 | ავტორი: მამლუქი ჟანრი: პროზა 1 ივნისი, 2010 |
თვალს ვახელ. წითელ ხალიჩაზე მიმოფანტულ ვერცლისფერ მონეტებს ვხედავ. სულ ახლოს... მათი ბრწყინვა მზის დამრეც სხივებში, რაღაც იდუმალებას ქმნის... მზერა ხან ბუნდოვანი მიხდება, ხან მკაფიოდ ვხედავ. ერთი მონეტა განსაკუთრებულად ბრწყინავს. მისი ფორმა უნაკლოდ მრგვალია - ყველაზე საიდუმლო, მაგიური ფიგურა, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. გუშინ უგონოდ დავთვერი. ახლა, რაღაც მნიშვნელოვანის გახსენებას ვცდილობ, მაგრამ როდესაც ფიქრს ვიწყებ, ჩემი ტვინი ან აბსოლუტურად უაზროდ დაეხეტება გაუგონარ სივრცეებში ან ბრიყვულად, ჯიუტად დაჩლუნგებული - სდუმს... ჰოო! ჩემი აზრით, ჭეშმარიტი სიყვარული ისეთივე მრგვალია, როგორც ეს მონეტა, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი ფასი არა აქვს, მაგრამ როგორც ვთქვი, იდეალურად მრგვალია - არც ბოლო აქვს და არც საწყისი წერტილი... აი, იაპონელი ბრძენები თვლიდნენ, რომ სიყვარული მაშინ აღწევს იდეალს, მისი საიდუმლო ადამიანს სამარეში რომ მიაქვს... აუუუ, რას ვბოდავ? რა დროს სიყვარულია? დავფიქრდი, სხეული მემორჩილება... თავიც თითქოს აღარ მტკივა, უნდა ავდგე. ეს მონეტები შარვლიდან გადმომიცვივდებოდა. ნეტა შარვალი სადღა წავიღე? აი, აქ ყოფილა - საწოლის ქვეშ, ამობრუნებული რატომღა არის?! სიფათი რას მიგაავს?! არადა გასასვლელი ვარ, აუცილებლად! ცოტას წავთვლემ და...
რაბინმა თავისი საქმე რომ მოათავა, დაღლილი სავარძელში ჩაჯდა. კმაყოფილი ჩანდა... გარედან ხმაური შემოდიოდა. ეზოში მაგიდები იშლებოდა, უბნის ებრაელები იკრიფებოდნენ, ყველა საგანგებოდ გამოპრანჭულიყო... მამაკაცებს, უკლებლივ ყველას - შავი ჟილეტი ეცვა. მაგიდები ალაყაფის კარამდე იყო ჩამორიგებული... ამ ეზოში, ყველა მეზობლის ბინა სამზარეულოდ იყო გადაქცეული, ყველგან რაღაცა იხარშებოდა, იწვებოდა, იხრაკებოდა , ცხვებოდა... გამაოგნებელი სუნი ტრიალებდა ... მექორწილეებს ელოდებოდნენ. როგორც იქნა, რაბინი, წყვილი და მოწმეები ოთახიდან გამოვიდნენ, სუფრას მიუსხდნენ. დიასახლი ყველას მაგიდასთან ეპატიჟებოდა... სტუმრები დინჯად იკავებდნენ ადგილებს. კაცები, გალანტურად, წინ ქალებსა და ბავშვებს უშვებდნენ... მაგიდები ლამის იზნიქებოდა, ისე უხვად ეწყო ნაირ-ნაირი საჭმელი. სტუმრებს თავპატიჟი არ დაუწყიათ, საქმეს ეგრევე შეუდგნენ - ააწკარუნეს დანა ჩანგალი . მალე ,"ხახამი" მოიშას დაკლული, ანზორას შებრაწული წიწილები და ფირას ფარშირებული ბატები ჩამოატარეს. ბატებს, ფირას ნაჯადოქრალი, განთქმული "რიბა ფიშ" მოაყოლეს, რომელმაც სრულ აღტაცებაში მოიყვანა ისედაც კარგად დანაყრებული სტუმრები.. ერთი კერძი მეორეს ენაცვლებოდა. ყველაფერი ლაზათიანად ფასდებოდა, ყველაფერს სათანადოთ აქებდნენ და ისე ულხენდნენ, კბილებს სულ წკაპა-წკუპი გაუდიოდა, წითელი "ქაშერი" ღვინით სადღეგრძელოებს ამბობდნენ და ამ ღვინოსავით აწითლებულები, ოფლიან სახეებს ვეებერთელა კუბოკრული ცხვირსახოცებით იმშრალებდნენ.. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, სინაგოგის შამესებმა დიდი ვერცხლის სინები გამოიტანეს. ჩვენ, ღობეებზე ამძვრალი ბავშვები, განაბულები, ინტერესით ვუყურებდით ძველი ებრაული ადათ-წესით ახალდაქორწინებულების დასაჩუქრებას . შამესებმა ძველი რიტუალის შესრულება დაიწყეს ... აი ეხლა დგებოდა უბნის კოლორიტის, ცნობილი "იაშკა სკრიპაჩის" დრო ... იაშკას ჩვენს უბანში ყველა იცნობდა, ყველა წვეულებაზე ეპატიჟებოდნენ, იაშკა იქ ვვიოლინოზე უკრავდა. მასთან ერთად მისი მეგობარი, "მსუქანა" ბენოც დადიოდა, ის კონტრაბასზე უკრავდა, მაგარი წყვილი იყო... მოკლედ, სეირი დაიწყო. "შამესებმა" მუსიკის თანხლებით და ამ დიდი სინებით, სტუმრების ჩამოვლა დაიწყეს, სტუმრის სახელთან ერთად გაღებულ თანხას ან მორთმეულ საჩუქარს აცხადებდნენ, ჩახრინწვამდე ყვიროდნენ... მერე ეს გადავსებული სინები, ოჯახის უფროსს მიართვეს. შამესების ჩამოვლის შემდეგ, სტუმრებს დაძაბულობა და უხერხულობის გრძნობა მოეხსნათ... მხიარულება გაგრძელდა - ღვინო უხვად იყო, კარგი საჭმელიც და ცეცხლოვანი მუსიკაც! შავი, ჩია, შარიანი იაშკა მაგიდიდან მაგიდასთან გადადიოდა, რასაც სთხოვდნენ ყველაფერს გულიანად უკრავდა. ცრემლმომდგარი მადლიერი სტუმრები მის სადღეგრძელოს სვამდნენ და დალევას მასაც აძალებდნენ. ჰოოდა, ჩვენი იაშკა ნელ-ნელა თვრებოდა . კონტრაბასი და ბენო კი ადგილზე რჩებოდნენ - დაძაბული ბენო ცმუკავდა, ცდილობდა იაშკას დაწევას, უნდოდა ტემპი არ დაეგდო, იაშკას აჰყოლოდა. ბენომ კარგად იცოდა იაშკას ფასი, იაშკა - ვირტუოზია, იმის აყოლა იოლი არ იყო, თანაც იაშკა ახლა სვამდა...მძიმე მდგომარეობაში იყო საწყალი ბენო... ბავშვებს ნამცხვრის დიდრონი ნაჭრები ამოგვაწოდეს ღობეზე; თან დაგვტუქსეს, ჩამოდით არ ჩამოცვივდეთ, დაგენაცვლედ, უბედურება არ დაატრიალოთო! იაშკას ცოლი ფირა, ებრაელების ყველა ქორწილში და სხვა წვეულებებზე, ისეთივე შეუცვლელია როგორც "თორას" გრაგნილები სინაგოგაშიო - ხუმრობდნენ მეზობლები. ფირა საუკეთესო მზარეული იყო, ჰოდა ეგა და ჟორიკას მამა, ანზორა ამ სუფრის "თავიკაცები" იყვნენ და ქეიფსაც ახლა ეგენი პატრონობდნენ - სუფრას არაფერი მოაკლდესო...ნამცხვარიც ფირამ მოგვიჭრა. იაშკა დაიღალა, ოფლი ჩამოსდიოდა წურწურით, ბენო ვეღარ ეწეოდა, მელოდია ტყდებოდა, უხერხულად იწელებოდა, უადგილოდ წყდებოდა... იაშკა ნერვიულობდა, საცოდავ ბენოს ეჩხუბებოდა. შეზარხოშებული სტუმრები ვერაფერს ამჩნევდნენ, თავდავიწყებით ცეკვავდნენ : "იაშკა, Давай - "Эх Одесса-жемчужина у моря!"! "Семь-сорок" შაუბერეთ, ბიჭებო! ჰავანაგილა, ჰავანაგილა..." ჭირიიიმეეე, თქვენიიი. ანზორაც კარგად შეთვრა. მერე, ეგრე არ უნდაო... იაშკააა, "შალახო" დაუკარი "ლოთიანი ბაღდადური"! ადამიანურად ვიცეკვოთ, თორე ტლინკებ რო იქნევთ და ისაკას, ჭაჭა ნაჭამ თხებივით დახტიხართ, თქვენებურად მაგასაც ცეკვა ჰქვიაო? ცოლმა მუჯლუგუნებითა და ჩქმეტით დაულურჯა გვერდები - გაჩუმდი ადამიანო, შენ ვინ გეკითხება?! თავისი საქმე თვითონ იციან, როგორც უნდათ და მაგათ რჯულს შეეფერება, ისე ცეკვავენო... ანზორა თავისას იქამდე არ იშლიდა, ვიდრე მაყვალამ კინწისკვრით ეზოდან არ გაათრია. ქურთი სარეს ქმარმა, საიდანღაც დალაქი რაფაელის ნათესავი, აკორდეონისტი - სომეხი სეროჟა მოიყვანა, იაშკა დათვრა და ვეღარ გაქაჩავსო, მუსიკა ხო გვინდაო! სეროჟას მოყვანა იაშკას ძალიან ეწყინა, დაიბოღმა. ვიოლინო მაგიდაზე დადო და აკორდეონისტს ჯერ ამრეზით უყურებდა, მერე ეტყობა, მისი დაკვრა მოეწონა, ისევ აიღო ვიოლინო და... ერთად ისე შეუბერეს, ცეცხლი მოედო იქაურობას! ბავშვები შევიშალეთ, აღგზნებულები დავრბოდით, ყველას ფეხებში ვედებოდით! ბენო თავის კონტრაბასით ჩუმად გაიპარა , იაშკასაც დაკვრა უცებ მობეზრდა, ვიოლინო ბუდეში ჩადო და სიბნელეში გაუჩინარდა... (მამაჩემის მეგობარი სერგო ჩილინგაროვი, აცხონოს ღმერთმა, ვიოლინოების "ექიმი" იყო, როგორც ბავშვობაში მამამ ამიხსნა. სერგო სულ ეჩიჩინებოდა მამას: "უთხარი მოგყიდოს, ნეტავ რად უნდა მაგ ბრადიაგას ეგეთი ინსტრუმენტი? ხან ვიღაცას ჩუქნის, ხან კი კარგავსო ! Правда, твой инструмент тоже очень хорош, но его - несравненно лучше!"- შენსას მაგრა სჯობიაო!) ფირა ქმარს გაედევნა, ხელებს წინსაფარზე იწმენდდა, თან ყველას ეკითხებოდა, ვიოლინო თუ ეჭირაო ხელში? იაშკა რომ იპოვა, მას ვიოლინო უკვე გაჩუქებული ჰქონდა. ჩაბნელებულ ეზოში, კიბეზე იჯდა და მწარედ ტიროდა. ვიოლინო ვის აჩუქა აღარ ახსოვდა... ვისაც მივეცი, კარგი კაცი კი იყო, დამალევინა, აი ღვინოც მიყიდა(დაცლილი ბოთლი იქვე ეგდო.) მაშ არ მეჩუქებინაო? ვაჩუქე... ახლა რაღა ვქნა?... და ისევ მწარედ აქვითინდა.
დილით სირანამ იაშკას ამბავი რომ გაიგო, თქვა - "ჩაშკაში ჩავიხედამ, ვნახამ იაშკა ვინ გააბითურა, вот смотри сами принесут, ჯანა,- ფირას ფინჯანში ახედებს - "უყურე მაღალი კაცია და სკრიპკა ხელში უჭირამს, нет не играет, думает - წავიღო თუ არაო, ხედამ? აი კიდევ ირემია კაცის ფეხთან, ირემი ხიფათია - ხიფათში ჩავარდნა არ უნდა მაშ! ხიფათი ვის უნდა? ფიქრობს თუ არ წავუღებ, რო მიჩივლებენო?!... ვა სულ ვერა ხედამ, что глаз нету, да!?" - ფირა თვალებს აჭყიტავს, გულმოდგინეთ იყურება ფინჯანში, მაინც ვარაფერს ხედავს, სირანასი კი მაგრა სჯერა... ღობეს ვიღაცა მოადგა. "Теть Фира, теть Фира, вот вашу скрипку принес, вчера дядя Яша моему папе подарил" ...................................... გამარჯობა, ჩემო გიორგი! ამჯერად მარტო შენ არ გესალმები, ვესალმები ყველას , ვინც ძალიან, ძალიან მომენატრა, ყველას, ვინც ერთხელ მაინც იკითხა: გიო სად გაქრა, ლოთობას ხომ არ გადაუყვაო? - აქა ვარ, ძმებო, აქა! მომენატრეთ, ლოთობას არ გადავყოლილვარ, არც სამსახურს "დავუჯაბნივარ", ისრაილში ვიყავი, დაგენაცვლეთ, ისრაელში. ისრაელის ჭეშმარიტ მარგალიტ, ქალაქ ეილაითში. რა გინდოდაო - იკითხავთ... ჩემი ბავშვობის პირველი სიყვარულის , მარიშას შვილისა და "სკრიპაჩი იაშკას" შვილიშვილის ქორწილში ვიყავი. "რიჟა", სვეტლანა -ნათელასი, ბარბარა სტრეზანტის ასლი რომ არის ... აი ის გაათხოვეს... მაშ! ქორწილში დამპატიჟეს და არ წავსულიყავი? ხომ შეიძლება ამ სვეტლანა-ნათელა -ბარბარას მამა მე ვყოფილიყავი? მე, ის კაცი არ ვიყავი, დედამისს "გიჟი მაიას" გამომცხვარ ქიშმიშიან ჩიტებსა და სირანას კიმონოს უძირო ჯიბიდან ამოღებულ ნუგებს რომ ვაჭმევდი?... ჰა? ხომ უნდა წავსულიყავი?... თბილისის იმ უბანში დავიბადე და გავიზარდე სადაც უხსოვარი დროიდან ებრაელები ცხოვრობდნენ. მათ შვილებთან ერთად ვიზრდებოდი, მათ ადათ -წესებსა და ჩვევებს ისე ვსწავლობდი, რომ ამას ვერც ვგრძნობდი და არც მესმოდა. ეს ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყვნენ. ვცხოვრობდით ერთად , ერთმანეთის სიხარულსა და ტკივილს ვიზიარებდით, ერთი სამშობლო გვქონდა, საყვარელი და სალოცავი... მართალია სხვა და სხვა სალოცავებში ვლოცულობდით, მაგრამ იმისათვის რომ ეს სამშობლო ყველასთვის ერთნაირად ტკბილი, თბილი და ბედნიერი ყოფილიყო. ნატაშა - "კიროჩნაიაზე" - რუსულ ეკლესიაში, ფირა და იაშკა – სინაგოგაში, (მენორაში, ერთ სანთელს ხომ საქართვილოსათვის ანთებენ ებრაელები), სირანა - ავლაბარში სომხების ეკლესიაში ანთებდა სანთელს... ანზორა კახეთში, ალავერდში ევედრებოდა: "ღმერთო, გადმოგვხედე და დაგვიფარეო!" - ყველას თავისი გაგება ჰქონდა, თავისებურად ესმოდა, მაგრამ ყველა სათუთად ეპყრობოდა და პატივს სცემდა სხვების გრძნობებსა და სარწმუნოებას... არ დამავიწყდება როიტიხების ოჯახი, რომელიც ჩვენს "აღდგომის დღესასწაულზე", კვერცხებს წითლად ღებავდა. ერთხელ გაკვირვებული ნატაშა ჩაეკითხა: "არ ვიცოდი თუ ებრაელებიც ღებავდითო კვერცხს? თქვენი აღდგომა ხომ უკვე იყოო..." ძია გენამ სიცილით უპასუხა: "აბა, ჩემი ნიკუშა რომ შემეკითხება, მე რატომ არა მაქვს წითელი კვერცხი? რა ვუპასუხო, როგორ ავუხსნა? როცა გაიზრდება გაიგებს, მერე როგორც უნდა ისე მოიქცეს... რა, ჩემი იახვე გამიწყრება, ბავშვს კვერცხი რატომ შეუღებეო? ჩემი ნიკუშა ბედნიერი რომ იქნება - ღმერთსაც გაეხარდება... ღმერთი ხომ ერთია!"... აღდგომის ერთი მშვენიერი დილა გამახსენდა... მარიშა და მე კიბეზე ვისხედით, ფეხებს ვიქნევდით და ერთმანეთს ვეტრაბახებოდით, ვინ უფრო ძლიერია... ხელს ვღუნავდით და "მუსკულებს" ვანახებდით ერთმანეთს... მარიშა იცინოდა. მარიშა როცა იცინოდა, ლოყები ეჩხვლიტებოდა... ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა იმ დროს. ნატაშა ეკლესიიდან მოვიდა, წითელი კვერცხები და პასკის სამკუთხედი ნაჭრები გამოგვიტანა ... და საოცრება! - ჯოხზე წამოცმული, ლალისფერი "მამალოები" ამოიღო პატარა პარკიდან... "მამალოები" ეგრევე პირში გავიქანეთ, ვწუწნიდით და მერე მზეს ვუყურებდით, როგორ ტყდებოდა მისი სხივები ამ გამჭვირვალე, წითელი მამლების სხეულში... ტკბილი სითხე ხელებზე ჩამოგვდიოდა, პატარა მუჭებში გვიგროვდებოდა, მერე ამ დატკბილულ ხელებ-ჩაკიდებულები დავრბოდით მზით დალაქავებულ ეზოში და ყველაზე ბედნიერები ვიყავით ამ ქვეყანაზე!... ერთად ვიყავით, ხანანაშვილები, ჯანაშვილები, მოშიაშვილები, დავარაშვილები, ბათოშვილები... ჩემი კეთილი, საყვარელი ადამიანები, რომლებიც ერთ წელს რატომღაც აიყარნენ და წავიდნენ თავის მეორე, თუ პირველ სამშობლოში... ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ეს ტკივილი დღემდე გამომყვა, მათ გამოკრულ ბარგსა და ცრემლიან თვალებს რომ ვიხსენებ... როგორ ვუტყაპუნებდით ბეჭებზე ხელს ერთმანეთს, ცრემლს ფარულად ვიწმენდდით, ვიცოდით ვაჟკაცები არ ტირიანო!.. ტირილი სირცხვილია, როდესაც ნიკუშას, სოსოს, ბენოს ვემშვიდობებოდი, რომლებსაც ნამდვილად არ ესმოდათ, რატომ უნდა წასულიყვნენ იქ, უფროსები რატომღაც სამშობლოს რომ ეძახიან ... არ უნდოდათ! მოხუცებსაც, როგორც ბავშვებს, არ ესმოდათ რატომ უნდა წასულიყვნენ... უძალიანდებოდნენ, შვილები არწმუნებდნენ : ნამდვილ სამშობლოში - "წმინდა მიწაზე" უნდა დავბრუნდეთ, იქ უფრო მეტი გასაქანი გვექნება და უფრო კარგად ვიცხოვრებთო... ბებერი მოშე რუბინშტეინი, ცნობილი იუველირი, რომელსაც ამსტერდამის ოქრომჭედლებიც კი იცნობდნენ, როგორც ალმასების და ბრილიანტის ხარისხის ყველაზე კარგ შემფასებელს, თავის მოქანდაკე შვილმა ვოვამ, ისრაელში ძალით წაიყვანა. წასვლა არ უნდოდა, მოშე სულ ტიროდა, ისედაც წითელ თვალებს დიდი კუბოკრული ცხვირსახოცით იწმენდდა და მოსთქვამდა: ამაზე კარგად სად მოვეწყობი, სად ვიქნები ამაზე კარგად? ჩემი სამშობლო ეს არის, ეს! - ვოვა კი არწმუნებდა, რომ ის მხოლოდ ისრაელში შესძლებდა სახელის მოხვეჭას - იქ კაცი გავხვდები, ყველა გამიცნობს, დაფასებულიც ვიქნები და მეტი გასაქანიც მექნებაო, როგორც ებრაელს... წავიდნენ... ბებერი მოშე საზღვარზე ნერვიულობისგან მოკვდა... იქ არ გადაუშვეს, მიცვალებული ვის რაში სჭირდებოდა? ვერც აქ დააბრუნეს... ჰოდა, ეს საწყალი მოშე დაასაფლავეს ორ სამშობლოს შორის და მისი სული ეხლაც ფიქრობს ალბათ - რომელი ქვეყნის შვილია? ... რაღაც მინორზე გადავედი აი ... მეძინა თუ ვიხსენებდი?.. უნდა ავდგე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ასოციაცია, თუმცა თემა სხვაა, ისე მამენტ კარგია
,,მე დამესიზმრა რომ მეძინა, მანამდე სანამ გავიღვძებდი და რომ მეძინა გავიხსენებდი, მაგრამ მე სულაც არ მეშლებოდა, მე ხომ ვიცოდი რომ მეძნა .... ანრი მიშო ასოციაცია, თუმცა თემა სხვაა, ისე მამენტ კარგია
,,მე დამესიზმრა რომ მეძინა, მანამდე სანამ გავიღვძებდი და რომ მეძინა გავიხსენებდი, მაგრამ მე სულაც არ მეშლებოდა, მე ხომ ვიცოდი რომ მეძნა .... ანრი მიშო
10. გიოოო, როგორ მიხარია! :)))))))))))))))
შენი ჩამოსვლა ჩემი წიგნის გამოცემას დაემთხვა! აი, ამას ჰქვია ორმაგი გამართლება! :))) გნახავ, აბა რას ვიზამ? გელოდები, ჩემო კარგო ადამიანო! :-* :-* გიოოო, როგორ მიხარია! :)))))))))))))))
შენი ჩამოსვლა ჩემი წიგნის გამოცემას დაემთხვა! აი, ამას ჰქვია ორმაგი გამართლება! :))) გნახავ, აბა რას ვიზამ? გელოდები, ჩემო კარგო ადამიანო! :-* :-*
9. არანორმალურად მომწონს და მიყვარს მამლუქის პროზა. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ჩანს. როგორ ველოდები ახალს. :) არანორმალურად მომწონს და მიყვარს მამლუქის პროზა. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ჩანს. როგორ ველოდები ახალს. :)
8. უუფ, ძალიან გამიხარდა, ძალიააააან! გნახავ! უუფ, ძალიან გამიხარდა, ძალიააააან! გნახავ!
7. საქმეები მაიძულებენ რომ თბილისში ჩამოვიდე, ალბათ მალე ჩამოვალ. საქმეები მაიძულებენ რომ თბილისში ჩამოვიდე, ალბათ მალე ჩამოვალ.
