 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 14 ნოემბერი, 2026 |
მეგობრები
იმ დღეს გოგონა ადრე ადგა, ჩქარ-ჩქარა მოწესრიგდა , კალათა აიღო და ღიღინით გაუდგა გზას. სად იყო სად არა გზად მელაკუდა შემოხვდა. მელია პატარა იყო, მშობლები არ ყავდა და სოროში მარტო ცხოვრობდა. -გამარჯობა გოგონა საით გაგიწევია? -გამარჯობა კუდა,-გოგონა მელიას კუდას ეძახდა გრძელი, ფუმფულა კუდის გამო. -ძია თედროსთან მივდივარ, გემრიელი ვაშლები აქვს და მინდა ცოტა დამიკრიფოს. -თუ ასეთი კეთილია შენი ძია თედრო,ეგებ ერთი პატარა წიწილა მაჩუქოს,-ეშმაკურად მოწკურა თვალები მელაკუდამ. -არ ვიცი, შეიძლება კიდევაც გაჩუქოს. გოგონა და მელია ერთად გაუყვნენ გზას. ძია თედროს ძალიან გაუხარდა გოგონას დანახვა. -ოოოო, ჩემი გოგო მოვიდა, ახლავე დაგიკრეფ ვაშლებს,-თედრომ გოგონას კალათა ლამაზ-ლამაზი ვაშლებით გაუვსო. -ეს ვინაა, შენი მეგობარია?-ჰკითხა ძია თედრომ გოგნას მელაკუდაზე. -კი , ჩემი მეგობარია, მარტოხელაა, კუდა ჰქვია. -ო, რა კარგი სახელი გქვიებია, რით შემიძლია დაგეხმარო? -ძია თედრო, ამდენი ქათმები გყავთ და ერთ წიწილას ვერ მაჩუქებთ?-მორცხვად წაიჩურჩულა მელიამ და გაწითლდა. -როგორ არა გაჩუქებ, -თედრო მიბრუნდა და საქათმიდან პატარა წიწილა გამოიყვანა,წიწილა ხელის გულზე ეჯდა. -აჰა წაიყვანე,ოღონდ იცოდე, ამის შეჭმა ჯერ არ შეიძლება, ცოტა უნდა წამოზარდო, თორემ ერთ ლუკმადაც არ გეყოფა.-თედრომ პატარა ტომრით ხორბალი მიაწოდა მელიას. - ეს ხორბალი ნახევარი დათესე, ნახევარი წიწილას აჭამე ყოველდღე ცოტ-ცოტა. შემოდგომაზე რომ დათესავ, ზამთარს გადაივლის, გაზაფხულსაც გადაივლის, ზაფხული რომ დადგება, მოსავალსაც აიღებ. ამასობაში შენი წიწილაც წამოზრდილი იქნება. აჭამე და აჭამე ბევრი და ისე გაგისუქდება, მაგის ჭამით ვერ გაძღები - დაარიგა თედრომ ღიმილით კუდა. გმადლობთო ჩაილაპარაკა მელიამ და გოგონას დაედევნა. სოროში მისვლისთანავე შეუდგა საქმეს, წიწილას ბუდე გაუკეთა, შიგ ჩასვა, აჭამა და გარეთ გავიდა. იქვე სოროსთან მიწა მოთოხნა, დაბარა, ხორბალი დათესა, მორწყა და სახლში შევიდა დაღლილი. დღე დღეს მისდევდა, ამინდი იცვლებოდა,წიწილა იზრდებოდა. მელია და წიწილა საღამოებს ტკბილ საუბარში ატარებდნენ. წიწილა მელიას კუდას ეძახდა, მელია კი წიწილას წიწოს. დაზამთრდა, გათოვდა. სოსროში თბილოდა. მელაკუდამ ტყიდან პატარა ნაძვი მოიტანა. მეგობრებმა ერთად ლამაზად მორთეს ნაძვის ხე, ნათურებიც ააციმციმეს. შობა დღეს გოგონამ ჩამოსძახა: - ჰეი კუდავ ჰეი წიწო საჩუქრები მიიღეთ და სოროში სხვადასხვა ნუგბარი ჩაუყარა. მალე გაზაფხულიც დადგა, ხორბალი წამოიზარდა. მელაკუდა და წიწო ერთად ისხდნენ სოროსთან და ჯეჯილის შრიალით ტკბებოდნენ. ტყეში მათ უკვე ძმებს ეძახდნენ. გაზაფხულს ზაფხული მოყვა და ხორბლის აღების დროც დადგა. ბევრი იშრომეს ერთად, ხორბალი აიღეს და დააბინავეს. - ეს ხორბალი შენ მთელი წელი გეყოფა ჩემო წიწო, - მიმართა მელაკუდამ . - გმადლობ კუდა, ახლა შენს საჭმელზე ვიზრუნოთ, ჩვენ რომ ხორბალი ავიღეთ, დაგვრჩა მისი ღეროები (ნამჯა და ბზე), ძროხებს ძალიან უყვართ. ძია თედროს გოგონა უკვე მოელაპარაკა. ძროხები ყავს და გველოდება. კუდამ და წიწომ ურიკა ნამჯითა და ბზით გაავსეს და თედროს სახლს მიადგნენ. ძია თედრომ ურიკა დაცალა და სამაგიეროდ ყველის დიდი თავები ჩაუწყო. - ეს ყველი დიდხანს უნდა გეყოს, თუ დაგიმთავრდება, არ მოგერიდოს, კიდევ გაგატან. თქვენ ისეთი მეგობრობა, სიყვარული და ერთგულება გამოიჩინეთ, რომ ყველაფერს კარგს იმსახურებთ. კმაყოფილი კუდა და წიწო ყველით სავსე ურიკით გაუდგნენ სახლისკენ გზას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საქათმეში აღარ დადის მელა... საქათმეში აღარ დადის მელა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|