ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2010


გა(ნ)მარტება

მახსოვს,გამიშალა კარტი
ერთმა ბოშა მკითხავმა.
- ვხედავ, შეგიყვარებს მარტი,
თუკი შენ არ მიჰქარავ...
ჰოდა, დაველოდე ქარებს,
მოფრატუნეს სახლის წინ.
"გუშინ" მოელოდა "ხვალეს"
უცნაური საწყისით...
მიტეხავდა სულ იხტიბარს
სიმარტოვე თვალმჩენი.
ჩემს ფანჯრებთან ქუდს იხდიდა
მარტი და თავს მაჩვევდა...
მივათრევდი მთელი წელი
სევდის უგრძეს შლეიფებს.
მარტმა კარი შემოლეწა,
ზურგზე ეკრა სველი მზე.
ვაუთოვე ბევრჯერ თეთრად
სალოგინე განწყობა.
მარტმა მარტო მომიხელთა,
ჩემთან სურდა დაწოლა.
რა მარტივად ამაწყვიტა
გულისპირზე საკინძე.
მახსოვს, მხოლოდ მოქანავე
მარტის შლაპა საკიდზე...
მგონი მართლა დავიჯერე
ლავირება ლავიწზე.
დავალაგებ აზრებს მერე,
როცა კაბას ჩავიწევ...
გამახსენდა ბოშას კარტი,
გადახდილი მანეთი.
ჩემს ფანჯრებთან იდგა მარტი,
ჩემი ბედის ვალეტი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები