ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 იანვარი, 2010


არამედ რაღაც სხვა

ნინო დარბაისელი

(შალვა ბაკურაძის’’ქმრების საკითხავის’’ინტერპრეტაციის ცდა)

        სამშობლოდან მოშორებული ადამიანისათვის ინტერნეტი დიდი შვებაა. რაწამს დროს მოვიხელთებ, დავუყვები ხოლმე ქართულენოვან საიტებსა და ფორუმებს. უამრავი ახალი ნაწარმოები წავიკითხე, პროზაც, პოეზიაც.
        ასეთი მრავალფეროვანი და ინტენსიური თუ იყო ლიტერატურული ცხოვრება საქართველოში, ვერც ვიფიქრებდი.  თანაც, ინტერნეტი ხომ ჯერჯერობით მთლიანად ვერ მოიცავს მას. კიდევ რამდენი კარგი ქართველი ავტორია, ჯერ ვირტუალურ სივრცეში რომ არ შეუდგამს ფეხი! მაგრამ ეტყობა ვიდრე მშობლიური ლიტერატურული გარემოსაგან ჩემსავით დისტანცირებული არ გახდები, არც მეტნაკლებად მთლიანი სურათი ეძლევა თვალთახედვას და არც ნამდვილი ღირებულება ჩანს იმისა, რაც იქ იქმნება.
        ამას წინათ პორტალ ‘’ლიტერარტურა.გე’’-ზე ერთი პოემა ვიპოვე - ’’ქმრების საკითხავი’, პორტალის წესის თანახმად, ახლადგამოჩენილ ნაწარმოებებს ავტორი არ ეთითება. რამდენჯერმე წავიკითხე, მერე რაკი ქაღალდზე გადმოტანილი ტექსტი მაინც სულ სხვაა, ამოვბეჭდე კიდეც და კიდევ ერთხელ ,‘’ფანქრით’’  წავიკითხე: შედეგი იგივე – როგორც მკითხველი ადამიანი , კვლავ მონუსხული ვარ, ხოლო როგორც მკვლევარი, რომელსაც არ შეუძლია არ დასვას კითხვა: ’’რატომ?’’,  პასუხს დავეძებ. იქნებ ამ დროს უმჯობესია, აქ შეჩერდე, შეირგო ესთეტიკური სიამოვნება და არ ემსგავსო იმ მაყურებელს, რომელიც ილუზიონისტის ნამოქმედარით თუმცა გაკვირვებული და ნაამებია, მაინც უტრიალებს კითხვას :– ‘’კი მაგრამ, როგორ?’’
        ამასობაში ავტორის ვინაობაც გამოვლინდა – შალვა ბაკურაძე, როგორც ჩანს, დაახლოებით ჩემი თაობის პოეტი, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, თუმცა საიტ ‘’ებლიტფოზე’’ მოთავსებული მისი ყველა ნაწარმოები უკვე წაკითხული მაქვს. ჩემი შთაბეჭდილებით, პოემა ‘’ქმრების საკითხავი”, მე რომ ამდენი კითხვა აღმიძრა, მათში ცენტრალურ ადგილს იკავებს.

* * *
          პირველი კითხვა სათაურიდანვე იწყება.
        ’’ საკითხავი ’’ -  ქართულ ენაში რამდენსამე მნიშვნელობას მოიცავს: ის, რაც წასაკითხია (მაგ. “საკითხავი ძველ ქართულ ლიტრატურაში”); შე-საკითხი, ანუ კითხვა (ყოფნა-არყოფნა –საკითხავი აი ეს არის); ამას დავუმატოთ ‘’წყევლა-კრულვიანი საკითხავიც,’’ოთარაანთ ქვრივიდან‘’ და თვალნათლივი შეიქნება, რომ პოეტური სამყარო, რომლის კარიც ჩვენთვის ამ სათაურით უნდა გაიღოს, არ გვპირდება იმ სიცხადეს, რაციო რომ მოითხოვს.
        არც ლირიკული გმირი წარმოგვიდგება ცხადი სახით, არ ვიცით მისი სახელი, ან თუნდაც რაიმე ეპითეტი, სახელის ფუნქციას რომ იტვირთებდა პოემაში, არაფერი ვიცით მის გარეგნობაზეც, ლამის ერთადერთი ნიშანი, რომელიც მკითხველის წარმოსახვაში მას კერძო გამოსახულებას მიანიჭებდა, გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმაა’’, რომელიც , ბავშვობაში რომ მუხლი გადაიტყავა, ჭრილობაზე იოდის წასმისას სკოლის ექთანმა ხელისგულით გადაუწია. ყოველივე, რასაც მისი მიწიერი არსებობისა და მოკვდომის (არა-სიკვდილის) შესახებ შევიტყობთ პოემიდან, გარეგნულად ძალზე ფრაგმენტული იქნება და არც ეს ფრაგმენტები გაყვება ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, თუმცა იმ ადრეული მოგონებით დაიწყება,  როგორ ხედავენ ბავშვები ფანჯრის დაორთქლილი შუშიდან ახლადგარდაცვლილი ბებიის სულს, ზამთრის თოვლიანი დილით ეზოში ფეხშიშველა მდგარს, როდესაც მისი სხეული შინ,  უფროსების თვალწინ ოთახში ასვენია ( პირველი სიგნალი იმ უჩვეულო სპირიტუალური მდგომარეობისა თუ/და მხატვრული პირობითობის შესახებ, რომელშიც იმყოფებიან პოემის მთავარი გმირები და რომელში ჩართვა მკითხველსაც მოუწევს.).
        თუმცა პოემაში გადმოცემა პირველი პირით ხდება, ავტორი ორ ინსტანციად, სხეულად და სულად (ან ასტრალურ და ეთერულ სხეულებად?) გაყოფილი მთავარი უსახელო პერსონაჟის სახელით მეტყველებს, მისი მონოლოგებისა თუ დიალოგების ’’ფიქსატორია” (ეს მაშინ, როცა პოეტური, ოკაზიონალური სახელდება, სახელის მინიჭება ადამიანების, საგნებისა და მოვლენებისთვის და ამგვარი მეტონიმიური მეტაფორიზაცია შალვა ბაკურაძის, როგორც ავტორისათვის ნიშნეული მხატვრული ხერხია) შემდგომში მსჯელობა რომ შეძლებისდაგვარად გასაგები გავხადოთ, -  პერსონაჟი ავტორისაგან განვასხვაოთ, მას ‘’ძე’’ ვუწოდოთ,(ამისთვის,  როგორც შემდგომ შევეცდები ვაჩვენო, პოემაც გვაძლევს საფუძველს).
          მთელი პოემის მანძილზე ავტორი თავად არსად მეტყველებს “ძის “ ამ ორი ინსტანციისაგან დაშორებულად, დამოუკიდებლად. არც რაიმე შინაგანი ლირიკული კონფლიქტია გადმოცემული ამ მხარეებს შორის, რომ დაპირისპირების ფონზე მეტად საცნაური ყოფილიყო ავტორის განსხვავებუ-ლობა. იგი ინსტანციათა შორის ადგილებს კი იცვლის, მაგრამ არასოდეს უცხოვდება, დისტანცირდება მათგან. პოემაში ასახული მდგომარეობა უკვე გარე სივრცეში გადაწყვეტილი, დასრულებული კონფლიქტის - ომის შედეგია, ხოლო უკვე მომხდარი, დასრულებული ტრაგედიიდან გამომდინარე დრამატული მდგომარეობა სულისა არის ის ბირთვი, რომლის ირგვლივაც თავს იყრის ყოველი სახე, კონცეპტი, მცირე და დიდ ამბავი თუ ეპიზოდი.
      პოემის კლასიკურ ფორმას მიჩვეული მკითხველისათვის,  რომელიც მოელის ტრადიციულ განვითარებას სიუჟეტისა, აქ ძნელი, თუ არა შეუძლებელი, იქნება, მიჰყვეს კონფლიქტის განვითა-რებაში საფეხურთა თანმიმდევრობას. თანამედროვე პოემას ეს აღარც მოეთხოვება და ამას თავისი ახსნა აქვს. პოემის განვითარებამ კარგა ხნის წინ მიაღწია სრულყოფილების იმ დონეს, როცა, პრაქტი-კულად, შესაძლებელია ნაწარმოების სხვადასხვა ასპექტს მიენიჭოს თავისუფლება, რადგან მკითხვე-ლის ცნობიერებაში უკვე არსებობს ძირითადი მოდელი, თარგი, რომლის მიხედვითაც ხდება ნარატივის რეკონსტრუირება, რაიმე სახის ნარატივის  ’’არსებობა’’ ტექსტში  კი იმ მინიმალურ მოთხოვნად დარჩა, რომელიც პოემას განასხვავებს უბრალოდ, ვრცელი ლექსისაგან.
        ნაწარმოებში დრო-სივრცული და სიტუაციური არე ორი ნარატივის პარალელიზაციით იქმნება. პირველი მათგანი ბიბლიური, ახალი აღთქმისეულია და შესაბამისად მაცხოვრის, როგორც ძის ამბავს ეხება. მეორე -  თანამედროვე რეალური ცხოვრებიდან მომდინარე ამბავია ადამიანის ძისა, რომელმაც ბავშვობა და ყრმობა გაატარა ერთ ქალაქში. ამ ქალაქში მას ჰქონდა სახლი, შემდეგ ეს სახლი ომის გამო დაკარგა, გახდა მეომარი, იბრძოდა ‘’ სამშობლოსათვის’’და ამ ბრძოლაში… მოკვდა, მაგრამ არც მოკვდა. მისი არსება გადავიდა მდგომარეობაში, რომელსაც გრანელის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, შეიძლება ვუწოდოთ არა სიკვდილი, არა სიცოცხლე,  ’’არამედ რაღაც სხვა’’ დაუსრულებე-ლი, “საბოლოო სიზმარი”.
        ავტორი-ფიქსატორი “’ძისთვის” მედიუმია, რომლის მეშვეობითაც “ხმას აწვდენს” მკითხველს, აზიარებს სათქმელთან, რომელიც ამ პოემის კონცეპტუალური ხერხემალია:
      როდესაც ადამიანს ყოფით რეალობაში სხვა ადამიანები ართმევენ სამყაროს შემოქმედისაგან მინიჭებულ უფლებას, იყოს ცოცხალი, იგი მხატვრულ რეალობაში პოეტი-შემოქმედის მიერ მინიჭებული ძალით.  უფლებამოსილია, იყოს “ცოცხალი მკვდარი” და უწყვეტ დიალოგში ჩაერთოს ყოველივე ამაქვეყნიერთან.

მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები.

        ასეთია შალვა ბაკურაძის პოეტური თანატოლოგია, ანუ სიკვდილმეტყველება.
        პოემაში სახეობრივი სისტემა ძირითადად ბიბლიურ სახე-კონცეპტთა ტრანსფორმაციით იქმნება. მისი საყრდენი სახე-მეტაფორები, რომელიც თავდაპირველად ცოტა არ იყოს, ბუნდოვან შთაბეჭდი-ლებას ახდენენ მკითხველზე, ახსნადი გახდება , თუ მათ პირველწყაროებს მივაგნებთ.
        მივყვეთ ტექსტს თანმიმდევრობით.
        ერთ-ერთი პირველი სახე–‘’რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ დაატარებს ”  ანუ ადამიანი, როგორც ბალახი, პირდაპირ მომდინარეობს ახალი აღთქმიდან და ფსალმუნებშიც დასტურდება. (პეტრე:1,24,ფს.:103,15)
      ამ მოხუცს რძე და ყველი მოაქვს დილდილობით, რძე კი ისევე, როგორც თეთრი ყვავილები, სითეთრე მარიამ ღვთისმშობელს მიემართება.
      მოულოდნელი სიტყვები, რომელიც ცოტა ხანში გახმიანდება:  ”ღმერთი, რომელიც ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე ”  , მხოლოდ ღვთისმშობელთან დაკავშირებით იხსნება’’. სიჩვილე და სითბო ‘’წუთიწუთზე ამოსაყვანი ყველისა’’  ღვთისმშობლისმიერი გრძნობებია. რძე და მისი პროდუქტებიც ძველი ქრისტიანული წესით სწორედ ღვთისმშობლის შესაწირავად ითვლებოდა.
      გარდა ამ პოემისა,  რძე, რძით კვება, რძისებრი სითეთრე, როგორც დედა მარიამის კონოტაციები შალვა ბაკურაძის სხვა რელიგიურ ქმნილებებშიც ცენტრალურ ადგილს იკავებს.
          “წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როც მოკვდებით’’-  ამბობს მოხუცი მერძევე.
      სხეული, როგორც სულის სახლი იმდენად გამჭვირვალე სახეა, ალბათ ამაზე ყურადღების შეჩერებაც არ ეღირებოდა, პოეტი სახლის მხატვრულ სახეს რომ არ უკავშირებდეს დედის საშოსაც, როგორც პირველსახლს, სადაც სამუდამოდ დარჩენა ან დაბრუნებაც შეუძლებელია. აქ ქართველ მკითხველს უთუოდ გაახსენდება ფინალი ბესიკ ხარანაულის “ხეიბარი თოჯინისა”, სადაც ალექსანდრე ანუ ალე ნატრობს დროს, როცა ისე იჯდა დედის საშოში, ’’როგორც ‘’მინიატურა ოქროს ჩარჩოში’’.

მე უფლება მაქვს, ვიყო მკვდარი,
ვიდრე მომკლავდნენ,ვიდრე აქ ვარ,
ვითომ ცოცხლად, შენთან ერთად,
შენს საშოში . - 

    -მიმართავს’’ძე’’ დედას ‘’ძე’’ ამ პოემის ფინალში.
    სახეთა შორის ძირითადია აგრეთვე ქალაქი, სამყაროს ღვთაებრივი წესრიგის, კოსმოსის მიწიერი გამოვლინება. ბიბლიური გამოცდილების მიხედვით, როდესაც კოსმოსს ქაოსი ენაცვლება, ქალაქში ბატონდება ურწმუნოება, ცოდვა, დანაშაული, იგი უნდა განადგურდდეს მოისრას ღვთაებრივი ცეცხლით...ამას შიშობდა ერთადერთი პოეტი–წინასწარმეტყველი ესაია, ისრაელზე (10:18,19), შემდგომ იეზიკიელი  - იერუსალიმზე მეტყველებისას (15:6). ამას, ოღონდ უკვე მომხდარს , გლოვობს ‘’პოეტი გვიანმეტყველი’’  შალვა ბაკურაძე: ’’ვისკენ გავახილო ჩემი ქალაქის დათხრილი თვალები’’.
      ამ პოემის მიხედვით,  კეთილი და ბოროტი ანგელოზნი ‘’ძეს” ქალაქში ზრდიდნენ და ეს ქალაქი (ძნელი არ არის მასში სოხუმის, გნებავთ, გაგრის ამოცნობა, დაზუსტებას აქ არსებითი მნიშვნელობა არც აქვს), იერუსალიმის თანამედროვე ადექვატი  გამსჭვალული იყო ყოველივე იმით, რაც მას გარს ერტყა. იყო შიშისპირა, სიძვისპირა, კვლისპირა, ღვთისპირაც კი და სწორედ ამიტომ განიწირა დასაღუპავად. მის ‘’ძეებს’’ უფროსებმა, როგორც შავ-თეთრი გასაფერადებელი ალბომი’’დროშა‘’ აჩუქეს ‘’, რათა სისხლით შეეღებათ, ‘’სანგრებისკენ ეთრიათ დასაღვრელი სისხლი თავისი საგმირო სხეულებით’’:

მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები,
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან.’’ 

      და მაინც, სახე სიმბოლოთა შორის ერთ ერთი უმთავრესი, რომელსაც სხვა ნაწარმოებებშიც უბრუნდება პოეტი,  არის ‘’ძის” მამინაცვალი, გნებავთ მამობილი და მისი ბიბლიური პირველსახე - იოსები , მარიამის - დედა ღმრთისმშობლის ქმარი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,იოსების პიროვნება ქართულ პოეტურ აზროვნებაში შალვა ბაკურაძის ქმნილებებამდე გამოკვეთილი არასოდეს ყოფილა. იქნებ ამის მიზეზი იმაშიც უნდა ვეძიოთ, რომ ჩვენი სასულიერო ტრადიციით, თუმცა მაცხოვრის გენეზისი იოსების ხაზით გამოკვეთილი იყო, მისი პიროვნული ღვაწლი მაცხოვრის მიმართ მაინც ჯეროვნად არ ფასდებოდა.
        იოსები კი თავად იყო უფლის რჩეული, როგორც მამობილმა, მან იტვირთა ძნელი საქმე –აღეზარდა იესო, რომელიც არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი ადამიანურად, მისთვის არ უნდა ყოფილიყო ადვილად გადასატანი ფიქრი იმაზე, რომ მისი დანიშნული მუცლით სხვის ნაყოფს ატარებდა, მაგრამ მას, როგორც რჩეულ მამობილს,  უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უზენაესის ნება აუწყა. სახარებიდან ვიცით,  რომ მას სამგზის  ემცნო ამგვარად უფლის ნება, მეორედ - როცა ებრძანა, ეგვიპტეში გაეხიზნა ცოლ_შვილი და მესამედ – როცა უკან, სამშობლოში უნდა დაებრუნებინა იგი.    უკანასკნელი ახალი აღქმისეული ცნობა იოსების შესახებ უკავშირდება დროს, როცა იესო უკვე თორმეტი წლისაა. ბიბლიოლოგების აზრით, იგი არ მოსწრებია მაცხოვრის ჯვარცმას, ადრევე გარდაიცვალა. შალვა ბაკურაძის ლექსი “იოსები”ინტერტექსტუალურად  ‘’ქმრების საკითხავთან” არის დაკავშირებული, ჩვენი წერილის დასაწყისში აღძრული კითხვაც, ნაწარმოების სათაურის შესახებ, აქ პოულობს პასუხს.
        პოეტური სახეთქმნადობის შესახებ ჩვენი მსჯელობა ძალზე ნაკლულოვანი იქნება, საგანგებოდ რომ არ აღვნიშნოთ  შალვა ბაკურაძის გამორჩეული, შემოქმედებითი დამოკიდებულება ქართული ენის, როგორც ყოველგვარ გამომსახველობით საშუალებათა წიაღისადმი. ჩემი ფიქრით, ამ მხრივ ის გიორგი ლეონიძის მემკვიდრეა. მომდინარე არა იმდენად პოეტური, რამდენადაც პროზაული ქმნილების ’’ნატვრის ხისაგან’’. საყურადღებოდ მეჩვენება, რომ იგი ერთ თავის ნაწარმოებში, სახელწოდებით ‘’თევზაობა”, რომელიც ასევე ინტერტექტულად დაკავშირებულია ამ პოემასთან, ქმნის ოქროს თევზის მაძიებელ პერსონაჟს ელიოზს, რომლის პირველსახესაც სწორედ ,,ნატვრის ხის’’ ამავე სახელი მქონე პერსონაჟი წარმოადგენს.
          რამდენიმე სიტყვით მინდა პოემის სალექსო ფორმასაც შევეხო.
          ლექსი გრაფიკულად წარმოდგენილია, როგორც თავისუფალი. ცალკეული გრაფიკული ბლოკები არ წარმოადგენენ სტროფებს, ტრადიციული გაგებით. ამიტომ უმჯობესია, მათ ლექსმცოდნეობაში მიღებული ტერმინი - სტროფოიდი ვუწოდოთ. სტროფოიდები ძირითადად ე.წ. ’’ნამდვილი’’ ვერლიბრის ნიმუშია. სადაც ძნელია აღმოაჩინო რაიმე კონვენციური საზომის კვალი. გამონაკლისის სახით არის ორიოდე სტროფოიდი, რომელიც ვერლიბრის გარდამავალ სახეობას მიეკუთვნება, რადგან მისი რიტმი იქმნება თავისუფალ ლექსში კონვენციური ჩანართების (ძირითადად ე.წ. თოთხმეტმარ-ცვლედებისა და ათმარცვლედების) მონაწილეობით, მაგალითად ასე:

სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო
სიცოცხლე ანდეს
და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა.
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ...

  ლექსში არის ერთადერთი, გრაფიკულად გამიჯნული ათმარცვლიანი სტროფი,  ჯვარედინი პირობითი რითმებით :

”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს,
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან.

            ეს პოემა კარგ ნიმუშად გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, თუ სალექსო რიტმისაგან განთავისუფლება როგორ იწვევს მეორადი მარიტმიზებელი ელემენტების გააქტიურებას ლექსში. სინტაქსურ ინტონაციური, სახეობრივი პარალელიზმების სიუხვე, განმეორებანი სხვადასხვა დონეზე, ბიბლიის, კერძოდ მისი ყველაზე პოეტური ნაწილის,’’ქებათა ქების’’ სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენება ერთობლივად ქმნიან გამორჩეულ რიტმულ-ინტონაციურ სურათს.. თვალსაჩინოებისთვის დავაკვირდეთ ერთ მცირე მაგალითს:

მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში.
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები .

          ვგონებ,  ძნელი არ არის  ამ ფრაგმენტში  ერთდროულად ‘’ქება-ქებათაის’’ სახეობრივი ოპოზიტისა და რიტმული ანალოგის დანახვა:

  ’’  11. თავი მისი - ოქროჲსა ოფაზისაჲ, თხზული თმათა მისთაჲ, ვითარცა ჭედილი, შავ, ვითარცა ყორანი;
      12. თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა, მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა;
      13. ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი ნელსაცხებელთანი, ფშჳან სულნელებასა ნელსაცხებელთ მგბოლველთასა, ბაგენი მისნი - შროშან და მომწთოლვარე მურითა სავსედ.’’
      დასასრულ, მინდა ეს მცირე წერილი “ქმრების საკითხავის’’ მხოლოდ ცალკეული ასპექტების სუბიექტური ინტერპრეტირების მოკრძალებულ ცდად ჩამეთვალოს, რადგან დარწმუნებული ვარ, მკითხველი, რომელი მოიწადინებს მისი და ზოგადად, შალვა ბაკურაძის მთელი შემოქმედების უფრო სიღრმისეულ წვდომას, აღმოაჩენს დაცილებით მრავალფეროვანსა და ვრცელ პოეტურ სამყაროს, რადგან მჯერა, რომ ტექსტის სიცოცხლის საიდუმლო, მართლაც, შესაძლო ინტერპრეტაციათა დაუსრულებლობაში ძევს.

პ.ს.
რაკი მკითხველთა ერთი ნაწილი არ იცნობს შალვა ბაკურაძის პოემას,რომელსაც ეს წერილი ეძღვნება, აქვე ვურთავ მის ტექსტს:


შალვა ბაკურაძე

ქმრების საკითხავი
- - - - - - - - -- - - - -
1.
ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილი
და უიმედოდ დავიწყებული.
რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ
დაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვება.
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში.
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები .
ის ამბობს ,
თითქოს გვქონდეს გული
და ეს გული გრძნობდეს სიყვარულს,
თითქოს გვყავდეს ღმერთი, რომელიც
ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე,
თითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას, როგორც
ძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში.
“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით”-
იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენ,
რომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც
ადამიანს სიცოცხლის შემდეგ...
“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით,
თქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები, როცა მოკვდებით,
ეს თქვენითსავსე ოთახები, როცა მოკვდებით,
როცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ..
გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
იმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთ,
მან კი გთხოვათ,
ნუ შემოხვალთ, ბებო მოკვდაო,
გარეთ თოვდა
და დაორთქლილი შუშიდან დაინახეთ
ეზოში ,
საადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებო
და ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეული
ცდილობდა შეეხედა ოთახში, სადაც
დედა ტიროდა.
თქვენ კი ფიქრობდით თოვლზე, რომელიც
როგორც იქნა ,მოვიდა
და ბებოზე,
რომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომა
და ფეხშიშველი გავიდა თოვლში
ხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლად.
სიკვდილიც მაშინ ეს გეგონათ:
როცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიან.
მერე გამოანათა მზემ და მოვიდნენ
ახლობლები, მეზობლები და ნათესავები
და თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგან,
წაიღეს, მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლია,
სახლი კი უფრო დაცარიელდა,
არც ბებო იყო, აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი....
გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
მატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქში,
ფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდა,
დედიკოც ისევ ახლო იყო
და თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ.
გახსოვთ ის კაცი, ტამბურში ასტრას რომ ეწეოდა,
თან ისე მძიმედ ახველებდა, იფიქრებდი
ნახველს გულსაც ამოაყოლებსო.
გახსოვთ, მისი რუხი პალტო,
ჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალები?
გახსოვთ ის კაცი, მაშინ შეშლილი რომ გეგონათ-
ახლა მკვდარია.
ის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტა
და იღრიალა:

”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით ,საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს
მერძევე ,კარის ზარზე რომ რეკავს,
ის ყიდის კარაქს ,ყველსა და მაწონს
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან.
მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერე,
რაც რამ მებადა ,გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგან
ნაოჭები და სევდა ვიყიდე,
გულგრლობა და სიკვდილის შიში ვიყიდე
და შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლები
და წუთიწუზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიც,
მათი კანივით ქორფა ვარდებიც
და შეძენილი გულგრილობაც
და მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა:
“დილით ,როდესაც მეძინა დედამ
მერცხალი ხარო, ასე თქვა ძია,
მე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავ,
რომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიან
და ვერ მივხვდები, საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია
და ეს სიცოცხლე, რომელსაც ჭყინტი
ყველის გემო აქვს და მაწვნის სუნი,
ღამღამობით რომ მაჭმევენ ძალით
და ჭამის შემდეგ მერევა გული
და ვარწყევ ,როგორც ფეხმძიმე ქალი
მთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას”
ჰოო ,დედათქვენი ახლა შორსაა,
ცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებს
რძისფერი ფრთებით,
მამათქვენი კი ჩააძაღლეს.......
ისინი მიხვდნენ და ჩააძაღლეს,
მიხვდნენ – ჰო, მიხვდნენ თუ ვინც იყო,
რომ თქვენს მამობას იბრალებდა
და სააღდგომო ღორივით დაკლეს
მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია:
ჩვენთან არს ღმერთი...
თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთ
და უნდა ჭამოთ თაფლი და თევზი,
ესაა მამის ბოლო სურვილი,
ესაა მამის ბოლო ლექსი:
“სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები,
ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვს
რომ შეიტანს,
შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილ
ზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან.
და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებით
გულისრევამდე ბედნიერი ვარ,
ვერ გავრკვეულვარ, ღვთის სიძულვილს გამოვხატავ
თუ თქვენს სიყვარულს , როცა ხეიბარ
სიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამით
შენთან წოლის ვითხოვ უფლებას
და ვისმენ ,ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდან
ნესტიანი ხმით მესაუბრება,
რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავია
და სიკვდილიდან რომ ვარ მოსული,
რაც თავი მახსოვს, ცოცხალი ვარ.რა ვუპასუხო!
შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული.....
და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვის
შიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს,
მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდის
და მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს,
ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს,
უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდან
კუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს,
მესმის დაჭრილთა
მიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დაჭირდა
უფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის,
მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი,
რომ ერთხელ მაინც,
ერთხელ მაინც გადავხვეოდი
მათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად,
მარმარილოდ, ანდა გრანიტად,
რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი, დახმარებოდათ
გამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდან
და შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა,
ყველაზე შორი, ყველაზე უცხო
და რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს,
ამ გულის გარდა არავინ უწყის.
სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის, რათა გადაღლილი და
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო,
სიცოცხლე ანდეს
და სიზმრად ,როცა შენს მუცელზე ყურმიდებული
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები, რომ ადამიანთა
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა;
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ
როგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსით
თუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთან
და საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებში,
რომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებს
ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს
სიცოცხლის შემდეგ.
რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ და
ფერად-ფერად
ყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს,
მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენ
და ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი,
ალბათ უფრო ამიტომ სჯერათ,
რომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფარაჯას,
მაისურს და თიხიან ჩექმებს,
ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ და
კედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებ
ოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლის
ნაფლეთები, რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება,
საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროს
და ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასს
გარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ, რათა გიყვარდეს
ყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა,
ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა,
ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამ
ღმერთად მომნათლა...…”
თქვენთვის არავის უთხოვია ,ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითო.
თქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები, სიბერე ან ჭაღარა ,
როცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენ,
როცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთან
და გიმღეროდნენ ნაზის ხმით :
- დაიძინე!
მე გაგზავნი, როგორც მგელს ცხვრის ფარაში .
დაიძინე !
მე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებას .
და კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ .
თქვენ კი გინდოდათ ,ყოფილიყავით
მამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერი,
გყოლოდათ ცოლი ,თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა და
სიკვდილს რომ გასწავლიდათ ,
გესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეები ,
მაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ .
ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენ
და ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებში,
ღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივით,
ღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებად
და ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ღვთისპირა ქალაქში”

2.
“სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშა
და გასაფერადებელი ალბომივით
გვაჩუქეს ბავშვებს.\'\'
ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო
და სკოლაში დაზეპირებული ლექსები
და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით
სამშობლოს სიყვარულს
მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში
ჩვენს უმიზეზო უკვდავებას
და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს
საგმირო სხეულებით .
მე მახსოვს შენი სისხლი .
მოედანზე როცა მუხლი გადაიტყავე ,
სკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა და
გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწია .
ეს რა მტირალა ყოფილხარო, ჩაგიცინა
და მამაჩვენს სამსახურში გადაურეკა.
მამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზე .
წლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომში ,
როგორც კინოში .
მე მახსოვს შენი სისხლი ,
თბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდა .
სისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი,გავიფიქრე ,
ვიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილს,
შენ კი საბოლოო ,უსასრულო სიზმარს ხედავდი.

“მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი, თბილი ლაქები .
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები,
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან” .
ვინ დავაჯერო ,რომ ღმერთი ვარ ?
ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში,
ერთი მძიმეც ვერ წავშალე,
ერთი პატარა ,მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან .
ვინ დავაჯერო ,რომ ღმერთი ვარ ?
ვისაც ღიმილი შევუთვალე ,ცრემლი მაუწყა .
ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე, ყველა მკვდარია .
მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე .
ვინ დავაჯერო ,რომ ღმერთი ვარ ?
ყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაში ,
მივირთმევ ვახშამს ,
ვიღებ ხელფასს
და გულს ვინახავ სიყვარულისთვის .
ჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვა
და მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯული ,
ოცნებებს კი ისე ვაფურთხე ,გამვლელები მესალმებიან ,
დარბაისელი კაციაო ,ასე ამბობენ.
“სამშობიარო, სადაც დავიბადე,
დაბომბვის დროს დაინგრა.
როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე”
ვინ დავაჯერო ,რომ გაქრობის არ მეშინია,
როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან
ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს,
როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს,
როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ ,
მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით
და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ .

3.
ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გული ,
ვის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვა,
ვისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი ?
მე უფლება მაქვს, ვიყო ერთ-ერთი,
მივითრევდე
კორპუსების ტეხილ კონტურებს,
ვრითმავდე
სიკვდილთან მისასვლელ დღეებს .
გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედა.
ხანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებს.
მას ყველაფერი დაავიწყდა ,
დაავიწყდა ,რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვე,
რომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგო,
რომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრა .
ვის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები ?
მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენ
ქანცგაწყვეტამდე ,
სიყვარულამდე ვათეთრო შენსკენნათევი გზები.
დედა !
მიყვარხარ დედა ,
რძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვს .
მიყვარხარ დედა ,
მამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარ .
მიყვარხარ დედა ,
ის ქალიც ,ჩემთან ვინც დაწვება,
ვინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება და
მიყვარხარ დედა ,
ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის ,
ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ ,
ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ,
მიყვარხარ დედა !
მე უფლება მაქვს, ვიყო მკვდარი
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება .
მე უფლება მაქვს, ვიყო მკვდარი
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები.
მე უფლება მაქვს, ვიყო მკვდარი ,
ვიდრე მომკლავდნენ,
ვიდრე აქ ვარ,
ვითომ ცოცხლად ,შენთან ერთად,
შენს საშოში .
მიყვარხარ დედა !
არაფერია უფრო უღრუბლო, ვიდრე ჩემი სიყვარული,
უფრო უღრუბლო ,ვიდრე ჩემი სიყვარული




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები