ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2009


მანანა


მარტყოფის მონასტერში მანანა აღესრულა
და დებს დაუკრძალავთ ახალი მონაზონი.
საფლავზე ამოსულა ერთი ფურისულა
და ამ ფურისულამ ხანი მომაგონა,
როცა ერთ კუთხეში მყუდროდ მივსხდებოდით,
ამბებს მოვყვებოდით მთისას და ბარისას,
არაყ-''საქუჩებელს'' ჩუმად დავიდგამდით,,
ვიტყოდით:''ეს ერთი - წესია, მკვდარის ას!'',
მერე ცოცხლებისას შევსვამდით ხმაურით,
ვიდრე დაგვაცლიდნენ ჩვენივე ''ბღარები'',
შუაზე გავიყოფდით ერთ ლუკმა კეცეულს...
მანან, მარგალიტი იყავი , ღარიბი.
სიკვდილმა რამდენი რამე დამანანა,
ცრემლით დამინამა ღაწვები და გული.
ცხოვრება, მანანო,''რა მარხე ყოფილა'',
რა მალე ხუნდება მზით მოფარდაგული!
მანანა, ზეცაში შენთვის ადვილია,
აქ ?! - ისევ ძნელია ცოცხლებში გაძლება,
რაღაცას მოველი,რაღაცას მოველი ,
და ვიცი ,ამ ლოდინით სული რომ გამძვრება.
ცოცხლისთვის ჩამომესწრო - მეტყოდი ძველებურად:
''ნუ იცი მოგონება ტყუილი დარდისა,
მაშ მე რა ვიღონო, მაინც რო არ ვუტყდები,
გამჩენ ხო გვიფარავს,ღვთის მადლი დაგვდისა!''
წავალ ,გზას გავყვები,უკვე გვიანია,
ოდესმე ამოვალ,უფალი თუ ისურვებს.
ღამეულ სიზმარში ქარი შეატოკებს
საფლავის გულისპირზე ამოსულ ფურისულებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები