ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2009


ალვინა

ეს ჩემი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული მოთხრობის  ფრაგმენტებია.წარმოდგენა არა მაქვს ,რა გამომდის,ვიდრე გამიგრძელებია,ძალზე მჭირდება  კრიტიკული აზრი.გთხოვთ ნუ დაიზარებთ.


ალვინა

1.

    პალმის დანახვაზე სულ კახეთი მაგონდება.
  პალმას კახეთში რა უნდაო?!.ველისციხელებმაც , დაინახეს თუ არა  დილაადრიან  სოფლის  გზაზე  აფთიაქარი ვანო  უცხო ქალთან ერთად,  ხელში  ცელოფანშემოხვეული პალმა  რომ  აეტატებინა,ეგა თქვეს.
  ქალს  სწორი,შავი კაბა ტანზე ფომფლოდ ედგა და ისე  თითო-თითოდ  ადგამდა ნაბიჯს,გეგონება  ეშინია,ფეხქვეშ რამე არ აუფეთქდესო.პატარა,ცისფერი  ’’კასინკა’’ ნიკაპქვეშ ჰქონდა კოხტად გამოკვანძული. ტუჩზემოთ ხალი უჩანდა, აქეთ-იქით არ იყურებოდა.ჩემოდანი ვანოს ეჭირა.დიდი კი იყო,მაგრამ  ისე მოქანაობდა ,სავსეობა არ ეტყობოდა.
        გაიტრუნა სოფელი.
    აფთიაქი  ზედ ჩვენი სახლის გვერდზე იდგა.ქუჩის მხარეს  დიდი  ფანჯრები ჰქონდა . იმ დროს უკვე შვიდი წლისა ვიყავი,მეორე კლასში ,რუსულ ასოებსაც ვცნობდი და ყოველ ჩავლაზე  ვკითხულობდი ოქროსფერ წარწერას ’’აროტნეკა’’ , /მაშინ რას ვიფიქრებდი,რომ ეს რუსული კი არა,ლათინური იყო და სულ სხვანაირად გამოითქმოდა /ამ ერთსართულიანი სახლის საცხოვრებელ ნაწილს კარები უკანა  ეზოს მხრიდან ჰქონდა შებმული .ამბობდნენ, ვანოს დედის -  ვარო ბაბოს  სიკვდილის მერე შიგ შესული ქალი რა არი,კაციც არავის დაუნახავსო.
      ბაბოჩემმა  ნაშუადღევამდე ითმინა,ითმინა,მერე ,მზე რომ გადავიდა,ემალის ჯამი ახლადდაკრეფილი  ბლით გამივსო და ’’ გაიქე ვანოანთა, პირის მოსაკითხი გადაუტანეო’’. სხვა დროს  ალბათ  ავბუზღუნდებოდი,’’მე რატო,ეგე,ანა მანდ არ არი?მაგან წაუღოს- მეთქი’’,მაგრამ გული რაღაც უცნაურობას მანიშნებდა.თან მერიდებოდა ,მაგრამ თან მინდოდა,პირველი ვყოფილიყავი,ვინც  იმათგან ამბავს გამოიტანდა .აბა, ყველაფერში ჩემს ტყუპისცალს  ხომ არ უნდა ეჯობნა!
მე და ჩემი და ერთმანეთს სულ არა ვგავდით.ერთი საათით ჩემზე ადრე დაბადებულა,მაშინ ექოსკოპიობანა არ იყო,მე თურმე ბიჭად მელოდებოდნენ, გოგო გავჩნდი. დები ერთსა ვჭამდით,ერთსა ვსვამდით,ერთად გვეძინა ,მაგრამ ის სულ სიმაღლეში მიდიოდა და მე -სიგანეში.ისეთი ყოჩაღი გამოვიდა,მეორე სართულზე კიბეებით კი არ ადიოდა,აივანი რომ იყო დაყრდნობილი,იმ რკინის მილით აცოცდებოდა ხოლმე,ჩამოსვლითაც მილზე ცოცვით ჩამოდიოდა და სულ ჟანგისფერი ჰქონდა კაბის პირი.მე პატარობიდანვე,დილას სადაც დამსვამდნენ,საღამომდე იქ  ვიჯექი და  საჭმელად რომ დამიძახებდნენ,ტაკოზე მიწებებული სკამიც თან მიმყვებოდა.თამაშობისას არჩევან-არადანს რომ დაიწყებდნენ,დასწრებაზე იყო:
-ანა -მე!  - იტყოდა პირველი.
- მაშინ ნინოც -  შენ - სასწრაფოდ  ’’შემასაღებდა’’ მეორე.
  - ეხლა მიყურონ - არ ვიცი,ამ სიტყვებით ვფიქრობდი თუ არა აფთიაქარისკენ მიმავალი,,მაგრამ რაც ამ სიტყვებით გამოითქმის,იმას რომ ვგრძნობდი,ეს კი მახსოვს.
    კარი ვანო ძიამ გამიღო,ოღონდ ბოლომდე -არა,ბლიანი ჯამი გამომართვა, მოიცა,ჯერ არ წახვიდეო. ალვინა! -  ხმადაბლა  შესძახა შიგნით, - მაგიდაზე რომ  გაუხსნელი მომპასია ,მომაწოდეო.
კარის რღიჭოდან  მე მარტო  ქალის ხელი დავინახე,გრძელი ,წითელმანიკურიანი თითები ჰქონდა,ბეჭედი ეკეთა, იმ  მანიკურისფერთვლიანი, ზუსტად მომპასის კამფეტის ხელა.რკინის მრგვალი ყუთი მომცეს , ბაბოშენს  დიდი მადლობა უთხარი,ჯამისთვის მერე გადმოირბინეო და სულ ეს იყო.
    მე კიდევ,ხომ ვიცოდი,მარტო ბაბოჩემი კი არა,ჩვენი ეზოს წინ ,გრძელ სკამზე ჩამომსხდარი  მთელი უბნის ქალები მელოდებოდნენ. არც ბავშვები იყვნენ ძალიან შორს.
    იმათკენ კი არ წავედი, დროის გასაყვანად ჯერ  ბაღჩისკენ ავუყევი ნელ-ნელა გზას.მანამ ბაღჩამდე მივაღწიე, წარმოსახვებში ისე გავერთე, ვიფიქრე,ვაი-თუ ძებნაც დამიწყონ-მეთქი და სულ სირბილ-სირბილით დავბრუნდი.
    -აი,ნინოც გამოჩნდა!- წამოიძახეს ქალებმა.
/ ვიგრძენი, ჩემი სახელიანად უცებ  როგორ ავმაღლდი ყველას თვალწინ /.
-ეგრე რათ დაგვიანდი? ბაბოშენი უკვე  საძებრად მოდიოდა...
--რა ჩემი ბრალია.შინ შემოდიო,დიდი მაგიდა ჰქონდათ გაშლილი,თეთრი სუფრა -  გადაფარებული ზედ სულ ნაირ-ნაირი ნამცხვრები ეწყოთ, იმ ქალს ალვინა  ჰქვია,სულ ბრილიანტის ბეჭდები უკეთია თითებზე , ყელზეც დიდი ბრილიანტის  ’’კულონი’’ჰკიდია, დამიწყო,რა გქვიაო,რა კარგი გოგო ხარო,რომელ კლასში სწავლობო,თბილისში სადა ცხოვრობო.,ბაბოშენს რა ჰქვიაო,აღარ მიშვებდნენ,ტელევიზორს უყურეო, შოკოლადები აიღეო, ,კიდე მოდი ხოლმეო,, აი,ეს კამფეტები  ძალით გამომატანეს.
        ქალებმა მომპასის ყუთს თავი მოხსნეს,ჯერ ბავშვებს თითო-თითო კამფეტი გაუწოდეს და მერე წრეში ჩამოიტარეს.ჩემამდე ცარიელიღა მოვიდა,შიგ  ჩარჩენილი პა-ატარა  მწვანე ნატეხი და შაქრის ნაფხვენი  დაუყოვნებლივ ენაზე დავიყარე.
-ბრილიანტები კი არა, და! ამან რა იცის,რაცა ბრჭყვინავს,ბრილიანტი ჰგონია! აი, ჩემ დედამთილსა ჰქონდა თავისი დედამთილის დანატოვარი ბაღჩა-ბეჭედი,იმ სასიკვდილე ჩემ  პატარა მულს დაუტოვა,იმასა კიდე, ჩემ ქმარს ვალები დაედოო და თბილისში ჩალის ფასად გაუყიდია.
ამას მოჰყვა ჩვეული რძალ-მულ-დედამთილიანი და თითქოს კიდეც მიივიწყეს ალვინა.
მერე  ქმარ-შვილის ძახილზე გაიკრიფნენ.
იმ დღეს მეტი არაფერი მომხდარა.
........

IV.


ახალმოსახლეობა


იმ ღამეს უფროსები დიდხანს, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ..ვიცოდი,რომ  დილაადრიან გოგია ძიას  ’’ვილისით’’ ყველანი იმერეთში, გასვენებაში უნდა წავსულიყავით. ჩემი და რახანია  ცხვირზე წაფარებული საბნიდან ქშინავდა .მე ვითომ მეძინა, ვცდილობდი, სიტყვები გამერჩია.
-ორივეთი ძნელია, - ამბობდა ბაბოჩემი,- გზაში დაიხუთებიან.ერთი  ჩუთლაანთა უნდა დავტოვოთ.ამაღამვე გადავალ და ვეტყვი.
-ჩუთლაანთა  - არა! - ხმას აუწია პაპამ.
- ალვინას რო გადავუყვანოთ? მაინც რა საქმე აქვს, მთელი დღე შინა ზის და ე ბალღიც სუ იქ არა ჰყავ?!
პაპაჩემს ხმა არ გაუღია.ცოტა ხანში ბაბოს ფლოსტების ტყაპა-ტყუპი გაისმა და ეზოს კარმაც  გაიჭრიალა.
მგზავრობა არ მიყვარდა.ჭამა კარგი ვიცოდი და გატიკნილი მუცელი  ოღრო-ჩოღროში ჯანჯღარით რომ ამიტოკდებოდა,სულ გული მერეოდა ხოლმე. ჰოდა, მიხაროდა კიდეც,თან წაყვანას რომ არ მიპირებდნენ.
    ლოდინში ჩამთვლიმა..გათენებულიც არ იყო,მძინარე წამომაყენეს,ტანისამოსი გაიმზადე,შენ ალვინასთანა რჩებიო.ეგრევე ბადურაში ჩავყარე,რაც ხელში მომხვდა და  აფთიაქარის უკანკარსაც მიმაყენეს.
    ასე დაიწყო ჩემი ახალმოსახლეობა.
    დილით წყაროდან წყლები მოვზიდეთ,ალვინამ ყველაფერი დამირეცხა ,დაფენას ვერ ვასწრებდით ,უკვე დასაუთოებელი იყო.იქვე,ეზოს კუთხეში ნამტვრევი ტოტებიდან ცოტა მსხვილები ამოვარჩიეთ,ჩემი მხრების ზომაზე დატეხა,შუაში  ორფა თოკი მოაბა, შუშაბანდში ორი სკამი  დავაშორეთ,ერთმანეთისკენ ზურგებით მივაბრუნეთ, იმათ თავზე    ხარიხა გადადო , მერე  დაუთოებულტანსაცმლიანი  ’’საკიდრები ’’  შუაში მობმული  იმ ორფა თოკებით ამოსავლები ჩურჩხელებივით  ამოაცვა  ზედ .რა სილამაზე იყო ,ნამდვილი ’’ბავშვთა სამყარო’’ !
    მთავარი ამის მერე იწყებოდა.მთელი სოფლის ბავშვებს წილები და ტილები ისე დაგვესია, კისრები ფხანისაგან სულ  წითლად  გვქონდა დაკაწრული.ალვინამ ჯერ გასაცხელებლად წყალი დაადგა,მერე ბამბა და ბოთლით ნავთი მოიტანა,მე პატარა ’’ტაბურეტკაზე’’ დამსვა,თვითონ  მუშამბის წინსაფარი გაიკეთა,დიდ სკამზე ჩამოჯდა,ჩემი თავი კალთაში ჩაიდო , ღერა-ღერა,ნავთიანი ბამბით გამიწმინდა თმები და მერე წვრილკბილება სავარცხლით ტილები სულ დამაყრევინა. ნაკაწრებში ნავთისგან  ჯერ წვა დამეწყო,  მერე ბუჟბუჟი,თავშიც ჟრუანტელი მივლიდა, მთელ სხეულში მომედო ..მოკლედ,ეს იყო ...აბა,რა ვიცი,რას შევადარო! თუ სამოთხეშიც ისეთი სიამე და ნეტარებაა , წესიერად ცხოვრებაზე დაფიქრება მართლა ღირს.
ამას ბანაობაც რომ დაემატა და ქათქათა ქვეშაგებში ჩაწოლაც,/შუალედში -  ლიმონიანი კექსის გემო არ დამავიწყდეს/.ისეთი მსუბუქი ვიყავი,  ფანჯრიდან ნიავს რომ ნაზად შემოექროლა,ბაბუაწვერასავით გამიტაცებდა და ჰაერში გამფანტავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები