ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


მამა სარკეში (ახალი რედაქცია)

მამიკო,გახსოვს?
საძინებელში
საწოლის თავზე ხალიჩა იყო,
ხალიჩის უკან - ჩუმი განჯინა.

და როცა მაინც ვჭამე ნაყინი
და მერე,
სიცხით გათანგულმა
თითქოს ჩავთვლიმე,
შენ შემოხვედი ფეხაკრეფით,
ერთი დამხედე,
მერე განჯინის ბნელ-გრილოდან
გამოაცურე კრივის დიდი ხელთათმანები,
ბუცები,
ტრუსი,
მაისური...

მერე სარინგედ გამოწყობილი
დიდხანს იდექი ასე,
ჩუმად,
ტრილიაჟის დიდი სარკის წინ
და უცებ,
უცებ შენსავე მეს,
იმ სარკიდან
სევდით მომზირალს,
შენი განთქმული ცაცია ხელი
მთელი ძალით ყბაში გაარტყი...
და გონგის ხმაში
ყოველი მხრიდან ირეოდა
,,მიდი,მიდი!,,-
ხალხის ხმაური.

’’შენ, მამაჩემო,დარბაისელო!... ,,

იცი, მე დიდხანს ვინახავდი
იმ სარკის ნატეხს .
მონატრებული
იმ ბასრ ნატეხში სულ შენ გხედავდი
და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული,
როცა ცხოვრება
ამ ცრემლივით,
წვიმასავით,
ხევის წყალივით
მუდამ თავქვე მიგაქანებდა
და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.

დამთავრდა დათვლა.
აღარც მსაჯი ჩანს,
აღარ ისმის აღარც ხმაური.
შუა ოთახში წევს უძრავად
გულხელდაკრეფით,
თავისი თავის ანარეკლი მრუდე სარკეში.




პ.ს. წინა ვერსია დევს ამ ლინკზე:

http://literatura.lit.ge/html/index.php?composition-comments=32602

    ის, რაც ახლა ჩავამატე  (’’შენ ,მამაჩემო დარბაისელო’’)  ფრაგმენტია  ხალხური ლექსიდან  ’’აიმ მთაზედა, თოვლიანზედა’’ პრეპოემშიც და  სულ თავდაპირველ ვერსიაშიც მქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ  ეს იყო პირველი იმპულსი, რომელმაც ლექსი დამაწერინა, მაგრამ  წინასწარ არ ვიცი ხოლმე,''პრეპოემიდან''  საით  ''წამივა'' ლექსი. 
დამუშავების შემდეგ, როგორც  წესი, ლექსს ვათავისუფლებ იმ მომენტებისგან, რომელმაც  კომპოზიციის აგებამდე ხარაჩოს როლი უკვე შეასრულა.      ახლა რატომღაც აღდგენა მომინდა,  მაგრამ  დარწმუნებული არა ვარ, ჯდება თუ არა საერთო კონტექსტსა და კომპოზიციაში .
( თუ გახსოვთ, ლექსში მოთხრობილია, როგორ წავიდნენ სიძე- სიმამრი სანადიროდ და  სიმამარმა როგორ მოკლა სიძე ნადირობისას. ლექსის მეტყველი პერსონაჟი ქალია, რომელიც ასეთ სიტყვებს ამბობს დატირებისას:
’’შენ, მამაჩემო, დარბაისელო,
შენ ჩემი ცოდვით ვერ მაისვენო’’.)
რას მირჩევთ, დავტოვო თუ  ისევ წავშალო, რადგან ზედმეტი კონოტაციები და გაუგებრობა შემოაქვს, თანაც ცვლილებები მოითხოვა ლექსის ფინალში. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები