ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


წიგნიდან << ჭყონდიდური გვირგვინი >>

სერობა

      /  ნოდარ  წულეისკირს /


ვთქვათ,  ძმებო,  შემოღამების!...
-  ვსვათ ძელგი ღვინო ჯამებით!...
ავანთოთ წმინდა სანთლები -
მადლი ვადიდოთ სამების!..

პურზე ზედაშე ვაქციოთ,
ვთქვათ მზესთან გამოსალმების...
შესანდობარი ავწიოთ
ადრე წასული მამების!..

ვახსენოთ ღმერთი და ხატი,
რჯული, ერი და ბერი და
ცად აღვავლინოთ ღაღადი...
ვთქვათ მრავალჟამიერი და

მიწა დავლოცოთ მშობელი  -
საძვალე მამა-პაპების!..
პირზე რძეშეუშრობელი
მუხლზე დავისხათ ღლაპები!..

ვთქვათ ერთგულების, ფიცვერცხლის,
დედის და ერის შვილობის...
მტრებს შევუთვალოთ ღვთისცეცხლი  -
ქართული ხელგაშლილობით!..

ვთქვათ, ვინც დაგვიკლეს წამებით,
მზეს ვინც კეთილად უმზერდა...
ჩვენც იმ ბედს დავემგზავრაბით,
რაც გვაწერია შუბლზედა...

რამდენის  -  ცოცხლივ მომსპარის,
ვნახეთ ლპობა და დამცრობა...
-  შუბლგახვრეტილი მოძღვარი...
გულგატეხილი კაცობა...

ამდენის თმენამ გამთანგა,
ჯავრი მკლავს  -  სისხლის დამდენი...
-  ადამის ძე-ნაგრამთაგან
ბუში გამოდგა რამდენი!..

რამდენი ნეხვი აყვავდა,
ყვავიც ბულბულობს, გულშავი!..
უჯიგროთა და ახვართა
ხროვა მყავს გასაჟუჟავი!..

წკრუნიც მაცოფებს იმათი,
მრუდი  -  მძაგს მათი ლანდებიც!..
სულ მინდა, გითხრა სიმართლე -
ვუბნელო განთიადები!..

კიდევ რამდენი ვითმინოთ  -
ბოღმა ვინახოთ ბოღმადვე?!.
- ღმერთო, ქართლს სისხლი უთბილე!..
ღმერთო  -  ქართლს რწმენა მოჰმადლე!..

ვთქვათ სიყვარულის, მირონის...
ვთქვათ მადლის ჩვენი სერობის!..
ვთქვათ კაცობის და გმირობის,
ვთქვათ ბედთან ქედუხრელობის!...

ვთქვათ  -  წასვლაცა და დარჩენაც,
საყოვლაწმინდო დავცალოთ!..
-  გავსილა და თუთარჩელა
ცაში მთვრალივით ბანცალობს!..



იმერეთი

        / ოტია იიოსელიანს /

ავივლი და ჩამოვივლი
საქართველოს სიმღერებით...
სადაც უნდა მივდიოდე
-  გზად დამხვდება იმერეთი...

იმერეთი კი არა და
უნდა გერქვას სიმღერეთი!..
ვერასოდეს გაიხაროს
მტერმა შენი სიბერეთი!..

რომ იმღერო შენებურად
კვლავ  -  რაც როსმე გიმღერია!..
ჰყავდე სულის მოსათქმელად
კოლხეთსა და იბერიას!..

რა თვალითაც დაინახავ  -
ეს ქვეყანაც იმფერია...
გულიც მხოლოდ იქ მიგიწევს,
სადაც გულით მიგელიან!..

აქეთ  -  ფარცხანაყანევი,
იქით კიდევ  -  მაღლაკია!..
ახლობლების გახსენება
არ იქნება ახლა გვიან!..

ფერად ფოთლებს ეზოებში
გოგოები ახლა გვიან...
ჭური უკვე მოხდილია,
ღვინო -  ამოსახაპია!..

ვაზს მტევანი სიმწიფისგან
ღვინისფერად ეღებება
და სანატრელ სტუმარს ჭური
ქუდმოხდილი ეგებება!..

გეგუთია, გელათია,
უბისა თუ სათაფლია -
დიდების და უკვდავების
დაფნით გადასადაფნია!,.

მტერმა რომ ვერ გაატანოს
იმერეთის სიბერემდის,
კვლავ შეირგე,  შეიფერე
პეწი  -  რავარც იფერებდი!..

კვლავ იმღერე , ვით მღეროდი,
რაც ოდითგან გიმღერია!..
ისევ ერთ მძლავრ მუშტად შეჰკარ
კოლხეთი და იბერია!..

რომ კვლავ ჩვენად იქცეს ჩვენი -
რაც რომ ამერ-იმერია!..
რომ კვლავ აღსდგეს და აღზევდეს
დავით მეფის იმპერია!!!



დილის  არმაღანი  მეუფე თადეოზს


რად არ ქრება გულში რწმენა
ღვთისმშობლის და ძისა ღმრთისა,
როს სიკეთის ჯეჯილს ცელავს
ცელი  შ ი ნ გ ა ზ რ დ ი ლ ი    მ ტ რ ი ს ა  ?!.

ვინც წყეულებრ გესლავს უბეს
დედა-მშობლის  -  განა სხვისა!..
ვინც მოყვარეს მტრად იუბნებს,
მტერს კი - მოყვრად შეეთვისა!..

ვისაც თამაშად და მღერად
უჩანს გამეტება ძმისა...
ყელიც ისე მოიღერა,
ვით ლერწამმა ჭაობისა...

გულსავსეო სულის ნათლით,
ნიჭით  -  ლექსთა ამოდ თქმისა/
მამაზეციერის მადლი
მზედ რომ გადგას სამოთხისა!..

მარქვი  -  ძმავ და მეუფეო,
მამავ ღირსი ჯალაბისა:
-  ერთად როსღა შევუბეროთ
მტერს და ვკაფოთ ჩალად ისა?!.

მე მუხლთ ვუყრი ღვთის განგებას,
სადიდებელს ვამბობ ღვთისა -
ცოდვილს, მდაბალს,  -  რომ მაქვს ნება
შენთან სულის ამოთქმისა!!!



მტრედების  დამპურებელი

          მეუფე  თადეოზის    აივანზე  გამოჩენისთანავე
          ლამის  მთელი  დიდუბის  მტრედები  ერთბაშად  აიშლებიან 
          და ფრთების  საამო  ტკარცალით  მისკენ  გამოექანებიან...
          მისი  მადლიანი  ხელიდან  გულუხვად  დაყრილი  საზრდოს
          მოლოდინში  აუწერელი  სიყვარულით  შეჰხარიან  ღვთის
          ფრინველნი  ღვთისკაცს...


როს  მტრედის  ფრთათა  ყურს  მოვკრავ  ფართქუნს,
რომ არის გულის გამხარებელი,
მყის მახსენდება ერთი გულქართლი
კაცი  -  მტრედების დამპურებელი!..

კვლავაც მრავალგზის, ღმერთო, მამყოფე
ამგვარ სურათის მაყურებელი
და მოგვივლინე მარად სამყოფად
კაცი  -  მტრედების დამპურებელი!!!

რომ ჩვენც გვაპურონ, მათებრ, სიკეთით...
რომ ცოდვათაგან გვყონ ჩვენც განწმენდილ...
რომ უკეთურნი ვერ გვაბრიყვებდნენ...
რომ გზას არ გავყვეთ სულის წარწყმედის...

მოგვმადლე მრავლად წრფელნი გრძნობანი,
რომ ასაკლისებს კაცთა ბუნება!..
მომეც ჩვენ უხვად - პური, ხორბალი,
ფრთოსანთა შენთა დასაპურებლად!..

უბევრე შენთვის გულით მლოცველი
ერს  -  შენივ ჯვრისთვის ნაგვემ-ნაწამებს!..
-  რწმენამწირს ყოველს
და გზასაცდენილს
შენი ტაძრისკენ
გზა მიასწავლე!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები