ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
8 სექტემბერი, 2026


სექტემბერი

სექტემბერი



სიცხისაგან გათანგული, მაგრამ კმაყოფილი აგვისტო ბავშვებს დაემშვიდობა და ფართე გზას გაუყვა. მალე ლოყებღაჟღაჟა, დასვენებული და კმაყოფილი სექტემბერიც გამოჩნდა.
- გამარჯობა დაიკო, - მიესალმა სექტემბერი დასიცხულ და გადაღლილ აგვისტოს, რომელსაც ცალ ხელში დიდი ქოლგა ეჭირა (მზისგან დასაცავად), მეორეთი კი  საოცარი სისწრაფით იქნევდა მარაოს გასაგრილებლად, მაგრამ ეს უკანასკნელი ეტყობა დიდად არ შველოდა.
- გამარჯობა ძმაო! უფ, მოვკვდი ქალი. მე რომ ასე მცხელა, წარმომიდგენია ხალხი რა დღეშია.
- მერე რატომ მოიკალი თავი, ან ეს ხალხი რისთვის დახოცე? შენი ნება არ იყო? ცოტა აგეგრილებინა. წვიმისათვის გეთხოვა ერთი-ორჯერ მოსულიყო სტუმრად. შენც მოისვენებდი და ხალხიც. - გაიკვირვა სექტემბერმა. - მოსავალი ხომ არ გადამიწვი?
- კარგი რა! ვითომ არ იცი დედა-ზაფხულის ამბავი. ასე ამბობს: “ხალხს ისე უნდა დასცხეს აგვისტოში, ზოგი მთაში უნდა გარბოდეს და ზოგიც ზღვაზეო”. - წუწუნებდა აგვისტო. - ჰო კარგი, კარგი, წავედი ახლა. მაგვიანდება, აბა შენ იცი, ძალიან არ გადაიღალო.
სექტემბერს კმაყოფილებისაგან გაეღიმა.
- იმიტომაც ვუყვარვარ ხალხს ყველაზე მეტად, რომ ჩემ დროს არც ცივა, არც ცხელა, ყურძენი მწიფს, მოსავალი მოწეულია და ასაღებადაა გამზადებული.  - თავისთვის ლაპარაკობდა სექტემბერი, თან შიგადაშიგ წაიღიღინებდა კიდეც. ასე ღიღინ-ღიღინით რომ მიაბიჯებდა, წინ პატარა გოგო-ბიჭი შემოხვდა.  სექტემბერს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ეს პატარები სწორედ მას ელოდნენ.       
 
- გამარჯობა, შენ სექტემბერი ხარ ხომ? - ჰკითხა გოგონამ.
- დიახ ბატონო, სექტემბერი ვარ. თავად ვინ ბრძანდებით, ასე უცერემონიოდ რომ მომმართავთ?
- მე ირინა ვარ! ეს კი, ჩემი უმცროსი ძმა აკაკოა. რატომ უცერემონიოდ, ჩვენ ყველა თვეების მეგობრები ვართ და ასე გვეგონა რომ თქვენც დაგიმეგობრდებოდით, მაგრამ თუ სურვილი არ გაქვთ წავალთ, კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო სქეტემბერო. - ცხვირი აიბზიკა ირინამ, ძმას ხელი ჩაჰკიდა და მიბრუნდა.
  - მოიცათ კაცო, ეს რა ბუტიები ყოფილხართ. გაგეხუმრეთ, მე თვითონ ვარ უცერემონიო ასე რომ მოგმართეთ. - ჩქარ-ჩქარა ალაპარაკდა სექტემბერი. ვაითუ მართლა წავიდნენო იფიქრა. - მე ვიცი ვინც ხართ. და-ძმები რომ შევიკრიბებით ხოლმე, (ესეიგი თვეები) ყველა თქვენზე ლაპარაკობს. მეც მინდა თქვენთან მეგობრობა, არ წახვიდეთ რაა..
ირინა მიუახლოვდა სქეტემბერს და პუტკუნა ლოყაზე აკოცა, -  არსადაც არ მივდივართ, რომც გაგვაგდო მაინც არ წავალთ. ჩვენც გეხუმრეთ. - ირინამ იდაყვი გაჰკრა აკაკოს და ჩასჩურჩულა “მიდი აკოცე”
- ჰო კაი, მეც გაკოცებ. - ჩაიბურდღუნა აკაკომ.                  შემოდგომის პირველი თვე აკაკოს მიუახლოვდა, ჯიბიდან მწიფე ატამი ამოიღო და გაუწოდა. - იცი რა, როცა შენ თვითონ მოგინდება მაშინ მაკოცე, ახლა კი ამითი ჩაიგემრიელე პირი. - მეორე ატამი ირინას მიაწოდა და მიმართა. - აბა ჰე, წავედით ახლა, ბევრი სამუშაო გვაქვს.
- სამუშაო? ჩვენც უნდა ვიმუშაოთ? - გაიკვირვეს ბავშვებმა.
- აბა, ჭამა გიყვართ და მუშაობა არ გინდათ? გართობა გინდათ? გავერთოთ რა, ცირკში კი არა ვართ.
                                                     
 
სექტემბერი უცებ შემობრუნდა. თვალები რაღაც უცნაურად აუციმციმდა.
- ისე, ცირკში ყოფილხართ?
- როგორ არა, ხშირად დავდივართ ხოლმე.
- კარგია?
- შენ რა, არ ყოფილხარ? - გაიკვირვეს პატარებმა.
- ეჰ, მე ცირკისთვის სად მცალია, სულ მუშაობაში ვარ. დღე და ღამე მაქვს გასწორებული. - ამოიხვნეშა სექტემბერმა.
- ჩვენ წაგიყვანთ, გინდა? - შესთავაზეს ბავშვებმა.
- მართლა? მინდა აბა არ მინდა? თუ გინდათ ახლავე წავიდეთ.
- აბა სამუშაო მაქვსო? - ეშმაკურად გაიღიმა აკაკომ.…
- სამუშაო? სამუშაო მოიცდის, უფრო სწორედ ხალხი ხომ მუშაობს. მოსავალს იღებენ, აბინავებენ. ჩვენ ცირკში წავიდეთ, მერე კი მივეხმაროთ. იცით როგორ მინდა ცირკში წასვლა?! ძალიან სასაცილო ყოფილა თურმე. წავიდეთ რა..
- ახლა არ არის ცირკი, სეზონი ჯერ არ გახსნილა. - გულდაწყვეტით უპასუხა ირინამ.
- მერე, გავხსნათ არ შეიძლება? ასეთი ძნელი გასახსნელია?
- ჩვენ ვერ გავხსნით, ცირკს ხომ თავის დირექტორი ყავს. არ ინერვიულო, მალე გახსნიან და წავალთ.
- პირობას მაძლევ? - გაებადრა სახე სექტემბერს.
- აბა არ წაგიყვან, ჩვენ თვითონ ძალიან გვიყვარს ცირკი და სიამოვნებით წამოვალთ.…წავიდეთ ახლა სამუშაოდ.
-კაი წავიდეთ, წავიდეთ, - უხალისოდ ჩაიბურტყუნა შემოდგომის პირველმა თვემ.
         
 
. - იცი რა, მოდი ჯერ ცოტა წავიხემსოთ, თორემ მთელი დღე მოგვიწევს მუშაობა და როდისღა შევჭამთ?
- შენ მგონი ცოტა ზარმაცი ხარ ხომ იცი, - გაიღიმა აკაკომ.
- მეეე? ზარმაცი? რას ამბობთ! ახლა ნახავთ თქვენ, მე როგორი მუშაობა ვიცი!  ჩამკიდეთ ხელები! - სექტემბერი შუაში ჩადგა, ბავშვებს ხელები ჩაჰკიდა, ნელ-ნელა მიწას ასცდა და ქარივით გაქროლდა. პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მათი კისკისი ზეცას სწვდებოდა და შემოდგომის მზეც ღიმილით ჩამოსცქეროდა მათ მხიარულებს.
კარგა დიდი მანძილი რომ გადაიფრინეს, ქვემოთ ვენახები გამოჩნდა.
- აი ის, რაც ჩვენ გვინდა. - წამოიძახა სექტემბერმა და ნელ-ნელა დაეშვა მიწაზე. - თან დაიწუწუნა. - უფ, დავიღალე.
ადამიანები ყურძენს კრეფდნენ და თან იღინებდნენ:
სექტემბერმა დაგვიმწიფა ყურძენი,
დაგვიშაქრა ატამი და მსხალი,
სექტემბერმა შეარბილა მზის სხივები,
ნუ შევრცხვებით, შევეგებოთ ხალისით!
- ა, შეხედეთ, როგორ ვუყვარვარ ხალხს, - გაიჯგიმა შემოდგომის პირველი თვე. - აბა ჰე, ხლხო იმუშავეთ. მე აქა ვარ, თქვენთან ვარ. ირინა,  შენ და აკაკომაც აიღეთ ვედროები და მიეხმარეთ ხალხს. აბა ჰე, აბა ჰო.მე წავალ, იქით დავხედავ რა ხდება.

 

უფროსებთან ერთად პატარებიც ჩაებნენ
რთველში. ცოტა ხანში ირინამ მიმოიხედა , მაგრამ სექტემბერი ვერსად დაინახა. სექტემბერს ხომ ვერავინ ხედავდა ჩვენი პატარების გარდა.
  - სექტემბერო სად ხარ? - დაიძახა ირინამ.
  - აქ არის აქ, - მოესმა ირინას აკაკოს ხმა. გოგონა  აკაკოს ხმას მიჰყვა და რა დაინახა იცით? სექტემბერი ხის ჩრდილში წამოწოლილიყო და გემრიელად ხვრინავდა. აკაკოც იქვე მოკალათებული ყურძნის დიდი გროვიდან ლამაზ მტევნებს არჩევდა და პირს იტკბარუნებდა.
  - რას აკეთებთ, არ გრცხვენიათ თქვე ზარმაცებო? - წამოიყვირა ირინამ. - სექტემბერმა თვალები გაახილა.
- უფ ჩამძინებია, დავიღალე იმდენი ვიმუშავე. წავიდეთ ახლა წავიხემსოთ, თორემ მთელი დღე მუშაობა სად გაგონილა.
- შენ მართლა ზარმაცი ყოფილხარ,- ნაწყენი ხმით მიმართა ირინამ. სექტემბერი წამოწითლდა.
- არა ირინა, არ ვარ ზარმაცი.  შენ როგორ გგონია ეს მოსავალი თავისით დამწიფდა? თავისით დატკბა? მე მთელი წელი ვხელმძღვანელობ თვეებს. როდის გაწვიმდეს, როდის გათოვდეს, როდის და რამდენი მზის სხივებია  საჭირო, რათა მოსავალი კარგი მოვიდეს და ხალხიც კმაყოფილი დარჩეს. ყველაზე მეტად აგვისტო მაწვალებს ხოლმე. ისე აცხუნებს მზეს, ლამის მთელი წლის ნალოლიავები მოსავალი სულ გადაწვას. - პატარები გაკვირვებული თვალებით შესცქეროდნენ.
- ამაზე არასოდეს მიფიქრია, - დაიწყო ირინამ -  შენ მართლაც ყველაზე საუკეთესო თვე ხარ იცი? არც ერთი თვე არ ფიქრობს მოსავალზე. ჩვენ ხომ ყველასთან
 


ვმეგობრობთ. არასოდეს გამიგია, ვინმეს ეთქვას, ნეტავ წელს როგორი მოსავალი იქნებაო. ხალხი როგორ გაიტანს თავსო. ძალიან კარგი ხარ. - სექტემბერი წელში გაიმართა.
ასე მიდიოდა დღეები. ბავშვები ხან ყურძნის კრეფაზე იყვნენ ხან ვაშლისა და ატმის. ყველაზე მეტად კი ის მოსწონდათ სექტემბერთან ხელჩაკიდებულები ფრენა-ფრენით ზემოდან რომ აკვირდებოდნენ  მოსავლის აღებას. ერთხელაც, მართლა დაღლილები მინდორში ბალახზე წამოგორდნენ. გაღიმებული მზე ნელ-თბილი სხივებით ეფერებოდა ციდან. ამ დროს სექტემბერი ალაპარაკდა:
- თქვენ თუ იცით, რომ ჩემი ნამდვილი სახელი ენკენისთვეა? და ის თუ იცით, რომ უწინ, ახალი წელი 1 სექტემბერს იწყებოდა? და 21-ში რომ ბუნიობა იყო ის თუ იცით?
- დღე-ღამ ტოლობა?  დღე და ღამე რომ ერთნაირები არიან? ეგ ხომ მარტშია. - იკითხა გაკვირვებით ირინამ.
- მარტშიც არის და ჩემთანაც არის 21-ში აბა! - უცებ სექტემბერს სახე გაუბრწყინდა, - ცირკში როდის წავალთ ირინა?
- როდის და დღეს, ჩემმა დედიკომ უკვე ბილეთები აგვიღო, - წავედით.
ცირკში სექტემბერმა არაჩვეულებრივი დრო ატარა, პატარა ბავშვივით ხითხითებდა, სკამიდან წამოხტებოდა და ჯამბაზთან ერთად დახტოდა, მღეროდა, სკამზე არ დამჯდარა. მოკლედ საოცრად კარგი დრო გაატარა და ბავშვებიც გულიანად აცინა.
- წავიდეთ ახლა , დავიღალე - მთქნარებით მიმართა აკაკომ სექტემბერს.
- წავიდეთ? მე რომ დღეს მივდივარ?
 
- ვაიმე, ხვალ ხომ 1 ოქტომბერია. - წამოიძახა ირინამ.
- ჰო, აქამდე არ გაგახსენეთ, გული რომ არ დაგწყვეტოდათ. - ირინას თვალებზე ცრემლები მოადგა.
- შეიძლება გაკოცო? - მიმართა სექტემბერს აკაკომ. რომ გაგიცანი არ მინდოდა, ახლა კი ძალიან მინდა შენი მოფერება.
- არ იტიროთ, მომავალ წელს ხომ მოვალ და უფრო კარგ დროს გავატარებთ. - თვითონ ცრემლნარევი ხმით ლაპარაკობდა სექტემბერი. - თქვენი სახლის კართან ერთი გოდორი ყურძენი დავტოვე, საუკეთესო მტევნები ავარჩიე, იმდენი ვიმუშავე, კინაღამ მოვკვდი. თქვენ კი ამბობდით ზარმაცი ხარო. - გახუმრება სცადა სექტემბერმა. უცებ ორივე ბავშვი ხელში აიტაცა, ჰაერში დააბზრიალა და ასე ბზრიალ-ბზრიალით სახლის კარამდე მიიყვანა. შემდეგ ორივე მაგრად ჩაკოცნა და მიმართა:
- წავედი ახლა, ოქტომბერი არ გამიბრაზოთ, ერთი გულიანად გადაიხარხარა და ფართე გზას გაუყვა.
             

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები