ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: il-kila
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2009


ახლა აპრილია(მარიკოს)...

ახლა აპრილია გარეთ,
ხეებს მოსდებიათ ფერი.
გრძნობა ეფეთება კარებს,
მე კი სიყვარულზე ვმღერი.
        ახლა აპრილია ჩემთან,
        ვითვლი სიჭაბუკის წამებს.
        სიტყვა დამეფანტა ველად,
        დღესაც ოცნებებით ვათევ.
ახლა აპრილია კარგო,
ჩვენი ერთად ყოფნის მოწმე.
მე დღეს მონატრება მათრობს,
შენს გზებს უსასრულოდ მოვდევ.
        ახლა აპრილია ისევ
        და მწამს აუხდენელ ნატვრის.
        თითებს სიგიჟისგან ვიმტვრევ,
        აღარ მეშინია ტანჯვის.
ახლა აპრილია მთებში,
მოაქვს მათი სუნთქვა წყაროს,
თეთრი შემპარვია თმებში,
ჩვენი ბილიკები მახსოვს.
        ახლა აპრილია ჩვენი,
        ქარი დაღლილ ფიქრებს მაცლის.
        სიტყვებს მოსდებია ცეცხლი,
      თითქოს თეთრ ღრუბლებსაც გავცდი.
ახლა აპრილია სახლშიც,
ქუჩაც აპრილია თითქოს.
მე დღეს სიხარული მაწვიმს,
დრო კი თავის ადგილს მითმობს.
        ახლა აპრილია სადღაც,
        ახლა აპრილია ქარშიც.
        წამი ამ ლექსებით დათვრა,
        ცრემლიც მოვადინე თვალში.
ახლა აპრილია გარეთ,
ხეებს მოსდებიათ ფერი,
გრძნობა ეფეთება კარებს,
დღესაც სიყვარულზე ვმღერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები