ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2009


ღიმილი

      უფერული დღეების სიჭარბისაგან და კომივოიაჟერობით ლუკმაპურის შოვნისათვის მთელი დღის უშედეგო ძრწოლისაგან დაღლილი მეტროს წრიულ ხაზზე ბოლო ვაგონში შევედი ჩამოჯდომის იმედით. ორი გაჩერება გზა მქონდა. ბედმა გამიღიმა და თავისუფალი ადგილი ვიპოვე. ხალხი ბევრი შემომყვა, მაგრამ ადგილის დათმობაზე არც მიფიქრია. დავჯექი თუ არა, საზურგეს მივეყრდენი და შვებანახულმა თვალები მივლულე.
      დიქტორმა ჩასხდომის დამთავრება გვაუწყა, რეზინისბოლოებიანმა კარებმა გაიჯახუნეს და მატარებელიც დაიძრა.
      ცოტა ხნის შემდეგ თვალები ისევ გავახილე და ირგვლივ მყოფნი მოვათვალიერე. ჩემს პირდაპირ, ორ მგზავრს შუა, სამიოდ წლის კოპებშეკრული გოგონა იჯდა. სხვა რამ საყურადღებო არაფერი ყოფილა. გოგონას წინ, ოდნავ გვერდულად მდგომი ახალგაზრდა შარვლიანი ქალი ალბათ დედა უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით ასეც გამოდგა.
      ჩემი ცხოვრების უმკაცრესი დღეების მოწმეს აღქმის უნარი და ღიმილის გრძნობა დაქვეითებული მქონდა. ყოფნა-არყოფნის სასტიკი განცდები მეძალებოდნენ. თავს თვალსაწიერის გაფართოებით ვშველოდი და სოფლის სიდიდით ვიმშვიდებდი.
      ჩემს პირდაპირ მჯდომ პატარა გოგონას სატირლად გამზადებული სახე ოდნავ დაჰგრძელებოდა. მისი ტუჩები მომავალი ცრემლების უთუობას გამოსახავდნენ. ცოტაც და, ულმობელი წუთისოფელი ახლად მოვლენილი ნორჩი არსების უმწიკვლო სურვილებს ცხელ ცრემლებად ჩამოაგორებდა გაწბილებისგან გაფერმკრთალებულ უნაზეს ლოყებზე.
      ცნობიერების კაბადონი უცებ გადამეწმინდა. თითქოს ყველა ფიქრი საავდრო ღრუბლებივით სადღაც შორს, მაღალი მთებისა თუ თვალთუწვდენი მინდვრების იქით გადამეკარგნენ. თუმცა არც მზე ანათებდა არსაიდან.
      გოგონას აფახურებულ-აფაციცებული თვალები ჩემს გაკვირვებულ, ცნობისმოყვარე თვალებს შემოხვდნენ და შედგნენ.
      გამეღიმა.
      პასუხი არ მოუცია. მისი სახე ისევ ისე მეტყველებდა წინანდელივით. მხოლოდ თვალების გარიდებას არ აპირებდა ჯერჯერობით. ჩემმა საქციელმა მგონი ცნობისმოყვარეობა მოჰგვარა და წამით დაავიწყა თავისი გაწბილებული ყოფა.
      უფრო მეტად და ფართოდ გამეღიმა. გულწრფელობის ძალუმი ნაკადი მიჰყვებოდა გოგონასათვის განკუთვნილ ჩემს ხელმეორე ღიმილს.
      მისმა სახემ რაღაცნაირი, გამოუცნობი ცვლილება გამოხატა და მოგვიანებით თავი დახარა.
      აუხსნელი განცდა დამეუფლა. შიში ხომ არ აღუძრა ნეტავი ვიღაც უცხოს ღიმილმა ან თავის გაწბილებულ ,,ბედთან” ბოლომდე მარტოდ დარჩენა ხომ არ მოისურვა? ან იქნებ საერთოდაც არაფერში ეპიტნავა ჩემი ღიმილი?
      თვალს არ ვაშორებ. ვცდილობ დავრწმუნდე, რომ არ მიმიძღვის რაიმე ბრალი თავჩაღუნული პატარა ქალის წინაშე.
      უცებ თავი წამოსწია, ცალი თვალით ქვემოდან გამომხედა და მზერას დარცხვენილის ღიმილიც მოაყოლა. თავი ისევ დახარა. მხრებზე დაფენილი ქერა, კულულებიანი თმები წინ ჩამოეშალა.
      ,,ჰაიტ, შენ ეშმაკუნა,” - გავიფიქრე ჩემთვის და წინანდელ ღიმილს დაბალ ხმაზე გადახარხარებაც მივაყოლე ისე, რომ გვერდით მსხდომთ არაფერი გაუგიათ.
      ისევ გამომხედა. ახლა უკვე სრული, თამამი ღიმილი ამშვენებდა. პირვანდელი სიმორცხვე სადღაც გამქრალიყო.
      მეც ვიღიმოდი, გულწრფელად და გულღიად. ჩემი ღიმილი სიხარულის ღიმილი უფრო იყო - საკუთარ და პატარა გოგონას ყოფაზე ამაღლების სიხარულისა.
      მორიგ გაჩერებაზე მგზავრთა ერთი ნაკადი მეორემ შეცვალა და მატარებელი ისევ დაიძრა.
      მე და გოგონა ახლა უკვე თანატოლებივით ღიმილობანას თამაშით ვართობდით ერთმანეთს. მის ყოველ გამოხედვას სახის ახალ-ახალი მოძრაობებით ვხვდებოდი, ღიმილით ვაჯილდოებდი და ხელახალი გამოხედვისათვის ვაქეზებდი.
      მორიგ სადგურზე მალე მივედით. აქ უნდა ჩავსულიყავი. ადგომა არ მიჩქარია. დამენანა ჩემს პატარა თანამგზავრთან განშორება.
      სამაგიეროდ გოგონა ჩადიოდა. ახალგაზრდა შარვლიანმა ქალმა ხელი გაუწოდა და საჯდომიდან ძირს ჩამოსვა.
მეც წამოვდექი და ჩამსვლელთა ჯგუფს უკან ამოვუდექი. ჩვენ შორის რამდენიმე, ზურგზე ტვირთაკიდებული მგზავრი იდგა. კარები გაიღო თუ არა ჩამსვლელთა ნაკადმა ორ ნაწილად გაჰყო ჩასხდომის მსურველთა მოზრდილი ჯგუფი და სხვებთან ერთად მეც დავტოვე მატარებლის სალონი.
      სადგურის ბაქანზე ზაფხულის ჭრელსამოსიანი უამრავი მგზავრი ქაოსურად მოძრაობდა. გოგონა და ახალგაზრდა ქალი სადღაც დამეკარგნენ. შევდექი და აქეთ-იქით მიმოვიხედე. უმალ აღმოვაჩინე - ჩემი გზის საპირისპირო გზა ედოთ. გოგონა ისევ ისე ხელჩაკიდებული მიჰყვებოდა შარვლიან ქალს. ვიდექი და შევყურებდი. უცებ მან თავი მოაბრუნა და ჩვენი თვალები ისევ შემოხვდნენ ერთმანეთს. ისევ გამეღიმა და გამომშვიდობების ნიშნად ხელი სწრაფი მოძრაობით გავაქნიე. მეშინოდა – ვაითუ ვერ მოასწროს-მეთქი უკანმაცქერალმა ჩემი ბოლო ჟესტის ხილვა და დასრულებული სახე ვერ მიიღოს ჩვენმა ხანმოკლე შეხვედრამ.
      ისევ გაიელვა მის ნახევრადმობრუნებულ სახეზე ღიმილმა და თავისუფალ ხელს გამომშვიდობების მოძრაობა ბავშვური უმწეობით შეასრულებინა.
      ხელჩაკიდებული წყვილი ესკალატორზე შევიდა. მგზავრთა უკან მიმავალმა ნაკადმა სწრაფად მოაშორა ისინი ჩემი თვალთახედვის არეს. ესკალატორმა კი ყველანი ზევით-ზევით წაიღო და ჩვენს რამდენიმე წუთიან შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
      შემოვბრუნდი და ჩემს გზას ნელ-ნელა გავუყევი. ერთხანს სახე ისევ ისე ღიმილიანი მქონდა. ფეხს თანდათან ავუჩქარე. ირგვლივ მიმომსვლელთა საქმიანი თუ შეწუხებული სახეები და ერთხელ აღებული აჩქარებული ტემპი ბოლო დღეების ნერვიულ რიტმში ნელ-ნელა მაბრუნებდა. სულ ახლახან მოწმენდილ ჩემი ცნობის კაბადონზე ისევ გამოჩნდნენ წინანდელი ფიქრები მუქი და მძიმე ღრუბლებივით. მაგრამ მათ გარდა, ახლა მზეც გამოსულიყო და ღრუბლების ჯარს ადგილს ეცილებოდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს