ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2010


მეტყევე

                                                         
          აქ ადრე ლამაზი, ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ხეების ტყე იყო. მერე და მერე კი, - ქარმა-ქარიშხალმა, ელვა-მეხმა, ღვარმა-ღვარცოფმა თუ სხვა ავბედობამ ბევრი მათგანი დააზიანა, - ზოგს კენწერო მოამტვრია, ზოგიც შუაზე გადატეხა, სხვები კი სანახევროდ თუ ძირიან-ფესვიანად მოთხარა ან მიაწვინ-მოაწვინა.

          ტყეს პატრონი არ ჰყავდა. თავად კი, როგორც შეეძლო ისე პატრონობდა საკუთარ თავს. უჭირდა, ძალიან უჭირდა, მაგრამ აბა რა ექნა - როგორც უჭირდა, ისე ცდილობდა მოლხენას.

          მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ტყეს პატრონი გამოუჩნდა - მესაკუთრე თუ მოიჯარე. გაუხარდათ ტყეში მრავალთ, - იქნებ საშველი დაგვადგესო. ახლადმოვლენილი პატრონის ხმამაღალმა განცხადებებმა კიდევ უფრო განუმტკიცა მათ იმედი.

          მეტყევე მაღალი იყო, ახოვანი, ტანადი და პირმშვენიერი, თუმცა... ბაქია. სულ ერთსა და იმავეს გაიძახოდა, - მალე, ამ ტყის მსგავსი, დედამიწის ზურგზე, არც არსად იქნებაო. ამიტომაც გაუჩნდათ იმედი ხეებს.

          მეტყევემ საიდანღაც კარგად გაწვრთნილი (როგორც თავად განაცხადა) ტყის მცველები მოაყვანინა  და საქმეს მიუყენა - რაც ტანმაღალი და გრძელტოტება ხეები იყო რიგ-რიგობით მოაჭრევინა. პირველივე ხის წაქცევაზე, დიდსა თუ პატარას, ტყეში ელდა ეცა, შიშის ზარი დაეცათ, მაგრამ რა უნდა ექნათ, - სად გაიქცეოდნენ ან როგორ განერიდებოდნენ კარს მომდგარ უბედურებას.

          მეტყევემ ბედუკუღმართობით მოდრეკილი, ბუნებით მიგრეხილ-მოგრეხილი, ღვლარჭნილი ხეების დატოვება უბრძანა მცველებს. თავიდან შებედეს მათ და მორიდებით უთხრეს მეტყევეს, - ტყე მარტო ასეთებით როგორ იქნებაო, მაგრამ თვალების იმგვარ ბრიალს გადააწყდნენ, სასწრაფოდ გაკმინდეს ხმა და არც შემდგომში უთქვამთ რამე; ჭრიდნენ ლამაზ, წლობით ნაზარდ, ტანმაღალ და განდაგან განტოტებულ, ცას მიბჯენილ ჯანსაღმერქნიან ხეებს, დაღრეცილ-დაბრეცილებს, წელში მოხრილ-მოკაკულებს  კი თითსაც არ აკარებდნენ.

          მალე იქაურობა მეჩხერ, ენით ვერგამოსათქმელი ტანდეგობის ხეებისგან შემდგარ  ტყედ გადაიქცა. მეტყევემ მცველებს უცხო ტყეებიდან ისეთივე დაგრეხილ-დაბრეცილი ნერგები მოატანინა და მოჭრილი ხეების ადგილას დაარგვევინა.

          როცა ყველაფერს მორჩნენ, ასფალტით  დაფარული გზების და გზა-ბილიკების გაყვანა-მოპირკეთება მოისურვა მეტყევემ. მშენებლები მოაყვანინა და ისევ  მიუყენა საქმეს. მცველებს კი უბრძანა, - ამჯერად ყველა ტანაყრილი, იმედისმომცემი ხის ნერგი, ბუჩქი თუ ბალახ-მცენარე ამოეძირკვათ და მათ ადგილას დაგრეხილ-დაღრეკილები დაერგოთ.

          ბავშვივით უხაროდა მეტყევეს, მისი სურვილები სწრაფად და სიტყვაშეუბრუნებლად რომ სრულდებოდა. მოუთმენლად თუ სულმოუთქმელად ელოდა იმ დღის დადგომას, როცა უცხო ქვეყნებიდან მოპატიჟებულ მეტყევე-კოლეგებს წარუდგენდა და წარუძღვებოდა ყველასაგან განსხვავებულ თავის პირმშო ტყე-პარკში. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები