„ადგილი, სადაც გადაწყვიტე მოკვდე, განსაკუთებულია, თუნდაც ის შენივე სიკვდილის მარცხს განასახიერებდეს“. - „შავი ქვიშა“, ხუან კარლოს მენდეს გედესი
1
ყველაფერი იმაზე ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე კოტე მას საკუთარი ცხოვრების სამოცდამეთოთხმეტედ მომდგარ გაზაფხულს გაიხსენებდა. მაშინ, როდესაც მის ახმახ, ჭაღარა და ჩამომჭკნარ სხეულს, თითქოს დაევიწყებინა ეს ამბავი. მაგრამ, როგორ დაივიწყებდა იმას, რაც მხოლოდ ახლა გაიგო? კოტე დილიდანვე ფეხზე იდგა, ლაშას ელოდებოდა, მის შვილიშვილს, რომელიც ასე უყვარდა და თან ყოველთვის თავს დასტიროდა, ნეტა ნანას მოესწრო შენი ნახვა და მერე კი წავიდოდა ბედნიერიო. მაგრამ ნანა, აწ უკვე, ექვსი წელია აღარ იყო მის გვერდით, ასე რომ სჭირდებოდა. ეჰ, ნანა, ნანა. კარგი ქალი იყო, კოტესაც ძალიან უყვარდა და იყვნენ ასე ბედნიერად. ორი შვილი ეყოლათ - გუგა და სალომე. არცერთი შვილისთვის არაფერი დაუკლიათ. მერე, როგორც არის წამოიზარდნენ, სალო საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, გუგამ ელენე შეირთო ცოლად. კოტეს დღემდე ნათლად ახსოვს მისი ქორწილი და მშვენიერი ნანა, საგულდაგულოდ, რომ გამოწყობილიყო ვაჟის ქორწილისთვის. ნეტაი იმ დროს. აქედან ორ წელში ნანას ინფაქტმა დაარტყა და კოტემ ძლივს გადაიტანა ეს ამბავი, მაგრამ იმ ზამთარს შეეძინათ გუგას და ელენეს ლაშა და იქცა ბაბუს იმედად. ნანას არყოფნაც სულ მის ზრუნვაში გადაიტანა. ლაშასაც ძალიან უყვარდა ბაბუ და შაბათ-კვირასაც სულ მასთან იყო ხოლმე. ჯერ პატარა იყო, მაგრამ ყოველთვის ეცოდებოდა ბაბუ მარტოობისთვის. ახლა იჯდა კოტე თავისი ბინის მესამე სართულის აივანზე, სათვალეების მიღმა თვალებს პატარა ბავშვივით აფაციცებდა და თან წერდა საყიდლების სიას, ასე რომ დაჩვეოდა წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ მაშინ, მამასთან ერთად, რომ ჩამოწერდა ხოლმე, მერე ნანასთან ერთად, ცოლ-ქმარი დილით ყავასთან ერთად მოსხდებოდნენ სამზარეულოს მაგიდასთან და წერდნენ სიას. ახლა კი იჯდა მარტო და ანაწილებდა ჩარიცხულ პენსიას. უყვარდა კოტეს ყველაფრის დამარაგება, ეს მისი შიშიც იყო და თანად ზრუნვა, რადგან სიამოვნებდა, როდესაც სახლში მასთან მისულ უცხოებს და ნაცნობებს ყველაფერს რომ ახვედრებდა. ეგეთი კაცი იყო მზურნველი. რამდენი წელი იყო, რაც მის სიას ერთგულად ამშვენებდა:“ლუდი გიასთვის“. გია მის ქვემოთ ცხოვრობდა და მაშინ გაიცნო ნანასთან ერთად, რომ იყიდა ეს ბინა. კარგი მეზობლები ეთქმოდათ, პრინციპში, მეგობრები იყვნენ, თანაც კარგი. უყვარდათ ერთად დომინოს თამაში და ძველი ამბების გახსენება. ხშირად ლუდთან ერთად გიას შვილიშვილებისთვის - მართასთვის და მარიამისთვის - ტკბილეულსაც გააყოლებდა ხელს კოტე. ამიტომაც იყო, ყოველთვის რომ უხაროდათ გოგონებს კოტე ბაბუას დანახვა, რადგან იცოდნენ, არასდროს მივიდოდა მათთან ხელცარიელი. მანქანის ხმაზე კოტემ ეზოში გადაიხედა და დაინახა ხუჭუჭა, ჭორფლებიანი შვილიშვილი ხელს რომ უქნევდა. გუგამაც გამოხედა და ანიშნა მამას, რომ ეჩქარებოდა, ლაშას აკოცა და სადარბაზოში შეუშვა. კოტეც ნელ-ნელა წავიდა შესასვლელისკენ, მაგიდიდან სია და კალამი აიღო და კუპრივით შავი პერანგის გულის ჯიბეში ჩაიდო. სადარბაზოდან ესმოდა, როგორ ამორბოდა ლაშა ფეხით. კარი გაღებული არ ჰქონდა, რომ ჩაეხუტა ბაბუს და კოტეც მაშინვე გაბედნიერდა შვილიშვილის ხვეული თმიდან ქარის სუნი რომ შეუსუნთქა. უყვარდა ქარისა და სიცივის სუნი, ნანას ახსენებდა, მის ზამთარში გაცნობილ სიყვარულს. ლაშამ ბაბუ დაინახა თუ არა, მიხვდა, რომ საყიდლებზე უნდა წასულიყვნენ, რადგან კოტეს გულის ჯიბეზე მხედველობის სათვალის ნაცვლად, მზის შავი სათვალე დაეკიდებინა, რა თქმა უნდა, ნანას ნაჩუქარი. ლაშამაც უცბად, ქოშინით წყალი დალია სამაზრეულოში თავისი საყვარელი ყურჩამოტეხილი მწვანე ჭიქიდან და ბაბუს მივარდა, ხელი მაგრად ჩასჭიდა და წავიდნენ საყილდებზე, სადაც კოტეს შავი უბის წიგნაკში ჩამოწერილი სია ყოველთვის ამ მოგზაურობის კომპასი იყო. გარეთ სასიამოვნო სუსხი გადაკვროდა ყველაფერს და მზეც სუსტად ანათებდა. ბაბუა და შვილიშვილი კი ერთგულად იკაფავდნენ გზას, რომელიც კოტეს სახლიდან მეზობელი ქუჩის კუთხეში ნატოს მაღაზიამდე არსებული მანძილი იყო. ამ გზაზე საყვარელი ადგილიც ჰქონდათ, კორპუსებს შორის გაჭრილი ზღვის ხედი, სადაც იდგნენ და უსასრულოდ ოცნებობდნენ ხან რაზე, ხან რაზე. არც ზღვას აქვს ნაპირები და არც მათ ფიქრებს. ხანდახან მამაცი მეკობრეები იყვნენ, ხან კოსმონავტები, ხანაც საიდუმლო მისიაზე მიდიოდნენ, ზოგჯერ განძსაც პოულობდნენ. კოტეს კი ეს ყველაფერი მამას ახსენებდა, რადგან არც მანამდე და არც მას შემდეგ ისეთი დაუჯერებელი ამბები არ მოუსმენია, როგორსაც მამა უამბობდა ხოლმე. ნატო მაღაზიაში თავისი ადგილისა და ტუჩსაცხის ერთგული დაუხვდათ ჭარმაგი ქალი, უხეშად შეღებილი წითელი თმებითა და დანაოჭებული თვალებით, რომლებსაც მუდამ ამშვენებდა სხვადასხვა ფერის საღებავები. კოტე კარგად ნაცნობ თაროებზე, კიდევ უფრო ნაცნობ პროდუქტებს ათვალიერებდა და შიგადაშიგ ლაშას თვალს ავლებდა. ლაშა ნატოს მაღაზიის უწესრიგოდ დალაგებულ თაროებში იკვლევდა გზას, მანამ თავისთვის უცხო და სანუკვარ ნივთს არ მიაგნო - კიბეებზე არეულ ყუთებთან მიყუდებულ გამჭირვალე შეთუშვაში შეხვეულ ფრანს, წითლად შეფერილ მფრინავ ოცნებას. კოტემ შვილიშვილს კიბის ბოლოში თვალი მოკრა და დაინახა, თუ რას მისჩერებოდა ასეთი გაფაციცებით. მასაც ენახა ჰაერში მოლივლივე ფრანი. ადრე, ძალიან ადრე. იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ნანას შეხვდებოდა, ვიდრე მისი გონებიდან ფრაგმენტები გაქრებოდა, ან ეგონა, რომ გამქრალიყო, მაგრამ ისინი არც არასდროს წასულან, უბრალოდ კარგად დაევიწყებინა და მოგონებათა გობელენში ჩაკარგული ძაფი იყო.
2
მამა მეზღვაური იყო, მუქი თვალ-წარბითა და წვერ-ულვაშით. სახლშიც იშვიათად იყო, რის გამოც სულ იცოდა დაბარება, კოტე, მა, დედას მიმიხედეო. გვიან ღამით ჩამოვიდა იმ დღეს მამა. ცხელი ღამე იყო, ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ეზოში მეზობლების ხმა ერთმანეთში ირეოდა, რასაც ერთვოდა სარცეხის შრიალი და ჩვენი სახლის კარზეც გაისმა ხმა, რომელიც ლამის დავიწყებოდა ამ ბინის კედლებს. დედა კარებისკენ წავიდა და მეც ავედევნე. მამას დაღლილ და ღიმილიან სახეს ძლივს აჩენდა სადარბაზოს მბჟუტავი ნათურა, მაგრამ თან სდევდა ნესტისა და ზღვის სურნელი გარდასულ ამბებს რომ ინახავდა. მე და დედა ერთად ჩაგვიხუტა და მიგვიკრა ტკიცინა უნიფორმაზე. ხმას არ იღებდა, თითქოს მოსაყოლიც არაფერი იყო და ყველაფერი ამ შეხებით შეივსო. ღამით გვერდით დამიწვა და ხელი არ გამიშვია, მეშინოდა მისი დაკარგვის. მის სურნელს ვგრძნობდი, დაკოჟრილ ხელებზე პატარა თითებს მთელი ძალით ვუჭერდი და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო, რომ ახლა ჩემთან არის. ძილშიც გამყვა ეს ფიქრი და დილით შეშინებული წამოვხტი, როდესაც გვერდით აღარ დამხვდა. სამზარეულოში გავვარდი, იქ დამხვდა, არსად წასულა. თავისი კალმის ერთგული საყიდლების სიას წერდა. მამამ სულ ასე იცოდა, თავშენახული და ზედმეტად მოწესრიგებული ადამიანი იყო. უყვარდა სახლში დაბრუნებულს საყიდლებზე გასვლა, რადგან სადარდებელი არ ჰქონოდა, რომ აქედან წასულს რამე დაგვაკლდებოდა მე და დედას. მოხდენილად იჯდა და ლამაზი კალიგრაფიით წერდა სიას. გამომხედა, გამიღიმა და მკითხა, როგორ მეძინა, პასუხი არც გამიცია, იმწამსვე ჩავეხუტე. თმებზე ხელს მისვამდა და რაღაცას წერდა, თან ფიქრობდა, თითქოს არც იყო აქ, უბრალოდ მეხებოდა. ცოტახანში მოფხიზლდა, საყიდლებზე გაყოლა მთხოვა, რაზეც პასუხი გარდაუვალი იყო, რომ დავთანხმდებოდი, რასაც ჩემი განათებული სახითაც მიხვდა. ერთად მოვემზადეთ, დედა, სადღაც გასულიყო დილიდან და მამამ ჩამაცვა ისე, როგორც თავად უყვარდა, კოხტად. თმაც ლამაზად გადამვარცხნა, გასასვლელში კიდევ ერთხელ მომავლო თვალი, ხელი გამომიწოდა და წავედით. მამასთან ერთად ყველაფერი უფრო მშვენიერი იყო, მზია ბებიას თოკზე გაკიდებული ჭრელი სარეცხი, ჩემი სკოლის ეზო, სადაც მამამ და დედამ ერთმანეთი გაიცნეს, ზღვაც კიდევ უფრო მშვენიერი იყო, როცა მამა არ იყო მასში და აქედან ერთად ვუყურებდით. ბაზარში მისულმა მამამ ჯიბიდან სია ამოიღო და ნაცნობ სახეებს დაუწყო ძებნა. მამას ყველა იცნობდა, ყველა გულთბილად ეგებებოდა და ეკითხებოდნენ, რა ხდებოდა იქ, იქ, სადაც არ არის ნაპირები. მამაც ყველას თბილად პასუხობდა და დაუღალავად უყვებოდა ამბებს, რომლებიც აქედან ძალიან შორს გადახდენოდა. სიასაც ნელ-ნელა მეტი გასმული ხაზი ემატებოდა და მამას ლამაზი კალიგრაფიით სავსე ფურცელიც აჭრელდა. ყველაფერი ვიყიდეთ და ბულვარდს მივუყვებოდით. მე და მამამ ყოველთვის ასე ვიცოდით, საყიდლების მერე ბულვარდს ჩავუყვებოდით, ის ისტორიებს მიყვებოდა, მე ვუსმენდი, მაგრამ არასდროს მადარდებდა ისინი, რადგან იქ არასდროს ვიყავი მე. უბრალოდ მამას მოსმენა მიყვარდა და მამასთან ყოფნა მინდოდა, თუნდაც ისტორიებში. ზღვაში მზე ირეკლებოდა წერტილებად და ნელი, თითქმის შეუმჩნეველი სიო ქროდა, სანაპიროც სავსე იყო დამსვენებლებით და გაფერადებულიყო იქაურობა, აქა-იქ ნაწყვეტი დიალოგები ისმოდა, ზოგი რაზე დარდობდა და ზოგი რაზე. იმ მომენტში კი ჩემი ერთადერთი სადარდებელი ცაში აფრენილი წითელი, ჭყეტელა ფრანი იყო, რომელიც ქართან ერთად ნაზად ირხეოდა, როგორც მისი პატრონი გოგონას სწორი თმები. წამით ვინატრე, ნეტა მეც შემძლებოდა ფრენა ისე, როგორც ამ ფრანს შეეძლო ზღვის თავზე, რომ მამას თან გავყოლოდი იქ, სადაც წავიდოდა. მას ეცურა, მე კი მეფრინა და ასე გვევლო ჰორიზონტის დასალიერამდე, სადაც მზეები განისვენებენ და მთვარეები იბადებიან. წამით გავჩერდი და ფრანს ვაშტერდებოდი იქამდე, სანამ თვალები არ მატკინა მზემ. მამამ შემამჩნია, რომ ჩამოვრჩი, ისიც შენიშნა, რას მივშტერებოდი და მაშინვე ჩემსკენ წამოიწია, ჩაიმუხლა, საყიდლების პარკი გამომიწოდა და სია გულის ჯიბეში ჩამიკუჭა, სევდანარევად გამიღიმა და მითხრა, რომ მიყიდდა ფრანს, თუ კი იქ დაველოდებოდი. მეც ვუთხარი, რომ აქ დავუცდიდი. მამა არასდროს მოსულა. ისევე გაქრა, როგორც ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივი ჰორიზონტზე.
3
კოტე ლაშას მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა, უთქმელად უყიდა ფრანი, რომელიც არ ყოფილა მის სიაში, მაგრამ მის გონებაში გაშლილიყო. ცოტახანს ნატოს გამოელაპარაკა და სახლისკენ წავიდნენ. კვლავ გახედეს ზღვას, რომელიც ღელავდა. ოდნავ აგრილებულიყო, მაგრამ მაინც საგრძნობი იყო ჰაერში ადრეული გახაფზულის სიახლოვე. სახლში მისულებმა ყველაფერი თავიანთ ადგილას დააბინავეს და ტელევიზორს უყურებდნენ. ლაშას მალევე მიეძინა ბაბუს ჭარმაგ მხრებზე და კოტემაც მაშინვე მიაფარა ბავშვს პლედი. უკვე მოსაღამებულიყო და ცაც სისხლისფრად შეღებილიყო, მეზობლები სარეცხს იღებდნენ ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსამდე გადახლართული თოკებიდან, კოტეც ფანჯარასთან აზუტულიყო და ფიქრობდა ფრანზე და მამაზე. ეზოშიც არაფერი იყო ახალი, გარდა გვერდით სადრბაზოში გადმოსული მეზობლის მანქანისა, რომელიც ამალიას ჯიხურის გვერდზე მიეყენებინა, მაგრამ კარგახანია ამალია გარდაცვლილიყო და ეს ჭაობისფერი, გადახუნებული ჯიხურიც იდგა უძრავად. კოტეც მიხვდა, ეზოში ახალს ვერაფერს ნახავდა, საძინებლისკენ წავიდა, თან ლაშას დახედა და სიის ძებნა დაიწყო, რომელიც მამამ იმ დღეს გულის ჯიბეში ჩაუკუჭა. ზუსტად ახსოვდა, რომ შეენახა, რადგან ახლაც კი ღრმად მოხუცებულს სჯეროდა, რომ მამას, სადმე ნახავდა და კვლავ დაუბრუნებდა მას ამ სიას. მაგრამ არც მამა ჩანდა სადმე და ახლა აღარც ეს სია. ყველაფერი გადმოატრიალა, სადაც ეგონა, რომ იპოვიდა იმ ძველ ხაზებად აჭრელებულ ფურცელს, მაგრამ, ვაი, რომ არსად ჩანდა და კოტეც არ ჩერდებოდა, თან ფრთხილობდა, არ უნდოდა შვილიშვილს გაღვიძება. ეძება ყველგან და ბოლოს თავისი საქორწინო პიჯაკის ჯიბეში მიაგნო, აღარ ახსოვდა, რატომ დაეტოვებინა იქ. იფიქრა, ძირს დავჯდები და წავიკითხავო, მაგრამ თავისი წელის გადამკიდემ იცოდა, რომ ძირს ჯდომაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. ამიტომაც, მომიმარჯვა სათვალე, სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა და დაიწყო სიის კითხვა: ხორბალი (მამუკა) მწვანილები (თამილა) თევზი (გივი)
ბოლოში რაც ეწერა ნელ-ნელა გამქრალიყო და ძლივსღა თუ წაიკითხავდა კაცი. კოტესაც თვალები ასტკივდა და მიანება თავი, ვერ კითხულობა ამ წვრილ ასოებს და თუ გინდათ მოგეკლათ. ჩაი მოიდუღა მურაბით, რომელიც დარიკომ, გივის ცოლმა, ამოუტანა. ნანასას ვერ სჯობდა, მაგრამ მაინც კაი იყო. გარეთ ისევ არაფერი შეცვლილა, ლაშას ისევ ეძინა, ნეტა რას ხედავსო ახლა სიმზარში, ფიქრობდა კოტე და კვლავ ნაწერს გახედა. რაღაც შეცვლილიყო. სიის ქვეშ, რაღაც ლანდავდა, კოტემ მაშინვე სათვალე გაიკეთა და დარწმუნდა, რომ არ ეჩევნებოდა. არც მოჩვენებია. სიას ოთხივე კუთხე შეკეცილიყო და მის ქვეშ კიდევ რაღაც იყო შეცურებული. კოტემ ფრთხილად გამოაძვრინა სიის ქვეშიდან დაკეცილი პატარა ფურცელი და გადაშალა. წერილი იყო. ეს კალიგრაფია. ასეთი ნაცნობი. მამის ნაწერი იყო. გული აუჩქარდა კოტეს, წამით წამოდგა და სათვალის ქვეშ თვალები მოისრისა. ნამდვილად მამამისის ხელნაწერი იყო, არ ეშლებოდა. ამ წვრილ, ხელწაკრულ ასოებს მწყობრად ნაწერს ყველასგან გამოარჩევდა. „კოტე, მა, მაპატიე, რომ დავნებდი. დავნებდი ყველაფერს, თქვენთან ყოფნასაც, არც კი ვიცი, როდის ნახავ ამ წერილს, მაგრამ გახსოვდეს, რომ მამიკოს ყოველთვის თან დააქვს შენი და დედიკოს სურათი, მანამ, სანამ ცოცხალია. გთხოვთ, ჩემი ნაყიდი რაღაცებით საკურთხი გადამიხადოთ. 1954 წლის 24 ივლისი მიყვარხართ და მაპატიეთ დ.შ“.
იმ დღეს მამას საკურთხი გადავუხადეთ მე და ლაშამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|