ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2026


სასცენო ლიტურგია

1.სახედადღაბნილ ჯამბაზის ცრემლებს
სიცილთან ერთად დაერთო ტაში.
ვერავინ სწვდება უხილავ სიმებს
და ტკივილები ჟონავს სისხლივით.
2. ყველაზე რთული, რაც ხილულია,
გზა არის, თუნდაც ვარდით ნაფენი
და ბილიკები ჰგავს ქალის სხეულს:
ნაკვალებებით, შესართავებით.
3. წინ არ იყურო ! დახარე თავი,
თორემ მზის სხივით მოიხიბლები
და შესაძლოა მძინარე გველის
შხამი იგემოს შენმა ტერფებმა.
4. შეაღე ღამით ბილწ ქალწულების
ფიქრშენარაზი  ოხვრა და გმინვა.
ცაზე ვრცელია საყვედურები
და მზეზე ცხელი მათი წიაღი.
5. ბოროტებას შობს მერყევი ფიქრი,
ხარბი თვალები და გულგრილობა.
სულს ამოგლიჯე ამქვეყნიური,
რომ აღმოცენდეს იქ ნებისყოფა.
6. რაც განცალკევდა ბნელი, ნათელი
და სიტყვა იყო თავდაპირველად,
არცერთ ყვავილზე მეტი უფლება
ადამიანებს არ მიუღიათ.
7. მაგრამ რადგანაც ვეტრფით მწვერვალებს,
მოუმწიფებელ გულით და გონით,
ჩვენ გაგვითელავს ბევრი ყვავილი
და მოვიგონეთ სრულყოფილება.
8. ბედის მწერალი თავის შექმნილებს
განა ანიჭებს პრივილეგიას?
ყველა გაივლის სხვადასხვა ციკლში
კუთვნილ ტკივილს და ბედნიერებას.
9. ჩვენ გვეშინია ყოველი ცოდვის,
მათ მისაჩქმალად უარესს ვცოდავთ
და გვავიწყდება ოკეანეში,
ერთი კენჭიც რომ არ იკარგება.
10.  არავინაა ქვეყნად მართალი,
რადგან სიცოცხლე ცოდვის შვილია
და როგორც ობოლს მშობლების სახე,
ისე გვაკლია ჭეშმარიტება.
11. ფიქრია სწორედ ადამიანი
სხვა დანარჩენი - ვალდებულება.
„თავისუფლება“ გავყვირით მედგრად,
არც თავი ვიცით და არც უფალი.
12. მეთორმეტემ კი უნდა გაწიროს
თავი მესიის გადასარჩენად,
რომ დაანახოს საუკუნეებს,
უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა.
13. სახედადღაბნილ ჯამბაზის ცრემლებს
სიცილთან ერთად დაერთო ტაში.
ვერავინ ხედავს, რომ ფარდის მიღმა
მასში ცოცხლდება ნაგვემი ქრისტე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები