 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 16 ნოემბერი, 2026 |
საავადმყოფოში მიყვანის პირველივე დღეებიდანვე დამშვიდდა; თეთრი, წმინდა, აუმღვრეველი სიმშვიდე იღვრებოდა თეთრ და შეფეთქილი კედლებიდან და ჭერიდან, ექიმების თეთრი ხალათებიდან, თეთრი საავადმყოფოს ჯამ – ჭურჭელიდან, თუმცა ეს უკანასკნელი სულაც არ იყო თეთრი, რაღაცნაირი მომწვანო – მოყვითალო ფერისა გახლდათ. არც კედლების სითეთრე იყო მთლად უმწიკვლო, ექიმების ხალათების ჩათვლით, მიუხედავად ამისა, თეთრი სინათლე ჟონავდა მათგან., ,სგავსად ღრუბლის ქათქათა ფთილისა, რომლის სითეთრე მუდამ უბიწოა, თუნდაც სულაც სიმყრალის ანაორთქლიდან იყოს შობილი. იმდენხანს ჟონავდა ეს თეთრი სიმშვიდე, სანამ პირთამდე არ აავსო გულიკოს მთელი არსება. უცნაური კი იყო ასეთი თვითდამშვიდება. ავადმყოფი შეიძლება სწორედ მაშინ დამშვიდდეს, როცა გამოჯანმრთელების იმედი აქვს, როცა სასოებით შეჰყურებს ექიმებს და გრძნობს, რომ შველიან. გულიკო კი მას მერე დამშვიდდა, როცა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ყველაფერზე, როცა მიხვდა, რომ ვეღარავინ უშველიდა. სწორედ სრულმა უიმედობამ შვა ეს უჩვეულოდ წმინდა, საზეიმოდ თეთრი სიმშვიდე. უკვე აღარაფერს შეეძლო ამ წმინდა სითეთრის შემღვრევა. არც გარშემომყოფთა უხეშობას და სიბრიყვეს, არც წარსული სურათების გახსენებას, ხანდახან მოჩვენებებივით რომ შემოეჯარებოდნენ და მოსვენებას უკარგავდნენ. თვით სიკვდილის შიშიც კი სადღაც უჩინრად მიიკუნჭა ამ თეთრი სიმშვიდის საზეიმოდ ჩამოშვებული ფარდის მიღმა. ერთადერთი, მხოლოდ ტკივილი ჩხვლეტდა უსიამოდ ამ თეთრ ფარდას. ღრუბლის ფაფუკ ფთილას განამქვრევდა, მიწის სიმძიმეს შეახსენებდა გულიკოს, ერთადერთი გამოსავალი ტკივილის გამაყუჩებელი აბები იყო. «ოღონდ ტკივილი ნუ შემაწუხებს, ოღონდ ნურაფერი მეტკინება» - შესთხოვდა გულიკო ცასა და მიწას, ღმერთს თუ ადამიანებს. სხვას აღარაფერს დარდობდა, აღარაფერს დაეძებდა, ოღონდ ნუ გამოიყვანენ ამ თეთრი სიმშვიდის წუთებიდან. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ტკივილს შეეძლო სიკვდილის შიშის აჩრდილი გამოეწვია იმ თეთრი ფარდის ნაკეცებიდან, ასეთ დროს გულიკო იკუმშებოდა, მთლიანად ჰკარგავდა თავ – ტანს, ისედაც შეცვლილს და დალეულს. სიკვდილის შიშს შეეძლო უკვალოდ შთაენთქა ამ თეთრი სიმშვიდის ნაზი, წმინდა ფთილა, ყველაზე მეტად ეს სცემდა თავზარს გულიკოს. ერთბაშად არ მომხდარა, რამდენი იბრძოლა, ითმინა, რამდენი ძალისხმევა დასჭირდა, სიკვდილის შიში რომ დაემარცხებინა. როცა პირველად გაიგო, გარდაუვალი სიკვდილი მელისო, (ექიმმა შოკური თერაპიის გამოყენება ამჯობინა, პირდაპირ განუცხადა, კიბო გჭირსო) სიკვდილის შიში უშველებელი ზვირთივით ვით აღიმართა მის წინაშე, მძიმე, ყოვლისმომცველი, ზარდამცემი. საცაა შთანთქავდა, არარად აქცევდა ეს ზვირთი. თვალები დაუბნელდა მაშინ გულიკოს, მუხლები მოეკვეთა, პირიც შუადღის მწყურვალივით გაუშრა. . . ეს მძიმე, უშველებელი ზვირთი აღარ გამქრალ აგულიკოს თვლასაწიერიდან, მუქარით ადგა თავზე, შავად ... ყოველწამს მის ჩასანთქმელად გამზადებული. გულიკო წყალწაღებულის გააფთრებით ჩაებღაუჭა ყოველ ძაფს, რაც კი სიცოცხლესთან აკავშირებდა, თვალებგაფართოებული, სასოებით შეჰყურებდა ექიმებს, ზუსტად ასრულებდა მათ რჩევებს, ყველას ეკითხებოდა, რაიმე საშველი თუ იცითო, ეძიებდა, უსმენდა, ცდილობდა. . . გავიდა ხანი და გულიკომ სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ის შავი ზვირთი არც ისე უშველებელი ყოფილა, არც ისე მაღალი და ყოვლისმომცველი, რომ ყველაფერი შთაენთქა და არარად ექცია. ზვირთი აშკარად დადაბლდა, სიკვდილის შიშის შემდეგი შემოტევ აგულიკომ შედარებით ადვილად გადაიტანა, ისე აღარ დამძიმებია მუხლები. მომდენო ზვირთები კიდევ უფრო დადაბლდნენ, ისინი ვეღარ ქედმაღლობდნენ იმდენად, რომ ყოვლისშთანმთქმელად მოსჩვენებოდნენ გულიკოს, საბოლოოდ სრულიად გაქრნენდა გულიკომ ფართო თვალსაწიერი დაინახა მათ სანაცვლოდ, თვალსაწიერი იმდენად ფართოდ გაშლილი, თითქოს ერთ სიბრტყეზე განთხმულიყო მიწიერი ოკეანის მთელი მასა. ამ უჩვეულოდ ფართო თვალსაწიერის ფონზე საგნები და მოვლენები როგორღაც სხვანაირად, ახლებურად წარმოჩინდნენ და გულიკოს მათი თვალიერება შეუყვარდა. ყოველი ცოცხალი არსება, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი, დაინახა როგორც მღვრიე სითხით სავსე ჭურჭელი, უფრო სწორად, დაკოშტებული მღვრიე სითხე, რაღაც სასწაულით რომ ინარჩუნებდა ფორმას. ყოველი კოშტი განიცდიდა თავის არასრულფასოვნებას, ჭუჭყს, სიბინძურეს, ყოველი მათგანი მიელტვოდა რაიმე იდეალს, მხოლოდ მის წარმოსახვაში განსხეულებულს და ბოღმა ახრჩობდა, რომ საკუთარ უილაჯობას აწყდებოდა ამ ლტოლვის გზაზე. «ჩვენ არცერთი ვართ ის, ვისი სახითაც გვინდოდა ყოფნა, ჩვენ მხოლოდ საცოდავი სუროგატები ვართ მისი,» - ასკვნიდა გულიკო ამ ტყავის კოშტების ჭვრეტით გართული. თუმცა ზოგიერთი კოშტი ახერხებდა მიახლოებოდა საკუთარ იდეალს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბუნება დააჯილდოვებდარაიმე გამორჩეული ნიჭით. გულიკოს მეზობლად, გვერდიტ საწოლზე იწვა სწორედ ასეთი გამორჩეული არსება. გულიკოს ცხადად ახსოვდა, თუ როგორ შემოვიდა იგი პალატაში; ნაზი, ლამაზი, მდიდრულ ხალათში გამოკვალთული. იმ გვერდითა საწოლზე წინა ღამით ვიღაც სულს ებრძოდა და ცალკე გაიყვანეს. აშლილი საწოლი დაალაგა სანიტარმა, მომაკვდავის ნივთებიც გაიტანა, ტუმბოზე უკვდავას პატარა კონა იდო, ჭიქაში ცადებული. მის დანახვისას ნაღვლიანად გაეღიმა გულიკოს; უკვდავას კონა მიუტანეს იმის ნიშნად არ მოკვდებიო, ჰოდა არ უშველა, მაინც კვდება ის საცოდავი. სანიტარმა გადაგდება დაუპირა უკვდავას კონას, მაგრამ მანამდე ერთი წმაით გულიკოს გადაავლო თვალი. თვალებით შეეკითხა, ხომ არ გინდაო. . . ფრიად პრაქტიკული ხალხია სანიტრები, შეუმოწმებელს არაფერს ტოვებენ, რაც თვითონ არ სჭირდებათ, ვინმეს მომადლიერებას მაინც შეეცდებიან ხოლმე, გულიკომ ქუთუთოების დახრით მისცა თანხმობა. ამრიგად უკვდავას კონამ გულიკოსთან გადაინაცვლა. ლამაზი მეზობელი იმ დღეს უყვავილოდ დარჩა. სამაგიეროდ მეორე დღეს ყვავილების ნამდვილი შემოსევა დაიწყო, ყველა ყვავილი ლამაზი მეზობლის საწოლთან იყრიდა თავს. თავის თეთრ ხილვებში ჩაფლული გულიკო არაფრის მიმართ არ იჩენდა ცნობისმოყვარეობას, მაგრამ მეზობელი საწოლიდან კანტი კუნტად ხმები მაინც აღწვდნენ, რაც იმ ლამაზ მეზობელს შეეხებოდა, თურმე საყვარელმა დაჭრა ეჭვიანობის ნიადაგზე, - ეჩურჩულებოდა სანიტარი სანიტარს მოგვიანებით სხვა დანარჩენი წვრილმანებიც გახდა ცნობილი გულიკოსთვის, ასევე უნებურად გაგონილი: წრილობა საშიში არ ყოფილა, მაგრამ რაღაც გართულება გამოუწვევია და ახლა ამ ლამაზი ქალის სიცოცხლე პირდაპირ ბეწვზე ეკიდა, თუმცა მას არაფერს აგებინებდნენ, «შოკური თერაპია» არ გამოუყენებიათ ამ შემთხვევაში, პირიქით, ყოველნაირად აიმედებდნენ, ნუ გეშინია, სრულიად უბრალორამეაო; ამ დროს კი უკვე ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია, მგონი მესამედაც უპირებდნენ. ლამაზ მეზობელს მუქი წითელი პომადის წასმა უყვარდა ხოლმე, ძალიან უხდებოდა. ფრჩხილებზეც მუქი წითელი ფერის ლაქი ესვა, ის სასთუმალთან ყვავილები ყელყელაობდნე და თვითონაც ყვავილს ჰგავდა, როცა თავს მიიდრეკდა ბალიშზე, წითელფრჩხილებიან ხელებს კი საწოლის კიდეზე დაალაგებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს წითელფრჩხილებიანი თითები ნამვილად ჰგავდნენ ყვავილების ფურცლებს, ოღონდ უკვე თავჩაქინდრულებს უღონოდ და უნიათოდ. - ვინ იცის, რა აღარ მივაყარე: ნახშირი, შაქარი, ასპირინი, მაგრამ არაფერი შველით, ვერ გავაცოცხლე – ოდნავ მწივანა ხმით ამბობდა ლამაზი მეზობელი ვარდების შესახებ, რომლებიც ბროლის ვაზაში ელაგნენ. რარაც იშვიათი ჯიშის იყო ეს მუქი წითელი ვარდები, ჯერ არ გაკრთომოდათ მდიდრულ, ჩახჩახა ელფერი, ოღონდ ყუნწი უკვე ....... ჰქონდათ. ამ ლამაზი ქალის გარეგნობა და ცხოვრება მიახლოებული იქნებოდა იმ იდეალთან, რაც მას წარმოსახვაში შეეძლო დაენახა. ძნელი იქნებოდა უკეთესი ჭურჭლის წარმოდგენა საკუთარი არსებობისთვის, იგი ხომ ძალზე ლამაზი იყო და ცხოვრებითაც განებივრებული ჩანდა, მაგრამ გულიკომ იცოდა, თუკი თვითონ მას შეეკითხებოდა ვინმე ამის შესახებ, სულ სხვა რამეს მოისმედნ პასუხად. მოისმენდა, რომ მისი ცხოვრება ფრიად შორს იყო იდეალისაგან, ალბათ მწივანა ხმით გააბამდა მოთქმა – წუწუნს საკუთარი უიღბლობის გამო, უამრავი რაღაცის გამო, რომელთა მოსმენა და ამოქექვა სულაც არ სჭირდებოდა გულიკოს, თუმცა საკუთარი გარეგნობის შეფასებისას შეიძლება კმაყოფილება გამოეხატა. რაც შეეხება იმ საბედისწერო ჭრილობას, მის შესახებ საშინელ აპოკალიფსურ სურათს დახატავდა, ამისი საფუძველი ხომ ნამდვილად ჰქონდა. ამგვარად ის ქალისც იტყოდა, რომ მისი ცხოვრებაც საკუთარი სუროგატი იყო იმისა, რაც სინამდვილეში უნდა ყოფილიყო. მაშინ რაღა ეთქმოდა თვით გულიკოს, ის საბედისწერო ჭრილობაც რომ ეხარბებოდა. . . მთელი მისი არსებობა, სხეული ისე იყო დამონებული იდეალს, რომ უსარგებლოც კი ჩანდა მათ შორის მანძილის განსაზღვრის მცდელობაც კი. ვარსკვლამებამდეც კი უფრო ახლო მანძილი იყო მასთან შედარებით, - ასე თვლიდა გულიკო. მის სხეულს არაფერი ჰქონდა საერთო სილამაზესთან; ეს ბავშვობიდანვე შეიცნო გულიკომ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მუდამ კენტად რჩებოდა მწკრივში ჩაჭრისას. არც ერთ ბიჭს სურდა მისი მეწყვილედ აყვანა. იმ გოგონას გაარბენინებდნენ ხოლმე, ვის ხელსაც გულიკო ჩასჭიდებოდა. ან ეს ხმა რამ დაუბოხა ასე. მშვენიერი სმენა აღმოაჩნდა გულიკოს, მუსიკალური განათლება მიიღო, მოწაფეები აიყვანა, მაგრამ ბავშვებმა არ მოინდომეს მისი მოსწავლეობა, მისი ხმა არ მოსწონდათ, «მოლაპარაკე მილი» შეარქვეს მეტსახელად. არც ელდარი ყოფილა იდეალი, იდეალის თქმაც მკრეხელობა იქნებოდა. გალოთებული და თავმოყვარეობადაკარგული, უკვე საბოლოოდ დაშორებოდა ყოველივე ადამიანურს, გულიკო მაინც გაჰყვა მას, რადგან «ბოლოს და ბოლოს ქალი მაინც უნდა გათხოვდეს» - ასე ბრძანა უფროსმა ძმამ და სხვებმაც კვერი დაუკრეს. ეს გულიკომაც იცოდა. «შინაბერას « მაინც არ დაუძახებდნენ ჭორიკანა მეზობლები. გულიკომ არ იცოდა ერთი რამ: თუ რას ნიშნავდა ლოთობა. ისე გაიზარდა, ლოთი ადამიანი შორიდან თუ დაენახა. გულიკოს წარუდგა შესახედავად არცთუ უსიამოვნო, მოღლილი იერის მქონე მამაკაცი, რომელიც სულ მალე, ქორწინების მეორე დღიდანვე საზიზღარ ცხოველად იქცა. ეს იყო რაღცა აუტანლად ჭუჭყიანი, უსაშველო, მოუშორებელი. ადრე ეგონა, კაცი დალევს, დათვრება, არ დალევს, არ დათვრება. თურმე ლოთები არ შეიძლება დათვრნენ რადგან არასოდეს ფხიზლდებიან და საერთოდ არ ეკუთვნიან ადამიანთა მოდგმას. ისინი უსახო ტყავის ჭურჭლები არიან, ჩვეულებრივზე მეტი სიბინძურით ავსებული. სული ამოხადა გულიკოს ამ სიბინძურემ.. ბევრი ეცადა, იბრძოლა, ძაღლის ყბა გამოიბა, ქუჩა – ქუჩა სდია, სანამ არ დარწმუნდა, რომ ყოველივე ამაო იყო. ელდარი სმას ვერ მოიშლიდა. სცადა, როგორმე შეგუებოდა ამ გარდაუვალ ჭირს. ხანმოკლე შესვენებებს ევედრებოდა ქმარს, ცოტა ხნით მაინც მომათქმევინე სულიო. ელდარიც ხანდახან დაჰყვებოდა მის ნებას. უმეტესად მაშინ, როცა შიშის აკვიატება შეაწუხებდა და მაშინ ორი საცოდავი სუროგატი ეძიებდა და ჰპოვებდა ერთმანეთს, იმ უკიდეგანო, ბობოქარი ოკეანის ნაპირას, რასაც სიყვარული ჰქვია. უგემურად ფართხალებდნენ თავთხელ წყალში, ოღონდ ყველანაირად არიდებდნენ თვალს, ორივე საკუთარ იდეალს მისდევდა, იდეალს, მოუხელთებელს და მიუწვდომელს. გულიკო აუტანელმა ტკივილმა გამოაღვიძა. ჩამი – ჩუმი არ ისმოდა, პალატაში ყველას ეძინა, ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო. ლამზაი მეზობლის წითელფრჩხილებიანი ხელი უღონოდ გადმოკიდებულიყო გვერდითი საწოლიდან. გულიკომ კბილი კბილს დააჭირა და ტუმბოს უჯრა გამოაღო. ტკივილგამაყუჩებელი მოიძია, აბი სასწრაფოდ გადაყლაპა და თვალდახუჭული დაელოდა, ტკივილი ოდნავადაც არ შენელებულა. გულიკომ მეორე აბიც გადაყლაპა, არც იმან მოუტანა შვება, მაშინ ადგა და ფრთხილად გამოვიდა დერეფანში, მორიგე ექიმს მიაკითხა, ექიმი არსად ჩანდა. ექთანი შერჩა ხელში. - რა ექიმი აგიტყდა ამ კვირა დღეს უკმეხად შეუტია ნამძინარევმა ექთანმა. თურმე კვირა დღე თენდებოდა, ეს აღარ გახსენებია გულიკოს. თუმცა რა, კვირა დღეს საავადმყოფოც ისვენებს? ვაი, რომ არა. . . გრამი წამალი აღარ დარჩათ – ბურტყუნებდა ექთანი. უნამუსიდ ტყუოდა, ეს გულიკომაც კარგად იცოდა, ყველაფერს ფული უშველიდა, მაგრამ ფულიც რომ შემოაკლდა. იქნებ რაიმე მომიხერხო, ძალიან მაწუხებსო – მაიც შეეხვეწა და ფორთხვით დაბრუნდა პალატაში. ყველას ეძინა იმ ლამაზი ქალის ჩათვლით. გულიკო საბანში გამოეხვია. კბილებით ცხვირსახოცს ჩაეჭიდა და ექთანს დაუწყო ლოდინი. ექთანი კი არა და არ ჩანდა. გულიკოს ადგომა აღარ შეეძლო, ვეღარავის მოძებნიდა, ვეღარც აუტანელ ტკივილს უძლებდა. თვითონაც ვერ გაიგო, ისე აკვნესდა. ჯერ კრიჭაშეკვრით, მერე და მერე უფრო ხმამაღლა. თავზე საბანი გადაიფარა, მაგრამ მისმა კვნესამ ეტყობა მაინც შეაწუხა პალატის მკვიდრნი, რაღაც ხმები შეენაცვლა ერთმანეთს. - მორფი გაუკეთეთ – გარკვევით გაისმა მწივანა ხმით წარმოთქმული სიტყვები. - თქვენ მორფი წყალი ხომ არ გგონიათ, თუ იცით, რა ღირს – აღრინდა ექთანი. ყოველთვის უკმეხი იყო ეს დედაკაცი, დღეს კი რღაცა განსაკთრებით იღრინებოდა. მაინც წავიდა, რაღაც ტაბლეტი მოუტანა გულიკოს და გადააყლაპა, გიშველისო. გულიკომ კრიჭა შეიკრა და დაელოდა, არც იმ წამალმა უშველა. პირიქით, თითქოს უფრო გაუძლიერა ტკივილი. ეგონა მარწუხებით უგლეჯდნენ გულ – გვამს. სადღა იყო მისი თეთრი, საზეიმო სიმშვიდე, რომელიც ასეთი ბრძოლით მოიპოვა. სადღა იყო ღრუბლის ფთილასავით თეთრი, წმინდა ფარდა, ყოფიერების ჭუჭყზე ჩამოშვებული. ყოველივე იავარჰყო ამ აუტანელმა ტკივილმა. - ოღონდ ნურაფერი მეტკინება, ოღონდ ტკივილი მომაშორეთ, ოღონდ, ოღონდ. . . - ხმამაღლა აკივლდა ბოლოს გაუსაძლისი ტკივილისაგან გაწამებული გულიკო. საბანი სადღაც შორს მოისროლა. - ამანაც თუ აღარ უშველა, არ ყოფილა საშველი – ჩაესმა ისევ ექთანის ღრენა და გულიკომ ნემსის ჩხვლეტა იგრძნო. გულიკო დაიმალა საბანში, რომელიც ვიღაცის მზრუნველმა ხელებმა გადააფარეს. იმედმა თავისი ქნა, მოთმინება მოიკრიბა და დაელოდა წამლის მოქმედებას. ამჯერად არ გაუმტყუნდა იმედი, ტკივილმა შესუსტება იწყო . გრძნობდა გულიკო, რაღცა მძიმე, გაუსაძლისი სცილდებოდა წამიდან წამს. სცილდებოდა თანდათანობით, ტალღისებურად და არაერთბაშად. სადღაც ჩაინავლა, ჩაიკარგა ის მძიმე ტალღები და გულიკომ უდიდესი შვება იგრძნო. ამ წუთებში უბედნიერესი ადამიანი იყო, მართლაც რა შვებას გრძნობს ადამიანი, როცა ტკივილისაგან განთავისუფლდება. რაც უფრო დიდია ტკივილი, მით უფრო დიდია შვება, რომელიც მის განქარვებას მოჰყვება. აბა სცადე, აუხსენი ვინმეს, ვისაც ტკივილი არ განუცდია, თუკი არსებობს ვინმე ასეთი. სიცოცხლე ხომ ტკივილია, ერთი გაჭიანურებული ტკივილი. მისგან განთავისუფლებაც უდიდესი შვების მომტანი იქნება ალბათ.. უდიდესმა შვებამ ისევ შვა ის სათუთი, თეთრი სიმშვიდე, რასაც ასე საგულდაგულოდ აფარებდა თავს გულიკო. ისევ განიხვნა მის თვალთა წინაშე არაჩვეულებრივად ფართო თვალსაწიერი, თითქოს ერთ სიბრტყეზე განთხეულიყო ოკეანის მთელი წყალი. მერედა, რა მკაფიოდ, რა ნათლად ჩანდა ყოველივე ამ ფართო თავლსაწიერის ფონზე. თავიც არაჩვეულებრივი სიცხადით მუშაობდა. ყოველივე თავისი წესითა და რიგით დალაგდა, ყველაფერმა თავის ადგილს მიაგნო. ისეთი წესრიგი და სიცხადე გამეფდა, რაც მანამდე ვერც წარმოედგინა, თითქოს რომელიღაც ახალი შუქის წყარო აინთო, მანამდე თვალით უხილავი. ამ მშვენიერ, მოწესრიგებულ და ცხად სამყაროში, რაც გულიკოს გადაეშალა თვალწინ, უკვე აღარაფერი იყო გასაკვირი და შეუძლებელი. ჭუჭყით სავსე ტყავის კოშტები მიჯრით მისდევდნენ ერთმანეთს, თავიათ იდეალებს მიელტვოდნენდა არცთუ საიმედოდ. აქ უკვე მოქმედებდა რაღაც იდუმალი კანონი იდეალად გარდასახვისა. ო, რა ცხადი იყო ყოველივე, რა მშვენიერი და მოწესრიგებული .ეს უდიდესი წესრიგი თავისი თვალით იხილა გულიკომ; მისთვის ახლა აღარაფერი იყო დაფარული. დაინახა ყოველივე, რაც მანამდე დაფარული ეჩვენებოდა. დაინახა თვით სიკვდილი, უხილავად მიჩქმალული თეთრი საზეიმო ფარდის მიღმა, რასაც თვითონ ასე საგულდაგულოდ აფარებდა თავს, დაინახა, გამოიწვია იგი თეთრი ფარდის ნაკეცებიდან, რათა უკეთ დაეთვალიერებინა და იხილა, რომ თურმე სულაც არ ყოფილა საშიში და საზარელი, როგორც ადამიანები წარმოიდგენენ, პირიქით, სრულყოფილებით ყველას და ყველაფერს აღემატებოდა თვით ამ მოწესრიგებულ ცხად სამყაროშიც კი, რამდენადაც ერთადერთი იყო და შეუცვლელი, სხვა ყველაფერს მოეძებნებოდა შემცვლელი მის გარდა. გულიკო შეჰყურებდა ამ ერთადერთს და შეუცვლელს, ისე რომ არც სხვა დანარჩენები გამორჩენია მხედველობიდან, ჭერის და კედლების სითეთრესაც ცხადად ხედავდა და ეს სითეთრე კიდევ უფრო წმინდა და აუღვრეველი იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.. წმინდა, თეთრი სიმშვიდე კიდევ უფრო მეტი ძალმოსილებით ზეობდა მის ირგვლივ, ზეობდა დაუფრო ფართოდ შლიდა თავის თეთრ შეუმღვრეველ კალთებს. ბოლოს ჰაერიც დაინახა. . . იგი ავსებდა სივრცეს, იგი ავსებდა სივრცეს სითეთრედან სითეთრემდე, გამჭვირვალეც იყო და ამავდროს ხილულიც. როგორღაც აერთიანებდა ამ ორ შეუთავსებელ თვისებას. გულიკო განაცვიფრა ამან, ხელი გაიწოდა და შეეხო იმ ჰაერს, გამჭვირვალეს და თან ხილულს. და აქ ერთი ახალი აღმოჩენა ელოდა გულიკოს, შეიგრძნო, რომ შეეძლო არა მარტო შეხებოდა ჰაერს, არამედ კიდეც გადაებიჯებინა მასში. ასედაც მოიქცა: მიჰყვა ჰაერისაკენ გაწვდილ ხელს, მიჰყვა და მთელი არსებით დაენდო გამჭვირვალე ჰაერს, რამეთუ თვითონაც თხემით ტერფამდე იმ ჰაერივით გამჭვირვალე იყო, გამჭვირვალე და თან ხილული.. აღარ იყო საცოდავი სუროგატი იმისა, რაც უნდა ყოფილიყო, რასაც უნაყოფოდ მიელტვოდა მთელი სიცოცხლე, ის იყო სწორედ ის იდეალი, შორეული და მიუწვდომელი; წმინდა, თეთრი, მისი არსებობის მღვრიე ნალექისგან დაცლილი. გულიკომ ერთი წამით მოიხედა,უნდოდა ენახა ის მღვრიე ნალექი, რაც ამ წმინდა ანაორთქლისაგან რჩებოდა, შეზარა იმან, რაც იხილა: ეს იყო რაღაც დაჭმუჭნული, ჭუჭყიანი ტყავის გუნდა, უსახო, დაღრეჯილი. გულიკომ ზიზღით აარიდა თვალი იმ ტყავის ნაკუწს, მისთვის უკვე შორეულს და უცხოს, ფართო ნაბიჯებით გადააბიჯა გამჭვირვალე, ხილულ ჰაერში, სამყაროში, სადაც აღარ არსებობდა არც სუროგატი, არც იდეალი, აქ უკვე ყოველივე ერთ წერტილში იყრიდა თავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|