ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2009


სიტარა

მისტერ fოგ,
რა გიჭირავთ მარჯვენა ხელში?
ნუთუ ფული, რომელიც ჩემს ალერსში უნდა გაცვალოთ.

მისტერ fოგ,
მე სიტარა ვარ
და მიუხედავად ასაკისა ვერცერთ ნაოჭს ვერ შემამჩნევთ
მკერდზე,
როცა სასტუმროში მარტო დავრჩებით.

მისტერ fოგ,
მე ბავშვობიდან ბათუმში ვცხოვრობ
და გუშინღა ვიყიდე სახლი.
რათ მინდა სახლი?
მე იქ თქვენთან ერთად ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება
როცა განიკურნებით და
წარსულის კომპლექსებს თქვენს მეგობრებს გადაულოცავთ...
ვხუმრობ მისტერ fოგ,
მე არასდროს მერქმევა თქვენი,
რადგან ვერასდროს მოვიპოვებ ნდობას,
რომლის მოპოვებაც უფრო რთულია ვიდრე სიყვარულის
და იცით მისტერ fოგ,
ყველაზე ხშირად მათ ვენდობით, ვისაც საერთოდ არ ვენდობით.

და აი ახლაც,
თქვენ ჩემს წინაშე სრულიად უძლური წევხართ,
მე გხდით შარვალს და გეფერებით ტანზე,
ნუ ხუჭავთ თვალებს მისტერ fოგ,
მე შემიძლია მოგკლათ, გაგქურდოთ,
ანუ უბრალოდ ვნებით დაგღალოთ,
სანამ ზღვა ისევ აირეკლავს იაფფასიანი სასტუმროს კედლებზე
მზის სხივებს.

მე სიტარა ვარ მისტერ fოგ,
სახლი ვიყიდე გუშინ, ძალიან შორს აქედან,
სადაც მასთან ერთად ვიცხოვრებ
და ჩემი შვილები ვერასდროს ვერ გაიგებენ
თქვენზე და თქვენს მარჯვენა ხელზე,
რომელშიც ფული გეჭირათ ჩემს მკერდამდე,
მენდეთ მისტერ fოგ.

ბათუმი 05.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები