ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2009


დამიმახსოვრე!

ნუ მებუტები,შვილო,
ნახე, რა კეთილი ვარ:
ეს ჩემი კაბა, ფეხსაცმელი,
მძივი, პომადა,
ეს ბევრი ხურდაც...მოაგროვე,
სულ შენი იყოს,
სულ შენი იყოს, შვილო,
ოღონდ დამიმახსოვრე!

დამიმახსსოვრეთ
ჩემო ოთახო,
ჩემო წიგნებო,
ჩემი ბალიშის კუთხეებო,
შენც, ჩემო სარკევ, არ დაივიწყო:
თვალები - მწვანე ნაპრალები,
ცხვირი - ტეხილი
და თმები -  სველი ჩალის ღერები.
დამიმახსოვრე და მაპატიე,
რომ გითხარი გაგულისებით:
''განა ყოველთვის მართალია,
ვინც მართალს ამბობს?''

დამიმახსოვრე, ჩემო ფანჯარავ,
ჩემს ქალაქს რომ ჩემში ახედებ!
და შენც, ქალაქო,
რადგან არასდროს მყვარებია შენზე ძალიან
დედამიწის არცერთი კუთხე.

დამიმახსოვრე, დედამიწავ!
დამიმახსოვრე,
როცა უკლებლივ დაგიბრუნებ, რითაც შემმოსე:
წყალსა და მიწას,
ცეცხლსა და ჰაერს,
რადგან ამხელა ვარსკვლავეთში შენ აგირჩიე,
რადგან წავალ და აღარასდროს მოვალ ასეთად.

მითხარი,
როგორ დაგამჩნიო ჩემი ამბორი,
ან რომელ ქვაზე ამოვკვეთო ჩემი სახელი,
ან რომელ შლამზე დავადგა ფეხი,
რომ  გაქვავდეს და ნატერფალი შემოგინახოს,
რა ვთქვა ამ ბაგით,
ამ ხელებით რა აგიშენო,
რომ არასოდეს,
არასოდეს არ დამივიწყო,
ჩემო პატარავ,
მობურთულო,
ჩემო ლურჯ-მწვანევ,
დამიმახსოვრე, დედამიწავ,
დამიმახსოვრე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები