ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


დალილა ბედიანიძის კიდევ ერთი ეროტიკული ლექსი ჩემი არქივიდან

[b]დალილა ბედიანიძე[/b]

X X X

მომეხვიე, მომეხვიე, გემუდარები,
რომ შენს მკლავებში
დამავიწყდეს სიკვდილის შიში!

მწყურია შენი სიტყვები და
მწყურია შენი შეხება და
მწყურია შენი შემოხედვა.

დე, ჩემს სხეულზე
დარჩეს კვალი შენი თითების,
ვით გახედნილი ცხენის  სხეულზე 
თავის დამღას ტოვებს პატრონი!

მომეხვიე, მომეხვიე, გემუდარები,
შეიფარე სული ჩემი,
სხეული ჩემი -
- სიყვარულით ზეცას მომწყდარი !

ჰო, ზეცას მოვწყდი გზააბნეული ჩიტივით და
შენთან დავვარდი
და მოვიდრიკე თავი შენს მკლავზე...

მომეხვიე, მომეხვიე, გემუდარები,
მაგრძნობინე, რომ მარტო არ ვარ ,
რომ შენ მყავხარ,
როგორც მე გყავარ
და არასოდეს მოგბეზრდები,
როგორც არასდროს მომბეზრდება შენი ალერსი!

მე აღარ ვიცი,
შენი მკლავების იქით რა ხდება,
მე აღარ ვიცი ,
შენი მზერის იქით რა ხდება...

მომეხვიე, მომეხვიე, გემუდარები,
და მაკოცე ისე  მწარედ,
ისე  მხურვალედ,
რომ შემს სხეულზე 
სამარადისოდ ამოიშანთოს შენი სახელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები