ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


მე და ლექსი

მე: უწინდებურად გულუბრყვილო ბავშვი აღარ ვარ
      და აღარ მინდა ასე ნანატრი უჩინრის ქუდი
      და დედის თმაშიც ისე დაიდო ბინა ჭაღარამ,
      ვითარც საკანში სახლობს ხოლმე წვერგძელი ქურდი.
      კარგა ხანია,მჩაგრავს ცხოვრება ნაბიჯ არეულს,
      კარგა ხანია,თითქოს ცოცხალი თითქოსდა მოვკვდი,
      დღეებს-გათანგულს,დღეებს-გატანჯულს,დღეებს-დალეულს
      ვით ამირანის ცხელსისხლა გულ-მკერდს აწივი კორტნის.
      ხვალინდელი დღეც არ მადარდებს კარგა ხანია
      და მტვერთან ერთად ქარისაგან ავიხვეტები...
      კარგა ხანია,ეს ცხოვრებაც ჰარამხანაა,
      აკრძალულ სახლში ძუკნა ქალივით დავეხეტები.
      კარგა ხანია,არ მაწუხებს გულის ტკივილი,
      კარგა ხანია,გულ-მკერდს ჩხვლეტა რომ არ სწვევია,
      ისე მომინდა დაყვირება,მერე სიკვდილი...
      თითქოს ეშმაკი დაუკითხავად შემომეჩვია.
      კარგა ხანია,თვალებს ძილი დავიწყებიათ
      და გასისხლული ხელის თითებით ლექსსაც აღარ ვწერ,
      ძოწის ვარდები მე სისხლისფრად დამიწყვეტია...
      იქნებ ვახსოვარ ჩემს ბედისწერას,იქნებ გადავრჩე?!
      უწინდებურად გულუბრყვილო ბავშვი აღარ ვარ,
      მაგრამ ბავშვივით ისევ ტყუილებს ვმონობ მალიმალ,
      სანამ მომაგნებთ,შეგეპარებათ თმაში ჭაღარა-
      მე ხომ თქვენს შორის აღარა ვარ,მე ხომ მკვდარი ვარ!

ლექსი: სიზმრად მოსული  გალაკტიინი რითმებს მკარნახობს
            და ალაგ-ალაგ შავ-თეთრ ღიმილს ხატავს ტუჩები,
            წინ აღმართული ბაყბაყა დევი ურცხვად როხროხებს
            და მტვრით ივსება ერთ დროს ხალხით სავსე ქუჩები.
            სიზმრად მოსული შენი ზმანება მჩუქნის ოცნებას
            და ეს ოცნება მე რითმებს მჩუქნის ფერადი ფრთებით,
            ოჰ,უსაზღვროა ეს აღტაცება და გაოცება,
            რომ ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ ცისფერი მთები
            და თეთრ ღაწვებზე ცერა თითით წაშლილი ცრემლი,
            ვით შემოდგომის თბილი საღამო მომენატრება,
            მაღალ ზამბახებს ისევე ურცხვად მოცელავს ცელი
            და ცამეტ წელში გზა ოცდაექვსი მოახლოვდება.
            ეს შემოდგომაც ისე თბილია,ვით ქალის საშო
            და ჭრილობაზე ჯერ კიდევ ცხელი,მეყრება ფერფლი
            და თიხაც მღერის,ამ სიკვდილსაც ვით სათამაშოს,
            მე უგუნური ბავშვივით ბავშვურად ვეტრფი.
            თოვს,არემარეს ადევს თოვლის სუდარა,
            სულში ზამთარმა შემოჰბერა,შეკრა კამარა,
            ახალგაზრდობა ისე გავიდა,გადაიარა...
            გულზე დატოვა ბევრი წყლული,ბევრი იარა.
            თითქოს ცხოვრება ლარნაკია და ყვავილები
            ისე უაზროდ გადავმჭკნარვართ გარეშე მოვლის...
            მე მახსენდება ის მარტოსული ზამთრის დილები,
            როცა ჩემს ლექსებს ფერი ჰქონდათ სევდის და თოვლის,
            როცა ჩემს ლექსებს მიმწუხრის ზეცის დაკრავდა ფერი
            და ბიდისფერი შეკედლებოდა თეთრ კავკასიონს...
            თურმე იმ ღამეს შენც ჯვარს იწერდი,ისე ვით მერი...
            მხოლოდ ფრენაში თუ შევედრები  მე გალაკტიონს,
            რადგან ამ რითმებს,სიზმრად  მოსული,თვითონ მკარნახობს
            და ალაგ-ალაგ შავ-თეთრ ღიმილს ხატავს ტუჩები,
            წინ აღმართული ბაყბაყა დევი ურცხვად როხროხებს
            და მტვრით ივსება ერთ დროს ხალხით სავსე ქუჩები.

            ჩემი ცხოვრება ლექსით დაიწყო,ჩემი სიკვდილიც ლექსით იწყება,
            ლექსია ღამით ჭოტის სიფხიზლე და დილით მამლის გამოღვიძება ...
            ლექსია ჩემი ფიქრი და დარდი,ლექსია ჩემი თავდავიწყება
            და ლექსთან ერთად თუკი მოვედი,ბედიც რითმებში გადამიწყდება.
            მე გვიან მივხვდი,რომ ვიყავი მარიონეტი
            და ჩემს მბრძანებელს ქალი რომ ერქვა,მე მივხვდი გვიან,
            მე არასოდეს არ ვყოფილვარ კარგი პოეტი,
            უბრალოდ ლექსს ვწერ და ლექსის დამწერს პოეტი ჰქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები