ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხაფერ ელ-დამასტ ელდინი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2009


მონატრების რობაი

ვტოვებ ყოველთვის მწუხარებით ჩემს მშვიდ ხეობას,
ჩამოშლილ სახლებს და კანტი-კუნტ მოსახლეობას,
როგორ გაძლებდა, მხარევ ჩემო, გული აქამდე,
რომ არ მაძლევდე ისევ შენვე ძალს და მხნეობას?..

ყოველ შეხვედრას განშორება მოსდევს მალევე,
ცრემლებს დედისას ტყის ფარდებიც ვერა მალავენ,
არ ვიცი, რითი ვუმკურნალო დედის ტკივილებს,
ვერც ვუმკურნალებ, სანამ მეცვე არ დამკრძალავენ...

მე იქ ვიწყები, იმ ჩემი მხრის ჭალების ჭვავში,
მთებში, ტყეებში, ველ-მინდვრების ბისონის ჭავლში,
იქ არის ჩემი ხსოვნის მთელი ანა და ჰაე
და რომც მინდოდეს, ტვიფარს მისას ვერაფრით წავშლი.

აქაც, ძვირფასო ანარეკლნო, ჩემი ბალღობის,
მახლიხართ, როგორც ყოველ დაბლობს ახლავს მაღლობი,
აქაც ყოველთვის თქვენზე ვფიქრობ, თქვენ მენატრებით
და გულიც ჩემი თქვენით არის ოდენ ნალღობი...

ხაფერ, ამბობ და ხარ კიდევაც ცამდე მართალი,
თუმცა ამაოდ გედავება ბევრი ავთვალი:
ძნელია იმის დავიწყება და უარყოფა,
რასაც ეკუთვნი და რისიც ხარ ჩამონათალი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები