ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2010


ვირტუალური ბლუზი (ახალი ვარიანტი)

უკრავდა ბლუზი, მარტოობა სვამდა მარტინის,
წინათგრძნობები ბოლთას სცემდნენ გულის წინკართან.
ვიღაცა უნდა მოსულიყო ისე მარტივად,
რა განწყობითაც მუსიკოსი ამ ბლუზს უკრავდა...
ბოთლი სასმელით, ქალი ბოთლს კი სევდით ავსებდა,
მთვრალ მარტოობას სულ ცოტა ხნით სურდა სითბო და...
განწყობილებაც განწყობილი იყო სავსებით
და ბარში ბლუზი შესაფერის ფინალს ითხოვდა.
ისე უეცრად აუჩქარდა პულსი შემთხვევას,
ვერც ინატრებდა წინათგრძნობა უფრო ლამაზ ფონს.
კმაყოფილებას ვერ მალავდა ბლუზი, შემხვევი
და ჟრუანტელი დასდიოდა ტუჩზე საქსაფონს...
-ყველგან იქ არის ალბათ კარგი, ჩვენ რომ არა ვართ,
ფიქრობდა ქალი, კაციც ალბათ, ამას ფიქრობდა.
და ყველაფერი უცებ ერთმა მზერამ დაფარა,
ან უფრო სწორად, ორის ფიქრის ზუსტმა სინქრონმა...
კაცის მზერაში - მინდა ახლა შენთან მოვიდე!..
- მგონი, გიპოვე, - გაიფიქრა ქალის ნაფაზმა.
ბლუზი კი ერთად აცეკვებდა უკვე ორივეს,
და შეუმჩნევლად იზრდებოდა ვნების თამასაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები