ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2009


თეოს

როგორ ნელ-ნელა გკარგავ, შვილო,
როგორ ვშორდებით!
ნეტა პირველი ვინ ჩაგვიდგა,
ან რა ჩაგვიდგა
ჩვენ ორს შუაში,
როცა ჩემს მკერდში შემოყუჟული
რძეშეშხეფებულ თვალებს ჭუტავდი
და კრუტუნებდი კატის კნუტივით :
წყლის ერთი ყლუპი?
ვაშლის წვენის პირველი წვეთი?

ენის მოჩლექით
თუ
ხანდახან მოგეფერები,
ნუ მიბრაზდები !
იცი,რა მომდის?
ვის დავეძებ?

პატარა გოგო დამეკარგა ,
პატარა თეო,
ხელებგაშლილი
კიბის თავზე რომ მიხვდებოდა,
ჩანთას მტაცებდა და ამბობდა:
''ლა მომიტანე?"
მოწაფის ფორმა რომ ჩავაცვი
და ზარის ხმაზე
ვიღაც,უცხო ქალს გავატანე
ორ-ორად მდგარი ბავშვებისკენ,
შვილები - იქით,
დედები - აქეთ!
და სხვა დედებში შერეული
ყელწაგრძელებით
ვეძებდი ცისფერსავარცხლიან,
ქერა კულულებს,
ვიდრე იმ სკოლის
მძიმე კარი არ მოიხურა.

ნეტა, რა იქნა ჩემი თეო!
ისევ შენშია?
როგორც კურკაა ხილში
სიმწიფეშეპარულში,
ან როგორც ბუტკო -
-ოდნავ ღია ვარდის კოკორში.

სარკესთან დგახარ და მეტოლები.
ხედავ?
უკვე გამისწარი.
ცამეტის ხდები...
მართლა!
არავის არ უყვარხარ?
არავინ გიყვარს?

კენტო შროშანო,
ანგელოზო ჩემო ფრთოსანო,
ფრიადოსანო,
რა აიხირა,
რაღა უნდა დედის გულს ნეტა?
რად ეჭვიანობს შენს წიგნებზე,
შენს ნაქარგებზე,
დაქალებზეც -
- მთელ სამყაროზე?

ყველანი შენს თავს მართმევენ და ინაწილებენ.

როგორ ვშორდებით,
ღმერთო ჩემო,
როგორ ვშორდებით!

იქნებ ჯერ კიდევ მაშინ დაგკარგე,
სამშობიაროს ცივ კედლებში
შენი ტირილით რომ დაახშე
რკინის საგანთა მჭახე ხმაური?
შენ გამაჩინე მაშინ დედად!

როგორ ვშორდებით!
მე კი არ ვიცი,
უკან როგორღა დაგიბრუნო
ან რატომ უნდა დაგიბრუნო,
მაგრამ რა ვუყო ამ ავ სიზმრებს,
შიშსა და თვალთვალს,
ქვეყნად რამდენი ხიფათია,
მუდმივ მოლოდინს,
მაგრამ ვინ იცის,
იქნებ მართლა ასე სჯობია.
კალთაში თავი რომ ჩამიდო
და ამომტირო:
"დედი,
მითხარი,
რად არისო ცხოვრება ასე!"
რა გიპასუხო?

მე აღარ ვიცი ყველაფერი.
დედობის გარდა
ან რა ვიცი,
ან რა მენდობა...

მაგრამ განა ვიცი დედობა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს