ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

თეკლე ბატონიშვილი

გათენებამდე ერთი დღით ადრე...

მივდივართ...
მხარდამხარ მოგყვები,
გამართულ წელით და მხედრულ ნაბიჯებით...
ხანდახან უეცრად თვალებით გნებდები.
ჰო, მხოლოდ თვალებით,
რადგანაც ხომ იცი,
ჭრელია ხალხი და აურევს ჭორ-მართალს.
მრცხვენია ცოტათი...
ახლა მსუბუქია სხეული რატომღაც,
სული კი დამძიმდა
და ძლივსღა დაათრევს ცოდვიან ნაოჭებს
ავსებულს ლექსებით...
ჩვენ, ახლა ჩვენს სულებს მივათრევთ მწვერვალთან.
ჩვენ, ახლა ჩვენს ფიქრებს ვაყოლებთ კლდის ღარში,
როგორც ჯარისკაცებს უძვლო საფლავების
გარდაცვალებაში...
ვინ ნაამბორალ ტკივილებს დათვლის,
ვინ კი ქარაფებს ქვადქცეული სიმარტოვიდან.
გათენებამდე ერთი დღით ადრე...

ავედით.
თოვლდამჯდარ თეთნულდზე ვმაგრდები.
მარაგად ვიზოგავ უნებურ შეხებას,
გზაში რომ ჩამოწვა ჩვენს შორის სიშორედ
და გამოიწვია უხერხულობა...

უკვე კვირაა, რაც ჩვენ ასე ცალ-ცალკე
ჩვენ-ჩვენს მწვერვალებზე,
ნისლის მოზაიკას მუჭებით ვაგროვებთ.

უკვე კვირაა, რაც ოქროსფერ სექტემბერს
დეკად გადაშლილი სიშორე დავუთმე,
რომ ჩემი ლექსებით დაეწნა ნისლისთვის ყვითელი გვირგვინი.

უკვე კვირაა, რაც ვატოლებთ სხეულებს
ჩვენივე ანარეკლს ზვავებად წამოსულს...
ღამე კი ისეთი პირქუშად გრძელია...
არადა რამდენ ხანს ველოდით ალიონს...

გახსოვს?!
ბავშვობაში ჩვენი თვალებიდან ვხატავდით სიწმინდეს
ახლა კი წლებისგან დარღვეულ გრაფიკით
ჩვენს სულებს დავათრევთ...

და მაინც ადრეა, ან იქნებ გვიანიც...

უკვე კვირაა რაც მზე აღარ ამოდის.
ნეტავ, ამ მწვერვალზე რისთვის ამოვედით?!
თუკი მზე ისედაც აღარსად ანთია...
მაინც ველოდებით...
ჩვენ ასე ცალ-ცალკე
ჩვენ-ჩვენს მწვერვალებზე...
შვიდი...
ექვსი...
ხუთი...
ოთხი...
სამი...
ორი...
ერთი და...
გათენებამდე ერთი დღე დარჩა...

ვბრუნდებით...
მხარდამხარ მოგყვები..
მოხრილი მხრებით და მოკლე ნაბიჯებით.
ხანდახან უეცრად თვალებით გნებდები.
ჰო, მხოლოდ თვალებით,
რადგანაც ხომ იცი,
ჭრელია ხალხი და აურევს ჭორ-მართალს...


-თეკლაააა...თეკლააა...
ხედავ მწვერვალმა ტკივილები გამოაზამთრა...
-.........
- ცვარი ყოფილა შენი ცრემლი დილისა
თეკლა....
-..............
-მაქვს ერთი ადგილი კარავში შენთვისაც,
გადმოდი....

თეკლე ბატონიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები