ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2026


ორი არასონეტი (!) ბებერი ოსმანი და მონმარტრია - მოწამეთა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბებერი ოსმანი

მესიზმრა ბებერი ოსმანი,
არაყს და  ნატეხ პურს დასჯერდა.
შევუქე ფუნჯისა მოსმანი,
მადლობა  წარმოსთქვა ასჯერ და
გადაჰკრა, უმატა ხველასო,
თქვა, დავავიწყდიო ყველასო.

ცა იყო ლურჯი, იდუმალი,
მენიუ ეხატა მკაფიო.
სად გინდა ყოფას დაემალო,
მოგწვდება ლაფი და ქაფიო.

ტონების, ფერების სიმკვეთრე, 
სინაზე უხეში მონასმის,
შორს რაღაც მონასტრის სითეთრე,
ბატკანის ბღავილიც მოისმის.

სიზმარი  -  ეს - ათასჯერადი,
ეს ლანდი - მუნჯი და მღერადი!
ფირია ის - ბერის ბერადი,
აქაა შავ  ფონზე - ფერადი!



ნინო დარბაისელი

მონ მარტრია - მოწამეთა

იმერეთის ნიავია -გამეფიქრა-
პარიზში ვარ,
აქ იმერეთს რა უნდა!
წინ - მთა მედგა, ამიყვანდა ფეხით იქ რა!
ლიფტით ადი!- ჟინი ამიხმაურდა.

მოწამეთავ,  შორეულო, პაწაწინავ,
ეს რამხელა მოსახელე გყოლია,
ჩემს ნაფიქრზე მე თვითონვე გამეცინა,
ბავშვობაზე ფიქრმა ამიყოლია.

ძირს პარიზი გადაშლილა ხელისგულად,
ცაზე გავლა რამდენჯერ გინატრია!
ჩანს, ხსოვნიდან არაფერი დაკარგულა.
მოწამეთა - ფრანგულად - “მონ მარტრია”.

მშობლიურის ყველგან ძებნით რა ვიურვე,
უცხო მუდამ ძნელი გასაგებია?
  თავქვეში ვარ. პარიზშიაც ფეხქვეშ თურმე
მოწამეთას შემოდგომა მგებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები