ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2009


ძველი სურათი

იცი, როგორი ბავშვი ვიყავი?
დამჯერი და ნაპატივები.
სხვების დედები მუდამ ნატრობდნენ,
ნეტა ჩვენებიც ამას ჰგავდნენო.
მარტო დარჩენაც შემეძლო მაშინ,
შემეძლო, კარზე სკამი მიმედგა,
მერე ოთახში შუქი ჩამექრო
და აჩრდილებთან
გულახდილად მელაპარაკა,
მემღერა კიდეც.

როდესაც ვინმე გულს მატკენდა,
ხმას არ ვიღებდი,
ვხუჭავდი თვალს და
ვხედავდი,
როგორ ეყრებოდა მიწა სახეზე,
ხელებზე,
გულზე,
ანდა დამხრჩვალი  წყალს მიჰქონდა;
და თუკი ვინმე გამამწარებდა,
ცეცხლმოკიდებულს
არ შველოდა გორვა მიწაზე,
იხრუკებოდა
და იმის ფერფლი ქარს მიჰყვებოდა.

ანგელოზებსაც რომ დაეფიცათ,
თავს იკატუნებს,
თორემ ნამდვილად ბოროტიაო,
ვინ მოუსმენდა,
ვინ ირწმუნებდა,
რომ კარგი კი არ ვიყავი მაშინ,
კარგს ვთამაშობდი.

რასაც ვფიქრობდი,
ყველაფერი მართლა რომ მეთქვა,
რომ დამემსხვრია
ბამბებში ფრთხილად შეფუთული
ნაძვისხის მყიფე სათამაშო -
- ტკბილი ბავშვობის ბრჭყვიალა მითი,
რას მიშველიდა?
ერთი მაგრადაც მომხვდებოდა.

რა გაიძვერა ვიყავი, არა?
ადრევე მივხვდი,
რომ მორჩილებით მეტს მოვიგებდი
და  გავაცურე უფროსები.

რას მემართლები!
მე  ხომ სიკეთით არ დამიწყია.
ოღრო-ჩოღროზე
სინათლისაკენ
მივბობღავ და მივებღოტები.
რა ახლო ჩანდა!
თურმე რამხელა მანძილია,
კიდევ რამდენი უნდა გავძლო,
რომ  ქანცგაცლილი იმად ვიქცე,
ვინაც გგონივარ!


1984-2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები