ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2026


უმანკოება - ავსულების თავშესაფარი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

უმანკოება - ავსულების თავშესაფარი

სურათი ვნახე!
უფილტროდაც მშვენივრადაა.
უცებ მიხვდები,
ჩვენია და ჩვენთაგანი,
ხოლო ჩვენნაირს,
კიდეც უჭირდეს,
არა უჭირს, რა!

ზოგს ჩვენ გავუგებთ, ზოგსაც  თვითონ,
ზოგს ვაპატიებთ,
ზოგსაც - თვითონ გვაპატიებს, 
ხან -  ავიჭრებით,
ხან  - ჩავიჭრებით,
ხან - შევიჭრებით,
ხან  - გავიჭრებით,
ხან უკაფავშიც გადავიჭრებით,
ამასობაში, ავად თუ კარგად ცხოვრებაც გავა.

სხვას ეშინოდეს
ახლადგაწმენდილ სარკესავით უნათითურო
ადამიანის;
სხვამ გაიხსენოს,
რომ  ავსულებს მუდამ  იზიდავთ
მისი არსების სუფთა ჰაერი,
დალაგებული,
დიდი სივრცე,
სიწმინდე და  უსაფრთხოება!

სხვამ დაიდარდოს, რომ დაიძახებს ერთი ავსული,
ეს რა ძვირფასი სამყოფელი მიპოვნიაო,
ეს - განათებაც რომ კარგი აქვსო,
არც ცხელიაო,
არც რომ სიცივე შეგვაწუხებსო,
ასე უმწიკვლოდ  აქამდე ვის რად  დარჩენიაო?
წავა და იხმობს შვიდ თავისნაირს,
ყველანი  კარგად დავეტევით,
და კუთხე-კუნჭულს  ამოვუვსებთ,
აბა, ცოდონი არ ვიყავით,
ლეგიონი რომ გაგვიწყვიტესო?!

“ - არადა, გახსოვთ,  როგორი იყო?
რაღაცნაირად მოსაწყენიც,
უღიმღამოც,
ერთფეროვანიც…
- ჰოდა, 
ეგეთი - ერთი და ერთი  თუ გაირყვნება, ისე არავინ!
თორემ ჩვენ რაღა გარყვნა გვინდა ვნებაჩამქრალებს!
ისე მოგვწყინდა ასეთობა,
იქნებ სიწმინდეც მოვინატროთ,
ერთ მშვენიერ დღეს  დავერიოთ და ვალდადებული  მდგმურებივით  თვითონ გავყაროთ ეს  მატყუარა დემონები,
ჩვენს არსებაში დაბუდებულნი
და დგამ-ავეჯი  და ჯამ- ჭურჭელი სულ ლაწალუწით გადავუყაროთ,
არსების  კლიტეც  გამოვიცვალოთ,
ძლივს გაყრილებმა მობრუნება რომ არც იფიქრონ”.

ვინ რითი  იწყებს,
არ არის ძნელი გამოსაცნობი,
საქმე ისაა,
ვინ რით ამთავრებს,
თუკი მართლა  დასასრულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები