რევიზორი
სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/
არა მე დასამალი არც არაფერი მაქვს. არც ერთი სენტაბო არ დამიხარჯავს უაზროდ. მთელი ფინანსები რა და როგორ დამეხარჯა აღწერილი მაქვს და ადგილობრივ რეესტრში ატვირთული, როგორც ეს მოითხოვა სისტემამ. მე თუ რამე დამავიწყდებოდა, რებუს არაფერი დავიწყნია და დოკუმენტაციის სრული პაკეტი შევადგინეთ. წესით ვერაფერზე მომედავება, მაგრამ არ დაგიმალავთ რომ სერიოზულად ავღელდი როდესაც ეს წავიკითხე. პლანეტოლოგიც და ბიოლოგიც მაფრთხილებდნენ რომ შესაძლოა რევიზია დაგადგესო, მაგრამ იმის გამო რომ შორს ხარ დიდი წილით არ მოვლენო. სხვა შემთხვევები რაც წაკითხული მქონდა ამ განხრით აღნიშნავდნენ ამ რევიზორების საკმაო სიმკაცრეს. პრაქტიკულად ყველა წვრილმანზე ედავებოდნენ ხალხს. წაკითხული მქონდა არა ერთ მომენტზე როდესაც, გაფლანგვის გამო ხალხი დააპატიმრეს კიდეც. წერილის მიხედვით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნებოდა აქ. გამიკვირდა ასე მალე რომ მოდიოდა, როგორც ჩანს მეოთხე რგოლელია ვიღაც. საინტერესოა რომელი რასის წარმომადგენელია, რა ტიპის საკვები სჭირდება, ან ალკოჰოლს თუ სვავს? მე და რებუ დავტრიალდით და თუ კი სადმე რამე უწესრიგობა გვქონდა გამოვასწორეთ. სახლი დავალაგეთ, გავასუფთავეთ. მოვაწყეთ სასტუმრო ოთახი. სავარაუდოდ რევიზორი ჩვენთან დაიდებდა ბინას. თუ კატფოლკი, კინოცეფალი ან რეპტილია იქნებოდა მცენარეულს პირს არ დააკარებდა, ამიტომაც ქალაქიდან ხორცის კონსერვები მოვიმარაგე. თუ ადამიანი, ჰუმანოიდი ან ელფი, აი ისეთი ნებისმიერ საკვებს რომ ვჭამთ, მაშინ ალკოჰოლიც შემიძლია შევთავაზო. მარწყვის ლიქიორი მქონდა დაყენებული, რომელსაც საჩუქრად ვაძლევდი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ხო და თუ წესიერად მომექცევა დავასაჩუქრებ მეთქი. თან იმის შიში მქონდა, ქრთამის მიცემაში არ ჩამეთვალოს ეს ყველაფერითქო. მოსვლის წინა დღეს კიდევ მომივიდა შეტყობინება, სადაც დრო ეწერა როდის უნდა დავხვედროდი რკინიგზის სადგურში რევიზორს. დილის საათი იყო ჩანიშნული. მეორე დილას მოვწესრიგდი, როვერი გავრეცხე გარედანაც და შიგნიდანაც. დიდი ხნის გაუპარსავი წვერი გავიპარსე, ჩავიცვი ახალი სამოსი და ნელი სვლით წავედი ქალაქისკენ. სადგურზე მთელი 20 წუთით ადრე მივედი. ისე ვღელავდი სუნთქვა მეკვრებოდა. მგონი ლილუსთან პირველ პაემანზე წასვლისას არ მიღელვია ასე. გონებაში ვატრიალებდი სათქმელს. შემდეგ ანაზდად ბაქანზე მყოფ მებილეთე დროიდთან მივედი. - უკაცრავად, ბოლონიდან მატარებელი ახლა მოდის ხომ? - დღეს რეისები ბოლონიდან არ გვაქვს. - ბატონო? - შევცბი უცებ - კი მაგრამ დღეს მე სწორედ ამ საათზე ბოლონიდან სტუმარს ველოდები. ტრანსპორტს უნდა ჩამოყოლოდა მეოთხე რგოლიდან. - ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე - უსიცოცხლო თვალებით მომაშტერდა დროიდი - ბოლონიდან დღეს რეისები არაა. - ანუ ტყუილად მოვედი გამოდის და გამამასხარავეს? - ამ მომენტში შორიდან მატარებლის სიგნალის ხმა გაისმა. - აბა ეს რა არის? - ეგ ეკვატორიის მატარებელია, განრიგის სრული დაცვით მოდის. თქვენი სტუმარი ეკვატორიიდან ხომ არ არის? - არ ვიცი - გაკვირვებისგან ყბა ჩამომეკიდა, ეკვატორია აქედან სამხრეთშია. კოსმოდრომი იქ არაა. ნუთუ ჩემი რევიზორი აქაურია? ეს უკვე საინტერესოა... - ბილეთის ყიდვა ხომ არ გსურთ? - რატომღაც მკითხა დროიდმა, რომ მოვიხედე უკან 2 ადამიანი იდგა და მორჩილად ელოდებოდა რიგს. მივხვდი შენიშვნას და გავერიდე მოლარეს. რამდენიმე წუთში მაგნიტურ ბალიშანი მატარებელი ჩამოდგა სადგურზე. როგორც ყოველთვის წინა ვაგონები სამგზავრო აქვს მიბმული, ხოლო უკან სატვირთო ნაკვეთურებია. სანამ ხალხი ჩამოვა და ახალი დაჯდება ვაგონებში, სატვირთოებს ტვირთავენ ნედლეულით რომ გზა განაგრძოს. მე ვდგავარ ბაქანზე და ველოდები... არ ვიცი ვის ან რას. არც ისაა გამორიცხული რომ შემმოწმებლად სულაც დროიდი გამოაგზავნონ. საინტერესოა ეკვატორიაში რა უნდოდა? იქაც მომპოვებელი კარიერებია მხოლოდ და აქაურობაზე უარესად მკაცრი უდაბნო. მადლობა უფალს რომ იქ არ მომიწია მიწის ყიდვა. საერთოდ ვერაფერს მოვახერხებდი. წარმოიდგინეთ რომ ქვიშის მაგივრად ზოგან რამდენიმე მეტრი სისქის მარილი ყრია. აქ თუ ჩვეუელბრივი კვარცის ქვიშის დიუნებია, იქ მარილის დიუნები დახოხავენ. იმ ტერიტორიებზე 1 ციკლი მსახური 4 ციკლს უდრის მსჯავრდებულებისთვის. ნუთუ რევიზორიც მსჯავრდებულია? სანამ ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ბაქანზე მყოფები გაიფანტნენ, ზოგი ჩაჯდა მატარებელში ზოგიც ჩავიდა ბაქნიდან, მატარებელიც დაიძრა და რამდენიმე წუთში ბაქანზე სიცარიელემ დაისადგურა. გული მეტკინა ცოტა არ იყოს. გამოდის არ ჩამოვიდა რევიზორი და ტყუილად ვინერვიულე. არა რა უცნაურები ვართ ეს ადამიანები, ვნერვიულობდი როცა გავიგე მოდიოდა, რატომ მოდის-თქო, ახლა არ ჩამოვიდა და მაინც ვნერვიულობ რატომ არ ჩამოვიდაო. ჩამეცინა და გამოვბრუნდი გასასვლელისკენ ფიქრით რომ ისედაც ბევრი საქმე მაქვს და ეს დრო რაზე დამაკარგვინეს-თქო. უცბად... - ზზზუბუ ხომ? - უცნაური მოზუზუნე ხმით იკითხა ვიღაცამ როდესაც მოვტრიალდი ჩემს უკან ჩემზე 2 თავით მაღალი, მომწვანო მონაცრისფრო, სამკუთხა თავიანი, დიდ კუზიანი და 6 კიდურიანი არაქნიდი იდგა. უცნაური მოიისფრო კომბინიზონი ეცვა, რომელზედაც ფედერაციის სახელმწიფო მოხელის აღმნიშვნელი ნიშნები ჰქონდა. მის უკან კი მომსახურე დროიდი იდგა ხელბარგით. - იისააა დდიაახ.. - გაკვირვებისგან ენა ჩამივარდა. აი სად დამერხა. მე ხომ არასოდეს არანაირი ურთიერთობა არ მქონია არაქნიდებთან. თანაც ეს აშკარად კალიასებრთა ჯიშის იყო. როგორ გავიგო ახლა ამას რა ვაჭამო? მგონი მცენარეულით იკვებებიან. ბოლოს და ბოლოს საპირფარეშო როგორ გავუზიარო... არაფერი არ ვიცი მაგათი ფიზიოლოგიის შესახებ. არც ხასიათი გამეგება. მაგალითად ჩვენ ყველა რასის ძუძუმწოვრებს, მეტნაკლებად ერთნაირი ხასიათი და აზროვნება გვაქვს. რეპტილიები კი კვერცხით მრავლდებიან მაგრამ მაინც გარკვეულ წილად ჩვენნაირი ფიზიოლოგია აქვთ და ხასიათშიც წაგვაგავრან. ბოლო-ბოლო ჩვენნაირად აქვთ განვითარებული იუმორის გრძნობა და აქ ბარში საღამოობით რო შევდიოდი, მათგანაც ბევრი სასაცილო ანეგდოტი მომისმენია და ჩემსაზეც ხმამაღლა უხარხარიათ. არნიტებთანაც კი მქონია ურთიერთობა, მაგრამ არასოდეს არაქნიდებთან. სკოლაში მიღებული ინფორმაციის გარდა, რომ ასეთი რასა არსებობს და ცნობიერია, მეტი არფერი ვიცი. ბოლოს და ბოლოს ფლოტში ვიმსახურე სადაც ყველა რასის წარმომადგენელს შეხვდებოდით. იქაც კი ეს რასა არ ყოფილა. თანაც დედაპლანეტაზეც ძალიან მცირე კონტიგენტით მოდიოდნენ სულ. ძირითადად ტელევიზორში მყავდნენ ნანახი, ფედერაციის სენატში იყვნენ წარმომადგენლობითი დელეგაციის შემადგენლობაში. ეს ნეტა როგორია? რა ტიპის აზროვნება აქვს? როგორც ჩანს დანდობის იმედი არ უნდა მქონდეს. რეგალიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მსჯავრდებულს არანაირად არ ჰგავდა. - გატყობთ გაგაკვირვეთ მასტერ ზუბუ - და საუბრისას 2 დიდი რქა თუ ულვაში ამოეწია თავის უკნიდან. - არა უშავს ყველასთვის სიურპრიზია ხოლმე ჩემი გამოჩენა. - კკეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო... - და თან ხელი გავუწოდე, არა და არ ვიცი ამ დროს ამ რასამ იცის ეს ხელის ჩამორთმევის რიტუალი თუ არ იცის, ერთი წამით იმანაც გამიელვა თავში რამე აგრესია არ ეგონოს-თქო. - ზზეპ, ზზეპი მქვია - და პასუხად ერთ-ერთი ზედა კიდური გამომიწოდა, ხელთათმანიანი კიდური იყო სადაც 4 გრძელი თითი ჰქონდა - თითქმის თქვენნაირი სახელი მაქვს. ეს ჩემი დროიდია რ8 ქვია. ხელის ჩამორთმევის შემდეგ პირველადმა შოკმა გამიარა. - წამობრძანდით როვერით ვარ. - მე აქ სასტუმრო დავჯავშნე წამოსვლისას, თუ არ შეწუხდებით ჯერ რომ იქ მიმიყვანოთ, დავბინავდები და შემდეგ წავიდეთ თქვენი საკუთრებისკენ. - რა პრობლემაა. წამობრძანდით, თუ გინდათ ჩემს სახლში მოგცემთ ოთახს და იქ გაჩერდით. - დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის. მაგრამ ქალაქში მირჩევნია, ყოველ დილას მოვალ ხოლმე თქვენთან სანამ საქმეები მექნება. ჩვენი რასისთვის გადაადგილება საციცოცხლოდ საჭიროა. - რომ არა მოზუზუნე ბგერების სიმრავლე ხმაში ვერც კი ვიფიქრებდი რომ სხვა რასის წარმომადგენელს ვესაუბრები. არა და პირის მოყვანილობაც განსხვავებული აქვს. საინტერესოა როგორ იკვებება. - აქაური ატმოსფერო ზედმიწევნით ესადაგება ჩემს სამშობლოს. ამიტომაც ცოტა მანძილებზე გადაადგილება ჩემთვის წამალი იქნება. - მესმის და როგორც გნებავთ, მაგრამ ფეხით გადაადგილებას ხომ დრო უნდა, საკმაო მანძილია ჩემი სახლიდან სასტუმრომდე. - ფეხით? არა ყმაწვილო, ვინ გითხრათ რომ ფეხით - და რაღაცნაირად ჩაიხითხითა. ეს უკვე მესიამოვნა, იუმორის გრძნობა აქვს ესე იგი - ახლა რაღაი მოსული ხართ ავტოთი თქვენ გცემთ პატივს და ერთად გადავაადგილდეთ თქვენს სახლამდე, მერე იქედან უკვე ჩემით მოვბრუნდები. საინტერესოა როგორ? ალბათ კალიასავით იხტუნავებს. ამასობაში მისმა დროიდმა ბარგი მოათავსა როვერის ძარაზე და თავადაც მიუჯდა გვერდში. მიუხედავად სიმაღლისა, ზეპი მოხერხებულად დაჯდა სავარძელზე. სასტუმრომდე დიდი მანძლი არ იყო, ამიტომაც ვერბალური კონტაქტი არც ყოფილა. დაბინავებისას სასტუმროს ადმინისტრატორს არანაკლები გაკვირვება ეწერა სახეზე ვიდრე მე. მანაც პირველად ნახა ესეთი არსება. როდესაც ზზეპმა ოთახი მოინახულა, რომელიც ცნობისთვის ყველაზე ბოლო სართულზე იყო ტერასაზე გასასვლელით, ჩამიჯდა მანქანაში და ერთად გავემგზავრეთ ჩემი მიწისკენ. ზზეპმა გზაში მოკლედ აღმიწერა თავისი მოვალეობების შესახებ. მაჩვენა პლანშეტი სადაც სპეც პროგრამაში უნდა შეეტანა ჩემთან ნანახი შთაბეჭდილებები. - ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება ბატონო ზზეპ - ბრძანეთ, მაგრამ მოდი თქვენობით არ გინდა საუბარი, ჩემი რასისთვის მსგავსი მიმართვა არაა გავრცელებული და ენაზე მეუხეშება მეც. - კარგით... ეკვატორიაში ბრძანდებოდით როგორც მივხვდი და იქ ცხოვრობთ? - არა რა თქმა უნდა, მე პლანეტა ტოფუდან ვარ, თქვენი ასტრონომები ჩვენს სისტემას დრაკონის თანავარსკვლავედს ეძახიან. ის მესამე რგოლშია განთავსებული, თუ ისტორიას სწავლობდით 100 ციკლის უკან შემოვუერთდით ფედერაციას - შემდეგ შემომხედა, თვალებზე უცნაური ლიბრები გადაუთამაშდა, რაც ჩვენებურად ალბათ მოჭუტვის მსგავის იქნებოდა - მესმის თქვენი შეკითხვის კონტექსტიც, რატომ ჩამოვედი ეკვატორიიდან და არა ბოლონიდან ხომ? - დიახ, მე მეგონა რომ გუშინ ჩამოსულ ტრანსპორტს ჩამოყევით. - მე ადგილობრივი დროით ბოლო 3 თვეა უკვე რაც აქ ვარ. თქვენთვის ალბათ სიურპრიზი იქნება თუ გეტყვით რომ თქვენს გარდა ამ პლანეტაზე თქვენნაირი კიდევ 7 სხვა ჩამოსულია. ცნობისათვის ყველა მათგანი თქვენამდეა მოსული. - თუ საიდუმლო არაა ეკვატორიაში რას აკეთებენ? - პირველი შოკი რომ არაქნიდი მესტუმრა, ახლა თურმე ამ პლანეტაზე ჩემამდე სხვებიც მოსულან. მაშინ ჩემთვის სრულიად გაუგებარი რჩება ბოლონში გამოხატული გაკვირვებები ჩემს მიმართ. კიდევ რა სიურპრიზი იქნება საინტერესოა? - იქ ეკვატორიაში მხოლოდ ერთი პერსონაა ოჯახთან ერთად. მის ნაკვეთზე რადიუმის საბადოა და მოპოვებით სამუშაოებს ეწევა დროიდებთან ერთად. მინდა გითხრათ რომ საკმაოდ წარმატებულადაც ართმევს თავს. იქვე არსებული სხვა კარიერი რომელიც კორპორაციის საკუთრებაა პროცენტულად უფრო ცუდ შედეგებს დებს, მიუხედავად იმისა რომ უფრო მეტი რესურსები აქვთ. აი რას ნიშნავს მოტივაცია. ამასობაში ჩემს ტერიტორიას მივუახლოვდით. მიწაყრილის დანახვისას ზზეპმა გაკვირვებული ზუზუნი გამოსცა. ყოველ შემთხვევაში მე მივიღე ასეთნაირად. როდესაც სახლთან მივედით, ზზეპმა ერთ-ერთი ჯიბიდან მოზრდილი პლანშეტი ამოაძრო. თავისი ხმელი თითებით რაღაც პროგრამა გახსნა. შემდეგ პატარა დრონი აუშვა რომელმაც ირგვლივ ყველაფერი დაასკანერა. თან გარკვეულ შეკითხვებს მისვავდა ამა თუ იმ დეტალზე. ნახა ყველა დანადგარი თუ მოწყობილობა რაც მქონდა გამოყენებაში. თან ჩემს დეკლარაციაში ასახულ ინფორმაციას ადარებდა. უკვე შუადღეს გადაცილებული იყო, მე პირადად სერიოზულად მშიოდა. რაც ჩამოვიდა რევიზორიც ჩემს გვერდით იყო, არაფერი უჭამია. საინტერსოა ჭამს კი იმას რაც მაქვს? თან მეხათრება რამე ვკითხო, თან ჩემი კუჭის ხმაურისაც მრცხვენია უკვე. რაც არის არის... გამოვკითხავ გასტრონომიაზე. შევარჩიე შესაბამისი მომენტი როდესაც ერთ-ერთი დანადგარის აღწერას მორჩა და ვკითხე. - ბატონო ზეპ, მეხათრება მაგრამ უნდა გკითხოთ. საჭმელს რას ისურვებდით? რა სახის საკვები შემიძლია შემოგთავაზოთ? ზეპმა შემომხედა, თავი მოიქექა, დაფიქრდა და... - ზუბუ, არ გინდა ბატონობით, საკვებზე უარს არ ვიტყოდი. თქვენგან განსხვავებით მე უმად მჭამელების სახეობა ვარ. კვებით კი ყველანაირ მცენარეულს გეახლებით. მთავარია მტკიცე მარცვლეული არ იყოს. - სასმელი თუ გაქვთ გამოყენებაში წყლის გარდა - ამ მომენტში გამახსენდა რომ მე ჯიბის მათარით არა ერთხელ ვისარგებლე იმ დროს როცა მას ერთი წვეთი არც მოუთხოვია და არც დაულევია, თან სიმართლე გითხრათ ცნობის მოყვარეობა მკლავს მისი კვების პროცესის ნახვა ისე მსურს. - გრილ წყალზე უარს არ ვიტყვი, ალკოჰოლს ჩვენ არ გეახლებით, ასევე არც ცხელზე მომზადებულ ნაყენებს, ამიტომაც არ შეწუხდეთ ასეთებზე. - კარგით მაშინ სამზარეულოში შევიდეთ და თითო ლუკმა გავტეხოთ. - სიამოვნებით. ჩემი გაკვირვების ახალი ტალღა. თითქოს პირი არც ქონდა ისეთი მოყვანილობის რამე მოეკბიჩა. ჩვეულებრივად შეჭამა მაგიდაზე დალაგებული პომიდვრებიც, გარეცხილი კარტოფილის ბოლქვებიც და რატომღაც ბადრიჯანიც. წყალიც ჩვეულებრივი ადამიანივით ჭიქიდან დალია. ერთი შეკითხვაც გამიჩნდა, როგორ აითვისეს კოსმოსი ამ არსებებმა, ხანგრძლივი ფრენის დროს უმ პროდუქტს როგორ წაიღებდნენ, თან პირველყოფილი მომცრო კოსმოსური კაპსულებით? ისე კი შეუჩვეველი თვალისთვის საკმაოდ სახალისო სანახავია 4 კიდურით მაგიდასთან მჯდომი არსება, რომელიც 4-ივე კიდურით სარგებლობს თან საკმაოდ მოხერხებულად. - უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ გემრიელი პროდუქტები მოგიყვანიათ. ესეც ერთ-ერთი დიდი პლიუსი თქვენს ქულებში. ბოლომდე არ ვაპირებდი გამხელას, მაგრამ თქვენ ჩემი ფავორიტი ხართ. - რითი დავიმსახურე? - როგორ რითი? თქვენ მკვდარ უდაბნოში სიცოცხლე გააჩინეთ. არც ერთი ასეთ პირობებში არაა როგორც თქვენ. აითვისეთ მიწა რომელიც საერთოდ უვარგისია ყველანაირი განხრით და ზედ გამოზარდეთ ეს სასწაული - თან დესერტად დალაგებული მარწყვიც მიაყოლა. - მადლობელი ვარ ასეთი შეფასებისთვის. - ისე კი მართალი გითხრა, გაკვირვებული დავრჩი თქვენი გამომგონებლობით. რომ არა ეს ველის გენერატორები აქ მართლაც ვერაფერს გააკეთებდით. იცით რომ ჩვენი მეცნიერებიც ცდილობდნენ ანალოგიური ველის შექმნას რამდენიმე საკუთარ კოლონიაში, ოღონდ ეს თქვენს დაბადებამდე იქნებოდა. მაგრამ უშედეგოდ. აი თქვენ კიდევ უბრალოდ ადექით და გააკეთეთ. მესიამოვნა შექება, მაგრამ ცოტა რეჩხიც მიყო გულმა, რამე ხომ არ უნდა მათქმევინოს ამითი, რომელსაც ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს? - უღრმესი მადლობა სადილისთვის. მოდით ახლა დავასრულოთ თქვენი აპარატურის ინვენტარიზაცია და დღეისთვის საკმარისი იქნება - ზზეპი სკამიდან წამოდგა და თავი მოწიწებით დამიკრა. მთელი ეს ხანი რებუ მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა სიტუაციას, როდესაც რევიზორი გავიდა, ყურში ჩამჩურჩულა - მასტერ ზუ, არაქნიდს ნამდვილად არ მოველოდი. ჩვენთან არ რჩება? - არა სასტუმროში აიღო ნომერი. - საინტერესოა აქედან სასტუმრომდე გაფრინდება? - გაკვირვებისგან ენა ვერ მოვატრიალე. სანამ რამის თქმას მოვახერხებდი გარედან ზზეპმა დამიძახა - ზზუბუ თუ შეიძლება თქვენი