 | ავტორი: მამლუქი ჟანრი: პროზა 15 აპრილი, 2009 |
ბარდნის... -ეეე რამოტელა ფანტელებსა ყრის?! ჩაიკეტება გზები... ჩაიკეტება! რა კარგი ვქენით ის ფქვილი რომ ავიღეთ, რავი ეს შობელძაღლი როდის გადაიღებს... იმიტომაც იყო ძვლებში ისე რო მტეხავდა... პაპას ბიჭო, წადი, შეშა შეუკეთე, არა გცივა, ყურუმსაღო? ეგ კრამიტი დუხოვკაში შედე, გაცხელდება. ღამე ბაბო შალში გაახვევს, ლოგინში ჩაგიდებს და ფეხებს დაგითბუნებს. მააშ!.. კაცი ხარ უკვე - ჯერ დიდები შედე, ეხლა ნაფოტები დააყარე, ეხლა კი მოდი პაპასთანა, მოდი მუხლებზე დამიჯექი, თოვლს ვუყუროთ... აბრეშუმის თმები ვისაა აქვს? ჩემ ბიჭსა, პაპას ბიჭსა... აივანზე ფეხების ბაკუნი გაისმა (თოვლი დაიფერთხა), მერე შუშაბანდის კარმა დაიჭრიალა... მერე შალმოსხმული, ზურგში ოდნავ მოხრილი, ჩიტივით პატარა, ჩემი ბაბო შემოვიდა. -კაცოო, აღარ უნდა დაკლა ეგ ოხერი, გადამჭამა! ხო ხედავ, მთელი კართოფილი მაგას შევაჭამეთ, აჰა, ქატოც გათავდა... სათესლე კართოფილსაც მაგას ხომ არ შევაცეცხლებთ? რო ვეღარც ვერევი?! ეხლაც კინაღამ წამაქცია, ქაა! სანამ სალაფავს ვუსხამდი, დინგი ამომკრა მაგ სასიკვდილემა... როდემდე უნდა შევინახოთ? ხალხმა თავისი ღორები უკვე შეჭამა, ჩვენ კი ჯერ არც დაგვიკლია. -ჰოო, დროა. ეხლა ზუსტადაც მაგაზე ვფიქრობდი, ხვალ დავკლავ, შაბათია! -შაბათია, შაბათი - თორემ სხვა დღეებში სულ ჯაფაში არა ხარ?! -ჩუუ, დედაკაცო,როგორც ვიტყვი, ისე იქნება! გადი ეხლა შენა, შალიკოს გასძახე, ხვალე არშაკასთან გადავიდეს, იმანა კიდე, მუდრეგმა, ის დაპირებული ერთი დროგი შეშა შემოგვაშველოს... დაგვჭირდება ეხლა. თან ის თავისი ჟანგიანი არყის ქვაბი წაიღოს. წაღებაც რომ ეზარება მაგ უნდილსა, რამდენი ხანი უნდა ეგდოს აქა? შეჭამა ჟანგმა. ამ ხალხისა ვერა გამიგია რა. ან ის თავისი არაყი მაინც არ უნდა? ოჯახი აქვს, მიმსვლელ - მომსვლელი... დასჭირდება... მწვანე შტოფი გაატანე, კარგი არაყია! სახარჯო არ მისცე, წყალ-წყალაა, თავი არ შეირცხვინო. წინწანაქარსა ხელი არ ახლო, ამ ღორის - წერაა! ბაბომ შალი ფეჩთან სკამზე გადაფინა , სველი ხილაბანდი მოიხადა და ისეთივე თეთრი, როგორც ფანჯრის იქით თოვლი იყო - თმა გამოუჩნდა. წინსაფრის ჯიბიდან სველი კაკლები ამოიღო. -ნახე გიო, კაკლის ძირას რა ვიპოვე, თოვლში კარგათ გამოჩნდა ... ფუსფუსი დაიწყო, პაპა კი ხვალინდელ დღეზე ხმამაღლა მსჯელობდა: -ჰო, ოთარას უთხრას, ფარსუნკა და პრიმუსი წამოიღოს. ვიცი მაგხელა ღორსა მარტო გაპუტვა არ უშველის, კარგი გასატრუსი იქნება... დიდია ეგ ოხერი. ფეჩზე დადგმული ჩაიდანი ჯერ მშვიდად ფშვინავდა, მერე ჩუმ სტვენაზე გადავიდა. კბილებს შუა რომ უსტვენენ, აი ისე. ფეჩის წინ ჩაცუცქული, მონუსხულივით შევყურებდი ცეცხლს. ბაბომ მაგიდის გაშლა დაიწყო. -ბაბო გენაცვალოს, შენ რას შეშჭამ, ჩემო გვრიტო? მაწონი შემოგიტანო? მაყვალა ძალომ გადმოგიტანა, დანით იჭრება -ნაღებია ცარიელი. არ გინდა? მაშინ თაფლი და კარაქი ჭამე, არც ეგ გინდა? ბაბალე ბაბომ ნაზუქი რო გამოგიგზავნა? რა იყო, რას აბუზულხარ ბეღურასავით, დედა მოგენატრა? მოგიკვდეს შენი ბაბო. თავის მიხაკ-დარიჩინიან ჩაის ასხავს სამ ფინჯანში. ჭერზე ათინათი აციმციმდა. "სამი დათვის" ზღაპარი მახსენდება: ყველაზე დიდი , ოქროსყურიანი - პაპასი, მომცრო - ბაბოსი (ალუბლები ახატია, უკვე გახუნებული) და ჩემი - პაწაწინა, პირჩამოტეხილი, ცისფერკოპლებიანი. -კაცოო, ხვალ თუ აპირებდი ღორის დაკვლასა, არ უნდა გეთქვა? ეგრე იცი შენა, არავის არაფერს ეკითხები! ჯიუტი, კერპი ადამიანი ხარ. წყლები მაინც ამეღო. ეხუმრები, მაგხელა ღორსა რამდენი დასჭირდება! დანა?! დანა გამოართვი კოლასა? ხო იცი, რომ რიგი უდგას მაგ დანაზე. პაპას ულვაშებში ეცინება: "შენ მაგას ოღონდ უხსენე, ღორი მყავს დასაკლავიო, დანასაც მოიტანს და თავის ნაქებ, გრეხილ შამფურებსაც მოაყოლებს. ნეტა ვიცოდე რისი გეშინია. ან წყალი რად გინდა? ხედავ რამოტელა თოვლი დადო! დაადნობ - წყალი არ არის? ხუთი–ექვსი კაცის გაძღოლა-გაძღომას რაღა უნდა, ჰაა? მწნილები ბლომათა გვაქვს, ღმერთის წყალობით - არაყიც, ყველიცა და პურიც... ხორცი ხო - თავისთავადა... ვაახ, კიდე კარგი ის ფქვილი ავიღეთ. ნახე, ნახე როგორა თოვს ეს უპატრონო. ბაბო ჯამში ფინჯნებს ავლებს. პაპა კომოდზე მდგარ მაღვიძარა საათს მართავს, ქოქავს . -ექვსზე დავაყენებ, იქნებ დარეკოს. ეს მუდრეგი, სულ აღარა მუშაობს. ხვალ დავშლი ნავთს ჩავასხავ... -ხო ვთქვი, ქაა, ჯიუტი, გაუგონარი კაცი ხარ მეთქი? ქალი არ ვიყო, რო მოკვდები, ეგ საათი კუბოში რომ არ ჩაგაყოლო. რით ვერ გადააგდე ეგ ვერანა? ყოველ დაშლაზე ნაწილები გრჩება. ან აქამდე როგორ გაძლო შენ ხელში? როგორ მუშაობს? გაგონილა ქაა, საათში ნავთის ჩასხმა? კერასინკა ხომ არ არის... უღვარძლოდ ეჩხუბება ბაბო. - ხოო! უნდა ჩაგატანო! ეგეცა და ის რადიოც, დღე და ღამე რო აწვალებ. გადააგდე! გითხრეს არა, გადააგდეო! სითბომ, ჩაიდანის ფშვენამ, ჩაიმ, მომთენთა, ქუთუთოები დამიმძიმდა... პაპას, ჯერ კიდევ ძლიერმა ხელებმა ამიყვანეს, კრამიტით გამთბარ ლოგინში გადამაწვინეს... გენაცვლოს შენი ბაბო! - ჩამესმა ბოლოს... რომ გავიღვიძე, ოთახში არავინ იყო. ფეჩი გიზგიზებდა. მაგიდაზე მოხარშული კვერცხი, ცხელი პური და რძე მელოდებოდა. რძე, დილაობით მაყვალა ძალოს მოჰქონდა: "მაგ ბალღსა, ყურებში ლანდი რო გასდის, სანამ აქ არის - კარგად აჭამეთ. ქალაქში, ეტყობა, ვერ უვლიან! ვისა სცალია მაგისთვისა, ყველა დაკავებულია. სონა, შენი რომ ვიყო, არ გავუშვებდი, სულაც აქ მეყოლებოდა" - ეუბნებოდა მაყვალა ბაბოს. ამ რძეს, ხან ვაშლს მოაყოლებდა მაყვალა, ხან ქლიავის ჩირსა და ხანაც ტყლაპს. იცოდა რომ ტყლაპი ძალიან მიყვარდა... უი! დღეს ღორი უნდა დაკლან! - გამახსენდა და გიჟივით წამოვხტი, ფანჯარას მივვარდი. ვერაფერი დავინახე - ყინვას, თეთრი არშიებით მოერთო ფანჯრის მინები. დანის პირით პატარა ღრიჭო გავაკეთე: თოვდა, ეზოში ფუსფუსებდნენ. შუა ეზოში, ტახტზე, ხის დიდი ვარცლი იდგა. ამ ვარცლში - უზარმაზარი ქათქათა ღორი. ფურნის კედელთან, ორ ზედადგარზე, სპილენძის დიდ ქვაბებში წყალი დუღდა... იქვე დროგი და "რიჟიკა" – არშაკას ცხენი იდგა. "რიჟიკას" წინ ბლომად თივა ეყარა. ეტყობოდა დიდხანს აპირებდნენ დარჩენას. იქვე, გოგია და ოთარა ძია , არშაკას მოტანილ შეშას აპობდნენ. ჩემი სონა ბაბო ჭრელ მუშამბას შლიდა. ღორს მდუღარე დაასხეს, მუშამბა გადააფარეს. პაპაჩემი ხელებს უტყაპუნებდა, კარგათ გაუჯდეს, გაიფუფქოს, ამ ჯაგარს რა დაულბობსო... ქვაბში თოვლს ამატებდნენ, ვარცლში კი მდუღარეს. გეგონებოდა, ვიღაც დიდგვაროვანს აბანავებდნენ, ისეთი ფუსფუსი იყო ამ ღორის ირგვლივ... ჯერ გაფუფქეს, მერე გაპუტეს, მერე გატრუსეს, მერე... (მაყვალა ძალოსთან გადაიყვანეთ ბავშვი. რად მინდა უყუროს ღორს როგორ გაფატრავენო?! ...) ციგაზე დამსვეს და... საღამოს რომ დავბრუნდი (ისევ ციგით), სახლში მამაპაპური ქეიფი დამხვდა: -ვინც მოვიდა გაუმარჯოოს. გიორგას გაუმარჯოს, გიორგასა! მწვადი არ გინდა? ყაურმა?.. ვაჟკაცი ხომ ხარ, ვაჟკაცი? -მაგას ღადარში შემწვარი ფიციხი მოუხდება, ენაცვალოს პაპა. მოუტა, სონა! მაგიდაზე კიტრისა და წითელი კომბოსტოს მწნილთან, პამიდვრის მწნილს, ნივრითა და წიწაკით გამოტენილი პირი ჰქონდა დაფჩენილი. მსხვილად დაჩეხილი გუდის ყველი და ფურნეში გამომცხვარი თეთრი პურის ვეებერთელა ნაჭრები ელაგა, უკვე პირშეკრული ყაურმა და კოლას ნაქებ, შამფურებზე წამოცმული მწვადი ცივდებოდა უყურადღებოდ... ნახევრად დაცლილი, მრგვალ მუცლიანი, წინწანაქარიანი შტოფი - პაპა ამ დღისთვის რომ ინახავდა:"ამ შტოფს მხოლოდ მაშინ ვახლებ ხელს, ღორს რომ დავკლავო," იდგა... ჰოდა სვამენ ეხლა. ფეჩზე, დიდ ქვაბში, ღორის მუცლის ქონს ადნობენ ქალები. -მოდი, ხოხოზიკი ჭამე, არ გიყვარს, გიო? ქაა, იცი, იმერლიანთ ქალი ქსენო, ხოხოზიკსა - ხიწიწს ეძახის. კოლიოსა კიდე - წანდილსა. -მაგათთანა ყველაფერი უკუღმა არი. იცი, ეგენი ჯერ ქელეხს იხდიან და მერე მიცვალებულს მარხავენ, გაგიგონია, ქაა, მთვრალები მიასვენებენ ბარბაცითა... რა უნდა გაგიკვირდეს? ყველაფერს პირიქით აკეთებენ - დინჯად ამბობს, დაბალ სკამზე მჯდარი, ფაშფაშა ბაბალე ბაბო. ბაბალეს თავის ტკივილები აწუხებს, ჯიბით პატარა პორტსიგარს დაატარებს. შიგ რაღაცა თეთრი ფხვნილი უყრია - ბურნუთიაო, ამბობს. დაყნოსავს ხოლმე ბაბალე ამ ფხვნილს, მერე ცხვირს აცემინებს და აცემინებს. ეხლაც, ურიცხვ ქვედა კაბებში თავის ტაბაკერკას ეძებს... ოთახი, შუშაბანდი, აივანი, საზარელი სანახავია. ყველაფერში დანაწევრებული ღორის ხორცის ნაჭრებია. ტაშტში, გარეცხილი ნაწლავები ყრია, მეორეში - უკვე შედედებული სისხლის, ყავისფერი ნაფლეთები. (კუპატი უნდა გავუკეთო ჩემს თენგოს, ხო იცი კუპატი როგორ უყვარსო, მითხრა ბაბომ) გულის რევის შეგრძნება არ მტოვებს... გოგიამ შუშაბანდში ხის დიდი კასრი შემოაგორა:" აი, მოგიტანე სონა ბაბო! ვალიკომ ეგრე მითხრა, აღდგომამდე ჰქონდესო. ქირა - სონას გაკეთებული "სალა" იყოსო - დააყოლა სიცილით. თოვს. ეზოში ისევ ადუღებენ წყალს. ნაკვერჩხალზე ბოლო შამფურები აწყვია, გოგიამ ნაცარში კართოფილი შეყარა... ჩაცუცქული ნაცარში იჩხრიკება. ბაბომ დაფნის ფოთოლი, წიწაკა და მარილი ხახალზე დადო: "უნდა მდუღარეში ჩავყარო... ფანარი მომირბენინე - კიბეზე ჩამინათე, ფეხი არ დამისრიალდეს. უი, შემოგევლოს შენი ბაბო, გამეზარდა მორბედი..." თქვა და სიბნელეში გაუჩინარდა. სიბნელეში "რიჟიკას" ფრუტუნი ისმოდა, მთვრალ არშაკას ელოდებოდა, იცოდა, გზა სახლამდე, როგორც მუდამ, მარტოს უნდა გაეკვლია - თივაზე გაშხლართული, მთვრალი არშაკა, სოფლის ბოლოს, თავის სახლში მიეყვანა. პატრონის ხასიათი კარგად იცოდა. არშაკას, რომ დათვრებოდა, გული უჩუყდებოდა, მწარე ცრემლებით დასტიროდა ქვეყნის უსამართლობას. ჩემ სონა ბაბოს მხურვალედ ჰკოცნიდა ხელებზე და რატომღაც "დედიკო-დედაჯან"-ს ეძახდა და პატიებას სთხოვდა... მგონი ვიღაცა მოდის. -ბიჭო გიორგა, შენა ხარ? არა გცივა? ეგრე ტიტველა რო გამოსულხარ, ვინ გამოგიშვა? ბიჭო, გავიგე მამაშენსა ყელთაჯვი დაუჭერია. მართალია? - უკბილოდ მეხუმრება ევგენა პაპა. ევგენა პაპას, ცოლი "ძაღლ-ნიორას" ეძახის მძიმე ხასიათისათვის. ოთახში ერთად შევდივართ. -უჩემოთა ქეიფობთ თქვე, მუდრეგებო, ჰა?!. სონა, ხო იცი, ჟიპიტაურს არა ვსვამ, პიტნის "ნალივკა" გექნება - თავშენახული ქალი ხარ! მერე, მიხაკიანი ჩაი გამიკეთე, შენი დაყენებული მიყვარს, შენი კაკლის მურაბითა. -ვაა, შენი ყველაყისამა, მამაშენი შალიკოც კაკლის მურაბამ არ დაახრჩო?! -რა კაცის საქმეა, ევგენა ძია, მურაბა? მართლა პარამ თამარა ძალოს მურაბასა? ეგრე თქვა შენზე, მაგ ძაღლ-ნიორამა, მთელი მურაბიბი შემიჭამა, კურკები ისევ ქილაში ჩაუყრია და წყალი დაუსხია - სტუმრებთან თავი მომჭრაო. ეხლა მურაბებსა მეზობლებში ვინახავო... მართალია?... ბაბომ მოიცალა, ჰაიჰარად ხელ-პირი და ფეხები დამბანა, ლოგინში ცხელი კრამიტი ჩამიდო... ჭერში, კუთხეში, აბლაბუდა - ბაბაჭუა ირხეოდა... პაპამ თქვა, ეს ღორი ეხლა იმიტომ დავკალი, აღდგომას კარგი შებოლილი ბარკალი რომ გვქონდესო. კარგი აღდგომა რომ გვქონდესო. აღდგომასაც ხო აქ იქნებიო?... ხო ჩამოხვალო?... აღდგომა და... ხვალეო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მეც გეფერები , ჩემო გიორგი! ბიჭო გაგვახარე! :) მეც გეფერები , ჩემო გიორგი! ბიჭო გაგვახარე! :)
16. ჩემი პატარა ძამიკო დაბრუნებულა! თურმე როგორ მომნატრებიხარ, გიოოო! დღეს მითხრა ლელამ... ინტერნეტი არ მქონდა 2 დღე! ძალიან-ძალიან მიყვარხარ! :-* :) 5 ჩემი პატარა ძამიკო დაბრუნებულა! თურმე როგორ მომნატრებიხარ, გიოოო! დღეს მითხრა ლელამ... ინტერნეტი არ მქონდა 2 დღე! ძალიან-ძალიან მიყვარხარ! :-* :) 5
15. ბავშვობა გამახსენდა, სახელები არ ემთხვევა თორემ ჩვენთან ხდებოდა ეგ ამბავი მეგონა :) ძალიამ კარგია. 5 ბავშვობა გამახსენდა, სახელები არ ემთხვევა თორემ ჩვენთან ხდებოდა ეგ ამბავი მეგონა :) ძალიამ კარგია. 5
14. ჩემი მამლუქიიიიიიიი! გუშინ მითხრეს გამოჩნდაო და იმხელა ვიკივლე მეტროში... :) ასე უნდა დაკარგვა ძამიკო? :) ჩაგეხუტე მაგრად. ჩემი მამლუქიიიიიიიი! გუშინ მითხრეს გამოჩნდაო და იმხელა ვიკივლე მეტროში... :) ასე უნდა დაკარგვა ძამიკო? :) ჩაგეხუტე მაგრად.
13. ვახ ჩემი! ეს ვინ გამოჩენილა:))
ხომ ხარ მაგრულად:) ვახ ჩემი! ეს ვინ გამოჩენილა:))
ხომ ხარ მაგრულად:)
12. მოგიკიტხე, მოგეფერე... მადლობა ასეტი ლამაზი მოთხრობისთვის... ჩემი ბაბო, პაპა გამახსენდა... ისიც სონა ბაბო იყო...555555555 მოგიკიტხე, მოგეფერე... მადლობა ასეტი ლამაზი მოთხრობისთვის... ჩემი ბაბო, პაპა გამახსენდა... ისიც სონა ბაბო იყო...555555555
11. გამიხარდა რომ გამოჩნდი გამიხარდა რომ გამოჩნდი
10. მოვიდა "უკუღმართი" იმერელი ბიჭი, მოგიკითხა, აღდგომაც მოგილოცა წინასწარ და მადლობაც გადაგიხადა დიდი, ბავშვობაში ასე ლამაზად დაბრუნებისთვის! :) მოვიდა "უკუღმართი" იმერელი ბიჭი, მოგიკითხა, აღდგომაც მოგილოცა წინასწარ და მადლობაც გადაგიხადა დიდი, ბავშვობაში ასე ლამაზად დაბრუნებისთვის! :)
9. ამას ვის ვხედავ :) გამიხარდი :) აღდგომა და ხვალეო ! :) ამას ვის ვხედავ :) გამიხარდი :) აღდგომა და ხვალეო ! :)
8. ისევ აქ ვარ და მერამდენედ ვათვალიერებ, ასე მგონია დიდიხნის უნახავ ნათესავებში დავბრუნდი :) ისევ აქ ვარ და მერამდენედ ვათვალიერებ, ასე მგონია დიდიხნის უნახავ ნათესავებში დავბრუნდი :)
7. მშვიდობა შენ გამოჩენას! :) დაკარგულო! :)
მშვიდობა შენ გამოჩენას! :) დაკარგულო! :)
6. მახსოვს ეს ლიტ.გე დან :)
სხვათა შორის ორი დღის წინ ვფიქრობდი, მამლუქი არ გამოჩნდება თქო? და აი, გამოჩნდი :) მაგარი ვარ, ასეთი სურვილები სულ მისრულდება ხოლმე :) მახსოვს ეს ლიტ.გე დან :)
სხვათა შორის ორი დღის წინ ვფიქრობდი, მამლუქი არ გამოჩნდება თქო? და აი, გამოჩნდი :) მაგარი ვარ, ასეთი სურვილები სულ მისრულდება ხოლმე :)
5. ბრწყინვალე ხელწერაა! ყოჩაღ, მამლუქო! აღფრთოვენებული ვარ. რა ხელშესახები სურათებია, რა მარჯვედ ნახატი! ბრწყინვალე ხელწერაა! ყოჩაღ, მამლუქო! აღფრთოვენებული ვარ. რა ხელშესახები სურათებია, რა მარჯვედ ნახატი!
4. მახსოვს და მიყვარს ეს ნაწერი..
სათაური ჩაასწორე.. ძმა.. მახსოვს და მიყვარს ეს ნაწერი..
სათაური ჩაასწორე.. ძმა..
3. მახსოვს ეს :) და მიყვარს შენი თხრობა მონატრებულო :) მახსოვს ეს :) და მიყვარს შენი თხრობა მონატრებულო :)
1. ვაი,მამლუქო როგორ მომნატრებია შენი თბილი ადამიანური ნაწერი! მახსოვს მეგონა ეს ამბავი კახეთში ხდებოდა...არა და მესხეთში ყოფილა, ხო და რამ გაყო ნეტავი ჩვენი პაპაბებიები არცა რამაა:)ქართული სოფელია და ალალი ხალხი! გაიხარე ჩემო კარგო....5 ვაი,მამლუქო როგორ მომნატრებია შენი თბილი ადამიანური ნაწერი! მახსოვს მეგონა ეს ამბავი კახეთში ხდებოდა...არა და მესხეთში ყოფილა, ხო და რამ გაყო ნეტავი ჩვენი პაპაბებიები არცა რამაა:)ქართული სოფელია და ალალი ხალხი! გაიხარე ჩემო კარგო....5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|