 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2009 |
ეს ლექსები აქ უკვე იდო, მაგრამ ასე, ერთად თავმოყრილი მე თვითონაც , უცხო თვალით, პირველად დავინახე, როცა წუხელ ერთი ჟურნალისათვის დასაბეჭდად გავამზადე. თუ მოიცლით და კიდევ ერთხელ წაიკითხავთ, გამიხარდება. სულ ესაა.
აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
როგორ გაზრდილა ! ქალია უკვე. ახლა ვინ იცის, ბეწვის ხიდზე როგორ გაივლის...
გუშინ არ იყო? მამა-შვილი ზამთრის საღამოს მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს. მე თან ნაბიჯებს ვიმოკლებდი და თან გათოშილ ხელის მტევანს მუჭში ვუთბობდი.
- აქ ღმერთი ცხოვრობს? - მკითხა უეცრად , სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
მამა და შვილი მუდამ ერთად როგორ ივლიან. თავაწეული ვდგავარ მარტო, შუაღამეა. სადღაც, ზემოთა სართულზეა მისი პალატა. აი ფანჯრებიც , (თუ გამოთვლამ არ მიღალატა).
რა კვნესა ისმის, ხეა, ქარით გადარწეული თუ უჭირს შვილს და უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ? (სანთებელათი მოვუკიდე ბოლო სიგარეტს). ვეძებ ფანჯრებში ფერმკრთალ სახეს, მაგრამ ფარდებიც ეფარება დაორთქლილ მინებს. გუბდება გული , მერე მძიმედ ამოიგმინებს და სიჩუმეა.
ნელა გადის დრო გულმოდგინე.
რა გითხრა,ღმერთო! მე არ ვიცი,როგორ ვილოცო. ღმერთო,მამაო , გთხოვ, მშვიდობით მოალოგინე!
კარტის ხუხულა - - - - - - - - - - - - გვიყვარდა კარტი, მაგრამ არავინ გვათამაშებდა.
დიდი მაგიდის ერთ კუთხეში ჩვენ უფროსების გაჭრილ კარტებს ველოდებოდით და მერე ფრთხილად, სუნთქვაშეკრულნი, კარტის ხუხულებს ვიშენებდით, ვიდრე ის ხელი დამთავრდებოდა და ჩვენც ყველაფერს დაგვინგრევდნენ, რათა აეჭრათ ახალი ხელის დასარიგებლად მონდომებით, ისევ, თავიდან.
ხდებოდა ხოლმე, ვინმე აზარტით ატანილი, აღტაცებული უცებ მაგიდას შეაქანებდა ან ხელს დაჰკრავდა, ანდა წაგებით ბრაზმორეული ჩაშლიდა თამაშს. და უფრო ადრე გვენგრეოდა ის ხუხულები...
ქვეყანავ ჩემო, ხელგაწვდილი შენ ისევ იცდი, არავინ გკითხავს , ან რა გიჭირს, ანდა რა გინდა. რას გარგუნებენ გაჭრილი კარტის იმ მარაგიდან. კარს მოგდგომია განსაცდელი ათასმაგი და მიდის თამაში.
ყირავდება უკვე მაგიდა!
თამაშგარე - - - - - - - - -
ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის. სიბრაზისაგან თვალის ფერი არ ემჩნეოდა. დაჯდა მარტოკა, მოედნისკენ ზურგმიქცეული.
მე - შევცქეროდი, იმზურგსუკან როგორ დარბოდნენ , როგორ დაობდნენ უნაპერწკლოდ დარჩენილები. უსტვენდა მსაჯი მოხალისე კალათბურთელებს. დიდი, მხტუნავი ფორთოხალი მზეში ბრუნავდა. მზეში ბრუნავდა ფორთოხალი ფარსაცდენილი, მოედანგარეთ გორდებოდა ახალმწვანეში, ზოგჯერ კალათშიც ვარდებოდა... და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.
დაუცხრა მზერა ალესილი, კისრის ძარღვები დაბერილი ნელა ჩაუდგა და ცხელი ქშენაც მიუწყნარდა ნესტოებიდან და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა ოფლიან მკერდზე, მაგრამ უეცრად, სულისაბერვით აიყარა შუბლიდან თმები , როდესაც გოგომ კაფანდარამ , მკერდმოკოკრილმა, მოუხედავად ჩამოუარა და სიშორიდან ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა .
ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი და გადაყვლეფილ მუხლისთავზე ბეჭდად დაისვა, მერე ნებივრად გაიზმორა და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო ამოამთქნარა უდარდელად .
წამოუბერა .
მე ავიტატე ბავშვი ხელში, შინ გავეშურე , იქ კი , ზურგსუკან გრძელდებოდა ისევ თამაში.
მზეში ბრუნავდა ფორთოხალი. ბრუნავდა მზეში .
კენგურუ - - - - - - -
არ მესმის შენი, არაფერიც არ მესმის შენი.
ერთი,გაბმული ხმაურია სუყველაფერი, რაც არ მანიშნებს, რომ სამალავი სადღაც ,ახლოა. ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს.. მე მდედრი ვარ და დედა ვარ და სხვანაირად როგორ ვიქნები!
ნიავს მოჰქონდა სუნი შენი , გაუგებარი. სულ გაგირბოდი, გაგირბოდი, ახლა კი , როგორ მიცახცახებს მთელი სხეული...
ნუ შემეხები! კუდიანი ვარ, თვალმრუდი ვარ, თანაც ხელმოკლე და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი, რადგან ურყევად უნდა ვიდგე და თუ გაჭირდა, საკუთარ თავსაც გადავახტე. მე მდედრი ვარ და დედა ვარ და სხვანაირად როგორ ვიქნები!
შვილი? ა-აა, შვილი?! იმან თავის ჩანთა აივსო, მე - იმის ნაცვლად დილდილობით ვანანავებ მზეს ახალშობილს, ღამღამობით კი მთვარესა და წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ...
ჩუ, ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!
_ _ _ _ _ _ _ _ კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო. ,,კენ გუ რუ’’- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ,,არ მესმის შენი’’.
ეგ - არაფერი - - - - - - - - -
ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან. ისე ვღელავდით, ვხმაურობდით გაუთავებლად, რომ მედპერსონალს რიდით ვეღარც დავენახვებით.
თავბრუ გეხვევა?! -არაფერი. იცის ნარკოზმა თავბრუსხვევები, შიშები და წარმოსახვებიც.
გინდა,გაცინო?... (რა ცივი გაქვს თითები თლილი!) ძალიან კარგი, საშვილოსნო რომ მოიშორე. მალე ადგები, მეც - შენთან ერთად, სულ ფეხით ვივლი. ცოტა - სხივური თერაპიაც და ზღვაზეც წავალთ, იქნები ისევ უკარება, ლაღი და თბილი ...
თმა?! - არაფერი! უკვე ისეთი შამპუნებია, რომ ერთ კვირაში მოგიტყდება სავარცხლის კბილი.
აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა, უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს, მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი? გაიგე განა? ფანჯარასთან ვიღაც ვიშვიშებს. /გადაღლილია, რახანია ღამეებს გითევს/:
- ვაიმე, შვილო, რა უნდა უყო დიდედაშენის დანაზოგით მოგროვილ მზითევს.
შუაღამური - - - - - - - -
მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო? მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.
მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო. მივუგე: ახლო.
მკითხა: არ გინდა,მიგაცილო? მივუგე: კარგი!
მკითხა: სახელი რა გქვიაო. მივუგე: ანა.
მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი? მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.
მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი! მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!
მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის? მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.
მკითხა: ეს არის შენი კარი? მივუგე: დიახ!
მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი? მივუგე: არა!
მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მშვენიერია, ნინო... თქვენი ,,ლაზარე" კი განსაკუტრებით მიყვარს:) მშვენიერია, ნინო... თქვენი ,,ლაზარე" კი განსაკუტრებით მიყვარს:)
4. სიამოვნებით კიდევ ერთხელ წავიკიტხე:)
სიამოვნებით კიდევ ერთხელ წავიკიტხე:)
3. გავიხარე.ეს დიდებული პოეზიაა.5555555555555555!>:D< გავიხარე.ეს დიდებული პოეზიაა.5555555555555555!>:D<
2. მე ამ ლექსებზე მაქვს უკვე დატოვებული ჩემი მოკრძალებული აზრი :) მე ამ ლექსებზე მაქვს უკვე დატოვებული ჩემი მოკრძალებული აზრი :)
1. ბრავოსიმო... ბრავოსიმო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|