| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 9 სექტემბერი, 2026 |
იმ დღეს, სოფელში ჩასულს, სახლამდე გზაზე, არავინ შემხვედრია. არც რომელიმე ეზოში დამინახავს ვინმე სულიერი. ძველი დრო გამახსენდა, დიდი ბორტიანი მანქანა რომ ჩამოდგებოდა და ბრიგადირი კოკოლა ხალხს, ან ჩაის საკრეფად, ან ყანის მოსატეხად რომ ეძახდა. - ჭოლა, ვანიჩქა, ვარდენ, ალფესი, ნადია, ციცოოო, ჩქარა, დაღამდა! - მუალ - ა, გამუედი - რა ამბავია, კი, მარა პაჟარია? იკითხავდა ივტიხი. ჰოდა, ერთი წამით, ახლაც ყველა სამუშაოდ გაკრეფილი წარმოვიდგინე. ნეტამც... დაცარიელდა სოფლები. დაცარიელდა და დააკლდა სიცოცხლე, სითბო, გადაძიხილი, მისალმება, გადაპაიჯება, სტუმრის სიხარული, მთვრალი კაძახების შეძახილები: - ოოჰე! ბიქტორა ვარ კალანდაძე! - ვ.ხ. ვალიკო ვარ ხინთბიძე! - მიტრადოოო! მუედი, შენი გაბრიელი! არც ჩხუბი, არც კამათი. მხოლოდ ღიღინი და ტკბილი სიტყვა. სწორედ ამ ადამიანებიდან, მხოლოდ იასონი იყო დარჩენილი ამ ქვეყანაზე და, რადგან მის სახლს ვუახლოვდებოდი, გადავწყვიტე არ გადამედო მისი მონახულება და ეზოს რომ გავუსწორდი, რიხიანად გავძახე: - იასონ! - რომელი ხარ? გავიგონე სუსტი ხმა. - გამოი და დამინახავ! არ მივიღე იასონის დაუძლურებული ხმა. - გამოი - კაია! ჩამოი, შენ! მიპასუხა, იასონმა. შუაცეცხლიან კუხნის წინ იჯდა დროისგანგანლეული მოხუცი. შუბლზე ხელის მტევანი მიიდო და ჩემი ვინაობის დადგენას შეეცადა. თქმა მომიწია. - შენ გენაცვალე, მახოია. რაფერ დაგემართა? - რა ვიცი, ასე. ჩამოვედი. მომენატრა აქაურობა. - მეც მენატრება აქაურობა, მახოია. - კი, მარა, იასონ, შენ აქ არ ხარ? - მე სა ვარ მაი, შენ, კი არა, არც მე ვიცი. მერე ამოიხვნეშა და დასძინა: - ვეღარ ვხედავ ვერასფელს. კი გევიკეთე ოპერაცია, მარა, ვარესი დარჩა. ბიჯო, იცი რაია? კი არ ვინერვიანებდი, მარა ხანდისხან ჩემიანების სურათებს დავხედავდი და მიხაროდა. კაი, მაი აფერი. რაცხა, პაწა ფხალი და ჭადი მაქ, ღვინო მაქ, რას იტყვი? - კი-ს ვიტყვი, იასონ. მეც მაქ რაღაცაები. ვუთხარი. - შენი, შენდა დეიტიე, მარტუა იქნები აქანე. ჩემსას მივხედოთ. დიდხანს ვიჯექით. ვინ არ გავიხსენეთ, ვის არ მოვეფერეთ, ვინ არ დავიტირეთ. იასონი ცოტაცოტას წრუპავდა, ბევრს ყვებოდა და, ვგრძნობდი, რომ კიდევ ბევრი რამის თქმა სურდა. ამ მიზეზით ჩემი დაღლილობა განზე გადავდე და მოლოდინად და სმენად ვიქეცი. არ შევმცდარვარ. მასპინძელმა ჭიქა ასწია, სივრცეს გახედა და თქვა: - ხომაა, რომე კაცი რაცხას ნანოფს ცხოვრებაში, მარა არის კიდომ იმისთანა სინანული, კურცხალს რომ მოგადენს. ჰოდა, მინდა მოგიყვე ამფერი სინანულის ამბავი, მახოია. - გისმენ, იასონ ვუთხარი მე. - ბიჯო, არცაროის არ გადამდიოდა თავზე, მარა არც მშიერი ვყოფილვარ. ისე, მართალი გითხრა, ცოლი მაგიზა არ მევიყვანე - არ ეყოფა ჩემი შემოსავალი ოჯახს-მეთქინ. ამიზა დავრჩი მარტუა. მერე კიდომ, ხასიათი არ მივარგოდა და ამიზაც ვიკაებდი თავს. ბოლოს კი მივხთი, რომე ერი ქალის ღირსი ქი ვიყავი, მარა გვიანი იყო, მარა ამას ისე არ ვნანობ. რას ვნანობ იცი, ბიჯო? - თქვი, იასონ, გისმენ - რას და ქალაქში რომ წევედი ვითომსაშუარზე, იმას ვნანოფ. დედაჩემი უკვე პენსიაზე იყო და, რომ უთხარი წასლა მინდა-მეთქინ, რაფერც შენდა უკეთესი იქნება, ისე ქენი-ო. ვიცოდი, რომე არ უნდოდა ჩემი წასლა, მარა, ე, მასე მითხრა. დიდხანს ვიჭრიჭინობილე ქალაქში, ვითომ დედას ყურადღებას კი ვაქცევდი, მარა... იასონმა თვალებზე ხელისგულები მოისვა და გააგრძელა. - დედა უკვე ძაან მოხუცი იყო სახში რომ ჩამუედი. ეზოც მუუხედავი იყო, ვენახიც და ერთდროს გადაბიბინებული ბოსტანი ჩამჭკნარი და უსიცოცხლო. მივყეი ნელნელა და მევიყვანე წესრიგში ყოლისფერი. დედაჩემი ეზოში ჯორკოზე იჯდა და მიყურებდა. ახლაც თვალწინ მიდგანა მისი სიხარულიანი ღიმილი. მოკლეთ, დავრჩი აქით და დევიწყე ახალი ცხოვრება. ერთ დღეს მელიტონს მივეხმარე რაცხაში და ფული შემომაძლია. არ გამუართვი. გადაყოლილია მისი ბიჭი ყველაზე და როვა გამუართუმდი მელიტონს ფულს? ჰოდა, მიორე დღეს, კაკრას მისმა ბიჭმა, ოთხი დიდვანი პარკით ბაზრიდან იმდენი რაცხა ამეიტანა, რომე შემცხვა. ძვირფასი თებზიც იყო და გავაკეთე კაი სადილი. დავჯეით მე და დედაჩემი და ვსადილობთ. დედა ისე მორიდებულათ ჭამდა რომე გული მომიკტა. თებზი რომ გადუუღე. შეჭამა და მისდა ჩეილაპარაკა: - ამფერებს რომ ვჭამდე, ქე ვიქნებოდი ერხანსო. მახოია, ლუკმა გადმომივარდა პირიდან. თავი ძლივს შევიკავე რომე არ დამეღრიალა. ავდექი, ეზოს უკან გევედი და ავტირდი. ყველაფერი გამახსენდა, გულზე ყველაფერი მომაწვა უცფათ. ხომ მქონდა მოსმენილი რაფერი ძნელი ბაღნობა ქონდა ობლობაში გაზდილ დედაჩემს, რაფერ ადრე დეეღუპა ქმარი და რაფერ წვალებაში გამზარდა მე, ერთადერთი შვილი, მე, რომელმაც არც რძალი ვაღირსე, არც შვილიშვილები და კიდომ დიდიხნით ნახევრადმშიერი მარტოობა მუუსაჯე. მაგრათ ვტიროდი, მახოია. თავჩაქინდრული ვტიროდი იმხნის კაცი. უცბათ, ორივე ლოყაზე დედაჩემის გამომშრალი ხელები ვიგრძენი. თავი ავწიე და ორი სიტყვა წევიჩურჩულე: - მაპატიე, დედა - ნუ მთხოვ პატიებას, შვილო, შენი ბრალი აფერი არაა. მაი იღბალია. მართლა ქლა მშიერი კარ ვყოფილვარ. კამბალა მომნატრებია-ო, მომიბოდიშასავით. ჰოდა, ამდენი ხანი გევიდა, მახოია, და ჩემ თავს ამას ვერსაფელობამდე ვპატიოფ. ვერ ვპატიოფ ამფერ ეგოისტობას. გეიგე, ბიჯო? - მართალი უთქვამს ცხონებულ ნინიჩქა დეიდას, იასონ. შენი ბრალი არ არის. იღბალია ყველაფერი. - იღბალი სხვაია, მახოია, და ჩვენ რომ რაცხას ვაკეთებთ, იი არასწორი არჩევანია. ასეა, აი.... სახლისკენ მივდიოდი და იასონის ვერმონანიებულ სანანებლზე ვფიქრობდი. მის კეთილ გულზე და ქათქათა სულზე ვფიქრობდი და მიხაროდა, რომ თავისი ამ ორი თვისების შესახებ მან არაფერი იცოდა. იმ ღამით კოკისპირული წვიმა დაიწყო. მთელი ღამე, გათენებამდე ისე ძლიერად წვიმდა, რომ გავიფიქრე - ნეტა მშვიდობით ჩაივლიდეს-მეთქი, მაგრამ არა. მეწყერმა სახლები ჩაიტანა და შოვის ანგელოზებთან კიდევ ორი მოზარდი აიყვანა ზეცად... ორი მოზარდი და იასონი, წუხელ რომ სივრცეს ცრემლიანი სინანულით ეზიარა და დილისკენ საყვარელ დედასთან გაეშურა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|