ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქვენატკოცა
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2009


ყველაფერი თუ არაფერი

                                              ადამიანი უეცრად ფიქრებიდან რომ გამოარკვიო,კით-
                                              ხვაზე – რას ფიქრობდიო? გეტყვის – არაფერზეო,არადა
                                              ის ფიქრი მისთვის ყველაფერია
გვიან საღამოს ჩურჩულით წამთა
გამოუთქმელი აზრნი მიჰქრიან,
არაფერია,რაც დღემდე გწამდა,
ყველაფერია,რაც მიფიქრია.
                  დღეები ჰგავნან მეწამულ ამბორს
                  და ღამეები – გზას სამფერიანს,
                  – რაზე ფიქრობო?– კითხვაზე ვამბობ:
                  – ო,ეს ისეთი არაფერია.
როცა სურვილებს დუმილით ვიქრობ
და ცა სარკმელში მტრედისფერია,
ყველაფერია,მე როცა ვფიქრობ,
შენ როცა მკითხავ,არაფერია.
                  არასდროს ვუსმენ ცალთვალა მკითხავს,
                  ხელისგულზე რომ მიზანს ჩამითქვამს,
                  – რაზე დაფიქრდი?– შენ რომ გიკითხავს,
                  – არც არაფერზე – პასუხად მითქვამს.
როცა მომისწრებს სევდის ფერია
და გონებაში ჰყივის მამალი,
რასაც ვფიქრობდი,არაფერია
შენგან უსიტყვოდ გადასამალი.
                  და იდუმალი ექო რომ მიხმობს,
                  ჩემთვის ყოველთვის შესაფერია,
                  არაფერია,რაც წადილს მიხმობს,
                  რაც ახლად შემქმნის,ყველაფერია.
ნატვრა შენს კართან დააწყობს ვარდებს,
ხოლო სულში კი კვლავ ნამქერია,
არაფერია,მე რას ვიდარდებ,
შენ რას იფიქრებ,ყველაფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები