ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2009


გიჟის ხალათის ორკეცი სონეტი

წიგნიდან  <<თავისუფალი  სონეტები >>

ბატონ შალვა მჭედლიშვილს --- ამ ლექსის პირველწამკითხავს,
დიდი მოკრძალებით მისი ნათელი სულის წინაშე...



ვერ გავიხადე გიჟის ხალათი ---
ზამთარ-ზაფხულ რომ ტანზე მაცვია...
რომც მოვკვდე --- უნდა გავძლო ხვალამდი,
თუმც გული ეჭვებს დაუკაწრიათ!..

რა აწრიალებს ტკივილს მარადისს,
როდემდის უძლოს გულმაც ამ წრიალს?!.
--- ხვალ გალახავენ ხმელი ხალათიც,
შოლტები ვისაც მრავლად გასწვნია?!.

ღარიბი ვივლი კუბოს კარამდი,
ვიდრე მდიდრდება ძუნწი, ქვაწვია...
კითხვის ხვიარა --- მჭლე, მუხანათი ---
ყოფნა-არყოფნის ღობეს ჩასწვნია...

ზედვე მაცვდება გიჟის ხალათიც
გაუხდელად რომ ტანზე მაცვია...


აქ შური ზეობს, იქ კი ღალატი,
სიკეთეს რომ სულ სიქას აცლიან...
სულ-ხორცის გზათა გასაყარამდი
სულის მოთქმასაც ძვირად გაცლიან...

შენც, ჟამო, ვერც სდექ, ვერც დაკარავდი...
--- ვხედავ, სვებედი შენიც მკაცრია...
მაგრამ წამობით რაღად მპარავდი,
რაც ისეც შენი დასანაცრია?!.

თუმცაღა ღდინზეც გავჭაღარავდი,
ვერ ვეძმე ქვემძრომს, ღრძოს და ღვაღძლიანს...
ვერც ეჭვი --- უნდო და მუხანათი,
ვერც ჯავრი --- გულში ფხად რომ გამჩრია ---

ვიდრე გამიძლებს გიჟის ხალათი,
ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრიან!..

              2003. ღვინობის თვეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები