გავცივდი. ისევ ავად ვარ. ისევ ატირდა ჩემი სხეული ახლად გასხლული ვაზივით.
საცვლებს ვერ ავუდივარ. ყველაფერს ოფლის სუნი უდის.
ორ-სამჯერ ვაღებ სარკმელს დღის განმავლობაში მოკლე დროით, თუმცა არც ისე დიდი შეღავათია.
კრაზანას ნაყენით და ჩაით ვილბობ გაციებულ ყელს, უფრო კი ვიმდუღრავ. ხან თაფლით ვატკბობ, ხან კიდევ შაქრით.
ორი დღეა არავინ მოსულა. არც მე ვცდილობ ვინმესთან მივიდე და წამალი მაინც ვთხოვო. არ მინდა ახალი წლის პირველი დღეებიდანვე ავადმყოფი მთხოვნელის ფეხი ვინმეს დავუბედო.
მესამე დღეს, საღამოსკენ, სიცხემ საგრძნობლად ამიწია. დავაზუსტე: სიცხის მზომი ოცდაცხრამეტს აჩვენებდა.
თბილად ვიცვამ (სალოგინედ), თავზე ნაქსოვ ქუდს ვიხურავ და ვწვები. ისევ დიდი ოფლის იმედი მაქვს. წინანდელზე მეტად მაციებს, თითქმის ვკანკალებ. ერთხანს ლოგინიც ვერ შველის შენაციებ ჩემს სხეულს. მერე და მერე კი სითბოც მოდის და ძილს კარს უღებს. ძილში სიზმარს სიზმარი მოჰყვა და თან ჩვეულებრივზე უფრო ნათელ ფერებში.
ნახევრად ჩაბნელებული დერეფანი გამოვიარე, მის პერპენდიკულარულად მდებარე მოაჯირიან, გრძელ აივანზე გამოვედი და მარცხნივ შევუხვიე. ათიოდ მეტრში კიბე ეშვებოდა ქვემოთ, ჰოლისაკენ. გზაც იქით მიდევს. კოსტიუმში ვარ გამოწყობილი. ხელში საქაღალდე მიჭირავს. ჩემი ნაბიჯები თავდაჯერებული სახელმწიფო მოხელისას წააგავს, ხელისუფლების დერეფანი რომ ანიჭებს ადამიანს ხოლმე. კიბის თავზე ორ ავტომატიანს ომი გაუჩაღებია. ერთმა, ჩემგან უფრო ახლოს მყოფმა, მის წინაშე ვიღაც ჩამუხლულს მთელი მჭიდე ვაზნებისა ჩააცალა შიგ გულისპირში. მეორე, კიბის თავიდან რამდენიმე საფეხურით ქვემოთ მყოფს ესროდა.
მე ისევ ისე მშვიდად მივაბიჯებ. გეგონებოდათ, თითქოს მთელი ეს ამბავი უზარმაზარ ვიდეოეკრანზე ხდებოდა და არა ორიოდ მეტრში, ჩემგან მოშორებით. პირველ მკვლელს ვუახლოვდები. იგი ავტომატს მიმიზნებს და ჩემთვის გაუგებარ ენაზე მიბრძანებს შევჩერდე (ნეტავ რომელ ქვეყანაში ვარ?). ბრძანებას გუმანით ვიგებ და ვჩერდები. საქაღალდე იღლიაში გადამაქვს და თავდაცვის მიზნით ღია ხელისგულებს წინ ვიშვერ (ვითომ მიშველიდნენ რამეს).
,,ნი ნადა, ნი ნადა!” - ვეუბნები რატომღაც რუსულად, თუმცა მაშინვე ვაცნობიერებ, რომ რუსები არ არიან. მალე ვრწმუნდები ჩემი მუდარის უნაყოფობაში. ამათ (თუმცა მეორე ჯერ კიდევ თავისი მსხვერპლითაა დაკავებული) მე რუსი ვგონივარ. ვხვდები: აქ რუსები პატივში არ არიან. რამე თუ არ ვიღონე, ეს ვიღაც უსახური თითის მარტივი მოქნევით ერთ წამში მოკლეზე შეჰკრავს იმედით სავსე ჩემი ცხოვრების შორი გზით მავალ წრიულს.
საქაღალდეზე ხელი ჩავიქნიე და თვალის დახამხამებაში ავტომატზე ვწვდი. ვცდილობ ისე დავუჭირო, რომ სამიზნეზე აღარ ვყავდე, თან ისევ ვუმეორებ ,,ნი ნადა, ნი ნადა”-ს. ერთხანს ვძიძგილაობთ. ვერც მე ვჯობნი და ვერც - ის. ამხანაგს გასძახის საშველად. ისიც ბრუნდება, რევოლვერს აძრობს და მიმიზნებს.
ავტომატიანს თავს ვანებებ, ხელებაწეული ვბრუნდები ახლად მოვლენილი მტრისაკენ (იგი უფრო შორსაა ჩემგან, რაიმე მოძრაობა აზრს მოკლებულია) და... გასროლა. ჩემი გულმკერდი თითქოს განგებ გადაეშალა მტრის უნდობელ ტყვიას, როგორც ზამთრისპირში სუროზე გამძღარი ჩიტისა კარვიდან მოვარდნილ ტყვიის საფანტს. გულის ჯიბის ზემოთ, ერთმანეთის მიყოლებით გაითხარეს საფლავი ჩემთვის უცნობი იარაღის სამმა ტყუპისცალმა ტყვიამ. ეს იყო სიკვდილი. ელვისუსწრაფესად ყველა ჩემი გრძნობა სინანულის ერთ დიდ გრძნობად გადაიქცა და რაღაცნაირ, მოშვებულ ღიმილად გამომესახა. ეს იყო უდროოდ წასვლის სინანული, სხვა არაფერი. უეცრად დიდი, მანამდე არგანცდილი თავისუფლებაც მეწვია, - მგონი მიზიდულობას ვკარგავ და ნელ-ნელა განზიდვის სიმსუბუქეს ვიძენ. ასეც და ისეც, ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია. წამით მაინც.
ჯერ ისევ ვდგავარ ფეხზე, თუმცა შესამჩნევად ვყანყალებ უკვე.
,,ია ჟე ნი რუსკი,” - ვამბობ სახის დიდი დაძაბვით და კრუნჩხვით. ისევ ვიღიმი რაღაცნაირად (იქნებ ,,სულერთიას” პოზიციიდან, როგორც გასროლის პირველივე წამებში).
ამ დროს ავტომატიანს სახე აემღვრა, დაეღმიჭა და ბოლოს ტირილს მოჰყვა. იმავ წამს მეორეც იგივეს სჩადის - ცრემლები ღაპაღუპით გადმოსდის თვალთაგან. მე, ჯერ კიდევ ფეხზე მდგომი მომაკვდავი, გაოცებული შევყურებ მათ ქცევას. ვხვდები: ჩემს მკვლელებს სინანულის ცრემლები მოსდით სულ ახლახან გადადგმული თავიანთი დაუფიქრებელი და აჩქარებული ნაბიჯის გამო. ერთიათად იზრდება ჩემი სინანული. ნეტავ კი არ ეჩქარათ. მათი შემყურე თავს ვეღარ ვიჭერ და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. სამივე ვტირით. უკვე ძლიერ ვყანყალებ, მაგრამ არ ვიქცევი. რა უაზროდ მივდივარ, ნეტავ სიზმარი იყოს ეს ყველაფერი. თვალზე ცრემლი მატულობს, თუმცა იგი ვერაფრით შველის ბოღმას, რომელიც ცალკე მახრჩობს.
გონს მალე მოვდივარ: სად გაგონილა ვაჟკაცის თავგამოტირება! წამსვე ცრემლები სადღაც ქრებიან, აღარც მკვლელები ჩანან. გულს ვიმაგრებ, ჩემი თვალები მამაცურად იმზირებიან. ასე მგონია, კიდევ ათასი უსახურის ათასი ტყვიაც ვეღარაფერს დამაკლებს აწი და მათი ნაგვიანევი ცრემლი ოდნავადაც ვეღარ შეაშრიალებს ჩემი შინაგანი მყუდროების ფოთოლს.
ერთ წამში ძირეულად იცვლება სიზმრის კადრი. ახლა უკვე საკმაოდ გრძელ და ფართო ყაზარმაში ვარ. წინ და უკან დავდივარ. მარჯვნივ და მარცხნივ ერთმანეთის მიყოლებით საწოლები დგას. მე მათ შორის ბოლთას ვცემ. გაუგებარია ჰოსპიტალში ვარ თუ ჩვეულებრივ სამხედრო ყაზარმაში. ვერც ის გამიგია, ირგვლივ არის ვინმე თუ არა. ყაზარმის ერთ ბოლოში გასული ისევ უკან ვბრუნდები. ამჯერად სამხრეთისკენ მივაბიჯებ. შუამდე მოვედი. ვხედავ (ან იქნებ მხოლოდ ვგრძნობ), ხელმარჯვნივ გასახდელია, ისეთივე როგორიც სამკერვალოებში. საკიდრებზე დაკიდულ ფარდას ვწევ და შიგნით შევდივარ. კედელზე სარკეა. წელზემოთ თავისუფლად მოვჩანვარ შიგ. მეზღვაურის მაისური მაცვია (ეს სარკეში ჩახედვისას შევიტყვე), შარვლიდან ამოყრილ ბოლოებს ხელებს ვავლებ და მაისურს მხრებამდე ვიწევ. გულის ჯიბის ზემოთ საჩვენებელი თითის ფრჩხილისოდენა ნატყვიარების სამი წრიული ერთმანეთს გადასჭდომია. ამას აღარ მოველოდი. გამოდის, წინა სიზმარში სიცოცხლე შემრჩენია. ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ სიხარულს აღნიშნულის გამო. ერთხანს ისევ ისე მიჭირავს მაისური და გულდასმით ვათვალიერებ ჩემს მკერდზე ანაცერივით განაბრტყელებ ნატყვიარებს. მცირე ტკივილს ვგრძნობ განძრევისას, სროლის დროს იგი არ მიგრძნია. გუმანით ვხვდები - ეს მორჩენის ტკივილია. მზერა შიშველი ტანისკენ გამირბის. მკვრივ და ჯანსაღ ჩემ სხეულს ბრინჯაოს ფერი აზის. ძლიერ მსიამოვნებს. უზომოდ კმაყოფილი მაისურს ქვემოთ ვუშვებ და გასახდელიდან გამოვდივარ.
ამ დროს ყაზარმაში საკაცეზე გაშლილი მკლავებით გულაღმა დაკრული ტყვე შემოჰყავთ. ჩემ წინ იატაკზე დაუშვეს, თუმცა უფრო დაგდება ეთქმოდა მათ მოქმედებას. იგი სპარტაკ ბაღაშვილის არსენას ჩამოჰგავს. მე მასში ჩეჩენი ტერორისტი ბასაევიც შევიცანი. მხრების სიგანეზე გაშლილი მკლავებით საკაცეზე დაკრული იგი ისევ იატაკზე გდია. მკლავებს გარდა ტანიც და ფეხიც დაკრული აქვს, მაგრამ ჩემი ყურადღება უწინარესად მისმა ჯვარზე გაკრულის პოზამ მიიქცია. ვერ გავიგე, მის გაშლილ მკლავებს თოკი რაიმე მყარ სხეულზე იჭერს, თუ ჯვარგაკრულის ილუზიაა ეს ყველაფერი. წელი რაღაცნაირად ამობურცული აქვს. ისევ მკარნახობს ჩემი გუმანი - დაკრულსა და საკაცეს შორის უნდა იყოს კიდევ ვიღაც მეორე. უცებ უკუნი სიბნელიდან გამოწვდილმა ხელებმა ეს ვიღაც მეორე საკაცეზე დაკრულის ქვემოდან ისევე გამოაძვრინეს, როგორც ხბოს გამოაძვრენენ ხოლმე მშობიარე დეკეულის საშოდან და იქვე ლოგინზე აღმოსავლურად ფეხმორთხმული დასვეს.
ეს მოხდა თუ არა, საკაცეზე დაკრულს თოკები შეეხსნა, თავისუფლება იგრძნო, მოულოდნელად მთელი ტანით ისკუპა, ფეხმორთხმულს ტკიპასავით მიახტა და გაშმაგებულმა მარჯვენა ხელით მუცლის არეში უსწრაფესი მოძრაობებით ჩასცხო. ისევ გუმანით ვარკვევ, თავდამსხმელი ავტომატის სახიშტე დანას ურტყამს ფეხმოთხმულს. მათი მტრობა ალბათ მანამდე თუ შედგა და ახლა აქაც გრძელდება. ფეხმორთხმულს არც უყვირია, არც განძრეულა. იგი სავარჯიშო ტომარასავით ისევ ისე ძევს საწოლზე, როგორადაც დასვეს ამ რამდენიმე წამის წინ. ვიღაც უსახურებს ეს სცენა არ მოეწონათ და საწოლი ააყირავეს. აყირავებისას საწოლს გასაშლელი ფეხები გამოუჩნდა, რაც ჩემმა გონებამ მაშინვე აღნუსხა და გაარკვია, - საწოლი კი არა, საწოლარი ყოფილა თურმე. ერთხანს ასე აყირავებული ეჭირათ იგი. ალბათ ვინმესი თუ იყო ეს საწოლარი და არ მოისურვა მისი სისხლში გათხვრა.
მოსისხლე და სისხლიანი იატაკზე დავარდნენ. სისხლიანი ზურგით დაეცა. ამ პოზაში იგი ისევე გახოხდა იატაკზე, როგორც პირჩაღმა მწოლარი იზამდა ამას. არსენად თუ ბასაევად შეცნობილი წვერებიანი ზემოდან დააცხრა და არ შორდებოდა. სისხლიანი არ კვდებოდა. იგი ისევ ისე მიხოხავდა თავის მოსისხლესთან ერთად.
ამ დროს წვერებიანმა ქართულად ამოიდგა ენა (იგი ისევ გულზე ეწვა ზურგით მხოხავ დაჭრილს). მან მარჯვენა ხელი ლოგინზე წამომჯდარი მოსეირეებისკენ გაიშვირა (დანა უკვე აღარ ჰქონდა) და მამაკაცურად ბოხი, ხრიალა ხმით შეემუდარა: ,,მოჰკალით, ხალხი არა ხართ, მოჰკალით!” პასუხი არავის გაუცია. ვერაფრით გავარკვიე, საკუთარ უძლურებაში დარწმუნებულ მოსისხლეს სხვისი ხელით სურდა წადილის ასრულება, თუ თავისი მსხვერპლის სიბრალული ამოძრავებდა მხოლოდ - უსაშველოდ რომ არ ეტანჯა მისგან დანანაცემის სხეულს.
მოსისხლე მალე დარწმუნდა მოსეირეთა გულგრილობაში. უცებ მან საჩვენებელი თითი შემართა, თვალებთან ახლოს მიიტანა, ყურადღებით შეხედა, მერე კი ქვეშმოქცეულის ჭრილობისკენ გააქანა და მის სისხლში ამოაწო. ისევ შემართა სისხლიანი თითი ყველას დასანახად, დაჭრილის სახისკენ ნელ-ნელა წაიღო და შუბლზე სისხლის ჯვარი დაასვა.
მე ისევ გაუნძრევლად ვდგავარ. მთელი ამ ხნის მანძილზე ნერვის ერთი შეტოკებაც არ მიგრძნია. ფეხისგულებზე სიცივე ვიგრძენი. დავიხედე - თურმე ფეხშიშველა ვყოფილვარ. გასასვლელისკენ წავედი. იქ, პატარა ჰოლში, ოთახის ფეხსაცმელი მეგულებოდა. შიშველი ფეხები ჩუსტებში გავყავი და რატომღაც ჰოლიდან ქვემოთ ჩამავალი, საკმაოდ ფართო და გრძელი კიბისაკენ გადავიხედე.
მეტი არაფერი მახსოვს. ვერ ვიტყვი, სიზმრის შემდეგ კიდევ მეძინა თუ არა. როცა გამომეღვიძა, საათი თორმეტის ნახევარს უჩვენებდა. სველი ვიყავი. შვებანახული, მაგრამ სველი. სამოსიც სველი მქონდა. ლოგინის შუა ნაწილი ერთიანად სველი იყო, კიდეები კი თბილად დანამული. ოთახში ისევ ენთო შუქი. ნახევარ საათში შობის ღამე დგებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. უდაოდ საინტერესო პიროვნება ჩანხართ!!! ღმერთმა გაგაძლიეროთ!!! გაიხარე შენა!!! უდაოდ საინტერესო პიროვნება ჩანხართ!!! ღმერთმა გაგაძლიეროთ!!! გაიხარე შენა!!!
12. მათეს! დიახ, სიზმარი საერთოდ რთული ფენომენია. ეს კი, იმდენად ლოგიკური, დალაგებული, კომპოზიციურად შეკრულია, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ შემოქმედი სადღაც სხვაგანაა(იქნებ მაღლა). ჩვენ კი მხოლოდ შემსრულებლები ვართ. მათეს! დიახ, სიზმარი საერთოდ რთული ფენომენია. ეს კი, იმდენად ლოგიკური, დალაგებული, კომპოზიციურად შეკრულია, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ შემოქმედი სადღაც სხვაგანაა(იქნებ მაღლა). ჩვენ კი მხოლოდ შემსრულებლები ვართ.
11. საინტერესოა...... სიზმარი საერთოდ რთული ფენომენია.... რწმენების ამრევი.... საკმაოდ ნათელი სურათებია დახატული, თუმცა აქ ბევრი რამ შეიძლება მკითხველმა იგულისხმოს......პირველში, ვთქვათ, საკუთარ ცოვებთან ბრძოლა, იმ დროს როცა თავადაც ვერ აცნობიერებ, ვის ან რას ებრძვი, და გგონია, რომ უცოდველი ხარ და განსაცდელს კი რაღაც ეშლება...... მეორეში შეიძლება დაინახო, ილუზია და რეალობა, მათი ბრძოლა და ის, რომ ილუზორული რეალობას ზოგჯერ ჯაბნის.... ან ხორცისა და სულის ჭიდილია...სადაც სული ქრისტეს ჯვრით ცდილობს დაიმორჩილოს და დათრგუნოს ხორცის ვნებათა ბრძოლა......არ ვიცი...... რწმენების ამრევი კი ალბათ, ეს ნაუფროსალო მეზღვარია...... რომელიც ფეხს ვერ ითბობს და.... სასიკვდილო ნატყვიარის მორჩენა კი შეუძლია..... არ ვიცი...საინტერესო იყო და თანაც არა შემთხვევითი...შობა რომ თენდებოდა ...და ამ ყველაფერს განსაცდელგადატანილი (ნაავადმყოფარი) მარტოსული განახლებასავით განიცდიდა..... რა ვიცი, ამ ერთი წაკითხვით, ესაა, რასაც ჩავწვდი, ჩემი განცდით, რაც გავიგე.... იმედია, არც ისე უინტერესო იყო...... წარმატებები.....;) საინტერესოა...... სიზმარი საერთოდ რთული ფენომენია.... რწმენების ამრევი.... საკმაოდ ნათელი სურათებია დახატული, თუმცა აქ ბევრი რამ შეიძლება მკითხველმა იგულისხმოს......პირველში, ვთქვათ, საკუთარ ცოვებთან ბრძოლა, იმ დროს როცა თავადაც ვერ აცნობიერებ, ვის ან რას ებრძვი, და გგონია, რომ უცოდველი ხარ და განსაცდელს კი რაღაც ეშლება...... მეორეში შეიძლება დაინახო, ილუზია და რეალობა, მათი ბრძოლა და ის, რომ ილუზორული რეალობას ზოგჯერ ჯაბნის.... ან ხორცისა და სულის ჭიდილია...სადაც სული ქრისტეს ჯვრით ცდილობს დაიმორჩილოს და დათრგუნოს ხორცის ვნებათა ბრძოლა......არ ვიცი...... რწმენების ამრევი კი ალბათ, ეს ნაუფროსალო მეზღვარია...... რომელიც ფეხს ვერ ითბობს და.... სასიკვდილო ნატყვიარის მორჩენა კი შეუძლია..... არ ვიცი...საინტერესო იყო და თანაც არა შემთხვევითი...შობა რომ თენდებოდა ...და ამ ყველაფერს განსაცდელგადატანილი (ნაავადმყოფარი) მარტოსული განახლებასავით განიცდიდა..... რა ვიცი, ამ ერთი წაკითხვით, ესაა, რასაც ჩავწვდი, ჩემი განცდით, რაც გავიგე.... იმედია, არც ისე უინტერესო იყო...... წარმატებები.....;)
10. მოყვარულს! მადლობა რომ წაიკითხეთ. ჩემთვის თავის დროზე (1997წ.მოხდა ეს ყველაფერი) იგი არა უბრალოდ ძნელი გასაგები იყო, არამედ იყო შოკი, რომლის გადალახვა და ახსნა სიზმრისა ალბათ დაემთხვა დროში ერთმანეთს. შემდეგ რაც მოხდა, ლოგიკის და ცივი გონების ამბავია, რომელთაც ჩემი აზრით, სათაური უნდა დაეხმაროს. მოყვარულს! მადლობა რომ წაიკითხეთ. ჩემთვის თავის დროზე (1997წ.მოხდა ეს ყველაფერი) იგი არა უბრალოდ ძნელი გასაგები იყო, არამედ იყო შოკი, რომლის გადალახვა და ახსნა სიზმრისა ალბათ დაემთხვა დროში ერთმანეთს. შემდეგ რაც მოხდა, ლოგიკის და ცივი გონების ამბავია, რომელთაც ჩემი აზრით, სათაური უნდა დაეხმაროს.
9. წავიკითხე , მაგრამ თუ თქვენ ერთ თვეზე მეტი მოანდომეთ თქვენივე ნანახი სიზმარის ახსნას, დამეთანხმებით რომ ჩემთვის უფრო ძნელია. ისე ძალიან მაინტერესებს. ისე, რწმენების შემაერთებელი ხომ არ უნდა ერქვას? წავიკითხე , მაგრამ თუ თქვენ ერთ თვეზე მეტი მოანდომეთ თქვენივე ნანახი სიზმარის ახსნას, დამეთანხმებით რომ ჩემთვის უფრო ძნელია. ისე ძალიან მაინტერესებს. ისე, რწმენების შემაერთებელი ხომ არ უნდა ერქვას?
8. მადლობა ბექა აბუთიძეს. მსიამოვნებს ის,რასაც თქვენ აკეთებთ. ორი თვეა რაც საიტზე შემოვედი და გამიგრძელდა ალბათ სიტუაციებში გარკვევის პერიოდი, ანუ მხოლოდ ვაქვეყნებდი საკუთარს, ვეცნობოდი სხვის ნაწერებს და თითქმის არ ვაკომენტარებდი მათ. ამან საინტერესო დასკვნები გააჩინა. იქნებ ამიტომაც არავინ წაიკითხა ,,მზის მონატრება". რომელიც გუშინ გამოვაქვეყნე და რომელიც არაფერი განსაკუთრებული სიმბოლოებით და სირთულით არ გამოირჩევა. მადლობა ბექა აბუთიძეს. მსიამოვნებს ის,რასაც თქვენ აკეთებთ. ორი თვეა რაც საიტზე შემოვედი და გამიგრძელდა ალბათ სიტუაციებში გარკვევის პერიოდი, ანუ მხოლოდ ვაქვეყნებდი საკუთარს, ვეცნობოდი სხვის ნაწერებს და თითქმის არ ვაკომენტარებდი მათ. ამან საინტერესო დასკვნები გააჩინა. იქნებ ამიტომაც არავინ წაიკითხა ,,მზის მონატრება". რომელიც გუშინ გამოვაქვეყნე და რომელიც არაფერი განსაკუთრებული სიმბოლოებით და სირთულით არ გამოირჩევა.
7. წავიკითხე...სიმბოლოებით შეიძლება რამის ახსნა,მაგრამ მაგდენი ნამდვილად არ ვიცი.ამიტომ თავს არ გამოვიდებ,დეტალურად აღწერილი სიზმრებია...არა ამას ასე ვერ გავიგებ,ან ძალიან მარტივად თუ შევხედავ კარგად გადმოცემული სიზმრები...მაგრამ ესე ჩემი ჭკუით არ გამოვა... წავიკითხე...სიმბოლოებით შეიძლება რამის ახსნა,მაგრამ მაგდენი ნამდვილად არ ვიცი.ამიტომ თავს არ გამოვიდებ,დეტალურად აღწერილი სიზმრებია...არა ამას ასე ვერ გავიგებ,ან ძალიან მარტივად თუ შევხედავ კარგად გადმოცემული სიზმრები...მაგრამ ესე ჩემი ჭკუით არ გამოვა...
6. იანგულს! მსიამოვნებს, როცა ვიღაც ხმამაღლა აცხადებს, რომ რაღაც ვერ გაიგო,რაღაცას ვერ ჩაწვდა და ეს არ ესირცხვილება. უნდა გითხრათ,რომ თავად მე თვეზე მეტი დრო მოვანდომე იმის გაგებას, თუ რა მოხდა აქ. არ ვაპირებ მკითხველს შევეშველო კვანძების გახსნაში, - ყველა დაინტერესებული პირი თვითონ იპოვის თავისთვის საჭიროს და აუცილებელს. ისე კი გეტყვით: აქ გადმოცემულია უზარმაზარი თემა და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც არ გახლავთ ავტორის ჩანაფიქრი, როგორც ეს განაცხადა დაისმა(თუ ,,დაისი-"მ), არამედ არის შემთხვევა, როცა ,,ლექსი თვითონ მწერს." ასევე გეტყვით, რომ ორივე სიზმარი ერთი და იგივეა - პირველ შემთხვევაში სიმბოლოებით ნანახი, მეორე შემთხვევაში, კონკრეტული, ყველასთვის გასაგები კადრებით, აქ ყველაფერი ძალიან ლოგიკურია და შეკრული. ეს არის სიზმრის ზედმიწევნით ზუსტად აღწერა. აქ ავტორისეულია მხოლოდ ის, რაც თქვენ შეაფასეთ როგორც ,,ძალიან საინტერესოდ იკითხება" და სათაური ,,რწმენების ამრევი," რომელსაც მკითხველისთვის გზამკვლევის ფუნქცია დავაკისრე. თუ რამდენად წარმატებულად, დაე, მკითველმა განსაჯოს, რომელიც ჯერჯერობით ფაქტიურად არ ჩანს. ისე, ეს ნაკლებად სადარდებელია ამ ეტაპზე. დიდი მადლობა თქვენ და დაისს კომენტარებისთვის, ასევე მაკუცას. გაიხარეთ! იანგულს! მსიამოვნებს, როცა ვიღაც ხმამაღლა აცხადებს, რომ რაღაც ვერ გაიგო,რაღაცას ვერ ჩაწვდა და ეს არ ესირცხვილება. უნდა გითხრათ,რომ თავად მე თვეზე მეტი დრო მოვანდომე იმის გაგებას, თუ რა მოხდა აქ. არ ვაპირებ მკითხველს შევეშველო კვანძების გახსნაში, - ყველა დაინტერესებული პირი თვითონ იპოვის თავისთვის საჭიროს და აუცილებელს. ისე კი გეტყვით: აქ გადმოცემულია უზარმაზარი თემა და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც არ გახლავთ ავტორის ჩანაფიქრი, როგორც ეს განაცხადა დაისმა(თუ ,,დაისი-"მ), არამედ არის შემთხვევა, როცა ,,ლექსი თვითონ მწერს." ასევე გეტყვით, რომ ორივე სიზმარი ერთი და იგივეა - პირველ შემთხვევაში სიმბოლოებით ნანახი, მეორე შემთხვევაში, კონკრეტული, ყველასთვის გასაგები კადრებით, აქ ყველაფერი ძალიან ლოგიკურია და შეკრული. ეს არის სიზმრის ზედმიწევნით ზუსტად აღწერა. აქ ავტორისეულია მხოლოდ ის, რაც თქვენ შეაფასეთ როგორც ,,ძალიან საინტერესოდ იკითხება" და სათაური ,,რწმენების ამრევი," რომელსაც მკითხველისთვის გზამკვლევის ფუნქცია დავაკისრე. თუ რამდენად წარმატებულად, დაე, მკითველმა განსაჯოს, რომელიც ჯერჯერობით ფაქტიურად არ ჩანს. ისე, ეს ნაკლებად სადარდებელია ამ ეტაპზე. დიდი მადლობა თქვენ და დაისს კომენტარებისთვის, ასევე მაკუცას. გაიხარეთ!
2. კარგი იყო მაგრამ ვერ მივხვდი რისი თქმა გსურდა ვერ ჩავწვდი. ისე ძალიან საინტერესოდ იკითხება. 5 კარგი იყო მაგრამ ვერ მივხვდი რისი თქმა გსურდა ვერ ჩავწვდი. ისე ძალიან საინტერესოდ იკითხება. 5
1. სველი ვიყავი. შვებანახული, მაგრამ სველი. სამოსიც სველი მქონდა. ლოგინის შუა ნაწილიც ერთიანად სველი იყო, კიდეები კი თბილად დანამული. ოთახში ისევ ენთო შუქი. ნახევარ საათში შობის ღამე დგებოდა.
საინტერესო ჩანაფიქრი და ლამაზად დაწერილი.55555 სველი ვიყავი. შვებანახული, მაგრამ სველი. სამოსიც სველი მქონდა. ლოგინის შუა ნაწილიც ერთიანად სველი იყო, კიდეები კი თბილად დანამული. ოთახში ისევ ენთო შუქი. ნახევარ საათში შობის ღამე დგებოდა.
საინტერესო ჩანაფიქრი და ლამაზად დაწერილი.55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|