ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მამლუქი
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2008


დაბრუნება, ანუ კომპოზიციის კანონები...


 

     
          გუშინ ქაიროში დავბრუნდი, ვითომც  ჩემს  სახლში დავბრუნებულვარ...
          ნილოსს თავისი ჭუჭყიანი, მღვრიე წყალი, ზღვისკენ მიაქვს ...
          ვიცი რომ ხვალაც მზიანი ამინდი იქნება...  როგორც წინა სამ საუკუნეში...
          დღე მზე ანათებს, ღამე  - ჭრელი საახალწლო ნათურები, ლამპიონები, სანთლები და ...
          მუდამ ხმაურია... ერთნაირი, დღეცა და ღამეც! ქალაქს არასდროს ძინავს.
          კვამლია და სუნი მწვადის, შიშასი - არომატული  ხილის, უფრო მიმზიდველი, მკვეთრი  და მძაფრი, ჰაშიშის.
          ჩაი, ჩაი, ჩაი...  კარკადე  ცივი, კარკადე  ცხელი...  ყავა. 
          დღე ცხელა - ღამე ცივა...
          ხან-ელ-ხალილი,  ბინძური, ჭრელი, ხმაურიანი  - ისევ თავის ადგილზეა, არ  გადაუტანიათ, ქაიროს გულშია...
          ჰოო, პირამიდებიც  ადგილზეა...
          ჩემი გულიც...  ფეთქავს, უკაკუნებს, არის  თავისთვის...  დროდადრო მძიმედ  მეკუმშება  მხოლოდ, მტკივა...  ჩემს სახლში მინდა...
          ნამდვილ სახლში!!!

          სადაურსა  სად  წაიყვან?..

          ეჭვი კი მეპარება, რომ ეს წერილი შენამდე მოაღწევს. ძველ წერილებს გადავხედე და მომინდა ისევ ერთხელ, შენთვის უკვე მოწერილი,  ისევ გამეხსენებინა ჩემო გიორგი.  გადავწყვიტე  ისევ  მომეწერა  წერილი, რომელსაც  შენს გარდა ბევრი სხვაც  წაიკითხავს ალბათ,  და ჩემი გულის ნადებს გაიგებს.
          არ ვიცი, განგებამ თუ უგუნურმა ადამიანებმა, გადაწყვიტეს ჩემი და  ჩემნაირების ბედი  ისე, რომ ძალიან  ბევრი, სამშობლოდან  გადაიხვეწა.
          სად არ ნახავ ქართველს...  ევროპაში, ამერიკაში, აზიაში...
          "ეს ცხოვრება, როგორც ქარი ხმელ ფოთოლს, მაბზრიალებს, ამიტაცებს  - მახეთქებს გაუგებრობის ყრუ კედლებს და როგორც ის ფოთოლი, ვერ ვუძალიანდები ბედის შფოთიან ხუშტურებს...
          ჩემი მოუწყობელ-დაქსაქსული ცხოვრების კიდევ ერთი მონაკვეთი  დამთავრდა, ჩაბარდა წარსულს. ნილოსის წყლებმა წაიღო და  ჩაიტანა ხმელთაშუა ზღვაში, რომლითაც რამდენიმე დღეში  გავემგზავრები უცხო  ქვეყანაში, ისევ ახალი ბედის, ბედისწერის, თავგადასავლებისა თუ  ფათერაკების საძიებლად" - ამას მაროკოში წასვლამდე ვწერდი. ახლა ისევ ეგვიპტეში დავბრუნდი.
          მე  განგებამ აფრიკა მარგუნა. აფრიკაში, ცივილიზაციის უკვდავი კერა - ეგვიპტე , მართლაც "მამლუქივით" გადაკარგულს...
          ჰოდა იმას ვამბობდი, ისევ გიორგი და  ისევ ჩემო, რომ მე, ცოტა უცნაური კაცი ვარ - თურმე ყველაფერს სხვანაირად  ვხედავ (ეს მერე გავიგე, მოგვიანებით), მანამდე  კი  მეგონა, რომ ყველა ადამიანი, სამყაროს  ისევე ხედავს, როგორც მე.
          სამყაროს ჩემეული აღთქმა, სუნითა და  ფერით იწყება. ჩემს სამყაროში ყველაფერს თავისი სუნი და ფერი აქვს. სუნი  და ფერი  უტყუარია!
          ჯერ სუნს  ვგრძნობ , ვხედავ  ფერად ლაქებს,  მერე  კი  ეს ლაქები  ფორმაში  იკვრება  და უტყუარ სურათს  ვღებულობ...  ეს  - კარგია, ის  - ცუდი...  ძალიან იშვიათად ვცდები.
          ჩემთვის ახალი წელი - მწვანეა, ნაძვის  ხისა  და ბებიაჩემი  - ნატაშას გაკეთებული "ხრენის" (იცი ხრენი რა არის?) სუნი აქვს. არა თაფლის, არა გოზინაყის  - მწარე "პირშუშხას" (ხრენს ქართულად ასე ჰქვია) სუნი აქვს!
          მხატვრობაში კომპოზიციას  თავისი უცვლელი კანონები აქვს: სტატიკა, დინამიკა, წონა, წონასწორობა, ფერი, ფორმა  და ამ ყველაფერს აუცილებლად  ფუნქცია უნდა ჰქონდეს... საოცარია, მაგრამ ზოგჯერ ამ კანონების დარღვევა - შედევრს ქმნის...
          აი, მაგალითად, კანონით ნატურმორტი  აუცილებლად სტატიური უნდა იყოს  - იმიტომაც ჰქვია "ნატურე მორტე" - მკვდარი საგანი.  ნატურმორტზე ყველაფერი მყარად, უმოძრაოდ უნდა იდოს ან იდგეს. ნიკალა კი არც ნატურმორტს  კანონების აზრზე  იყო და რომც  სცოდნოდა  კიდევაც, მაინც ფეხებზე დაიკიდებდა!
        როგორც "მოეხოშებოდა" ისე  ყრიდა ხორაგს  სუფრაზე: კახური ღვინის ბოთლი  - ჰაერშია, ჩალაღაჯის  ნაჭერიც... უკვე მიფრინააავს! ორაგულის "სათალი"  სუფრაზე კი  არ დევს, კაცოო, ვერტიკალურად  დაუყენებია - ეგრე მინდა, ეგრე უფრო უხდებაო, მაააშ! შოთის პური, მრგვალად  მოხარშული დედალი, ჰა და ჰა,  აფრინდება, გაჰყვება უკვდავების უსასრულობაში იმ ღვინის ბოთლსა  - კანონებზე არ ფიქრობდა ნიკალა, არა!  ხო ვამბობ, საერთოდაც ფეხებზე  ეკიდა მეთქი ეგ შენი, კომპოზიციის კანონები, ეგრე  უნდოდა და... იმიტომაც იყო  - ნიკალა, განუმეორებელი  და გენიოსი...
          ექსპრესია და დინამიკაა - ცხენების რბოლა, ადამიანების წინსწრაფვა, ცეკვა, მოძრაობა...  მაგრამ  გენიალურმა იმპრესიონიტმა სეზანმა, ფერწერის  სეანსის შემდეგ, თავის ერთ  ნატურას  აღფრთოვანებულმა უთხრა: "ქალბატონო, დღეს გენიალური იყავით, აბსოლუტურად  უძრავი!  ვაშლივით!" - სეზანის ეს სურათიც  შედევრია...  წამებში გაყინული მარადისობა!
          მე  გაუწონასწორებელი, დაულაგებელი, მუდამ ძიებაში მყოფი კაცი ვარ. არ ვიცი რას ვეძებ, რა მინდა...  ანუ "კომპოზიციის კანონები" ჩემში,  აბსოლუტურად არეულ-დარღვეულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე  "შედევრი" ვარ...  ახლა  მთვრალი ან დაბოლილი არ გეგონო, არ იფიქრო: "ეს კაცი რაღაცას  ბოდავსო...". წუხელ მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი...
          ჩამოვედი თუ არა, სულეიმანასთან  გავარდი. ჯიგრულად შემხვდა, მაგრა გაუხარდა.  მშვენიერი  დრო გავატარე, აბსოლუტურად ფხიზელმა...  გახსოვს ძალიან შავ ეთიოპიელს რომ ვახსენებდი, ყავა ჩამოაქვს მეთქი, სულეიმანასთვის, იმან, იცი რა მითხრა?
          -გავიგე საიდანაც ყოფილხარ, ვიცი შენი სამშობლო. ბევრი, ძალიან კარგი წყალი გქონიათ, მდიდარი და ეგვიპტესავით ძველი ქვეყანაა, გამკვირვებია აქ რა გინდა, სახლში რატომ არ დაბრუნდი, აქ რა უნდა  აკეთოო? - თურმე  მისი შვილი კიევში  სწავლობს, მას უთქვამს საქართველოზე...
          მეც მანდ არა ვარ? აქ რა მინდა, რად ჩამოვედი? მთლად უქონელი ხომ არც თბილისში ვიყავი, "არსებობის წყარო" თვითონაც მქონდა  მაშინ და მშობლებიც მეხმარებოდნენ...
          რამ  წამომიყვანა?!
          გაუსაძლისმა ყოფამ, უსამართლობამ, შიშმა.
          იკარგება ურთიერთობის კულტურა - სადღაა  მეგობრობა, გაგება? ის ქეიფები  სად არის, ჩვენს ოჯახებში რომ იმართებოდა - სიმღერა, სადღეგრძელო, სიყვარული? - სად, სად არის?!
          სად არის ის  ჩემი  თბილისი, გიორგი? სად  წავიდა, კოპწია, ჩუქურთმიან აივნიანი, ხის  პაწაწინა სახლებით, განსაკუთრებული სიჯიუტით რომ ებღაუჭებიან მტკვრის მაღალ ნაპირს და მხოლოდ ღვთის შემწეობით  არ ცვივიან წყალში... როგორ მომენატრა!.. ჩემი ძველი თბილისი, ძველიიი! 
          ან ჩემი მეგობრები, ჩემი ძმები სად არიან?
          -ციხეში, "ზონაში", საფლავში! - რატომ?! - უმუშევრობით, უიმედობით - "წამალზე შეჯდა", - განარკომანდა, დაკარგა კაცობა, ღირსება  დაკარგა, სახლი, სამსახური, სამშობლო  - ყველაფერი!
          რას გაურბიხარ ადამიანი? პირველ რიგში - უსამართლობას, შიშს, უკანონობას...
          სახლში მინდა  - ჩემს ნამდვილ  სახლში...
          ჩემს  სამშობლოში კომპოზიციის კანონები ჯერ ისევ არეულია, ჯერ ისევ  მუქი  ლაქებია,  ვერც  ფორმა  იკვრება ჯერ, არც ფუნქცია  აქვს და არც ფერი ...
          მაგრამ კომპოზიციის დარღვევა სულაც  არ მინდა. მინდა  ყველაფერი იმ კანონებს ემორჩილებოდეს, რაც  კლასიკურ, კარგ, ჯანსაღ  სურათს  შექმნის  - სტატიკა, დინამიკა, წონა, წონასწორობა, ფერი, ფორმა და ამ ყველაფერს ფუნქცია ჰქონდეს, ფუნქცია ...

          შედევრი არ მინდა, არ  მინდა შედევრი, ვალიკო!!!

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები