მშენებლობა.
სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/
მიუხედავად იმისა რომ დედაპლანეტაზე ზედმიწევნით გავიარე ყველა პუნქტი, გეგმა ძირისძირობამდე შევისწავლე და ვირტუალურადაც ყველაფერი კარგად გამოდიოდა, აქ ჩამოსულმა აღმოვაჩნე რომ ბევრი რამე ისე არ იყო როგორც მეგონა. იგივე სახლის თემა ავიღოთ. დაგეგმილი იყო ამეგო სახლი ადგილბრივად მოპოვებული მთის ქანისგან დამზადებული ბლოკებით, ხოლო სადუღაბე მასალები ადგილზევე უნდა მეყიდა. წინასწარი მოკვლევით თითქოს ყველა საჭირო მასალა ადგილობრივ ბაზრზე თავისუფალ წვდომაში იყო. მიუხედავად ლენსის გაფრთხილებისა რომ სამშენებლო მასალები არც ისე ადვილი საპოვნელი იყო, მაინც გადავამოწმე ადგილობრივი ბაზარი. აღმოჩნდა რომ ადგილობრივი ქანის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ბლოკებს ჭრიდა დახურულია. ხოლო სადუღაბე მასალები კი დეფიციტში იყო მთელი პლანეტის მასშტაბით. ყველაფერი ისედაც და ასედაც მეოთხე რგოლის რომელიმე პლანეტიდან უნდა გამომეწერა. იმიტომ რომ ადგილობრივ ბაზარს ამარაგებდა მხოლოდ მეოთხე რგოლის სამრეწველო სექტორი. ამ პლანეტაზე კი ეს ყველაფერი ხვდებოდა ერთად ერთი კოსმოპორტის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ დედაქალაქ ბოლონშია. სადაც კვირაში ერთხელ არც ისე დიდი, ადგილობრივი კორპორაციის სატვირთო ხომალდი მოდის მხოლოდ. ისიც მუდამ დატვირთულია ყველანაირი საჭირო ტვირთით და მასზე ადგილის მოძებნა საკმაოდ რთულია. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, თუ კი გადავაკეთებდი საწყის პროექტს და სივრცული ბეჭდვის აპარატს გამოვიწერდი, მაშინ რიგი უნდა დამეკავებინა. როდესაც ოპერატორმა გამირკვია რა დრო დამჭირდებოდა დალოდებისთვის, დაახლოებით ადგილობრივი 4 წელი გამოვიდა. მიზეზად ის მითხრეს რომ ეს მბეჭდავი კორპორაციის საკუთრებაა და უპირველესად სწორედ მის ინტერესებს ემსახურება. დამატებით კერძო შეკვეთებზე მცირე დრო ქონდათ გამოწერილი. ანუ გამოდიოდა რომ ყველაფერზე რიგში უნდა მდგარიყავი ეს კიდევ, მრავალი ადგილობრივი წელიწადი ლოდინს ნიშნავდა. რაც რა თქმა უნდა არ მაწყობდა, იმიტომ რომ მომიწევდა კარავში ცხოვრება. ერთი-ორი კვირა კარავი პრობლემა არაა, მაგრამ წლები? ამიტომაც გადავწყვიტე რომ ლენსის რჩევა მიმეღო და კოსმოსური კონტეინერებით ამეგო სახლი, რომელიც თურმე უფასოდაც შემეძლო ნაგავსაყრელიდან ამეღო, თანაც მეორე დღესვე. ლენსმა გამომიყო ხელოსნების ჯგუფიც და შესაბამისი ტექნიკაც. კონტეინერების წამოსათრევად გრავიამწეები დავიქირავე. სანამ ხელოსნები მოვიდოდნენ ჩემამდე, ნაქირავები როვერით მივათრიე ყველა კონტეინერი. მე და რებუ დავსხედით საღამოთი და მოვიძიეთ ქსელში კონტენერების გამოყენებით აგებული სახლების არქიტექტურა. შევარჩიეთ ერთ-ერთი და შევადგინეთ გეგმა თუ როგორ უნდა აგვეგო. 2 სართულიანი ნაგებობა გამოგვდიოდა, დაბლა კონტეინერებს ღერძიდან აცდენილი ჯვრის ფორმა მივეცით, ისე რომ შუა გადაკვეთაში მცირე ღიობი რჩებოდა, ამ ადგილას საიდუმლო საცავის გაკეთების აზრი მქონდა. რომელთანაც წვდომა მხოლოდ მე და რებუს უნდა გვქონდა. დილას როდესაც ხელოსნები მოვიდნენ ტექნიკით, გავაცანი სამუშაოების გეგმა, მათ ბრიგადის მეთაური ყავდათ, რომელმაც დავალებები გაუწერა ყველა ხელოსანს. დასაწყისისთვის ბულდოზერმა კონტეინერების განსათავსებელი ადგილი მოასწორა, ოპერატორი ისე იყო დახელოვნებული რომ მიწის ზედაპირი პრაქტიკულად თარაზოში გაასწორა. შემდეგ გაკეთდა წერტილოვანი ბეტონის ბალიშები, რომელზედაც დავდგით უკვე კონტეინერები და ერთიმეორესთან დავამაგრეთ ისე რომ თერმოიზოლაცია არ დარღვეულიყო. დავდგით მეორე სართულიც. ცნობისთვის იმ ნაგავსაყრელზე უამრავი სხვა დეტალიც მოვიძიე. იგივე კიბეები რომლითაც მეორე სართულზე შევძლებდი ასვლას. კარიერში ერთ-ერთი საამქრო დაუჭრიათ და მისი დეტალები რაც არ დასჭირდათ გადაუყრიათ ნაგავსაყრელზე. კიბეები, ბილიკები, კარებები და ელექტრო გამხსნელიანი რამდენიმე დარაბაც კი შემხვდა. ეს დარაბა აუცილებელი პირობაა რომ გქონდეს. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით ამ პლანეტაზე ღამე ძალიან მცირე ხანი გრძელდება. დღის დასრულების შემდეგ სინათლეს გაზის გიგანტიდან ვიღებთ, რის გამოც ისეთი გარემო დგება პლანეტაზე როგორც დედაპლანეტაზე გვქონდა გაზაფხულის მშვიდი და ნათელი საღამოების პერიოდში. მხოლოდ მაშინ ბნელდებოდა როდესაც ჩვენსა და მზეს შორის ეს გიგანტი ექცეოდა. ეს კიდევ 3 დან 5 საათამდე გრძელდებოდა სეზონის მიხედვით. შესაბამისად წესიერი გამოძინების იმედი არც უნდა გქონდეს თუ კი დარაბა არ დაკეტავს ფანჯრებს სრულიად. ჩამოსვლიდან 2 კვირაში ჩემი ტვირთიც ჩამოვიდა. ამ მომენტში უკვე სახლი თითქმის დასრულებული იყო. სიხარულით ავაწყვე საკუთარი როვერი. უკვე შედარებით დიდი ტვირთების გადატანაც შემეძლო. ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე ენერგო სადგურის მოწყობა იყო, ჩემი სახლის სახურავზე დავაყენე მზის ბატარეები. უკვე სახლში ავტონომიური დენიც მქონდა. მალევე კონტეინერების ერთ-ერთ განყოფილებაში მოვაწყე სამაცივრო დანადგარი რომ ჩამოტანილი ნიმუშები შემენახა. იმ ჩემს საცავში კი ყველაზე ძვირფასი რამეები დავალაგე, მათ შორის იარაღიც. ცნობისთვის არც ისე ცოტა რამე ჩამოვიყოლე, ცეცხლსასროლი იარაღიც მქონდა და ენერგეტიკულიც. მიუხედავად იმისა რომ ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ მეგობრული ჩანდა, მაინც... სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩემი საცხოვრებელი მეორე სართულზე მოვაწყვე. იქედან ხედიც ლამაზი იყო და დასასვენებელი ბანიც მქონდა. საღამოობით შეიძლებოდა დასვენების დროს ამ ბანზე შეზლონგზე წამოწოლილს გეცქირა როგორც მზის ჩასვლისთვის, ისე გაზის გიგანტის ამოსვლისთვის და დაბლა ველზე განათებული ქალაქიც ლამაზად მოჩანდა. სახლში დიდი არაფერი ავეჯი არ მქონდა. ჩემი საწოლი, რამდენიმე კარადა და მაგიდა. მოგვიანებით ნელნელა შევმატე სახლს ყველაფერი. საჭროების შემთხვევაში თავისუფლად შემეძლო მიმეღო 3 სტუმარი და ცალ-ცალკე ოთახში განმეთავსებინა. როცა სახლი დავასრულე, მე და რებუმ დავიწყეთ წყლის პრობლემის მოგვარება. თანამგზავრული რუქებიდან აღებული მონაცემებით, რებუმ სახლიდან არც ისე შორს, წყლის გაანტოტვების ადგილი მონიშნა. შემდეგ გავმართეთ ლენსის ნათხოვარი საბურღი საშუალება და გარინდებულებმა დავიწყეთ მუშაობა. პირველი სიურპრიზი ის იყო რომ წყლის კვალი ვიპოვეთ გაცილებით უფრო მაღალ ფენაში ვიდრე ველოდებოდით, სულ რაღაც 30 მეტრში ზედაპირიდან. ეს სასწაული იყო, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც უფრო დაბლობშია, წყალი რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმის ქვეშ იყო. ჩვენ 50 მეტრზე ქვემოთ აღარც დავღრმავდით. საჭიროება აღარ იყო, რებუმ შემომთავაზა უბრალო ჭა გავთხაროთო და ისე მოვიპოვოთ წყალიო. კარიერიდან დაქირავებულმა მთხრელმა დროიდებმა ეს საქმე ერთ დღე-ღამეში შემისრულეს. მართლაც 30 მეტრზე ცოტა ქვემოთ რომ ჩავიდნენ წყლის საკმაო დიდი ნაკადი ამოვიდა მიწიდან. საბოლოოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ ჭა თითქმის სანახევროდ გაივსო ამოსული წყლით. შეიძლება ითქვას წყალი თავზე საღვრელად მქონდა. რაც მთავარია მცირე გაფილტვრის შემდეგ სასმელადაც ვარგისი იყო. შემდეგ ეტაპზე ბიოგაზის აპარატურა ავაგე. აქაც ნაგავსაყრელზე გადაყრილი მასალები გამომადგა. რამდენიმე მრავალ ტონიანი ავზი მოვიტანე, რომელიც მე და რებუმ დამოუკიდებლად შევაკეთეთ, ყველა ხვრელი დავუქოლეთ, შიგნიდან ჰერმეტიზაცია მოვუწყეთ. ჩავსვით მიწაში საჭრო სიღრმეებზე და მივუერთეთ ყველა მიმღებ-გამსვლელი სისტემები. ახლა საჭრო იყო მასში ჩასასხმელი ბიომასის მოპოვებაც. ქალაქის თავს დანაპირები შევახსენე, მანაც მითითება მისცა მასის გამტან მძღოლს რომ ნაცვლად მიტოვებული კარიერისა ჩემთან მოეტანა. დღესაც არ დამავიწყდება ამ არსების გაკვირვებული თვალები და ფრაზა. - ბავშვობიდან მასწავლეს რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების შედეგი დავმალო, რაც თავი მახსოვს არავინ მინახია მისით დაინტერესებულიყოს. არა ვიტყუები, მუცელი მტკიოდა და ექიმი დაინტერესდა, იმანაც ანალიზებისთვის მთელი მასიდან ერთი ჩხირის ოდენა აიღო, ისიც საბოლოოდ საპირფარეშოში მოისროლა. პირველად ვხედავ ვიღაცას ჩემი ფეკალია სახლში მიქონდეს, თუმცა მარტო ჩემი რატომ, მთელი ქალაქის. აჰა მოგიტანეთ და აბა თქვენ იცით მშვიდობაში მოიხმარეთ - აშარად თავს იკავებდა რომ დაცინვაზე არ გადასულიყო, თუმცა კი სახიდან ირონიული ღიმილი ბოლომდე არ მოშორებია. ხო მესმის... ქალაქში კი მეგობრულად მექცეოდნენ მაგრამ ყველასთვის მაინც ჭკუიდან შეშლილი ან უბრალოდ სახელმწიფო ფინანსების მფლანგავი სულელი ვიყავი. რამდენიმე დღეში საკმარისზე მეტი ბიოგაზი მქონდა რომ რეალიზაციაზეც მეფიქრა. პირველად მაშინ გავედი ქალაქში და გამოვაცხადე რომ რაღაცას ვყიდი. ძირითადი გაზის მომხმარებელი მაინც სასადილოები და ბარი აღმოჩნდა. ეჭვის თვალით დამიწყეს ყურება. აქ წარმოებული გაზი პირველად გაიგეს. ვინც იცოდა რა გზით მოვიპოვე სიცილი აუვარდა, ანუ ჩვენივე გამომუშავებული პროდუქცია გინდა მოგვასაღოო. პრაქტიკულად მთელი კვირა ტყუილად მეწყო გატენილი ბალონები. მეგონა საქმე ჩამივარდა-თქო. ისევ „მარილიანი თევზის“ პატრონმა მიშველა და ნაწილი ბალონების თავად წაიღო. შემდეგ დანარჩენმა ბარებმაც მას მიბაძეს. უნდა აღვნიშნო რომ ქალაქის თავიც მეხმარებოდა ამ თემაში. ხალხს მოუწოდა, ადგილობრივი წარმოების გაზი შეისყიდეთო, რამე მოხდეს გარედან მოწოდება შეწყდეს, საერთოდ ისე რჩებითო. თანაც ჩვენი ეკოლოგიისთვისაც ასე აჯობებსო. ის კარიერი სადაც აქამდე ვყრიდით ამ ყველაფერს ისეა დაბინძურებული ახლოს ვერ გაეკარებიო. ასე კიდევ უნარჩენო ცხოვრება გამოგვდისო. უნდა აღინიშნოს რომ ქალაქის ენერგო მომარაგება საკმაოდ ცუდი იყო, ელექტრო ენერგიის უდიდესი ნაწილი კარიერის სამრეწველო რეაქტორიდან მოდიოდა, მზის პანელები პრაქტიკულად უიშვიათეს ნაგებობაზე იდგა. კოროპორაცია დიდადაც არ ზრუნავდა ამ ქალაქზე. ერთი ის შველოდა სიტუაციას რომ კლიმატი მუდამ ერთნაირი და თან თბილი იყო, შესაბამისად გათბობაზე საზრუნავი არ ქონდათ, იმის გამო რომ ღამეები ძალიან მოკლე იყო, არც ქუჩის განათებაზე იხარჯებოდა დიდი ენერგია. როცა ირთვებოდა ლამპიონები, კარიერში ისედაც არავინ მუშაობდა, ამიტომაც რეაქტორის ენერგია სრულად ყოფნიდა ყველანაირ განათებას. მუშები ისედაც ან ბარში იკვებებოდნენ, ან მუშათა კორპორაციულ სასადილოებში, სადაც საკვებს გარედან მოტანილი გაზქურებით ამზადებდნენ რომ რეაქტორის ენერგია დაეზოგათ. ქალაქში არც ოჯახები იყო დიდი ოდენობით რომ სახლში მომზადებისთვის გაზი დასჭირვებოდათ. რაც იყო იმათთვის საჭირო გაზი კი მოქონდათ რკინიგზით ბოლონიდან. იმისთვის რომ გაყიდვა შემძლებოდა, მომიწია გაზის ფასი უფრო დაბალი მეთქვა ვიდრე ბოლონიდან ჩამოტანილი ჯდებოდა. სიმართლე გითხრათ ეს გაზი ჩემთვის მაინც სხვა სამუშაო პროცესის დროს წარმოქმნილი გვერდითი მოვლენის პროდუქტი იყო. უბრალოდ ატმოსფეროში მის ტყუილად გაშვებას ჯობდა იაფად გამეყიდა. გაზი მეც დამჭირდებოდა მომავალში, ველის გენერატორებისთვის საჭირო ენერგიის შესაქმნელად, თბოგამცვლელი აპარატურა მქონდა თან ჩამოტანილი, რომელიც გაზის წვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას გარდაქმნიდა ელექტრო ენერგიად. მზის პანელები კი სრულად საკმარისი იყო სახლისთვის, მაგრამ ამ გენერატორებს სერიოზული მომარაგება სჭირდებოდათ. თან დიდი ენერგიის გამომუშავება მზის პანელით ისედაც არ გამოდიოდა. კოსმოსურ ხომალდებზე მსგავსი აპარატურის ასამუშავებლად ცალკე გამოყოფილი ნულოვანი ენერგიის რეაქტორები იდგა. ჩემთვის მსგავსი ტექნოლოგია წარმოუდგენლად დიდი სიძვირეა. ვერც ჩვეულებრივ მინი ბირთვულ რეაქტორს შევწვდებოდი, გავიარეთ ეს უკვე დედაპლანეტაზე. ყველაზე იაფი რაც იშოვება ფედერაციაში 3 მილიონ პესოზე ნაკლები არ ღირს. ეს თბოგამცვლელი აპარატი კი შეიძლება ითქვას გროშებად ვიყიდე. სრული დატვირთვით ამუშავებისას მთლიანი ფართობის ნახევრისთვის საკმარის ენერგიას გამოიმუშავებდა. სამომავლოდ სხვა დანადგარის ჩამოტანის ან აქვე აწყობის აზრი მქონდა. ასევე ნელ-ნელა უნდა დამეგროვებინა მაღალი წნევის გაზის ავზებიც, იმიტომ რომ სრული დატვირთვით მუშაობის დროს ერთბაშად ერთი კვირის განმავლობაში გამომუშავებული გაზის დაწვა მომიწევდა. ხოლო თუ მეორე დანადგარსაც ჩავრთავდი საქმეში და სრულ პერიმეტრს დავფარავდი, შესაძლოა გასაყიდი გაზი არც დამრჩენოდა გარკვეული დროის მერე. რაც მთავარია პირველი გადამუშავებული ბიომასა მივიღე. რომელიც შემდეგ უკვე მდიდრდებოდა მეორე ბიორეაქტორში საჭირო ბაქტერიებით. მიღებული მასა საბოლოოდ ადგილობრივ გრუნტში უნდა გადამერია გარკვეული პროპორციებით და ისე გამეშალა სამრეწველო ნაკვეთში. ამ ყველაფრის პარალელურად დავიწყე თავად სამრეწველო მიწის მოწყობაც. ამისთვის დამჭირდა კარიერის ბულდოზერის დაქირავება. გასათვალისწინებელი იყო ისიც რომ დროდადრო ამ ტერიტორიაზე ქვიშის და მტვრის ნალექიც იცოდა. მით უმეტეს კარიერის გადამუშავებულ ნაყარს რომ ქარი დაუბერავდა ხოლმე, ნისლივით დგებოდა დაბლობში მტვრის ღრუბელი. ველის გენერატორის ჩართვა ასეთ პერიოდშიც მომიწევდა. ამასთან დაბლობში განთავსებულ ტერიტორიებზე იყო რისკი რომ ქვიშის მოხეტიალე დიუნა შემოსულიყო, მსგავს სტიქიას კი დამიჯერეთ ვერანაირი ველის გენერატორით ვერ შეაჩერებთ. საჭირო იყო გარკვეული სიმაღლის ჯებირი. როდესაც მიწის ზედაპირის ანალიზი გავაკეთეთ მე და რებუმ, ანალიზატორმა დაგვიწერა რომ მიწაში საგანგაშოდ დიდი ოდენობის მარილები იყო. სავარაუდოდ თავის დროზე ოკეანის ნაკადებმა რომ გაიარეს აქ, ესეთი მარილიანი ნაგავი დატოვეს. გარკვეული სიღრმის ქვეშ უკვე მარილი აღარ იყო, თუ მინდოდა ამ ადგილზე რამის გაკეთება ზედაპირზე არსებული გრუნტი უნდა გადამეხვეტა. ვირტუალურ სიმულაციებში ისედაც გვქონდა ეს თემა გავლილი. ნაქირავები ბულდოზერით მიწა 2 გრძელ მართკუთხედ ნაწილად გაიყო, შუაში გაკეთდა მაღალი, დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლის და რამდენიმე მეტრის სიგანის მიწაყრილი. რომელზეც ველის გამცემი გენერატორები დაიდგა. პერიმეტრი შემოისაზღვრა ანალოგიური კედლით, რომელიც შედარებით უფრო მაღალი გაკეთდა. ამ კედლებს რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა. ერთის მხრივ იცავდა მოხეტიალე დიუნებისგან, მეორეს მხრივ კი დიდი გრიგალების შემთხვევაში, როცა ველის გენერატორის ჩართვა არ იქნებოდა საჭირო, კედლებს შიგნით შედარებით შეღავათიანი სიტუაცია მექნებოდა. ამავე დროს მასზე განლაგდა ველის მიმღები ბლოკები, რომლებიც ძალური კაბელებით იქნა დაკავშირებული გამცემებთან, რითაც შეიქმნა კიდეც კოსმოსური ხომალდის ბორტის იმიტაცია. ამით ერთიანი მასა გავაკეთე. სწორედ ამ ზონაში მქონდა გასაშლელი ბიომასით მიღებული ნარევი. თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, სადღაც 1 ციკლის შემდეგ უკვე 10 ჰექტარი ბაღი უნდა მქონოდა სრულად გაწყობილი. პარალელურად კაქტუსების ბაღი გავაკეთე სახლთან ახლოს, მანდ მხოლოდ მარილიანი ზედაპირის გადახვეტა იყო საჭირო. დაბლა არსებულ გრუნტში მშვენივრად გაიხარეს ჩამოტანილმა ნიმუშებმა. რებუს გამოთვლებით 4 თვეში უკვე მათი დაკრეფაც კი იქნებოდა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას რომ არა მიშავდა. ყველაფერი მეტნაკლებად გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. მშენებლობის დაწყებიდან ადგილობრივი დროით 1 წლის თავზე კაქტუსების პირველი მოსავალიც მქონდა და თითქმის ორ ჰექტრამდე ახალი გამდიდრებული გრუნტიც. რომელსაც დაბლიდან სარწყავ მილებსაც ვულაგებდი. გეგმის მიხედვით გრუნტს ვაკეთებდი საშუალოდ ნახევარი მეტრის სისქემდე. სრულად შევსებამდე გადავწყიტე მიწის ტყუილად მოცდენას რამე მომეწია ამ ტერიტორიაზე. ხო და პირველი მარცხიც მივიღე ამ ახლად გაკეთებულ ნაკვეთზე. ექსპერიმენტის გეგმის მიხედვით პარკოსანი მცენარის მოყვანა გადავწყვიტე. რებუმ შემირჩია ისეთი პერიოდი, როდესაც ანომალია ახალი მომხდარი იყო და შემდეგ ანომალიამდე ამ მოსავალს უნდა მოესწრო. ყოველი შემთხვევისთვის კონკრეტულად ამ ზონის დამფარავი ველის გენერატორიც მზადყოფნაში მქონდა. დასაწყისი კარგი იყო, მცენარე ამოვიდა და განვითარდა როგორც საჭირო იყო. მოისხა მოსავალიც რამაც გული გამითბო. ესე იგი ტყუილად არ ვჯახირობ-თქო. მაგრამ რატომღაც ვეგეტაციის პერიოდშივე ჩამოჭკნენ ნათესების ნაწილი. თითქოს დაავადებულები არ იყვნენ, ანალიზატორში ჩადებულმა ნიმუშებმა მაჩვენა რომ მცენარე გაუწყლოების გამო იღუპებოდა. მივხვდი რომ დაბლა ჩალაგებული სარწყავი სისტემა არ ფუნქციონირებდა წესიერად. რამდენიმე ადგილზე გავთხარე კიდეც მიწა სანახავად რა ხდებოდა. დაბლიდან აშკარად სველი იყო, მაგრამ კაპილარულ სისტემას არ იკეთებდა და მაღლა არ აღწევდა ბევრ ადგილას. მთელი ეს ამბები აღვწერე და ჩემს ნაცნობ ბიოლოგს გავუგზავნე დედაპლანეტაზე. რა თქმა უნდა პასუხი ლამის მთელი კვირის შემდეგ ჩამოვიდა. ისიც შეკითხვის სახით, მიწის ანალიზს მთხოვდნენ. ახლა სანამ ამ შეკთხვაზე პასუხი მომივიდა, კიდევ ერთი კვირა გამივიდა. ამ დროს ნახევარზე მეტი მცენარე დამიჭკნა. რაც ცოცხალი იყო კიდევ რატომღაც განვითარება შეწყვიტა. პასუხი რაც მომივიდა ამიხსნეს რომ ადგილობრივი გრუნტი იყო მცირე ოდენობით შერეული, რის გამოც ბიომასა იკვრებოდა კოლტებად და ამიტომ ვერ ჩამოუყალიბდებოდა კაპილარული სისტემა. თან ბაქტერიების რაოდენობაც დამიწუნეს... ანუ რეაქტორში არ იყო კარგად გამდიდრებული ეგ მასა. აბა როგორია? მთელი ეს მიწა თავიდან მაქვს ასათხრელი, გასამდიდრებელი და ახალი ნაზავიც გასაკეთებელი. მაგრამ ესეც არ მაკმარა სიტუაციამ, დიდი გრიგალი ამოვარდა კარიერის მხრიდან, რასაც გიგანტური მტვრის ღრუბელიც მოჰყვა თან. როდესაც ამ ზონაში ჩავრთე ველის გენერატორი, რომ რაც ცოცხალი იყო ის მაინც გადამერჩინა, სისტემამ საერთოდ არ იმუშავა. ჯერ თბოგამცვლელმა საჭირო სიმძლავრე არ გამოიმუშავა, მომენტალურად გაჩერდა, აკუმლატორები და მზის ბატარეებიც ერთიან ქსელში მეჯდა. მცირე ზომების გამო წესით უნდა ყოფნოდა, მაგრამ აკუმლატორები მალევე დაჯდა. ველმა სულ იმუშავა რამდენიმე წუთის განმავლობაში და გაითიშა. შედეგად რამდენიმე სანტიმეტრი სისქის მტვრის ფენით დაიფარა ჩემი მიწა... ნათესების მხოლოდ 10% ღა გადარჩა. ქარის შემდეგ ქალაქიდან ამოვიდნენ ჩემთან, შედეგი აინტერესებდათ. მომისამძიმრეს და თანაგრძნობით მხარზე ხელი დამადეს სტუმრებმა. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოჯერ ალკოჰოლი მივიღე. იმ დღეს პირველად იყო რომ დავთვერი. თანაც საკუთარი წარმოების ალკოჰოლით. მაგრამ მოგეხსენებათ ბევრჯერ ასეთი მარცხი ჯობია იოლ გამარჯვებებს. რამდენიმე დღის შემდეგ თავიდან დავიწყე ყველაფერი. უნდა აღვნიშნო რომ ველი მხოლოდ სატესტოდ მქონდა გაშვებული რამდენიმე წამით, გამოცდა წესიერად ჩატარებული არც მქონია. რატომღაც ასე თავდაჯერებული ვიყავი რომ იმუშავებდა. ვირტუალური გამოცდები კარგია, მაგრამ სრულ სურათს მაინც არ მოგცემს. საბოლოოდ ის გადარჩენილი პარკოსნები დამწიფდნენ და მომცეს მარცვალი. თითქმის იგივე რაც დავთესე. მეც ყველაფერი თავიდან დავიწყე. ჯერ თბოგამცვლელს ჩავუღრმავდი. ბოლო ჭანჭიკამდე მომიწია მისი დაშლა და ისე შესწავლა. მიზეზიც დავუდგინე. რამდენიმე რელე იყო რატომღაც გაფუჭებული, რის გამოც დატვირთვაზე ვერ გავიდა. ასევე პრობლემა ყოფილა გაზის ავზებთან. ერთი ის დამეხმარა რომ რებუს მოთხოვნით ყველა აპარატზე თვითჩამწერი დავაყენე. ავზების შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ნაკადის მიწოდების მომენტში, რედუქტორების გათიშვის გამო სისტემაში წნევა მკვეთრად დავარდა. მიზეზის კვლევის დროს რედუქტორში წყლის კვალი ვიპოვე. რებუ მიხვდა რომ მკვეთრად დაცლის დროს ავზებში არსებული კონდენსატები გაიყინენ რედუქტორებში და საწვავის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 20%-მდე მიეწოდებოდა დანადგარს. ამ დროს კიდევ გენერატორები დიდ დატვირთვას მოითხოვნენ, შექმნილი მოვლენების ჯაჭვის გამო დანადგარის რელეები გადაიწვნენ რის გამოც გაითიშა სისტემა სრულიად. კონდენსატზე ვერავინ ვერ მეტყოდა ვერაფერს. ქალაქში გაზი ავზებიდან ნელი ტემპით იცლებოდა. აჰა ეგეც პრობლემის სათავე. საჭირო იყო გაზის გამწმენდ დანადგარზე კონდენსანტის მოსაშორებელი ბლოკის გათვალისწინებაც. ყველაფერი რომ ავაწყე თავიდან. შემდეგ უკვე ველის სატესტო გაშვებაც მოვახერხე. ოღონდ განსხვავებით წინა შემთხვევებისა სრული დატვირთვაც მივეცი სისტემას. საღამო ხანი იყო, ერთის მხრივ დაისი იყო და ჰორიზონტიდან მზის სხივები მოდიოდა, მეორე მხრიდან გაზის გიგანტიდან არეკლილი შუქი ანათებდა გარემოს, ჩემს თავზე კი გიგანტური ველის გუმბათი იყო გაშლილი, რომელსაც დაახლოებით ისეთი ფორმა ქონდა როგორც არქაულ ეპოქაში ზღვაზე მოცურავე ნავის ამოტრიალებულ აფრას. გადაკვეთილ შუქში ატმოსფეროში არსებულმა მტვრის ნაწილაკებმა დაიწყო ამ გუმბათზე არეკლვა. ეს ყველაფერი საკმაოდ ლამაზად ჩანდა. რაც მთავარია გენერატორმა დილამდე იმუშავა შეუფერხებლად და შეკითხვების გარეშე. ამავე დროს გამხმარი და გაფუჭებული მცენარეებიც მოვაგროვე რომ ბიორეაქტორში ჩამეყარა. როგორც კი დარჩენილი მცენარეები დამწიფდნენ, მაშინვე დავიწყე მიწის გადამუშავებაც. თავად სარწყავი სისტემა შედარებით მაღლა ამოვიტანე ბიოლოგის რჩევების მიხედვით. შემდეგი ცდა უკვე წარმატებით დასრულდა, მით უმეტეს რომ ანომალიებიც გავიარე მოსავალი მაინც მივიღე. რაც პლანეტის ამ რეგიონში ცივილიზაცია დასახლდა, პირველი მოსავალია. ჩამოსვლიდან 1 ციკლის ბოლოს მართლაც 10 ჰექტარი მქონდა სრულად გაწყობილი. ქალაქთან და სხვა მახლობელ კოლონიებთან ვვაჭრობდი გაზითაც, ალკოჰოლითაც და ახლად მოწეული სხვადასხვა ბოსტნეულით თუ ხილეულით. ჯერ ჯერობით დიდ ხეებს ვერ ვბედავდი. მაგრამ გარკვეული ბუჩქნარი უკვე დარგული მქონდა ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა კოლოსალური შრომა ჩავხარჯე ამ ყველაფერში. მაგრამ შედეგი მივიღე საუკეთესო. ჩემი თავით ვამაყობდი და რომ იტყვიან თვითკმაყოფილებასაც ვიყავი მიცემული ამ ყველაფრისგან. მიწის დანარჩენი ნაწილის ათვისება და წარმოების გაზრდა ჩავიფიქრე. ამავე დროს მეზობელი ნაკვეთის მიერთებაზეც ვფიქრობდი. წინ დიდი გეგმები მქონდა. თან ადგილობრივი ქსელით მეზობელ კოლონიაში მაცხოვრებელი მანდილოსანი გავიცანი. სახელად ლილუ. საკუთარ მსჯავრდებულ მამას იყო ჩამოყოლილი, ადგილობრივ სკოლაში ასწავლიდა ბავშვებს. არ ვიტყვი რომ ჩვენს შორის ვნების მორევი დაიძრაო. მაგრამ ჩემს შიგნით მყოფი გუბე იმ დონეზე აღელდა რომ, მატარებლით ნახევარი დღის სავალ მანძილზე მოშორებულ კოლონიაში ლილუსთან პაემანზე კი დავდივარ გარკვეულ პერიოდში ერთხელ. არც ლილუს თვალებში ვკითხულობ მოწყენას ჩემი გამოჩენის შემდეგ. ერთ დღესაც ბაღიდან სახლში შემოსულს ფოსტაზე სამთავრობო წერილი დამხვდა. რევიზორი გამოუგზავნიათ იმის შესაფასებლად თუ რამდენად სწორად დავხარჯე მათ მიერ გამოყოფილი სუბსიდიები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|