 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 31 ოქტომბერი, 2026 |
ნოემბერი
ოქტომბერი წასასვლელად ემზადებოდა. ერთ მხარზე სავსე ხურჯინი გადაეკიდა. მეორეზე კი რამოდენიმე წყება მსხვილი ყურძნებით აწყობილი აკიდოები. ბავშვები იქვე იდგნენ და სევდიანად შესცქეროდნენ ლოყებღაჟღაჟა, ღიპიან ოქტომბერს. - აბა ბავშვებო, წავედი ახლა მე. არ მოიწყინოთ. ჩემი ძმა ნოემბერი საცაა მოვა. ცოტა უჟმურია და ცივი, მაგრამ რა ქნას, ნოემბერია და ასეთი უნდა იყოს. სამაგიეროდ გული ძალიან კეთილი აქვს. - რაში გამოიხატება სიკეთე, სიცივე რომ მოაქვს? - იკითხა ირინამ. - რა ვიცი აბა, ასე ამბობს თვითონ: “ბრაზიანი ვარ, მაგრამ კეთილიო”. აბა, წასვლისას თითო ცხელ-ცხელი სიმინდი მივირთვათ და გავუდგები გზას. - ოქტომბერმა ჯიბიდან სიმინდები ამოაცოცა, რომლებსაც მადისაღმძვრელი ორთქლი ასდიოდა და ბავშვებს ჩამოურიგა. - როგორ ინახავ ჯიბეში ცხელ სიმინდს, ან ამდენი სად გეტევა? - გაიკვირვა აკაკომ. - თუ გინდათ ცხელ გოგრასაც მოგართმევთ, მე ხომ ოქტომბერი ვარ, ყველაზე მსუყე, გემრიელი და მხიარული თვე. - გაიცინა ოქტომბერმა. Mმიბრუნდა და მძიმე ნაბიჯებით გაუყვა ფართე გზას. რომელზეც უკვე ნოემბერი
მოაბიჯებდა. ნოემბერს ხელში დიდი, შავი ქოლგა ეჭირა, რომელიც ისე ჩაებღუჯა გეგონებოდა ვინმე წართმევას უპირებსო. - გამარჯობა ძმაო, - გაუცინა ოქტომბერმა ძმას. - ქოლგა რად გინდა, წვიმს? - ჰმ, გაგიმარჯოს. შენ არ იდარდო, მალე გავაწვიმებ და ყვალას დავასველებ. შენKკარგად გასუქებულხარ, გეტყობა ჭამა-სმის მეტი არაფერი გიკეთებია. - ჩაიბურდღუნა ნოემბერმა. - რა ცუდი ენა გაქვს. მთელი თვე შრომაში გავატარე, წუთი არ დამისვენია. აქეთ რთველიო, იქით ყურძნის დაწურვაო, ხილის კრეფა და დაბინავებაო, ჩურჩხელებისა და ჩირის მომზადებაო და რა ვიცი კიდევ ათასი რამ. - ჰო გეტყობა, ლანდი გაგდის დაღლილობისაგან. კანში ვეღარ ეტევი იმხელა მუცელი მოგიზრდია, ღორმუცელავ. - არ ცხრებოდა ნოემბერი, თან თვალებს ოქტომბრის ჯიბისაკენ აპარებდა. იცოდა, რომ მის ძმას იქ უამრავი გემრიელი რამ მოეძებნებოდა. ოქტომბერი კი რის ოქტომბერი იყო, ამას რომ ვერ მიმხვდარიყო. - უფ, ჯიბეებში აღარ მეტევა. გთხოვ, ჩემი მოწეული სიმინდი და გოგრა გასინჯე, შარშანდელთან შედარებით თავი ხომ არ შევირცხვინე ხალხთან. ოქტომბერმა ჯიბიდან სიმინდის ტაროები და გოგრის კარგა მოზრდილი ნაჭრები ამოალაგა და ძმას გაუწოდა. - ამდენი რად მინდა, შენსავით ღორმუცელა კი არა ვარ. - ეს კი თქვა, მაგრამ სიხარულისაგან თვალები აუციმციმდა ნოემბერს. ჯიბიდან, საგანგებოდ მომზადებული ჩანთა ამოიღო, ნობათი ჩააწყო, - “აბა, კარგად იყავიო”-
მიაძახა ძმას და ჩქარი ნაბიჯით გააგრძელა გზა. ოქტომბერმა კარგად იცოდა ძმის ხასიათი, ამიტომ ერთი კი ჩაიცინა და ღიღინ-ღიღინით გაცილდა იქაურობას. როგორც კი ოქტომბერი თვალს მიეფარა, ნოემბერი იქვე ხის მორზე ჩამოჯდა, ჩანთა გახსნა, საჭმელი ამოალაგა და ჭამას შეუდგა. “ეჰ, რა კარგი ძმა მყავს, მე კიდევ რა ცუდად ვექცევი”-ფიქრობდა დარცხვენილი ნოემბერი, ჭამდა და სიამოვნებისაგან თვალებს ნაბავდა. - გამარჯობა ნოემბერო, - მოესმა შემოდგომის ბოლო თვეს ბავშვების წკრიალა ხმა. აიხედა და რას ხედავს, პატარა გოგო-ბიჭი წამოსდგომოდნენ თავს. ნოემბერმა სასწრაფოდ ჩამალა ჯიბეებში საჭმლის ნარჩენი, ტუჩები სახელოთი მოიწმინდა, ჩაახველა და ბავშვებს მიმართა. - გაგიმარჯოთ, ვინ ბრძანდებით, ასე უცერემონიოდ რომ დამადექით თავზე? - მე ირინა ვარ, ეს კი ჩემი ძმაა, აკაკო. ჩვენ ოქტომბრის მეგობრები ვართ და შენთანაც გვინდა ვიმეგობროთ. - უპასუხა გოგონამ. - ოქტომბრის მეგობრები? იმ ზარმაცი ღორმუცელასი? ალბათ თქვენც ისეთივე ზარმაცები და ღორმუცელები ხართ. - სახე მოეღუშა ნოემბერს. წამოდგა და გზას გაუდგა. ბავშვებისათვის ზედაც აღარ შეუხედავს. - არ ვართ ჩვენ ზარმაცები, არც ოქტომბერი იყო ზარმაცი და ღორმუცელა. ძალიან მხიარული და საყვარელი იყო. - ცოტა არ იყოს იწყინა ირინამ. - თანაც კეთილი, სულ გემრიელ რაღაცეებს გვჩუქნიდა. - გააგრძელა აკაკომ.
- აი, ხომ გითხარით ღორმუცელები ხართ მეთქი. სულ გემრიელობებზე ფიქრობთ, თქვენც და თქვენი ოქტომბერიც. - წამოიძახა ნოემბერმა. თან გულში ფიქრობდა : “ნეტა ამ ბავშვებს რას ვერჩი, რა კარგები და ლამაზები არიან. არ ჯობია მეც ვიმეგობრო მათთან?” შემოდგომის ბოლო თვემ მორცხვად დახარა თვალები და ხმადაბლა მიმართა ბავშვებს: - ჩემთანაც იმეგობრებთ, რომ გთხოვოთ? - ბავშვებმა გაუღიმეს. - აბა რას ვიზამთ, ჩვენ ყველა თვეებთან ვმეგობრობთ. შენთანაც ვიმეგობრებთ. წვიმა თუ გიყვარს, მოიყვანე. ოღონდ ცოტა გვაცალე, გავიქცევით და ჩვენს ქოლგებს მოვიტანთ. - კარგი, მაგრამ იცოდეთ ნოემბერში ქოლგა სულ თან ატარეთ. - რატომ, მტირალა თვე ხარ? - გაიცინა აკაკომ. - მართალია შენ როცა ტირი წვიმა მაშინ მოდის?
- რას ამბობ, ამდენს რა მატირებს. მტირალა არ ვარ, მაგრამ ბევრს არ ვუყვარვარ. Aარადა ყველაზე კარგი თვე ვარ. - მაინც რითი ჯობიხარ სხვებს? წვიმებით, სიცივით თუ ბუზღუნა ხასიათით? - ხუმრობაში აჰყვა აკაკოს ირინა. - მე გიორობის თვე რომ ვარ არ იცით? - ამაყად მოიღერა ყელი ნოემბერმა. - ვიცით, როგორ არ ვიცით. - ერთ ხმაში უპასუხეს ბავშვებმა, - მაგრამ მაისშიც ხომ არის გიორგობა? - სულელებო, განა მაისს გიორგობისთვე ქვია? მაისი ვარდობისთვეა. თანაც პრანჭიაა. მე კი გიორგობისთვე ვარ, წმინდა გიორგივით ძლიერი. - ღონიერი ხარ? - თვალები გაუბრწყინდა აკაკოს. - ნოემბერს ესიამოვნა ბიჭის ნათქვამი. - აბა რა, თანაც ძალიან ღონიერი. გინდა ვიჭიდაოთ? - აკაკომ თავი დაუქნია. ნოემბერი და პატარა ბიჭი შეებნენ ერთმანეთს. ძალიან სასაცილო შესახედები კი იყვნენ. ჭიდაობა არც ერთმა იცოდა და არც მეორემ. ირინა სიცილს ძლივს იკავებდა, ტალახში ამოგანგლულ ძმას და ნოემბერს რომ უცქერდა. მოჭიდავეები კი მიწაზე გორავდნენ და ტალახს აინუშშიაც არ აგდებდნენ. - უფ, უფ გნებდები, გნებდები. - ხვნეშა-ხვნეშით წაიბურტყუნა ნოემბერმა. - შენ რა მაგარი ყოფილხარ, - გაიღიმა გიორგობისთვემ და ირინას თვალი ჩაუკრა. გოგონა კისკისებდა და ტაშს უკრავდა. - ფრეა, ფრე. ორივენი ძალიან მაგრები ხართ. ახლა სახლში წავიდეთ, ტანსაცმელი გამოიცვალეთ, - მიმართა ირინამ მოჭიდავეებს. აკაკომ დაიკოს ხელი ჩაკიდა. - წამოდი ნოემბერო შენც გამოიცვალე. - მეე? - გაიკვირვა ნოემბერმა. როდის იყო მე ტანსაცმელს ვიცვლიდი. ტალახი თავისით გაშრება და ჩამოცვივა. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ. წადით, თავს მიხედეთ, მერე ხომ შევხვდებით? - მუდარით სავსე თვალებით შეხედა მან გოგონას, - ასეთი კარგი დრო ჯერ არ გამიტარებია. - ხვალ ამ დროს ბაღში მოვალთ. - უპასუხა ირინამ. ბავშვები მიბრუნდნენ და სახლისაკენ გაიქცნენ. მას მერე ყოველ დღე ხვდებოდა ნოემბერი ბავშვებს. მათი ხათრით შეხვედრის წინ წვიმას მიმართავდა ხოლმე, - მაცალე ახლა ერთი-ორი საათი და მერე თუნდაც კოკისპირულად წამოდი. - წვიმაც ხათრს არ უტეხავდა შემოდგომის ბოლო თვეს და ბავშვებთან გართობაში ხელს არ უშლიდა. ნოემბერს ირინასათვის სხვადასხვა ფერის ფოთლების თაიგულები მოჰქონდა ხოლმე. ხშირად გამხმარი ფოთლებიდან გვირგვინებსაც უწნიდა ბავშვებს. ყველანი ერთად გამხმარ ფოთლებში შარი-შურით დააბიჯებდნენ, ხანდახან ზედ დაგორდებოდნენ და ვითომ ზღვაში მოცურავე მეკობრეები იყნენ ან დახუჭობანას თამაშობდნენ და ერთმანეთს ემალებოდნენ ყვითელი ფოთლების გროვებში. ნოემბრის თვე ილეოდა. 23 ნოემბერიც დადგა. ბავშვები მშობლებთან ერთად ეკლესიაში წავიდნენ. იმ დღეს ხომ გიორგობა იყო. მღვდელი წირვას ატარებდა. Uამ დროს ირინას ტირილის ხმა შემოესმა. გოგონამ აკაკოს ხელი ჩაჰკიდა და იმ ადგილს მიუახლოვდა, საიდანაც ჩუმი ქვითინი ისმოდა. ეკლესიის კუთხეში ნოემბერი ჩაცუცქულიყო და ლოყებზე ღვარად სდიოდა ცრემლები. - ნოემბერო, რა დაგემართა? დღეს ხომ დღესასწაულია, რა გატირებს? - ჰკითხა შეშფოთებულმა გოგონამ. - თქვენ იცით რომ დღეს, 23 ნოემბერს წმინდა გიორგი ბორბალზე აწამეს? იცით როგორ სტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. მე ხომ იქ ვიყავი და ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი. - აგრძელებდა ტირილს ნოემბერი. - იმიტომაც არის ის წმინდანი, სწორედ ეს უნდა გიხაროდეს, კი არ ტიროდე. ის ხომ დღესაც ცოცხალია და ყველას გვეხმარება.
- მართალი ხარ შენ ხომ იცი, - ფრთხილად გაიღიმა ნოემბერმა. - მართალი ხარ და ჭკვიანი. მე კი გამოშტერებული, სულელი ბებერი ვარ. - რას ამბობ, შენ ყველაზე საყვარელი და კეთილი თვე ხარ. ტყუილა კი არ ხარ გიორგობისთვე. ბავშვები ჩაეხუტნენ ნოემბერს და ორივე ცრემლიანი ლოყა დაუკოცნეს. ერთი კვირის თავზე კი ნოემბერმა გაშალა თავისი დიდი, შავი ქოლგა და გზას გაუდგა. - აბა, ღორმუცელებო ერთ წელიწადში მოვალ. - მერე თავი დახარა, - ისე კი, მომენატრებით ხომ იცი. - მიბრუნდა და ფართე გზას გაუყვა. ბავშვები სევდიანად გასცქეროდნენ ნოემბერს და ამავე დროს მოუთმენლად ელოდნენ დეკემბრის მობრძანებას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|