6. ჩემი მამლუქი... სადა ხარ ბიჭო, მოგვენატრე... საშინლად... სისუფთავე და ბავშვობა რომ მომენატრება სასოწარკვეთილებამდე, მაშინ მოვდივარ შენს გვერზე. დაგვიბრუნდი რა, დაბრუნდი... ჩემი მამლუქი... სადა ხარ ბიჭო, მოგვენატრე... საშინლად... სისუფთავე და ბავშვობა რომ მომენატრება სასოწარკვეთილებამდე, მაშინ მოვდივარ შენს გვერზე. დაგვიბრუნდი რა, დაბრუნდი...
5. მე ვისაც ვეჭვობ, თუ ის ხარ, არაფერს ვერჩი თავსაო... სადა ხარ, სად იმალები? რატომ არ იღებ ხმასაო? ვახ, როგორ მონატრებიხარ შენს დობილ თაიასაო?!
:))))))))))))))) :-* მე ვისაც ვეჭვობ, თუ ის ხარ, არაფერს ვერჩი თავსაო... სადა ხარ, სად იმალები? რატომ არ იღებ ხმასაო? ვახ, როგორ მონატრებიხარ შენს დობილ თაიასაო?!
:))))))))))))))) :-*
4. გიორგი გამოჩენილა. გამეხარდა:) გიორგი გამოჩენილა. გამეხარდა:)
3. ასეთივე რეაქცია ქონდა მეც ,თამარ :)
გიომ კი.. ბლუმ-ო :P
ეს ნაწერი მეც მახსოვს და გიოც მასსოვს,მაგრამ რა? გიო დაგვეკარგა-ო :( ასეთივე რეაქცია ქონდა მეც ,თამარ :)
გიომ კი.. ბლუმ-ო :P
ეს ნაწერი მეც მახსოვს და გიოც მასსოვს,მაგრამ რა? გიო დაგვეკარგა-ო :(
2. გიოოოო! ეს ვინ მოსულაო?! და სად ხარ დაკარგული, ადამიანო?! ძააააალიან მომენატრე! აქეთ შემო, რაა! ეს ნაწერები ბარე მეც ყველა ვიცი,მაგრამ... ესაა შენამდე მოსასვლელი გზა და... ვივლით ამ გატკეპნილგზებზე. რა ვქნათ აბა?! 5 გიოოოო! ეს ვინ მოსულაო?! და სად ხარ დაკარგული, ადამიანო?! ძააააალიან მომენატრე! აქეთ შემო, რაა! ეს ნაწერები ბარე მეც ყველა ვიცი,მაგრამ... ესაა შენამდე მოსასვლელი გზა და... ვივლით ამ გატკეპნილგზებზე. რა ვქნათ აბა?! 5
1. გიორგიიი, როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა. მიხარია შენი ნახვა აქაც. კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე... ისე კი ხშირად მოვდივარ ხოლმე სტუმრად, (სხვა მისამართზე) ახალი არაფერი მხვდება უკვე დიდი ხანია, ძველებსაც სიამოვნებით ვკითხულობ მეორედ, მესამედ... მიხარია რომ გამოჩნდი, ძველით, მაგრამ მაინც... მიყვარს ეს ნაწერები, ძალიან მიყვარს. თბილია, ახლობელია ძალიან, მონატრებით დაწერილია,სიყვარულით. (რომ აღარეფერი ვთქვათ ოსტატობაზე, თუმცა ამაზე ყველაზე მეტის თქმა შეიძლება) გიორგიიი, როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა. მიხარია შენი ნახვა აქაც. კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე... ისე კი ხშირად მოვდივარ ხოლმე სტუმრად, (სხვა მისამართზე) ახალი არაფერი მხვდება უკვე დიდი ხანია, ძველებსაც სიამოვნებით ვკითხულობ მეორედ, მესამედ... მიხარია რომ გამოჩნდი, ძველით, მაგრამ მაინც... მიყვარს ეს ნაწერები, ძალიან მიყვარს. თბილია, ახლობელია ძალიან, მონატრებით დაწერილია,სიყვარულით. (რომ აღარეფერი ვთქვათ ოსტატობაზე, თუმცა ამაზე ყველაზე მეტის თქმა შეიძლება)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|