ბიორეაქტორი დამათვალიერებინეთ. საღამომდე გაგრძელდა დანადგარების რევიზია. რევიზორისა რა მოგახსენოთ და მე პირადად სერიოზულად დავიღალე. - დღეისთვის სულ ეს იყო, ვიკმაროთ. ხვალ უკვე ბაღს და სარწყავ სისტმებს დავათვალიერებ. - მოდით ვახშამზე დარჩით ამ საღამოს. - არა მეგობარო ამდენს არ შეგაწუხებთ, თანაც ჩემი დროიდი მელოდება - თან პლანშეტი შეინახა თავის ჯიბეში, ხოლო დილას გაშვებული დრონი ახლა მობრუნდა, რომელსაც ასევე თავის ჯიბეში მოუძებნა ადგილი - ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ - და ხელი გამომიწოდა - კარგით აბა მაშინ დილამდე გემშვიდობებით, ისე კი თქვი ჩემით წავალო, მაგრამ მაინც ხომ არ გსურთ ჩემი როვერით ვისარგებლოთ და მიგიყვან სასტუმრომდე. - დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა, აკი გითხარი მოძრაობა ჩვენთვის წამალია - თან ცალი თვალი ჩამიკრა. შემდეგ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ჩემგან, გაჩერდა, ზურგზე ელვა შესაკრავი გახსნა, საიდანაც ფრთები გამოშალა - აბა ხვალემდე მეგობარო ესეც კიდევ ერთი სიურპრიზი, დიდი ზუზუნით აფრინდა ადგილიდან და ქალაქისკენ წავიდა. - ასეც ვიცოდი რომ გაფრინდებოდა - მომესმა ზურგს უკან რებუს ხმა - ეგ რასა მფრინავი რასაა. მაგათი ქალაქები ცნობილია იმით რომ მრავალ სართულიანი სახლები აქვთ რომელსაც კიბეები ან ლიფტის მაგვარი დანადგარები არ აქვს. მსგავსი საგნები მხოლოდ სტუმრებისთვის განკუთვნილ ნაგებობებშია. რაც მთავარია არაქნიდული რასის ყველა სახეობასთან შედარებით ყველაზე ჰუმანურები ესენი არიან. - მადლობა რებუ, დიდი მადლობა შენს შემქმნელებსაც რომ ასეთი შეგქმნეს. - რისთვის მიხდი მადლობას? - არაფერი რებუ, დავიღალე და კმაყოფილი ვარ, მგონი კარგად ჩაივლის ყველაფერი. უნდა აღვნიშნო რომ რაც აქ ჩამოვედი ძილის პრობლემა თითქმის მომიგვარდა, ყოველგვარი დამხმარე პრეპარატის გარეშე მეძინა მთელი ეს პერიოდი. ამ დღის ბოლოს კი ისე ვიყავი გათანგული მოვლენებით და შთაბეჭდილებებით რომ, ვახშმის თავიც არ მქონდა ისე მივეგდე საწოლზე და როგორც ელ.წრედიდან გამორთული, ისე გავითიშე. დილას გაღვიძებულს მეგონა რამდენიმე წუთის ჩაძინებული ვიყავი. მეორე დღეს როგორც გუშინ ზზეპი სკურპულოზურად ამოწმებდა ყველა ნიუანსს, იწერდა ყველაფერს, ასურათებდა, აღნიშნავდა თავის პლანშეტში. ისევ ერთობლივი სადილი შუადღისით, რომლის დროსაც ისევ მივიღე ჩემი მოსავლისა ქება. შემდეგ ისევ დაგეგმვა მეორე დღის და სასტუმროსკენ გაფრენა. საინტერესოა თავის გარდა რა წონის წაღება შეუძლია ფრენის დროს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|