ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2009


კენგურუ

არ მესმის  შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.

ერთი,გაბმული ხმაურია
სუყველაფერი,
რაც არ მანიშნებს,
რომ სამალავი  სადღაც ,ახლოა.
ანდა  საზრდოსკენ არ მიმახედებს..
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ  და
სხვანაირად როგორ ვიქნები!


ნიავს მოჰქონდა  სუნი შენი ,
გაუგებარი.
გემალებოდი,
გაგირბოდი,
ახლა კი ,
როგორ  მიცახცახებს მთელი  სხეული...

ნუ შემეხები!

კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს  ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად  უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

შვილი?
ა-აა, შვილი?!
იმან თავის ჩანთა აივსო,
მე -  იმის ნაცვლად
დილდილობით ვანანავებ
მზეს ახალშობილს,
ღამღამობით კი
მთვარესა და   
წვრილ-წვრილ  ვარსკვლავებს ...

ჩუ,
ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები