რა მნიშვნელობა აქვს, მოქაჩავს რომელი — მწეველი თამბაქოს, თამბაქოს მწეველი; მთავარი აქ არის — ურთიერთკავშირი, რაც ლამაზი და გამომწვევია!
აქ მთელი სისტემა გონების ნაპირებს ნერვების ტალღებით ურტყამს და გადადის; ტუჩებით უთხარი სათქმელი პაპიროსს — და ახალ ფურცელზე სიჩუმე გადადე.
დარდი თუ გალესავს გონებას მკვლელივით, არ მისცე უფლება — შენი დღე წაიღოს; შენს ცვრიან ფიქრებში ყოველდღე ვერ ივლი, დატოვე გვალვები, ელვები, წარღვნები.
იმას ვერ მოარჩენ, რის გამოც ეწევი, უბრალოდ წუთებით ივიწყებ სხვა საათს; შენსავით გიჟი და შენსავით მერწევი — იცოდე — სხვაცაა!
სხვა ცაა, სხვა დილა, ხევ — ღამეს პარიკებს, ამას შენელებულს ეძახი სუიციდს. სულელო, თუ გინდა, დამელაპარაკე, და არა სიჩუმეს, რომელმაც „ჩუ!“ იცის.
სულს ევლო ხორცი და ფრთას მაღლა ვერ აფრენს, შეეხე თამბაქოს, ვით კაცის მცივან ტანს; ასეთ დროს თამბაქო უხდება ყველაფერს — გარშემო ნეონი, ნამწვი და სინატრა.
მიმტანი ყავას დგამს, ვიღაცა იცინის, გარეთ მანქანები შორი-შორს მიდიან; ვიღაცა თავს იჩენს, ვიღაცა იმცირებს, ვიღაცას უყვარს და ვიღაცას ჰკიდია!
თუ გინდა, იტირე ჩემს მხარზე, მოეშვი, ინტიმმა, რომ გახსნას ჩვენს შორის აღვირი! შეგახე სული და სიბილწის მორევი — ტრფიალით მოსული გილოკე ნაღველი.
ამ ქვედა ბექობზე მე მინდა გცხო ვნება, თუ გინდა, დაგიკრეფ დუმილის არშიას. დიდ მოვლენებში არაა ცხოვრება — არამედ — პატარა წამების ჯამშია.
მე ვიცი, ასწავლი ნიკოტინს იმ ვნებას — იქ, სადაც სიმტკიცემ ბახუსიც განაზა, და ვერცერთ თამბაქოს ვერ ეცოდინება, თუ როგორ უნდა დასრულდეს ლამაზად —
ქალი რომ არა.
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|