ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


შურისძიება

(ეძღვნება ჩემი ძმის, დათო ბოლქვაძის ხსოვნას) 

ტომარას ვებრძვი, ნახერხგატენილ,
და ტყვიებს ვუშენ, ვითომ მტერია.
გული ათასჯერ უკვე ნატკენი
გავიქვავე და თვალს კი ტენიანს
უკვირს, ნახერხსაც როგორ ვიმეტებ
დასაცხრილად და ამოსაშანთად.
თვალცრემლიანი იდგა სიკეთე,
გზად კი პატრონი კაცი არ ჩანდა...
ვამზადე თავი თავდასაცავად,
როგორაც ჯარში წვრთნიან "სალაგებს".
დავათრევ დარდით სავსე მათარას
და კერპ ხასიათს უხმოდ ვალაგებ...
ჰო, საომარი უკვე არც რაა,
ხანდაზმული აქვს ტკივილს სათავე.
მთავარი მაინც სუფთად გაცლაა,
ერთს რომ შეუნდობ და მოათავებ.
თუმცა, აზრები ისეც ვალს მდებენ,
შურისძიებას უთრთის ძარღვები.
და არგასროლილ ტყვიის მასრებში
წუხს ძველი წესი სისხლის აღების...

თოვლის გრაფიკა

თოვლმა ქუჩები ისევ გაცრიცა,
დილა ფინჯანში მღვრიე ცას მისხამს.
ადნება ფიქრი სარკმელს ნაფიფქარს
და თოვლის სევდა თეთრი ძაფით მკლავს.
თოვლი კი ხატავს შავ-თეთრ გრაფიკას,
თებერვლის პორტრეტს - ცივ და ნატიფ ქალს.
წუხს თებერვალი ბოლოს ნაკიანს,
თოვლმა ქუჩებში უკვე გაკიდა
ყოველი ტილო შავ-თეთრ გრაფიკის
ზამთრის სულ ბოლო პარაგრაფიდან.

ფიქრის სახლში

რა თბილია ფიქრის სახლში დროის სუნთქვა,
უკრავს ჩემთვის რეტრო განცდა რაფსოდიებს.
მაგიდაზე გაცრეცილი, ძველი სუფრა
სტუმრად ელის მოგონების ნაცნობ იერს.
ზის წარსული ფიქრის სახლში, მაგიდასთან,
საუბარში, რა თქმა უნდა, დარბაისლობს.
ხსოვნის სკივრში სანუკვარი სამი რამ მაქვს,
ფერი, სუნი და დაღვრილი ცრემლის სილბო.
შერჩენიათ ცელქი თვალი სუფრის ფოჩებს,
თვლემს ძაფებში გახლართული ქინქლა ნება.
და წარსულს რომ წასვლის წამი არ გამორჩეს,
დამტვრეული საათებიც იქოქება...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები