ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2010


''ALL IN ONE''*

ნინო დარბაისელი

''ALL IN ONE''*

მე -
კომფორტული,
პორტატიული,
მომგებიანი განვადებით ხელმისაწვდომი,
თანამედროვე დიზაინის ქალი-მანქანა.
მე -
აწყობილი უცხოური ნაწილებით საქართველოში!
მე - არეული!

მესმის ბრძანება:
- გაატარე!
მესმის ყვირილი
და უკვე ვიცი,
აღარ მიშველის გარანტია
და სადაცაა,
ბრაზისაგან მწარედ მომხვდება
და საბოლოოდ დამშლიან და გადამაგდებენ,
მაგრამ არ მესმის,
რა ან როგორ გავატარო :
სხვა მანქანები ?
ანგარიშები თუ გვირისტი?
ხილი თუ ხორცი?
დენი?!
რამდენი?

სულ ასე მომდის,
როცა ძლიერ დამეტვირთება
თანმოყოლილი თუ ჩადგმული მეხსიერება
და თანაც,
უკვე მომეშალა ყველა სენსორი.

რის მაქნისია
ან ეს ქალი - ტუჩიკვნეტია,
ცხვირგაბუშტული,
გაუთავებლად ჩემში მტირალი?

გაატარე!
მორჩა!
მუსიკა!!!

მუსიკაში ისმის ხმაური
და სიბნელეში მოჩახჩახე ვრცელ დარბაზებში
შამპანურების წვიმა-თქეშში,
ტორტების მთებში,
ნელსაცხებლებში არეულა 
ახალი ოფლის თავბრუდამხვევი,
თბილი სურნელი.
შემოიღეღეს საყელოები უკვე კაცებმა
და ზედ ასკდებათ სამოსები
ქალების მკერდებს და გავა-ტანებს...

დაიკარგება დაცემამდე
ქალი-მანქანა.
ქალი-მანქანა გაატარებს,
დროს გაატარებს!

- - - - -
* ALL IN ONE - (ინგლ) ყველაფერი  - ერთში, ერთად ( სხვადასხვა ტიპის მულტიფუნქციური აპარატურის სახელი).

2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები