეკრანზე ანგარიშის ბალანსს: 45,000 ლარი. ხუთი წლის ნაშრომი. მისი მომავალი ბინის საწყისი შენატანი. ტელეფონი რეკავს. გიორგი პასუხობს. გიორგი ალო, სალომე. (უსმენს) დიახ... ვიცი. ლუკამ მითხრა. ბანკმა უარი უთხრა, იპოთეკის გამო. (პაუზა, თვალებს ხუჭავს) სალომე, ერთი რამ მკითხე — დღეს, საავადმყოფოში თქვი, რომ რაღაც უნდა მცოდნოდა. რა არის ის? ის დიდხანს უსმენს. სახე ნელ-ნელა იცვლება — გაოცებიდან შოკამდე, შოკიდან ღრმა, მძიმე გაგებამდე. ხელი პირზე მიაქვს. ის უსმენს. თვალებში ცრემლი ადგება. წყვეტს ფიქრს ლეპტოპის ეკრანზე — 45,000 ლარი. გიორგი (მტკიცედ) არა. შენ მარტო აღარ ხარ. ხვალ ბანკში მივდივარ. ლუკა ვერასოდეს გაიგებს, ვინ. ეს ჩვენ შორის დარჩება. 15. ინტერიერი: ბანკის ცენტრალური ფილიალი - დღე იგივე სივრცე, სადაც ლუკამ უარი მიიღო. ახლა — გიორგი ზის ოპერატორის წინ. სათვალე ცხვირზე ჩამოცურებული. თითები შემნახველ წიგნაკს აწვალებენ. ოპერატორი (გოგონა, 25) ბატონო გიორგი, დარწმუნებული ხართ? თქვენ ითხოვთ მთელი დანაზოგის მოხსნას და სხვა ფიზიკური პირის — ლუკა ბარათეონის — იპოთეკური სესხის სრულად დაფარვას. ეს შეუქცევადი ოპერაციაა. თანხა ვეღარ დაბრუნდება. გიორგი ღრმად ისუნთქავს. თვალს მოავლებს დარბაზს, სადაც ციფრები ადამიანების ბედს წყვეტენ. გონებაში — ლუკას დაცემა ოფისის ხალიჩაზე. გიორგი (მტკიცე, მშვიდი) სრულიად დარწმუნებული ვარ. გადარიცხეთ. მინდა, რომ დღესვე, ამ საათში, ლუკა ბარათეონის ქონებაზე ყადაღა და იპოთეკა სრულად გაუქმდეს. ოფიცერი თავს უქნევს, კლავიშს დააჭერს. პრინტერი ქვითარს ამოაგდებს. გიორგი კალამს აიღებს, ხელს მოაწერს — საკუთარი მომავლის დათმობის დოკუმენტს. გიორგი (V.O.) ძმობა ჩემთვის უფრო მყარი კონსტრუქცია იყო, ვიდრე ნებისმიერი შენობის საძირკველი. მას არ უნანია. 16. ინტერიერი. ბარათეონების ბინა - საღამო ლუკა ლეპტოპთან ზის, ჟანგბადის აპარატის მილებიდან ჰაერი ხშირი ფშვენით შედის. სალომე სამზარეულოში. „მარიამი“ — თავის ოთახში. ლუკა საჯარო რეესტრის გვერდს ანახლებს. ელოდება იმ მძიმე, წითელ გრაფას — ბინის ყადაღას. მაგრამ ეკრანზე მწვანე, სუფთა სტრიქონი ინთება: „ქონება თავისუფალია იპოთეკისა და ყადაღისგან“. ლუკას თვალები უფართოვდება. კანულას მოიძრობს, მუხლებზე ეყრდნობა, ეკრანს მიაშტერდება. ლუკა (ხიხინით, აკანკალებული ხმით) სალო... სალომე, მოდი აქ! სალომე სამზარეულოდან გამოვარდება, ხელსახოცით თითებს იმშრალებს. მის უკან — „მარიამი“ თეთრი სვიტერით. სალომე (შეშინებული) რა მოხდა, ლუკა? ცუდად ხარ? ლუკა (ეკრანზე მიუთითებს, ბედნიერების ცრემლები ჩამოსდის) შეხედე... იპოთეკა მოხსნილია! ბინა სუფთაა! არ ვიცი როგორ, რა მოხდა... ალბათ ბანკმა შეცდომა გამოასწორა, ან ღმერთმა გადმოხედა მარიამს! ახლა შემიძლია ნოტარიუსის გამოძახება. მარიამ, ჩემო გოგო, ეს ბინა შენი იქნება! „მარიამი“ სიხარულით ხელებს შემოჰკრავს, ლუკას კისერზე ეხვევა. მარიამი ხომ გეუბნებოდი, ძამიკო, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი! სალომე იდგა და უყურებს ეკრანს. ის ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, ვინ გაიღო ეს მსხვერპლი. ტუჩზე კბილს დააჭერს, რომ ხმით არ ატირდეს, ნელა ბრუნდება სამზარეულოში. კამერა მიჰყვება სალომეს. სამზარეულოში ის კედელს ეყრდნობა. ჩუმად, უხმოდ ტირის.
აქტი III — ნანგრევების აკუსტიკა
17. ინტერიერი: ბარათეონების ბინა - მისაღბი - საღამო სადღესასწაულო, თბილი ატმოსფერო — მაგრამ მინის ფირფიტასავით მყიფე. მაგიდა თეთრი გადასაფარებლით, ცენტრში ანთებული სანთლები. სალომე სუფრასთან ტრიალებს, თმა სანთლის შუქზე ოქროსფრად ირეკლება. კარზე ზარი. ლუკა — ჟანგბადის მილით ცხვირზე — კარს სიხარულით აღებს. ზღურბლზე გიორგი, ხელში თეთრი ვარდების თაიგული. ლუკა შემოდი, გიო, შემოდი! (მილს იატაკზე ასწორებს) გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა, სალომე. გიორგი (ვარდებს გადასცემს) სასიამოვნოა, სალომე. გიორგი და სალომე ერთმანეთს თვალს გადაავლებენ — ერთი წამის მზერა, რომელშიც მთელი მათი საიდუმლო ეტევა. ჩვენ ჯერ ვერ ვცნობთ ამ მზერის წონას. გიორგი მზერას მაგიდისკენ გადაიტანს, სადაც „მარიამი“ ზის თეთრი სვიტერით. გიორგის სახეზე — არანაირი გაკვირვება. ის ცარიელ სკამს უღიმის. გიორგი გამარჯობა, მარიამ. მიხარია შენი გაცნობა. ბევრი მსმენია შენზე. მარიამი (საყვარლად, სვიტერის სახელოებს ისწორებს) გამარჯობა, გიორგი. ლუკაც სულ შენზე მიყვება. ბიუროში ერთად მუშაობთ, ხომ? გიორგი (ცარიელი სკამის გვერდით ჯდება, ჩანგალს იღებს) შენი ძმა საუკეთესო არქიტექტორია. ვამაყობ მისით. ვახშამი ბუნებრივად მიდის. ფართო კადრში ვხედავთ ოთხკაციან სუფრას — ოჯახური სითბო. გიორგი „მარიამს“ ღვინის ჭიქას უჭახუნებს, უნივერსიტეტის ამბებს ეკითხება. „მარიამი“ ხალისით პასუხობს. ლუკა სავარძელში, ბედნიერებისგან ანათებს. ლუკა (ჩუმად, ხიხინით, ჭიქას ასწევს) გიო... ჩემი ამბავი ხომ იცი. ბევრი დრო არ მაქვს. ჩემი ერთადერთი სადარდებელი მარიამია. მინდა მშვიდად ვიყო, რომ ჩემი წასვლის შემდეგ მის გვერდით საიმედო ადამიანი დარჩება. შემდეგ ლუკას. თვალებში ცრემლი მოადგება. ჭიქას დგამს. გიორგი (მტკიცედ) პირობას გაძლევ, ლუკა. მარიამს არაფერი გაუჭირდება. მე მუდამ მის გვერდით ვიქნები. როგორც საკუთარ დაზე, ისე ვიზრუნებ მასზე, ძმაო. 19. ინტერიერი: ბარათეონების ბინა - მისაღბი - დღე კუთხის ოთახის კარი ნელა იღება. „მარიამი“ გამოდის. ის იატაკზე, ლუკას სავარძლის წინ ჩამოჯდება, თავს ძმის მუხლებს მიადებს. მნიშვნელოვანი: ამ სცენაში „მარიამის“ რეპლიკები უფრო და უფრო გადადის სიმბოლურ, თითქმის სიზმრისეულ რეგისტრში — ლუკას ქვეცნობიერი იწყებს სიმართლის გარღვევას. მარიამი (ჩუმად) ლუკა, ისევ ცივა ამ სახლში. კედლებიდან ისევ მტვერი ცვივა. მგონია, ეს ჭერი დიდხანს ვეღარ გაძლებს. ლუკა აკანკალებულ, გამხდარ ხელს „მარიამის“ თმაზე დაადებს. ლუკა (ხრინწიანი, ძლივს გასაგონი) არა, ჩემო პატარა. საძირკველი მყარია. მე ყველაფერი გადავამოწმე. დღეს მოვა ნოტარიუსი. ბინა შენი გახდება. იურიდიულად ვერავინ შეეხება ამ კედლებს. შენ უსაფრთხოდ იქნები, როცა მე... ცოტა ხნით დავისვენებ. „მარიამი“ თავს ასწევს, ძმას თვალებში ჩახედავს. მზერა უცნაურად უემოციო, თითქმის გამჭვირვალე. მარიამი შენ ჩემს გამო კვდები, ლუკა. იმ დღიდანვე... როცა იქ, სიბნელეში, ხელი ჩამჭიდე. ლუკა თვალებს ხუჭავს. გულმკერდში მჭრელი სპაზმი. ყურებში — ბეტონის მსხვრევის ყრუ ხმა. ლუკა (ჩურჩულით, ცრემლები ჩამოსდის) მე შენ გადაგარჩინე, მარიამ. ეს ჩემი ცხოვრების ერთადერთი სწორი ხაზია. ყველაფერს თავისი წესრიგი აქვს. სალომე კედელთან, წამლებს ამზადებს. უცებ შეკრთება. ხელებს სახეზე იფარებს, სამზარეულოსკენ გარბის, რომ ხმამაღალი ტირილი ლუკას არ გაეგონოს. ლუკა ნელა ახელს თვალებს, კედლის საათს შეხედავს. ისრები სამს უახლოვდება. 20. ინტერიერი: ბარათეონების ბინა - მისაღბი - დღე (15:00) საათის ისრები ზუსტად სამზე ჩერდებიან. წამზომის ყოველი დარტყმა ლუკას მკერდში ნემსივით ესობა. ფანჯრებზე წვიმის წვეთები ნელა მიცოცავენ, გარესამყაროს აბუნდოვანებენ. ისმის მხოლოდ ჟანგბადის აპარატის ფორსირებული ფშვენა. სალომე ოთახის ცენტრში, მაგიდასთან. რამდენჯერმე ასწორებს ისედაც იდეალურ გადასაფარებელს — ხელების კანკალს მალავს. სახე გაფითრებული. კარიდან ნელი, თითქმის უწონო ნაბიჯებით „მარიამი“ გამოდის. სანთლის შუქზე მისი კონტურები საოცრად თხელი და გამჭვირვალე ჩანს. ის მაგიდის თავში, თავის სკამთან ჯდება. მარიამი (ხმა ნაზ ექოდ იფანტება) ლუკა, ის მოდის. მესმის მისი ნაბიჯები კიბეზე. ბეტონის სუნი მოყვება. ლუკა სუსტად უქნევს თავს. წელში გასწორებას ცდილობს, საყელოს ისწორებს. სადარბაზოდან მძიმე, გამოზომილი ნაბიჯების ხმა. კარზე მყარი, სამმაგი კაკუნი — არა ჩვეულებრივი კაკუნი, არამედ რეალობის განაჩენი. სალომე შეცბუნდება. წამით ლუკას შეხედავს, მერე ცარიელ სკამს, და მძიმედ, თითქოს უკანასკნელ გზაზე მიდის, კარისკენ გაემართება. 21. იგივე - განგრძობითი კარი იღება. ზღურბლზე ნოტარიუსი (50) — მკაცრი, საქმიანი ქალი, ხელში დიდი, შავი ტყავის ჩანთა. ის სალომეს მცირე თავის დაკვრით მიესალმება, ბინაში შემოაბიჯებს. ჟანგბადის აპარატის ხმამაღალი წივილი წამით აჩერებს მას. თვალს მოავლებს ოთახს, შეხედავს სავარძელში მჯდარ მომაკვდავ ლუკას, მაგიდასთან მივა. ნოტარიუსი ბატონო ლუკა ბარათეონი? ლუკა (ხიხინით, ძლივს) დიახ... მე ვარ. გმადლობთ, რომ მოხვედით. საბუთები მზად არის. იპოთეკა მოხსნილია, რეესტრი სუფთაა. ჩემი ერთადერთი სურვილია, ეს ქონება გადაფორმდეს. ახლავე. ნოტარიუსი დოკუმენტების სქელ დასტას ამოიღებს, სათვალეს ისწორებს, მკაცრი ტონით კითხვას იწყებს. ნოტარიუსი რეესტრის მონაცემები გადამოწმებულია, ბინა ყადაღისგან თავისუფალია. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ჩუქების აქტი ითვალისწინებს მესაკუთრის თავისუფალ ნებას. ბოლოჯერ დამიდასტურეთ: თქვენი ნებაა, რომ ეს ფართი სრულად და უპირობოდ გადავიდეს თქვენს დაზე — მარიამ ბარათეონზე? ლუკა (კანულას ნერვულად მოიგლეჯს — ყელში ჰაერი არ ჰყოფნის) დიახ... ჩემს დაზე. კედლები ლუკას თვალწინ კვლავ იწყებენ ნელ რწევას. ის ხელს მაგიდის თავისკენ გაიშვერს, სადაც „თეთრ სვიტერში“ გოგონა ზის. ლუკა მარიამ... მოდი აქ, ჩემო პატარა. აიღე კალამი... მოაწერე ხელი, რომ მშვიდად წავიდე... ნოტარიუსი კალამს დებს. ჯერ ლუკას შეხედავს, მერე — მის გაწვდილ ხელს, რომელიც ცარიელ სივრცეს მიანიშნებს. ბოლოს — სალომეს, გაოგნებული მზერით. სახეზე პროფესიული სიმკაცრე ქრება, შიში იკავებს ადგილს. ნოტარიუსი (ხმა საგრძნობლად ეცემა) მაპატიეთ, ბატონო ლუკა... ვერ მივხვდი. ვის მიმართავთ? თქვენი მეუღლის გარდა აქ საერთოდ არავინ არის. ოთახში დრო ჩერდება. კედლებიდან თითქოს ნაცრისფერი მტვერი იძვრის. ლუკას გულმკერდი დამანგრეველმა რეალობამ ორად გახლიჩა. 22. ინტერიერი: იგივე განგრძობითი (კულმინაცია) ნოტარიუსის სიტყვები ისე ისმის, როგორც ბეტონის კონსტრუქციის ვარდნა ცარიელ დარბაზში. მხოლოდ ჟანგბადის კონცენტრატორის პანიკური ფშვენა ზრდის სიხშირეს. ლუკას გუგები შიშისგან ფართოვდება, ყელზე ძარღვები თოკებივით იჭიმება. ლუკა (თითქოს სისხლი ამოაყოლა) რას ჰქვია არავინ არის?! აგერ დგას, ჩემს წინ! მარიამი! სალო... უთხარი ამ ქალს! ხომ ხედავ შენც?! უთხარი, რომ აქ არის და ხელის მოწერას ელოდება! სალო! სალომე ჩაიკეცება. მუხლები პარკეტს მძიმედ მიენარცხება. ლუკას წინ დაემხობა, მის ცივ, გაფითრებულ ხელებს თავის ხელებში მოიქცევს და მთელი ტანით ატირდება. ხმა ათწლიანი ტკივილისგან ტყდება. სალომე ლუკა... ჩემო ერთადერთო... გევედრები, გეყოფა. ყველაფერი დასრულდა. მეტს ვეღარ შევძლებ. ვეღარ ვიცრუებ. ძალა აღარ მაქვს... ლუკა (ხმა ხიხინში გადადის, თვალებიდან სასოწარკვეთა) სალომე, რას ამბობ? მარიამი ხომ აქ არის. მე ის გამოვიყვანე. მე ის გადავარჩინე ათი წლის წინ! ჩემი ხელით გამოვათრიე იმ ნანგრევებიდან! სალომე (ბოლო ხმაზე იყვირებს) ვერ გადაარჩინე, ლუკა! ვერა! ის ათი წლის წინ გარდაიცვალა იმავე წამს, იმ ნანგრევებში! შენ მის უსულო სხეულს ეხუტებოდი, როცა მაშველებმა ნაცრისფერი ორმოდან ამოგიყვანეს! შენმა გონებამ ეს ტკივილი ვერ აიტანა. შენ ის შენს თავში გაზარდე, რომ არ გაგიჟებულიყავი! ის არ არსებობს, ლუკა! აქ არავინ არის! ამ სიტყვებთან ერთად, ლუკას გონებაში ათწლიანი ბეტონის კედელი ერთ წამში სკდება. ოთახის შუქი წამით ქრება.
24. ფლეშბექი 1 — ვახშმამდე 1 დღით ადრე — სატელეფონო ზარი ტელეფონი რეკავს. გიორგი პასუხობს. სალომე გიორგი, გევედრები, მომისმინე. ვახშამზე რომ მოხვალ, ლუკა მის დას, მარიამს გაგაცნობს. გეტყვის, რომ ის მაგიდასთან ზის. გევედრები, არ შეეწინააღმდეგო! აჰყევი ამ თამაშს! უყურე ცარიელ სკამს, ილაპარაკე მასთან, გაიღიმე, ჭიქა მიუჭახუნე ჰაერს! მარიამი ათი წლის წინ მოკვდა იმ მიწისძვრაში. ლუკას ფილტვები კი ახლა იმ დღეს ჩაყლაპული მტვრით უფეთქდება. მას მხოლოდ კვირები დარჩა. სიმართლის გაგება მას ახლავე მოკლავს! აცალე, ბედნიერმა და მშვიდად წავიდეს. გევედრები... ითამაშე ეს როლი! გიორგი შოკირებულია. თვალები უფართოვდება. უსმენს სალომეს აკანკალებულ, მოქვითინე ხმას და მძიმედ ყლაპავს ნერწყვს. გიორგი კარგი... კარგი, სალო. ყველაფერს გავაკეთებ. ახლა ვხვდებით ვახშმის სცენის ნამდვილ მნიშვნელობას — გიორგი ცარიელ სკამს არ ესაუბრებოდა შემთხვევით. 25. ფლეშბექი 3 — 10 წლის წინ — ნანგრევები საშინელი, ყრუ, მიწისქვეშა გუგუნი. თბილისის ძველი უბნის კორპუსი წამში იბზარება. კედლები იშლება. ირგვლივ — ნაცრისფერი, სქელი, მახრჩობელა მტვრის ღრუბელი, რომელიც დღის სინათლეს აქრობს. 15 წლის ლუკა, ფრჩხილების სისხლდენამდე, ბეტონის მძიმე, ბასრ ლოდებს აცლის პატარა სხეულს ზემოდან. ის ყვირის, ტირის, ჰაერს ეძებს — და გამეტებით ყლაპავს მტვერს. იმ ტოქსიკურ ცემენტის მტვერს, რომელიც მას ათი წლის შემდეგ ფილტვებს დაუგესლავს. ის ბოლო ფილას სწევს, ნანგრევებიდან გამოჰყავს 10 წლის მარიამი. გულში იკრავს. ლუკა (15) გადაგარჩინე, მარიამ... წამო, წავიდეთ, სახლში წავიდეთ... მაგრამ გოგონას თავი უსიცოცხლოდ, მძიმედ გადადის უკან. თეთრი, ნაქსოვი სვიტერი — იგივე სვიტერი — სისხლის ლაქებითა და ბეტონის ნამტვრევებითაა დასვრილი. თვალები ნახევრად გახელილი, მაგრამ მათში სიცოცხლე აღარ არის. ის უკვე მკვდარია. 15 წლის ლუკა მის ცივ სხეულს ეკვრის, ნაცრისფერ სიბნელეში გიჟივით ღრიალებს. მაშველები მირბიან მისკენ. 25. ინტერიერი: ბარათეონების ბინა - მისაღები - დღე (რეალობა) რეალობა მჭრელად, მტკივნეულად ბრუნდება მისაღებ ოთახში. ლუკა ნელა მიხედავს მაგიდის კიდეს. „მარიამი“ აღარ ზის იქ. დიდი, თეთრი სვიტერი უმცირეს ნაწილაკებად, უბრალო მტვრად იშლება მზის მკრთალ სხივში და ჰაერში ქრება. გადასვლა (VFX): სვიტერი იშლება ისეთსავე ოქროსფერ მტვრად, რომელიც პირველ კადრში ვნახეთ. მაგიდის თავში მდგარი სკამი — სრულიად ცარიელი. კედელზე, სადაც ლუკა ყოველთვის „მარიამის“ ცოცხალ, მცინარე სახეს ხედავდა, ძველი, ჩამოფასებული ჩარჩო ჰკიდია — შავ-თეთრი ფოტო სამგლოვიარო ლენტით. ათი წლის მარიამი ფოტოდან მშვიდად იღიმება. ის არასოდეს გაზრდილა. ლუკა (V.O.) მისი უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, მისი მომავალი, მასზე ზრუნვა — ეს ყველაფერი ჩემი გონების მიერ აშენებული მყიფე, თავდაცვითი არქიტექტურა იყო. ნოტარიუსი უხმოდ ალაგებს საბუთებს, თავს ხრის და ცივ ბინას ტოვებს. 26. იგივე — განგრძობითი ფინალი ლუკა სავარძელში ნელა მოდუნდება. სუნთქვა ზედაპირულია, ყოველი ჰაერის ნამცეცი უკანასკნელი ძალით ტოვებს სხეულს. ის ნელა გადახედავს მუხლებზე დამხობილ სალომეს. შიში გაქრა. მის ადგილას — უსაზღვრო, მისტიკური მადლიერება. ლუკა ხელს ასწევს, გაცივებული თითები სალომეს სველ ლოყას შეახებს. ლუკა მიხვდა. მიხვდა, რომ სალომე მთელი ამ ხნის განმავლობაში იოგურტის ქილებს თავად ყრიდა, „მარიამის“ ოთახში ნივთებს თავად ალაგებდა, გიორგისთან ერთად ამ უზარმაზარ სპექტაკლს თამაშობდა, საკუთარ თავს კლავდა ყოველდღე — ოღონდ ლუკას ეს მყიფე სამყარო არ დანგრეულიყო. ლუკა (ძლივს გასაგონად, ტუჩების სუსტი მოძრაობით) მთელი ეს დრო მეგონა, რომ მე ვიყავი მარიამის სახლი... (თვალებში უკანასკნელი ოქროსფერი ნათება) მაგრამ რეალურად ჩემი სახლი შენ ყოფილხარ, სალო. შენ მინახავდი ამ სამყაროს... მაპატიე, რომ ვერ დაგინახე. სალომე მის ხელს ბაგეებთან მიიტანს, მაგრად ჩაეკონება. ლუკა ბოლოჯერ, უწონოდ ისუნთქავს. თვალები ნელა იხუჭება. თავი გვერდზე გადაეხრება. ჟანგბადის აპარატის ხმა ერთ გრძელ, უწყვეტ, ერთფეროვან წივილზე გადადის. ის ცარიელ ოთახში დიდხანს, ძალიან დიდხანს ისმის. ბინის დიდ ფანჯრებში თბილისის მზე საბოლოოდ ჩაესვენება სახურავებს მიღმა. ოთახში მოლივლივე ოქროსფერი მტვერი — იგივე მტვერი, რომლითაც დაიწყო ფილმი — სრულმა, მშვიდმა სიბნელემ შთანთქა. ბნელდება. 27. ექსტერიერი: სასაფლაო - დღე (ეპილოგი) თეთრი, მშვიდი ზამთრის შუქი. ორი საფლავი ერთმანეთის გვერდით — მარიამ ბარათეონი და ლუკა ბარათეონი. სალომე მარტო დგას. ხელში — თეთრი ვარდები, იგივე, რომელიც გიორგიმ მოიტანა. ის ვარდებს ლუკას საფლავზე დებს. გიორგი ჩუმად მოდის მის გვერდით, არაფერს ამბობს. უბრალოდ დგას. სალომე (ჩუმად, საფლავს) ახლა ნამდვილად ერთად ხართ. შენ და ის. მე კი... მე საბოლოოდ შემიძლია ვიტირო ხმამაღლა. და პირველად მთელ ფილმში, სალომე ხმამაღლა, თავისუფლად ტირის — აღარ მალავს. გიორგი მხარზე ხელს ადებს. კამერა ნელა იწევს ზემოთ. ორი საფლავი. ზამთრის მზის სხივში — ჰაერში მოლივლივე უმცირესი თოვლის ფიფქები, რომლებიც პირველი კადრის მტვრის ნაწილაკებს ჰგვანან.
დასასრული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიუხედავად იმისა, რომ ფინალი და ნაწარმოების მისტიკა თავიდანვე ადვილად ამოსაცნობი იყო, მაინც დიდი ინტერესით იკითხება.
ამ სცენარით გადაღებულ ფილმსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.
მიუხედავად იმისა, რომ ფინალი და ნაწარმოების მისტიკა თავიდანვე ადვილად ამოსაცნობი იყო, მაინც დიდი ინტერესით იკითხება.
ამ სცენარით გადაღებულ ფილმსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|